განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002397326
საქმე №1ბ/1362-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ რე----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რე----------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 ივლისს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: თ---–--------–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ--------------------------–--------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით რე----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რე----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 მარტიდან.
რე----------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ისეთი ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
შპს „ე-–------------“ (ს/ნ 2--------) დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა - რე----------–-–---–მა, 2018 წლის პირველ მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, შპს „ე-–------------“ ს/ნ (2--------) სახელით გასაღების მიზნით დაამზადა ფიქტიური სასაქონლო ოპერაციის ამსახველი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერიითა და ნომრით: ეა-14 4------, ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სერიითა და ნომრით: ელ-0---------, 2018 წლის 01 მარტით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი N19646---, რომელთა თანახმად, ზემოაღნიშნულმა საწარმომ, შპს „გ------–----“ (ს/ნ 4--------) თითქოსდა მიაწოდა 500 ერთეული პრინტერის კარტრიჯი, საერთო ღირებულებით 30 000 ლარი, რის შედეგადაც, დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 4576,27 ლარი. რე----------–-–---–მა იმავე დღეს, დაახლოებით 14:23 საათზე, ქ. თბილისში, პ--–-------------------ის წინ ზემოაღნიშნული ელექტრონული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები 10 000 ლარად გაასაღა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულ პირზე - გო-------------–---–ზე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რე----------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელენტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლოდ მკაცრი, რადგან მან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი მოხუცებული დედა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მის ვაჟიშვილს, გი------------–-–---–ს დიაგნოზით დადგენილი აქვს შიზოფრენია და საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას, ამ ყველაფერმა, რასაც თან დაერთო მატერიელური გაჭირვება, აიძულა გადაედგა ნაბიჯი, რასაც უზომოდ ნანობს და განიცდის, რადგან მისი ქმედებით ზიანი მიაყენა ოჯახის წევრებს, რაც მისთვის სასამართლოს მიერ დანიშნულზე გაცილებით მძიმე სასჯელია.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი საპატიმრო სასჯელის გარდა, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, მას განესაზღვრა ტავისუფლების არკვეთა, რითაც აპელანტის აზრით, დარღვეული იქნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
სასჯელის დანიშვნისას მოსამართლემ იხელმძღვანელა იმ გარემოებით, რომ რე----------–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და სსკ-ის 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა ბრალდების მხარის მიერ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორის საჩივარი და პირველი ინსტანციის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამჟამად განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით.
განაჩენში მითითებულია, რომ რე----------–-–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელი უნდა დაენიშნოს საქ.სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულ მუხლი არ კრძალავს არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას, მასში ცალსახადაა მითითებული, რომ დანიშნულ სასჯელს ერთი წელი ემატება, იმ შემთხვევაში თუკი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, არსად არ არის აკრძალვა სასჯელის სახით ჯარიმის ან გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ რე----------–-–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაინიშნოს არასაპატიმრო სასჯელი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ი-----–- მ---–----–---მ წარმოდგენილი შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადების და გასაღების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: გო-------------–---–ის, ნი----–------------ის, ოლ----------ის გამოკითხვის ოქმები, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ მასალები და დოკუმენტები, პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ფულად თანხა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ითვალისწინებს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, პროპორციული და თანაზომიერი მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ რე----------–-–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის თანახმად კი ასეთ შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამასთან, რე----------–-–---–მა განსახილველი დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა. ხოლო, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატას მიიჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. რაიმე ახალი გარემოება, რაც დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რე----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რე----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რე----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკები და საქმის მასალების ასლები მოთავსებული ერთ პაკეტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
რე----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე