განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001889451
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-840-2018 23 ოქტომბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ს--–---- ლ---------–---–ი
წარმომადგენელი - რ---------------–--–---
მოწინააღმდეგე მხარე - დ----- გ--------
წარმომადგენელი - მ----------------------–--ე
დავის საგანი - განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 10 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ----- გ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა დ----- გ--------ს (პ/ნ 6----------) და ს--–---- ლ---------–---–ს (პ/ნ 1----------) შორის 2007 წლის 14 აგვისტოს №0------ სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ს--–---- ლ---------–---–ის წარმომადგენელის რობიზონ ხურცილვას საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლებია: 2.1. 2017 წლის 19 აპრილს მოსარჩელე ალექსანდრე გ--------ს წარმომადგენელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ს--–---- ლ---------–---–ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. 2.1.1. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2007 წლის 14 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს--–---- ლ---------–---–თან, დაბადებული 18.09.1988 წ. მცხოვრები, ქუთაისი, დ. ა----–-----–ის გამზ. №2----. ერთდ ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ა--------- გ--------, დაბადებული 2008 წლის 17 აპრილს /პ/ნ 1----------/ მოპასუხესთან მისი ოჯახური თანაცხოვრება არ აეწყო პირადი ურთიერთობის გამო. წლების განმავლობაში ჰქონდათ კონფლიქტები, რამაც საბოლოოდ, მათი ოჯახის დანგრეა გამოიწვია. მეორე წელია, ფაქტიურად, ქორწინება მათ შორის შეწყვეტილია. მოსარჩელე ოჯახთან ერთად აღარ ცხოვრობს. აქვს მისი პირადი ცხოვრება, როგორც მოპასუხეს. ოჯახის აღდგენის გამთლიანების შანსი აღარ არსებობს, ამიტომ, შეუძლებელია მისი შენარჩუნება იურიდიულადაც. 2.1.2. დ----- გ--------ს სარჩელი მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და დაიწყო საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად. 2.1.3. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზნით მოპასუხეს გადაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, რომელსაც დაენიშნა ვადა იმისთვის, რომ წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. 2.1.4. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ა----–-----–ის 130, მაგრამ ვერ ჩაბარდა. სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, მაგრამ გზავნილი ვერ ჩაბარდა. 2017 წლის 28 ივლისს მიღებული იქნა განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლითაც ს--–---- ლ---------–---–ს ეცნობა დ----- გ--------ს სარჩელის თაობაზე. 2.1.5. ს--–---- ლ--------–---–ის წარმომადგენელმა რ---------------–--–---მ 2017 წლის 06 სექტემბერს შემოიტანა შესაგებელი, ხოლო 2017 წლის 01 დეკემბერს სასამართლოში განმეორებით შემოიტანა შესაგებელი. 2.1.6. 2018 წლის 15 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ს--–---- ლ---------–---–ი და მისი წარმომადგენელი რ---------------–--–---, რომელსაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია. ხოლო გამოცხადებულმა მოსარჩელე დ----- გ--------მ და მისმა წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების ფაქტობრივი საფუძვლებია: 2.2. დ----- გ--------ს სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2018 წლის 25 იანვარს, რომლის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელი გაფრთხილებული იქნა ხელწერილით. 2018 წლის 25 იანვარს, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. 2.2.1. 2018 წლის 25 იანვარს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1127-ე, 1122-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2.1.8. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 2.1.9. სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად - ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. მოსარჩელე და მოპასუხე 2007 წლის 14 აგვისტოდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2.1.10. სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძვლია - განქორწინება. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილით - განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. 2.1.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების სამართლებრივი საფუძვლებია: 2.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება. 2.2.3. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. 2.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 2.2.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ავადმყოფობით, თუმცა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის ავადმყოფობის ფაქტს. აღნიშნული ცნობა ასევე არ ერთვის მოპასუხის წარმომადგენელის განცხადებას, საჩივრის განხილვის გადადების შესახებ. 2.2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (უზენაესი სასამართლოს განმარტება, საქმე №ას-1043-997-2013). 2.2.6. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. დანიშნულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს პირის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, მაგრამ ამისათვის უნდა იცოდეს გამოუცხადებლობის მიზეზი და ასევე, თუ რატომ არ შეეძლო მოპასუხეს აღნიშნული მიზეზის არსებობის თაობაზე წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. 2.2.7. მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოში არ წარუდგენია ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობა. სასამართლომ საჩივრის ავტორის განმარტება მისი ავადმყოფობის თაობაზე, სარწმუნოდ არ მიიჩნია, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული ცნობა ასევე არ ერთვოდა მოპასუხის წარმომადგენელის განცხადებას, საჩივრის განხილვის გადადების შესახებ. 2.2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ს--–---- ლ---------–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ - ავადმყოფობით და სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. საჩივრის საფუძველზე უნდა მომხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან სახეზე იყო 233-ე და 241-ე მუხლში მითითებული გარემოებები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ დ----- გ--------მ სარჩელი აღძრა ს--–---- ლ---------–---–ის წინააღმდეგ და მოპასუხესთან განქორწინება მოითხოვა. 4.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. 4.3. აპელანტის განმარტებით სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა ავადმყოფობით იყო გამოწვეული, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა. 4.4. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სხდომაზე მისი ან მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ავადმყოფობით იყო გამოწვეული. 4.4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.4.2. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კი ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.5. როგორც აღინიშნა, აპელანტს მისი ან მისი წარმომადგენლის ავადმყოფობის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოდგენია. 4.5.1. მეტიც, მას ისიც კი არ მიუთითებია, თუ რა დაავადებით იყო ავად და რატომ შეუშალა ამან ხელი სხდომაზე გამოცხადებაში. 4.6. ამის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. 4.7. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის სხვა მოთხოვნებსაც სავსებით შეესაბამებოდა, სარჩელი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობდა. 4.8. ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ს--–---- ლ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 10 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე