განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002048647
საქმე №1ბ/1384-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
აკ---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ---–-----–----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–-----–---------------------------------------ში დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით აკ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2017 წლის 18 ივლისიდან - იმავე წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდი, შეუმსუბუქდა და აკ---------------ეს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
აკ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
აკ---------------ე მეუღლეს - ლი--------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ც----------------------------------------------------ში აკ---------------ემ მეუღლეს - ლი--------–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგად ლი--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუ-----------–--ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და აკ---------------ისათვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი, რადგან სასამართლომ აკ---------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ქმედებების ხასიათი, მათი განხორციელების მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე, რის გამოც აკ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი ძალიან მსუბუქია, განსაკუთრებით იმ გარემოების ფონზე, რომ იგი არ აღიარებს დანაშაულს, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და შესაძლოა კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორცილებისაკენ უბიძგოს.
აღსანიშნავია, რომ ,,ქალთა წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ სტამბულის კონვენციის ქვაკუთხედს წარმოადგენს - ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედება. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს შეაცვლევინონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, რათა ,,სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში.’’
აპელანტის აზრით დანიშნული სასჯელი არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ ,,წამახალისებელიც’’ კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: ესენია: დაზარალებულ ლი--------–---–ის ჩვენება, მოწმეების: ირ----------–---–ის, ნუ-------------–---–ის, გი------------------ის, ან-------------ის, მე------------ის, კო-------------------ის, გი--------------–---–ის, გი--------------–-–---–ის ჩვენებები, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ითვალისწინებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ აკ---------------ეს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მის მიმართ 2017 წლის 26 სექტემბერს გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი, დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური და ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში. პალატას მიიჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის და საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
აკ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2017 წლის 18 ივლისიდან - იმავე წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდი, შეუმსუბუქდეს და აკ---------------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
აკ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, გირაოს შეფარდებასთან ერთად გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები - გაუქმებულია. გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ აკ---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე