განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002386699
საქმე N3ბ/1911-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მესამე პირი ასკ-ის 16.2 მუხლი) - ნ----- ა------–---–ი;
წარმომადგენლები - თ------ ტ-–-–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---- ი-----ი;
წარმომადგენელი - ნ--- ი-----ი, ზ---- მ-----–---–ი;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - უ---------------–-–---–ი;
მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხლი)- გორის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ნ---------–---–---–ი;
მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლი) - მ-----–- ლ------ე, თ----- ა------–---–ი, ნ--- ა------–---–ი;
წარმომადგენელი - თ------ ტ-–-–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ების სახელზე №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის №---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საერთო სარგებლობის საუბნო გზისა და მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში.
2. მხარეთა პოზიცია:
მოპასუხეების და მესამე პირების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ და მესამე პირებმა - მ-----–- ლ------ემ, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ საზღვრების დაზუსტება სრულად შეესაბამება ამ პირთა საკუთრებაში არსებულ ფართსა და კონფიგურაციას; სადავო მონაკვეთის რეგისტრაციით მესამე პირების საკუთრებაში საერთო სარგებლობის გზა არ მოქცეულა, საუბნო გზა გადის ნ---- ი-----სა და მათ შორის ისე, რომ მესამე პირების რეგისტრაცია ვინმეს ხელს არ უშლის.
2.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ ა------–---–ებმა რეგისტრაციის სადავო მონაკვეთში მართლაც მოახდინეს საერთო სარგებლობის საუბნო გზის რეგისტრაცია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ---- ი-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ების სახელზე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის №---------------- გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. გორის რაიონის სოფელ რ---ს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ--- ყ------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხება შვილი - ნ-----–- ყ------–---–ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 40 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,12 ჰა მიწა; 1996-2004 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ--- ყ------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: თ----- ბ--–--–---–- და შვილები - ნ-----–- ყ------–---–ი და ნ---- ი-----ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 მ2 საცხოვრებელი სახლი; 2005-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ--- ყ------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შვილები - ნ-----–- ყ------–---–ი და ნ---- ი-----ი; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 მ2 საცხოვრებელი სახლი; სოფელ რ---ს 1992-1998 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში ნ--- ყ------–---–ს ერიცხება 0,12 ჰა მიწა.
4.2. ნ---- ი-----ის კომლის წევრის - ნ-----–- ყ------–---–ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით №------------- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში (ნაკვეთი დიდი შიმშილა) მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 2124 მ2 მიწის ნაკვეთი;
4.3. გორის რაიონის სოფელ რ---ს 1986-2003 წლების საკომლო წიგნში ჩანაწერი გ-- ა------–---–ის კომლის შესახებ არ აღმოჩნდა; გორის რაიონის სოფელ რ---ს 2004-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ-- ა------–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ-----–- ლ------ე (მეუღლე) და შვილები - ნ---, ნ-----, თ----- ა------–---–ები; კომლის პირადი საკუთრების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა; სოფელ რ---ს 1992-1998 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში გ-- ა------–---–ს ერიცხება 0,50 ჰა მიწა.
4.4. გ--, მ---, ნ----- და თ----- ა------–---–ების სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან საჯარო რეესტრში (მიწის მართვის დეპარტამენტში) სისტემური რეგისტრაციით №------------- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში (ნაკვეთი დიდი შიმშილა) მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 5445 მ2 მიწის ნაკვეთი;
4.5. სისტემური რეგისტრაციების მიხედვით, ნ---- ი-----ისა და ა------–---–ების მიწის ნაკვეთებს შორის (ა------–---–ების მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით, ხოლო ნ---- ი-----ის მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით), ასევე ამ ნაკვეთების სამხრეთით გადის საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზები.
4.6. ა------–---–ების განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3228 მ2 მიწა №------------- საკადასტრო კოდით 2016 წლის 11 თებერვალს დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ----- და ნ--- ა------–---–ების სახელზე; ნაკვეთის წინა ნომრად მიეთითა საკადასტრო კოდი №------------- (მათზე სისტემური რეგისტრაციით რიცხული მიწის ნაკვეთი), რა დროსაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სისტემური რეგისტრაციისაგან განსხვავებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი - ნაკვეთის ფართობი შემცირებულია, სამხრეთით სცდება საკუთრების საზღვრებს.
საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ამ ნაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა გ-- ა------–---–ის კომლის სახელზე სისტემური რეგისტრაციით №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისს მომზადებული სადავო ტერიტორიის ამსახველი ორთოფოტოს მიხედვით, ა------–---–ის საკუთრების (წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები) რეგისტრაციისას მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური რეგისტრაციის მიხედვით (ყვითელი ფერის აღნიშვნები) კერძო საკუთრებაში არმყოფი, საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზის დიდი ნაწილი როგორც მათგან აღმოსავლეთით, ასევე სამხრეთით.
4.8. ნ---- ი-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციით (№------------- საკადასტრო კოდით) არსებული მონაცემების დაზუსტება და ელექტრონულ ფორმატში საკუთრების რეგიტრაცია; მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ორთოფოტოზე ლურჯი ფერის აღნიშვნა) არსებითად ემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს, თუმცა სამხრეთით მცირედით სცდება მის ფარგლებს, რის გამოც ზედდება ხდება ა------–---–ების ამჟამად რეგისტრირებულ მონაცემებთან, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
იმ შემთხვევაში, თუკი ეს ნახაზი ზუსტად დაემთხვევა სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს, მაშინ ა------–---–ების ამჟამად რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება არ მოხდება.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა ემსჯელა ა------–---–ების სახელზე 2016 წლის 11 თებერვალს განხორციელებული რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა თუ არა საერთო სარგებლობის გზა, ასევე ეზღუდება თუ არა რაიმე ფორმით უფლებები ნ---- ი-----ს ამ რეგისტრაციით.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მხარეთა პოზიცია, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები არ წარმოადგენს გასაზიარებელ ჩანაწერებს, რადგან ამ რეგისტრაციით დგინდება, რომ მხარეებს საკუთრებაში გადაეცათ კონკრეტული ოდენობის, კონკრეტულ ადგილზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, შესაბამისი კონფიგურაციებითა და პარამეტრებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების მე-8-მე-9 პუნქტებზე, ასევე მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ,,რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ ჩანაწერი არც მოსარჩელის და არც მესამე პირების სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო ჩანაწერებს თან არ ახლავს, რაც მათში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე მიუთითებს.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სისტემური რეგისტრაციების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რეგისტრატორის მიერ მოსარჩელისა და მესამე პირების სახელზე განხორციელდა ერთმანეთის მეზობლად მდებარე ნაკვეთების აღრიცხვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.,,ბ“, 13.1 მუხლებზე, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.3.,,ბ“, 33.4 მუხლებზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.7, 31.4 მუხლებზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ 28.02.2013წ. Nბს-367-363(კ-12)) და მათ საფუძველზე აღნიშნა, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გაზიარებულიც უნდა იქნეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები (ასევე სხვა პირები) ნ---- ი-----ის ტერიტორიის ნაწილს გამოიყნებდნენ საერთო სარგებლობის გზად, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სადავოა თვით რეგისტრაციის კანონიერება და არა ფაქტობრივი მიჯნების შესაბამისობა რეგისტრირებულ მონაცემებთან, სადავოა იურიდიული თვალსაზრისით იქ საერთო სარგებლობის გზის არსებობა-არარსებობა.
გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების თანახმად, ნაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა გ-- ა------–---–ის კომლის სახელზე სისტემური რეგისტრაციით №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, მაგრამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა------–---–ების მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება მათ სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებული მონაცემებისაგან - მათი ნაკვეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსვლეთ მხარეს შექმნილია ოთხკუთხედის ფორმის ტერიტორია, რაც არსებითად განსხვავდება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებისგან და ა------–---–ების საკუთრებად აქცევს საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზებს.
სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სისტემური რეგისტრაციის მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში, წარმოადგენს რეგისტრირებულ მონაცემებს და მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა უტყუარი და უფრო ზუსტი საკადასტრო აზომვითი მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ეს მონაცემები,ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში დაცული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------–---–ებისა და ნ---- ი-----ის ნაკვეთების უკიდურეს სამხრეთით არსებობდა საერთო სარგებლობის გზა, რომლის ნაწილიც დაზუსტებული რეგისტრაციით მოექცა ა------–---–ების პირად, კერძო საკუთრებაში.
სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი მითითებულ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი არა იმის გამო, რომ ეს მონაკვეთი ან მისი ნაწილი ნ---- ი-----ის საკუთრებაა, როგორც ეს წარდგენილი ჰქონდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით, არამედ იმის გამო, რომ წარმოადგენს საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზას.
6. ნ----- ა------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. ნ----- ა------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ა------–---–ების სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური რეგისტრაციით კერძო საკუთრებაში არმყოფი, მათი და ნ---- ი-----ის სამხრეთით მდებარე საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზა. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საზღვრების დაზუსტება სრულად შეესაბამება მათ საკუთრებაში არსებულ ფართსა და კონფიგურაციას. სადავო მონაკვეთის რეგისტრაციით მათ საკუთრებაში არ მოქცეულა საერთო სარგებლობის გზა. საუბნო გზა გადის ნ---- ი-----ისა და მათ საკუთრებას შორის ისე, რომ სადავო რეგისტრაციით არავის ეზღუდება უფლება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, როგორც უდავო გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
7.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესამე პირების - მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ----- და ნ--- ა------–---–ების სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საუბნო გზისა და მოსარჩელის - ნ---- ი-----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში. ამდენად, მოსარჩელეს სადავო აქტი გასაჩივრებული აქვს ორი ფაქტობრივი საფუძვლით, კერძოდ: 1) საუბნო გზისა და 2) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის საფუძვლით. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო სადავო აქტის კანონიერებაზე მხოლოდ ერთ ფაქტობრივ საფუძველთან - საუბნო გზასთან დაკავშირებით, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების საკითხი დატოვა შეფასების გარეშე. ამდენად, ნ---- ი-----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს არ უმსჯელია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად არის გასაჩივრებული მესამე პირის - ნ----- ა------–---–ის მიერ. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების პირობებში, პალატამ სრულად უნდა იმსჯელოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, პალატა შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილსაც (მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების საკითხი), რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. ძირითადად სწორედ ამას ეფუძნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
7.3. დადგენილია, რომ 2003 წელს სისტემური რეგისრტაციით განხორციელდა ნ---- ი-----ის კომლის წევრის - ნ-----–- ყ------–---–ის სახელზე 2124 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ---------------, ხოლო გ--, მ---, ნ----- და თ----- ა------–---–ების სახელზე - 5445 კვ.მ (დაუზუსტებელი)მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით -------------- რეგისტრაცია. სისტემური რეგისტრაციების მიხედვით, ნ---- ი-----ისა და ა------–---–ების მიწის ნაკვეთებს შორის (ა------–---–ების მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით, ხოლო ნ---- ი-----ის მიწის ნაკვეთის დასავლეთით), ასევე ამ ნაკვეთების სამხრეთით გადის საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზები.
დადგენილია, რომ ა------–---–ების განცხადების საფუძველზე, მათ სახელზე სისტემური გზით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით-------------, დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით. კერძოდ, შეცვლილი კონფიგურაციითა და შემცირებული ფართით. მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების შედეგად, ა------–---–ების საკუთრებაში მოექცა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც სისტემური რეგისტრაციის დროს არ იყო აღრიცხული კერძო საკუთრებაში და წარმოადგენდა შიდა საუბნო გზას. აღნიშნული ტერიტორია ამავდროულად ესაზღვრებოდა ნ---- ი-----ის კომლის წევრის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. აქვე პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც სადავო ტერიტორიას მიანიჭებდა საუბნო გზის სტატუსს, თუმცა სისტემური რეგისტრაციის დროს განხორციელებული რეგისტრაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ იგი ფაქტობრივად წარმოადგენს ადგილობრივი მაცხოვრებლების საერთო სარგებლობის გზას, რომელზეც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იყო დაშვებული მასზედ კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ მომენტში სადავო ნაკვეთისთვის კონკრეტული სამართლებრივი სტატუსის არარსებობა, არ იძლევა ამგვარ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დაუბრკოლებლად რეგისტრაციის საფუძველს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მხარეთა სახელზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდასტურებელ დოკუმენტს და გაზიარებულიც უნდა იქნეს.
სისტემური რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტურლი სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა. აქვე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მიახლოებითი საზღვარი არ გულისხმობს სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტების მომენტში, მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის არაგონივრულ ცვლილებას. მონაცემთა დაზუსტება უნდა განხორციელდეს დაუზუსტებელ მონაცემებეთან მიახლოებული პარამეტრებით, ცვლილების რეგისტრაცია უნდა ემსახურებოდეს მონაცემთა დაზუსტებას, მის შესაბამისობას ფაქტობრივ მოცემულობასთან და არა ახალი საკუთრების უფლების წარმოქმნას. ამასთან, დაზუსტებული რეგისტრაცია არ უნდა ზღუდავდეს მესამე პირთა უფლებებს.
სისტემური რეგისტრაციის სამართლებრივ ძალმოსილებას და შესაბამისად მის იურიდიულ შედეგებს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაც, რომლის თანახმად, ,,მიწა შეიძლება, არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. ... ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას; ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა (სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კომლის წევრზე და მესამე პირებზე განხორციელებული სისტემური რეგისტრაციები წარმოშობდა საკუთრების უფლებას და მათ კანონით დადგენილი წესით უფლება ჰქონდათ განეხორციელებინათ რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტება და არა ახალი უფლების მოპოვება. ამასთან, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეების საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთები გამოყოფილი იყო ერთმანეთისგან გზის დანიშნულების მქონე, უფლებრივად თავისუფალი მიწის ნაკვეთით. აღნიშნული სახის ნაკვეთი ასევე ესაზღვრებოდა მათ ნაკვეთებს სამხრეთ ნაწილშიც.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 18.05.2018 წლის სისტემურ აღწერას, სადაც ორთოფოტოზე დატანილია სისტემური რეგისტრაციისა და დაზუსტებული რეგისტრაციის მონაცემები და სხვაობა მათ შორის (ტ.1; ს.ფ. 55, 209-210). აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციით განხორციელებულია საჯარო დანიშნულების მქონე გზის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში, დატოვებული იყო უფლებრივად თავისუფალ მდგომარეობაში, როგორც საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთად.
დადგენილია, რომ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, ნაკვეთის იდენტიფიცირება მოხდა გ-- ა------–---–ის კომლის სახელზე სისტემური რეგისტრაციით №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა------–---–ების მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება მათ სახელზე სისტემური რეგისტრაციით არსებული მონაცემებისაგან - მათი ნაკვეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსვლეთ მხარეს შექმნილია ოთხკუთხედის ფორმის ტერიტორია, რაც არსებითად განსხვავდება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებისგან და ა------–---–ების საკუთრებად აქცევს საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზებს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდნარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ა------–---–ებისა და ნ---- ი-----ის ნაკვეთების უკიდურეს სამხრეთით არსებობს საერთო სარგებლობის გზა, რომლის ნაწილიც დაზუსტებული რეგისტრაციით მოექცა ა------–---–ების პირად, კერძო საკუთრებაში. შესაბამისად, რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი (საერთო სარგებლობის გზის ნაწილში), რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს სასამართლოს მიერ მითითებულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილში ექვემდებარება ბათილად ცნობას. გზის არსებობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გორის მუნიციპალიტეტის პოზიციაც, რომლის თანახმადაც, სადავო ტერიტორია ნამდვილად წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას, უბრალოდ, ჯერ ვერ მოხერხდა მისი ამ ფორმით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასურველი იყო მერიას დროულად მოეხდინა თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება გზის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, რაც მრავალი დავის პრევენციას მოახდენდა, მაგრამ ამის განუხორციელებლობა მაინც არ აძლევს მხარეს უფლებას, იმოქმედოს დასწრების პრინციპით და საკუთრებაში დაირეგსიტრიროს ის ტერიტორია, რომელიც ფუნქციურად წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას და სავარაუდოდ ახლო მომავალში დარეგისტრირდება კიდეც ასეთად საჯარო რეესტრში.
7.4. მოსარჩელე სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობას ითხოვდა ასევე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილშიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მითითებს შემდეგ დადგენილ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ 2018 წლის 11 იანვარს ნ---- ი-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, დაერთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის N--------------- გადაწყვეტილებით ნ---- ი-----ს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინიშნა მედიაცია. მხარეთა შორის ვერ შედგა მედიაცია. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რაც არ იქნა შესრულებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 მარტის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ამდენად, ნ---- ი-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით არ განხორციელდა.
პალატა მოცემულ შემთხვევაშიც, ანალოგიურად, ყურადღებას მიაქცევს 18.05.2018წ. სისტემურ აღწერაზე, სადაც ფიქსირდება ნ---- ი-----ის სისტემური რეგისტრაციის დროს განხორციელებული და დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები, განსხვავება მათ შორის. ნ---- ი-----ის შემთხვევაშიც ადგილი აქვს საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ნაწილის, მისივე დაკვეთით მომზადებულ, საკადასტრო აზომვით ნახაზში აღრიცხვას. მოცემულ შემთხვევაში, ნ---- ი-----ის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს იგივე პრინციპი, რაც ა------–---–ების საკუთრებაში არსებული რეგისტრაციის მიმართ განხორციელდა. საგულისხმოა, რომ საკადასტრო ნახაზის სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით კორექტირების შემთხვევაში ნ---- ი-----ის მიერ არ ადგილი არ ექნება საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის დაუფლებას რეგისტრაციის გზით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე ნ---- ი-----ის საკუთრებას წარმოადგენს სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღრიცხული ქონება. აღნიშნულთან კი სადავო რეგისტრაციის საკადასტრო მონაცემებს არ უფიქსირდება ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება/გადაფარვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ნ---- ი-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა პალატას მიაჩნია, რომ ნ----- ა------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ---- ი-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში როგორც სააპელაციო საჩივარი, ასევე სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ნ---- ი-----ის სასარგებლოდ; ამასთან, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან ნახევარი - 75 ლარი უნად დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ნახევარი - 75 ლარი დაუბრუნდეს უკან სააპელაციო საჩივრის ავტორს ნ----- ა------–---–ს.
8.2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ნ---- ი-----ის მიერ მოთხოვნილ იქნა ადვოკატისათვის გაწეული მომსახურების თანხის 700 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გონივრულად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის სირთულისა და ღირებულების, ასევე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით (სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება), ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ოდენობად სააპელაციო პალატა მიიჩნევს 350 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს 350 ლარის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ----- ა------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ---- ი-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ-----–- ლ------ის, თ-----, ნ-----, ნ--- ა------–---–ების სახელზე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის №---------------- გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში.
5. დანარჩენ ნაწილში (მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. ნ---- ი-----ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ნ---- ი-----ის სასარგებლოდ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 350 ლარის ანაზღაურება; აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ნახევარი - 75 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ნახევარი - 75 ლარი, დაუბრუნდეს უკან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -