განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
№1ბ/1400-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რ--------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, აე---------------------–--------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–-----------------------------–--------) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით:
რ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
რ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.
რ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 06 მაისს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–-------------–-------------ბა, მ--------------------ე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ--------------–---–მა ხელის ჩარტყმით და სანთებელას გამოყენებით დააზიანა შპს ,,თ---–--------------------------------ის“ კუთვნილი ,,ბ--------ს“ მარკის სამგზავრო ავტობუსის, სახ. ნომრით T------ წინა საქარე და მძღოლის კარების მინები, რის შედეგადაც შპს ,,თ---–--------------------------------ას“ 580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. ბრალდების მხარის განმარტებით, სასჯელის ნაწილში განაჩენი არის ლმობიერი და უსამართლო. მსჯავრდებულ რ--------------–---–ისათვის 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია და მისთვის ზიანი არ არის ანაზღაურებული.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ. მსჯავრდებულ რ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის მინდია ბაიაშვილის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: ნ-----–----------–---–--------–-------------------------–-----------–---------------------–-----------------–-------------–-----------–----ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; რ--------------–---–ის ამოცნობის ოქმით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N----ს დასკვნით; სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკურ) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; თავად რ--------------–---–ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ--------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ის ფაქტი, რომ რ--------------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, მსჯავრდებულ რ--------------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და თვლის, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ--------------–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
რ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
რ--------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
სანთებელა, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ--------------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, 1 (ერთი) კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე