განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002083126
საქმე №1ბ/450-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქეთევან სუპატაშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - და-----------–---–ის
ადვოკატ - იმ-----------–--ის
მსჯავრდებულ - ელ-----------------ის
თარჯიმან - ას--------–--------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ელ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ელ-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2----------, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებლის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გ----------------------------–--------–--–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ელ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2 წლით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ელ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ელ-----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით ელ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, ელ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, ელ-----------------მა ქ. რ--------------------–--------–--–- სამგზავროდ იქირავა შო---------–---–ის ავტომანქანა “ოპელ ზაფირა” სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით V--------, მიიყვანა ის ს------–--------–--- ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანის გამოყენებით თავს დაესხა შო---------–---–ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა მას ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ელ-----------------მა, რომელმაც მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო და უნდა გაუქმდეს. სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უსამართლო შეფასებების ფონზე იქნა მიღებული არასწორი გადაწყვეტილება. მთელი სამართალწარმოების განმავლობაში არასათანადოდ იქნა შეფასებული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრის უარყოფა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ელ-----------------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, უტყუარი, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ან ეჭვქვეშ დადგებოდა მის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნას, ჩხუბის და დაზარალებულისათვის ხელის დარტყმის ფაქტს არც მსჯავრდებული უარყოფს, თუმცა არ ადასტურებს და სადავოდ ხდის დანის გამოყენებას და ყაჩაღობის ჩადენას, რაშიც ის დამაჯერებლად ამხილეს დაზარალებულმა და ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ და რაც ასევე დასტურდება საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ შო---------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მას საკუთრებაში ჰყავს მსუბუქი ავტომობილი და მუშაობს ტაქსოპარკში მძღოლად. 2017 წლის 27 ივლისს საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე მორიგეობდა, დაახლოებით ღამის 3-4 საათის შუალედში გაჩერდა ყავის დასალევად მა---------------–--ესა და აი------------–---თან ერთად, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ორი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ეროვნების მამაკაცი. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა, რამდენი უნდა გადაეხადათ ს------–--------–--–- წასასვლელად. მათ უპასუხეს, რომ მგზავრობა ღირდა 5 ლარი. მანქანის გადაყენების დროს (რაც ყავის გამყიდველმა სთხოვა) ბიჭებმა უთხრეს, რომ უნდოდათ გაჩიანში წასვლა და ჩასხდნენ მანქანაში. ორი მამაკაციდან ერთი იყო ბრალდებული ელ-----------------ი. მგზავრობის დროს გაირკვა, რომ მათ არ ჰქონდათ ფული და ბრალდებული რეკავდა თითქოსდა მის ძმასთან, ასევე უთხრა, რომ რადგან ამდენ ხანს იარა, ფულს აუცილებლად გადაუხდიდა და დეიდასთან მისვლა სთხოვა. მოხვდნენ მისთვის უცნობ ადგილას, ორჯერ შევიდა ჩიხში და უკან გამოვიდა. ერთ ადგილას, სადაც მანქანის სავალი გზა არ იყო, ბრალდებულმა მისი თანმხლები ბიჭი გააგზავნა ფულის მოსატანად, ის დაბრუნდა და თქვა, რომ დეიდა თვითონ მოვიდოდა და ფულს მოიტანდა, მეორედ კიდევ გააგზავნა და არც ამჯერად მივიდა ვინმე. ბრალდებულთან რუსულ ენაზე საუბრობდა. ბოლოს მიხვდა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. უთხრა ბრალდებულს, რომ აღარ სურდა ფულის გადახდა და მანქანა დაქოქა, ამ დროს მიუახლოვდა ელ-----------------ი, დანა მიადო, დაუწყო გინება, ერთი ხელი პერანგის ჯიბეზე მოკიდა და ფულის მიცემა სთხოვა. მან წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა იგი ემუქრებოდა, მოგკლავ, დასაკარგი არაფერი მაქვსო. ამ დროს ტკივილიც იგრძნო და წინააღმდეგობა შეწყვიტა. ფული, რომელიც პერანგის მარჯვენა ჯიბეში ედო, ბრალდებულმა წაართვა და თანმხლებ პირთან ერთად ფეხით სავალ გზაზე გაიქცა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ბრალდებულმა დანა მკერდის არეში მიაბჯინა, სადაც მცირე ზომის ჭრილობა ჰქონდა, დანის ტარი არ დაუნახავს, მხოლოდ პირი ჩანდა. ხოლო ფული, რომელიც წაართვა იყო 100 ლარის ოდენობით.
ელ-----------------ის მიერ დანის გამოყენების ფაქტი ასევე დაადასტურა მსჯავრდებულის თანმხლებმა თვითმხილველმა მოწმემ ლე------------------მა, რომელმაც განმარტა, რომ ელ-----------------თან ერთად იმყოფებოდა ქ. რ-------–-. დაახლოებით 2-3 საათისთვის ჩასხდნენ ტაქსში და უნდა დაბრუნებულიყვნენ სოფელში. მგზავრობის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ე-–------- მანქანა გააჩერებინა, ფული ბიძაშვილისთვის უნდა გამოერთმია, თუმცა სახლში ეძინათ და ფული ვერ იშოვეს. ტაქსის მძღოლს წასვლა უნდოდა, ამ დროს ე-–------- მას დანა მიადო და ფული სთხოვა. მძღოლი შეშინებული იყო, ყვიროდა, მისცა თუ არა ფული, არ იცის. დანას შავი ტარი ჰქონდა და სად ინახავდა ბრალდებული მას, მისთვის უცნობია.
ელ-----------------ის მიერ დანის გამოყენებით დაზარალებულ შო---------–---–ისათვის დაზიანების მიყენების ფაქტი ასევე დადასტურებულია 2017 წლის 29 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით შო---------–---–ს 28.07.17 წ. აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მი-------–----------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დათვალიერებულ იქნა დაზარალებულ შო---------–---–ის მოწითალო ფერის პერანგი, რომელიც ამოღებულ იქნა ავტომანქანის დათვალიერების შედეგად. ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებით ირკვევა, რომ პერანგის წინა მხარი იყო მნიშვნელოვნად დაზიანებული. მოხეული ჰქონდა წინა მარჯვენა ჯიბე და ღილების შესაკრავი პეტლების კანტი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პერანგის მდგომარეობა და დაზარალებულისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება შეესაბამება დაზარალებულისა და ლე------------------ის ჩვენებებს და უტყურად დგინდება, რომ ელ-----------------ი თავს დაესხა შო---------–---–ს. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ დანა არ იქნა ამოღებული და ასევე საქმის მასალებით არ ირკვევა, ჰქონდა თუ არა ელ-----------------ს იგი საერთოდ, ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ელ-----------------ის მიერ შო---------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტი დადასტურებულია საქმეზე მოპოვებული შემდეგი მტკიცებულებებით: 2017 წლის 28 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სადაც დაზარალებულმა დეტალურად აღწერა და მიუთითა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები; 2017 წლის 28 ივლისის ამოცნობის ოქმებით, რომელთა თანახმად, დაზარალებულმა შო---------–---–მა, მოწმეებმა - აი------------–---მა და მა---------------–--ემ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნეს პირი, რომელიც შო---------–---–ს ჩაუჯდა ტაქსში. წასვლიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შოთამ საძახისით შეატყობინა მათ, რომ დააყაჩაღეს და ითხოვდა შველას. მა---------------–--ემ დამატებით განმარტა, რომ შოთამ შეხვედრისას უთხრა, რომ თავდამსხმელებმა მას 100 ლარი წაართვეს; შო---------–---–ის კუთვნილი „ოპელ ზაფირას“ მარკის, V-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის დათვალიერების ოქმით; 2017 წლის 09 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; 2017 წლის 22 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით; მოწმეების - ბა-------------------ის, გი----------------–---–ის, ვა–-------–---–ის, ირ---–--–------ას, ნი----–-----------–---–ის, რო---–------–---–ის, ბე---------------ის, ნა----------ას და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ფ----------------ს ჩვენებებით.
პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ელ-----------------ის მიერ დაზარალებულ შო---------–---–ზე თავდასხმის ფაქტი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით. პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ არასათანადოდ განხორციელდა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით. როგორც აღინიშნა, შემთხვევის ადგილზე ყოფნას მსჯავრდებული თვითონაც არ უარყოფს, ხოლო ის ფაქტი, რომ მის მიერ იმ დროს განხორციელდა დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით, რომელთა შორის არ შეინიშნება რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი - დაზარალებულზე თავდასხმა, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც მიმართული იყო დაზარალებულების კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლებისაკენ. ამდენად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი ელ-----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ელ-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი. სასჯელის განსაზღვრისას ასევე დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულის რეციდივის დროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ელ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ელ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თაისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ელ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ელ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულის.
ელ-----------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ივლისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
−ელ-----------------ის ტანსაცმელი, დაზარალებულის მოწითალო პერანგი, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს;
−დაქტილოფირები მიკრონაწილაკებით, 3 ქილა სუნის კვალი, ბრალდებულის სუნის კვალი, 4 ცალი დაქტილოფირი, 8 ცალი ბიოლოგიური ჩხირი ანაწმენდებით, ელ-----------------ის ნეწყვის ნიმუში და ხელის ანაწმენდები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ინახება საქართველოს შსს გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში);
−1 ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე