განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017001983058
საქმე №2ბ/2743-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - შპს „მ-----“
წარმომადგენელი - ბე--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ას-------–-------–---–ი
წარმომადგენელი - ნი-----–--------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ-----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 01 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (L--------------, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8 855 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 564 ლარი და ჯამში შეადგინა 9 416 ლარი. მოპასუხემ შპს „მ-----“ -ს ანგარიშზე შეიტანა თანამონაწილეობის 1 335 ლარი, შესაბამისად 9 416 ლარს გამოაკლდა 1 335 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა 8 084 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (L-------------- (ტ. І, ს.ფ. 14-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.2. ავტომობილი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს „მ-----“-ს მიერ განსაზღვრული პირის სახელზე, ხოლო მფლობელობაში გადაეცა მოპასუხეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (L-------------- (ტ. І, 14-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.3. 2016 წლის 05 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება (L--------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება (L-------------- (ტ. І, ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.4. შპს „მ-----“-მ ავტომანქანა გაასხვისა 2 900 ლარად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომანქანის გადაცემის ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. ას-------–-------–---–ს შპს „მ-----“-სთვის ავტომანქანა დაზიანებულ მდგომარეობაში არ გადაუცია.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს დაზიანებული ავტომანქანა გადასცა, რამაც შეამცირა მისი ღირებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტუ- რებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ავტომანქანის შეფასების ფურცელი და ფოტოსურათები. შეფასების ფურცელში კომენტარის სახით მითითებულია, რომ ავტომანქანა არ იქოქება და უცნობია მისი მდგომარეობა. ასევე არ არის შეფასებული მისი ექსტერიერი და ინტერიერი. წარმოდგენილ ფოტოსურათებში კი, ავტომანქანაზე აღინიშნება დაზიანებები. მხარის განმარტებით, ექსპერტის მიერ გაპარულია ტექნიკური შეცდომა და არ არის სრულად შევსებული შეფასების ფურცელი. რეალურად, ავტომანქანას ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები, უბრალოდ, მათი არ აღნიშვნა ტექნიკური შეცდომაა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეფასება გაკეთებულია ავტომანქანის გასხვისებამდე რამოდენიმე დღით ადრე. შესაბამისად, ავტომანქანის გადაცემიდან - 05.10.2016 წლიდან მის გასხვისებამდე - 28.10.2016 წლამდე პერიოდში.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია შეფასების ფურცელში დაშვებულ ტექნიკურ შეცდომასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ფაქტს, რაც არ არის მითითებული შეფასების ფურცელში ითვლება, რომ ადგილი არ ჰქონია. ასევე, მასზე არ არის მითითებული შედგენის დრო. შესაბამისად, სასამართლომ არ მიიღო შეფასების ფურცელი მხედველობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვ- ნებსა და შესაგებელს. ამასთან, ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში მხოლოდ წარმოდგენილია შეფასების ფურცელი და ფოტოსურათები. ეს ორი დოკუმენტი კი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ვინაიდან, შეფასების ფურცელში არაფერია ნათქვამი ავტომანქანის გარეგან დაზიანებებზე, ხოლო ფოტოსურათებზე დაზიანებები შეიმჩნევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ მტკიცდება ას-------–-------–---–ის ბრალეულობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტი მოპასუხის მიერ ავტომანქანის გადაცემასთან დაკავშირებით, სადაც აუცილებლად იქნებოდა მითითებული საგნის მდგომარეობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ უცნობია ფოტოსურათების გადაღების დრო. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ისინი გადაღებულია მოპასუხის მიერ მისთვის ავტომანქანის გადაცემის მომენტში, და ისიც, რომ ისინი ნამდვილად ასახავს მოპასუხის ბრალეულობით მიყენებულ დაზიანებას. მხოლოდ ფოტოსურათების წარმოდგენა ვერ იქნება დასტური იმის, რომ ას-------–-------–---–მა დააზიანა ავტომანქანა.
მოპასუხემ წარმოადგინა განმარტება, თუ რა შეიძლება გამხდარიყო გაჩერებული, მსგავსი ტიპის ავტომანქანის არ დაქოქვის გამომწვევი მიზეზი. შპს „Kბ-----------“-ის დირექტორის გი-------------------ის პასუხის თანახმად, არსებობს შემდეგი მიზეზები: 1. აკუმლატორის სათანადო ამპერაჟის არ არსებობა (მუხტის დაბალი დონე), 2. ძრავის კომპიუტერის ბლოკირება, 3. დიზელის მაღალი წნევის ნასოსის არ არსებობა ან დაზიანება. მათი აღმოფხვრის საფასური კი შეადგენს: 1. დამუხტვა - 10 ლარი, 2. ძრავის ბლოკის მოხსნა - 100-150 ლარი, 3. დიზელის ნასოსის შეძენა და მონტაჟი - 120-160 ლარი.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები, რითაც გაამყარებდა საკუთარ პოზიციას და დაადასტურებდა მოპასუხის მიერ დაზიანებული ავტომანქანის გადაცემის ფაქტს. იმ ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რაც მისი მოთხოვნის საფუძველია, არ არსებობს წერილობითი მტკიცებულებები. მხარე მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. შესაბამისად, მან ვერც იმ გარემოების დამტკიცება უზრუნველყო, გონივრულ ფასად მოხდა თუ არა მოსარჩელის მიერ ავტომობილის რეალიზაცია.
სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ას-------–-------–---–ს მოსარჩელისთვის დაზიანებული ავტომანქანა არ გადაუცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
- ავტომანქანის შეფასების ფურცელი (ტ. І, ს.ფ. 156)
- ფოტოსურათები (ტ. І, ს.ფ. 157-161)
- მარეთა ახსნა-განმარტებები.
2.6. ას-------–-------–---–ს არ აქვს დავალიანება შპს „მ-----“-ს მიმართ.
მოსარჩელემ წარმოადგინა დავალიანების ცნობა და გაფრთხილების წერილი, რომლის თანახმად მოპასუხეს ერიცხება დავალიანება შპს „მ-----“-ს მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტუ- რებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, 12.06.2017 წლის დავალიანების ცნობაში არ არის მითითებული დარიცხული პროცენტის, ჯარიმის და სხვა ხარჯის ოდენობა 28.10.2016 წლის მდგომარეობით. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანის რეალიზაციამდე მათი მხრიდან დავალიანების დათვლა ვერ მოხდებოდა, რადგან არ შეიძლება ევარაუდათ რა ფასში მოხდებოდა ლიზინგის საგნის რეალიზაცია. დავალიანების ოდენობა არ არის მითითებული არც გაფრთხილების წერილში. შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები არ მიიღო მხედველობაში. მოპასუხემ გადასცა მოსარჩელეს ლიზინგის საგანი და ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ჩაითვალა შეწყვეტილად, ხოლო ვალდებულებები გარდა აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ას-------–-------–---–ს შპს „მ-----“-ს მიმართ არ გააჩნია დავალიანება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება (L-------------- (ტ. І, ს.ფ. 32-33);
- დავალიანების ცნობა (ტ. І, ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამაზე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „მ-----“-ს და ას-------–-------–---–ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა, 2016 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი გარიგებაა. ერთი მხრივ, იგი შეიძლება კონსესუალურ გარიგებად იქნეს მიჩნეული. ასეთი მოსაზრების საფუძველია მხარეთა ნების ავტონომიის პრიმატი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას. ლიზინგის თანამედროვე დოქტრინა ლიზინგის მიმღებისთვის უპირობო ვალდებულებების დაკისრების კონცეფციას აღიარებს. აღნიშნული პირობების სამართლიანობას კი საბოლოოდ სასამართლო აფასებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 01 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება (L--------------, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8 855 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომისიო 564 ლარი და ჯამში შეადგინა 9 416 ლარი. მოპასუხემ შპს „მ-----“-ს ანგარიშზე შეიტანა თანამონაწილეობის 1 335 ლარი, შესაბამისად 9 416 ლარს გამოაკლდა 1 335 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა 8 084 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა. მხარეებმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს ხელშეკრულება. მოპასუხემ გადასცა მოსარჩელეს ლიზინგის საგანი და ხელშეკრულების შეწყვეტის შეთნხმების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ჩაითვალა შეწყვეტილად, ხოლო ვალდებულებები გარდა აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეს არ ერიცხებოდა პროცენტი, ჯარიმა და სხვა ხარჯი 28.10.2016 წლის მდგომარეობით, რაც დასტურდება 12.06.2017 წელს შპს „მ-----“-ს მიერ გაცემული დავალიანების ცნობით.
2.9. სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამავე კოდექსის 346-ე მუხლის მიხედვით, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.
სასამართლომ განმარტა, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ 2015 წლის 29 ივნისი, №ას-1338 -1376 - 2014)
სასამართლომ განმარტა, რომ იგი ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არა თანაზომიერ შეზღუდვას. ამ გაგებით კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეული უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე.
ლიზინგის ტრანზაქციაში კეთილსინდისიერების პრინციპის დანიშნულება ნათლად ვლინდება მისი ე.წ. „უპირობო ვალდებულებებთან“ მიმართებით ანალიზისას. ლიზინგის საერთაშორისო დოქტრინა და პრაქტიკა იცნობს ლიზინგის მიმღების უპირობო ვალდებულებების კონცეფციას. აღნიშნული ტიპის ვალდებულებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ლიზინგის მიმღების მიერ ცალკეული უფლების გამოყენებას.
მოცემულს შემთხვევაში, ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა ლახავს მეორე მხარის ინტერესებს. ხელშეკრულების 14.7 პუნქტის თანახმად, ლიზინგის გამცემს უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალება გაასხვისოს ნებისმიერ ფასად. აღნიშნული პუნქტი ლახავს ლიზინგის მიმღების ინტერესს, რადგან მოსარჩელეს შეუძლია ლიზინგის საგანი გაასხვისოს დაბალ ფასად და შემდეგ სხვაობის დაფარვა მოითხოვოს მეორე მხარისგან. ავტომანქანა, რომლის ღირებულება ხელშეკრულების დადების მომენტში იყო 8 855 ლარი, გასხვისდა 2 900 ლარად, რადგან იყო დაზიანებული. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზიანება არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეული ქმედებით. შესაბამისად, მისთვის იმ სხვაობის თანხის დაკისრება, რაც მისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ გამოიწვია არ არის სამართლიანი. ასევე, უსაფუძვლოა მოპასუხისთვის მანქანის რეცხვის და წერილის ხარჯების დაკისრება, რომელიც არ გაუგზავნია.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მატოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ლიზინგის საგნის გამცემის მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად განხორციელება შედარებით „სუსტ“ მხარესთან მიმართებაში (იხ. სუს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება Nას-1686 -1580 -2012).
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ-----“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია სასამართლო ვისზე მიუთითებს, როდესაც განმარტავს, რომ ავტომობილი დარეგისტრირდა შპს ,,მ-----ს“ მიერ განსაზღვრულ პირზე, ვინაიდან ავტომობილი დარეგისტრირდა უშუალოდ შპს „მ-----ს“ სახელზე.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ ას-------–-------–---–ს შპს „მ-----ს“-სთვის ავტომანქანა დაზიანებულ მდგომარეობაში არ გადაუცია. ხსენებული გარემოების ამგვარად დადგენის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება მანქანის არამუშა მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეფასების ფურცელში არსებული ტექნიკური ხასიათის შეცდომასთან დაკავშირებით, მიეცა სასამართლოს ახსნა-განმარტება რომ არ იყო გარკვეული სახის აღნიშვნები მანქანის ექსტერიერისა და ინტერიერის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მათი ვიზუალურად აღქმა და საქმის ფაქტობრივი მასალების შეჯამება შესაძლებელი იყო წარმოდგენილი ფოტოსურათების მეშვეობით, რომელიც სასამართლომ საერთოდ არ მიიღო მხედველობაში და გაურკვეველია რა იყო ამ ნაწილში მისი მოტივიაცია. რაც შეეხება ტექნიკური ხასიათის შეცდომას საქმის სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლებელია მსგავსი ხარვეზის არსებობა დოკუმენტში რაც არ ნიშნავს იმას, რომ ფაქტს ავტომობილის შეფასების შესახებ ადგილი არ ჰქონია.
3.3. აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილბაში არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ას-------–-------–---–ს არ აქვს დავალიანება შპს „მ-----ს“ მიმართ. მოსარჩელის მიერ წარდგენილ სამოქალაქო სარჩელში ნათლად და გარკვევით წერია 28.10.2016 წლის მგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენდა სხვა ხარჯს 25 ლარს, დარიცხულ პროცენტს 467.93 ლარს და დარჩენილ ძირ თანხას 8084 ლარს.
3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 1 სექტემბერს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშკერულება რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8084 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას დაემატა თანხის გაცემის საკომიისო 564 ლარი და ჯამში შეადგინა 9416 ლარი. მოპასუხემ თანამონაწილეობის თანხა შემოიტანა 1335 ლარი, რის შემდეგაც ლიზინგის საბოლოო თანხად განისაზღვრა 8084 ლარი. ლიზინგის ხელშკერულება გაფორმდა 24 თვის ვადით. პირველი გადახდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით უწევდა 01.10.2016-ში რომელი დღეც იყო შაბათი, შესაბამისად, ფინანსური ლიზინგის ხელშკერულების 6.7 პუნქტის მიხედვით მხარეს შეეძელო თანხა გადაეხადა 03.10.206 წელს ისე რომ ვალდებულება არ იქნებოდა დარღვეული, თუმცა მას ეს ქმედება არ განუხორციელებია, რის შემდეგაც მოხდა მისი გაფრთხილება 05.10.2016წ.-ში და ამავე დღეს მოხდა მხარეებს შორის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მე-3 პუნქტში აღნიშნულია რომ მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად და მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად. შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულია რომ მხარეებს შორის არსებობს დავალიანება, რომლის დაფარვაც მოხდება ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის საშუალებით, ხოლო დარჩენილ სხვაობას გადაიხდის მოპასუხე მხარე. ამ მოცემულობიდან ცალსახაა რომ მხარე ინფორმირებული იყო დავალიანების არსებობის შესახებ და ცხადია ეს ასე იქნებოდა იქიდან გამომდინარე რომ ხელშკერულება იყო 24 თვის ვადით გაფორმებული რომელზეც გრაფიკით ნაკისრი თანხების არცერთი თვის გადახდა არ მომხდარა. რაც შეეხება შეწყვეტის შესახებ მე-4 პუნქტს, აღნიშნულ პუნქტში მარტივი მიზეზის გამო არ წერია შეწყვეტის მომენტში არსებული დავალიანების ზუსტი ოდენობა, კერძოდ შპს მ-----სთვის ვერანაირად ვერ იქნებოდა ცნობილი, თუ რა მოცულობის ხარჯი იქნებოდა მანქანის რეალიზაციამდე გაწეული, და ასევე რა თანხად მოხდებოდა შემდგომ მანქანის რეალიზაცია. აპელანტის განმარტებით, საავტომობილო ბაზარი არც ისე მყარია, შესაბამისად, მისი რეალიზების დრო და გაწეული ხარჯის წინასწარ გათვლა ყოვლად შეუძლებელი იყო შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ამდენად, ხელშეკრულების აღნიშნული გრაფა დარჩა ცარიელი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით.
3.5. აპელანტი განმარტავს, მხარეებს შორის გაფორმებული შეწყვეტის ხელშეკრულების მეორე პუნქტი მხარეების საერთო ნების საფუძველზე დაიდო და თითოეული კონტრაჰენტისთვის კარგად იყო ცნობილი თუ რა შედეგების მომტანი იყო თითოეული პუნქტის პირობა. აღნიშნული შეთანხმება ერთგვარი ნაწარმოები ურთიერთობაა მხარეებს შორის მანამდე არსებული გენერალური ხელშეკრულებისა. მას შემდეგ რაც მხარის მიერ იქნა ნება გამოხატული, რომ პირველადმა ხელშეკრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი, რა თქმა უნდა ფინანსურ ორგანიზაციას აღნიშნულიდან იმ სარგებლისა და მოლოდინის მიღების შესაძლებლობა გაუქრა, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შეექმნა, შესაბამისად, უკვე ნაწარმოებ ურთიერთობაში კომპანიამ თავის თავზე აიღო ავტომობილის რეალიზაციის ვალდებულება, რადგან თავადა იყო მანქანის მესაკუთრე და ამასთან, მხარემ რომელმაც ერთხელ უკვე არ შეასრულა თავდაპირველი შეთანხმებული ვალდებულება, წარმოიშვება რეალური გონივრული რისკი, რომ იგივე მხარის მიერ ვერ მოხერხდება, თუნდაც კომპანიისთვის მისაღებ ფასად მანქანის რეალიზება. აპელანტის განმარტებით, პირველ რიგში კომპანიის ინტერესშია მანქანის მაქსიმალურად მაღალ ფასად რეალიზება, რადგან, სწორედ აღნიშნულიდან ხდება საკუთარი აქტივების გაზრდა და კომპანიასათვის არანაირ ინტერესში ლოგიკურად არ ჯდება ავტომობილის იმაზე დაბალ ფასად რეალიზება, ვიდრე მისი ღირებულებაა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ შეფასების ფურცელში ავტომობილი შეფასებულია 3000 ლარად, ხოლო რეალიზაცია მოხდა 2900 ლარად.
3.6. აპელანტს მიაჩნია, რომ კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპი ყოველ კონკრეტულ საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ შეფასების საკითხია, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და არსებული ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახაა, რომ კომპანია ყველა მოქმედებისას მართლზომიერია მხარესთან მიმართებაში, შესაბამისად, კომპანიის მიერ საკუთარი მართლზომიერი უფლების დაცვა არამცდაარამც არ შეიძლება არაკეთილსინდისიერებად ჩაითვალოს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. შპს „მ-----სა“ და ას------–-------–---–ის შორის 2016 წლის 01 სექტემბერს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8 855 ლარის ოდენობით. თანხის გაცემის საკომისიო შეადგენდა 564 ლარს. მოპასუხემ შპს „მ-----“-ს ანგარიშზე შეიტანა თანამონაწილეობის 1335 ლარი, შესაბამისად, საბოლოოდ ლიზინგის თანხამ შეადგინა 8 084 ლარი. გრაფიკის მიხედვით ლიზინგის მიღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 585.85 ლარი, 24 თვის განმავლობაში. პირველი გადახდა მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 01 ოქტომბერს.
4.1.2. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ავტომობილი MERCEDES-BENZ E320 CDI, გამოშვების წელი 1999წ, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს „მ-----“-ს სახელზე და მფლობელობაში გადაეცა მოპასუხეს.
4.1.3. მხარეთა შორის 2016 წლის 05 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლითაც მხარეებს შორის შეწყდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა შპს „მ-----ს“. შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „მ-----ს“ გააჩნდა სრული უფლება გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად და გასხვისებით მიღებული თანხა მიემართა ლიზინგის მიმღების დავალიანების და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საუალების დანაკლისების ანდა დაზიანებების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წინამდებარე შეთანხმების გაფორმების და ლიზინგის მიმღების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შპს „მ-----სთვის“ გადაცემის შემდეგ (რაზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი), ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად, ხოლო მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, გარდა მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად.
4.1.4. 2016 წლის 05 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს ავოსატრანსპორტო საშუალება გადასცა, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
4.1.5. 2016 წლის 28 ოქტომბერს შპს „მ-----მ“ მი----–-----–--–--ლზე გაასხვისა ავტომანქანა 2 900 ლარად, საიდანაც დაფარა მოსარჩელის ძირითადი დავალიანება 2407.07 ლარი, პროცენტი 467.93 ლარი და სხვა ხარჯი 25 ლარი.
4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ავტოსატრანსპორტო საშვალების გადაცემის მომენტისათვის ავტომანქანა დაზიანებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გადაცემის მომენტისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო დაზიანებული, მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოების დამტკიცება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშვალების გადაცემა უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში იმ გარემოების დამადასტურებელ სპეციალურ მტკიცებულებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა დაზიანებული ავტომანქანა, წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტით არ გაფორმებულა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ავტომობილის შეფასების ფურცელს და ფოტოსურათებს, პალატას მიაჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულებები სადავო ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად არ გამოდგება შემდეგ გარემოებათა გამო:
შეფასების ფურცელი შედგენილია შპს „მ-----ს“ ბლანკიან ფურცელზე, შესაბამისად, ის შექმნილია მოსარჩელის თანამშრომლის მიერ. მასზე არ არის მითითებული შედგენის დრო. მოსარჩელის განმარტებით, შეფასება განხორციელებულია ავტომანქანის გასხვისებამდე რამოდენიმე დღით ადრე, შესაბამისად ასახული არ არის ავტომანქანის მდგომარეობა უშუალოდ გადაცემის მომენტისთვის. შეფასების ფურცლის მიხედვით, ავტომანქანა არ იქოქება და უცნობია მისი მდგომარეობა. შემფასებელს არ აქვს შეფასებული ავტომანქანის ექსტერიერი და ინტერიერი. შეფასების ფურცელში აღნიშნული არ არის ავტომანქანის გარეგანი დაზიანებების შესახებ (ტ. І, ს.ფ. 156).
შეფასების ფურცლისგან განსხვავებით, ფოტოსურათების მიხედვით ავტომანქანაზე აღინიშნება გარეგანი დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ ფოტოსურათებზეც არ არის მითითებული მათი გადაღების თარიღი, შესაბამისად, არ დგინდება, რომ ფოტოგადაღება განხორციელდა ავტომანქანის გადაცემის მომენტში (ტ.І, ს.ფ. 157-161).
ამდენად, არც შეფასების ფურცელი და არც ფოტოსურათები შექმნილი არ არის მოპასუხისთვის ავტომანქანის გადაცემის დროს, შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტომანქანის დაზიანება მოხდა მაშინ, როდესაც მოპასუხე ფლობდა ავტომანქანას და არა იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე ახორციელებდა მასზე ფაქტობრივ ბატონობას (05.10.2016 – 28.10.2016წწ).
გარდა ამისა, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას შეფასების ფურცელში დაშვებულ ტექნიკურ შეცდომასთან დაკავშირებითაც, რადგან შეფასების არასრულყოფილება არ შეიძლება შეფასდეს ტექნიკურ შეცდომად.
4.3. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა 2016 წლის 05 ოქტომბერს, მოპასუხეს ეკისრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემამდე პროცენტის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს გადახდის გრაფიკზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს ყოველთვიურად ევალებოდა პროცენტის გადახდა. მოპასუხის მხრიდან პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 01 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის გათავისუფლება აღნიშნული ვალდებულებისაგან, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომანქანის გადაცემამდე დარიცხული პროცენტის ანაზღაურების ვალდებულება.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ გააჩნია ავტომანქანის გარეცხვის ხარჯის - 20 ლარის და წერილის გაგზავნის ღირებულების - 5 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „მ-----ს“ უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართოს იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საუალების დანაკლისების ანდა დაზიანებების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან.
სააპელაციო პალატა ავტომანქანის რეცხვისა და წერილის გაგზავნის ხარჯს ვერ განიხილავს ავტომანქანის გასხვისებასთან დაკავშირებულ აუცილებელ ხარჯად, რომელიც შეიძლება მოპასუხეს დაეკისროს, შესაბამისად, ხსენებული თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია.
4.5. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.7 პუნქტით და აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა იმის თაობაზე, რომ შპს „მ-----ს“ გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, წარმოადგენს ბათილ სტანდარტულ პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამავე კოდექსის 346-ე მუხლის მიხედვით, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.
ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ 2015 წლის 29 ივნისი, №ას-1338 -1376 - 2014)
კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეული უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე.
ლიზინგის ტრანზაქციაში კეთილსინდისიერების პრინციპის დანიშნულება ნათლად ვლინდება მისი ე.წ. „უპირობო ვალდებულებებთან“ მიმართებით ანალიზისას. ლიზინგის საერთაშორისო დოქტრინა და პრაქტიკა იცნობს ლიზინგის მიმღების უპირობო ვალდებულებების კონცეფციას. აღნიშნული ტიპის ვალდებულებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ლიზინგის მიმღების მიერ ცალკეული უფლების გამოყენებას.
მოცემულ შემთხვევაში, სტანდარტული პირობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს სრული უფლება აქვს ნებისმიერ ფასად გაასხვისოს ავტომანქანა, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა მოპასუხისათვის. აღნიშნული პუნქტი ლახავს ლიზინგის მიმღების ინტერესს, რადგან მოსარჩელეს შეუძლია ლიზინგის საგანი გაასხვისოს საბაზრო ფასზე ბევრად დაბალ ფასად და შემდეგ სხვაობის დაფარვა მოსთხოვოს მეორე მხარეს, რაც არასამართლიანია.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მატოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 01 სექტემბერს 8 855 ლარად შეძენილი ავტომანქანა, დაახლოებით ორ თვეში, 2016 წლის 28 ოქტომბერს, მოსარჩელემ გაასხვისა 2900 ლარად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ბათილ სტანდარტულ პირობაზე დაყრდნობით ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ ავტომანქანა გაასხვისა უსამართლოდ დაბალ ფასად, ვინაიდან ორ თვეში შეუძლებელია ავტომანქანის ფასი ბაზარზე 3-ჯერ შემცირებულიყო. მოსარჩელის განმარტებით, მცირე ფასად ავტომანქანის გასხვისება განაპირობა მისმა დაზიანებულმა მდგომარეობამ. პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზიანება არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეული ქმედებით, მისთვის იმ სხვაობის თანხის დაკისრება, რაც მისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ გამოიწვია, უსამართლოა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ლიზინგის საგნის გამცემის მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად განხორციელება შედარებით „სუსტ“ მხარესთან მიმართებაში (იხ. სუსგ 25.02.2013 წ. №ას-1686 -1580 -2012).
4.6. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ავტომანქანის გადაცემის მომენტში გააჩნდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების 8084 ლარის და ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადასახდელი პროცენტის 467.93 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც მთლიანობაში შეადგენს 8551.93 ლარს. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს აღნიშნული დავალიანება აპატია.
პალატის მოსაზრებით, აპელანტს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა გაესხვისებინა საბაზრო ფასად, რითაც უნდა მომხდარიყო აპელანტის მიმართ ზემოთ მითითებული დავალიანების დაფარვა, რის შემდეგაც არსებული სხვაობა უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „მ-----“ წარმოადგენს სალიზინგო (საკრედიტო) დაწესებულებას, რომლის ინტერესი ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მიმართ მდგომარეობდა ფინანსური მოგების (სარგებლის) მიღებაში, შესაბამისად, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მისი დავალდებულება, რომ ლიზინგის საგნის რეალიზაცია მოეხდინა არანაკლებ ფინანსური ლიზიანგის დავალიანების თანხისა, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეზე უსამართლოდ ზედმეტი ტვირთის დაკისრება იქნებოდა.
რაც შეეხება გასხვისების მომენტისათვის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის დაზუსტებული შესაგებლის მე-3 ფაქტობრივ გარემოებაზე და ინტერნეტ მაღაზია www.myauto.ge -ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან ამობეჭდილ მასალებზე, სახელდობრ, მოპასუხე ას------–-------–---–ი შესაგებელში უთითებს, რომ „მსგავსი ტექნიკური მახასიათებლის მქონე ავტომანქანათა საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 6565 ლარს“. www.myauto.ge -დან ამოღებულ საინფორმაციო მასალებში სადავო ავტომობილის იდენტური მახასიათებლების მქონე ავტომანქანის ღირებულება ერთ შემთხვევაში შეადგენს 6565 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 7000 ლარს (ტ. І, ს.ფ. 101-102).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიმე მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა გასხვისების მომენტში სადავო ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მოპასუხის განმარტების და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ გასხვისების მომენტში ლიზინგის საგნის საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 6565 ლარს.
ამდენად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემდეგ შეადგენს 1986.93 (8551.93 - 6565) ლარს.
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულებად უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „მ-----ს“ გააჩნდა სრული უფლება გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება და გასხვისებით მიღებული თანხა მიემართა ლიზინგის მიმღების დავალიანების და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დანაკლისების ანდა დაზიანებების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, გააჩნდა ვალდებულება ავტომანქანა გაესხვისებინა საბაზრო ფასში.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომანქანის საბაზრო ფასი გასხვისების მომენტში იყო 6565 ლარი. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა 8551.93 ლარს. ავტოსატრანსპორტო საშუალების დანაკლისების, დაზიანებების აღმოფხვრასთან, ან გასხვისებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ეკისრება დარჩენილი დავალიანების 1986.93 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ შპს „მ-----ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. ვინაიდან აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ას------–-------–---–ს შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 139 ლარის ოდენობით დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. შპს „მ-----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „მ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ას------–-------–---–ს შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1986.93 ლარის გადახდა.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. ას------–-------–---–ს შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 139 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა