განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
010100218700050698
ინსტანცია
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050698

საქმე №1ბ/1042-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–---–ის

ადვოკატის: ს---–------------–---ის

გამართლებულის: ი-–------------ის

თარჯიმნების: ზ-----------------------------–----------

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-–------------ის, დაბადებულის 1969 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------––----–-------------–---–------------------–-----ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბრალდების კვალიფიკაცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-----------––----–-------------–---–--------–----------------------------------ში ი-–------------ისა და ფ--------------ას ოჯახის კუთვნილ სახლში, ი-–------------მა თმის ძლიერი მოქაჩვის და ხელების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლის, ფ--------------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

 

ი-–------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა დაზუსტებით მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ი-–------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ი-–------------ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ი-–------------ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება ოჯახის წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე, ხოლო ი-–------------ის ბრალდება საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლოს თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუა არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება....

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ი-–------------ის საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელი, უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენენ ი-–------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, დაზარალებულმა - ფ--------------ამ და არასრულწლოვანმა მოწმეებმა - ვ--------------მა, ა-–------------ამ და გ---------------ამ (ი-–------------ის შვილები) ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში არ მისცეს ჩვენება ი-–------------ის წინააღმდეგ, მოწმეების (პოლიციის თანამშრომლების) - ი----------–--ის და ხ-----------------ის ჩვენებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ირიბია, თვითონ ი-–------------მა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართალია, აღნიშნული დასკვნით დადგენილია დაზარალებულ ფ--------------ას სხეულზე დაზიანებების ფაქტი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია დადგინდეს, ვინ, როდის, რა ვითარებაში მიაყენა დაზარალებულს სხეულის დაზიანებები.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი. საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმე ი----------–--ის ჩვენებით, ექსპერტ გ----------------–---–ის ჩვენებით, შეტყობინებით ი-–------------ის მიერ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-–------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თავდაპირველად პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ბავშვების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს და არ არიან ქმედების თვითმხილველი სხვა მოწმეები, ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

 

ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს (დაზარალებულის მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულება, ილუზორული მოლოდინი, რომ მოძალადე ქცევას შეიცვლის, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების შიში და სხვ.) რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით.

 

როგორც აღინიშნა, მოწმის (დაზარალებულის) მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.

 

საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, 2017 წლის 16 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონულ სამმართველოს მომართა ქ. მარნეულში, გუდიაშვილის №8-ში მცხოვრებმა ფ--------------ამ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე ი-–------------ი სისტემატურად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ აძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, მარნეულის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლმა ი----------–--ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 16 ივნისს, სამმართველოში შემოსული ფ--------------ას განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამ უკანასკნელის მიმართ მეუღლის, ი-–------------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. სამმართველოში გამოცხადებულ ფ--------------ას აღენიშნებოდა ვიზუალურად დაზიანებები სახის არეში - ტუჩებზე და წარბზე, ასევე ხელის მიდამოში. ეს დაზიანებები შემდგომ სრულყოფილად აისახა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.

 

მოწმე ი----------–--ის ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება პირდაპირია, ვინაიდან, მან თავისი თვალით ნახა დაზარალებული - ფ--------------ა, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მეუღლის - ი-–------------ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, ამასთან, ფ--------------ას მართლაც სხეულზე აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გადმოსცემს უშუალოდ ნანახს და დაზარალებულის მდგომარეობას, რაც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აუცილებელია აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვის შემთხვევაში. ამდენად, ი----------–--ის ჩვენება სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს პირდაპირ ჩვენებად, რომელიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გვაძლევს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისად დასაბუთებული და კანონიერი საფუძველია ი-–------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით, დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (16.06.2017) ფატმა კარაევას აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვენა ზედა ქუთუთოზე, ქვედა ტუჩის ლორწოვანზე ცენტრალურად და მარჯვნივ, მარჯვენა მხარის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მხარის არეში არსებული სისხლჩაქცევა ხანდაზმულობით 2-3 დღისაა, ხოლო დანარჩენი სისხლჩაქცევები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 15.06.2017 წ. დაახლოებით, 23:30-24:00 საათების შუალედში, ქ. მარნეულში, თავის საცხოვრებელ სახლში, ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებში და სახეში ჩაარტყა ხელი. ასევე, 2-3 დღის წინ მარჯვენა მხრის არეში მოუჭირა ხელი. პირადი გასინჯვის მონაცემებით (16.06.2017 წ. 14:40 სთ) უჩივის კისრის ტკივილს, მარჯვენა ზედა ქუთუთოზე აღენიშნება მოწითალო ფერის უსწორო ფორმის სისხლჩაქცევა ზომით 1,6x0,5 სმ. ქვედა ტუჩის ლორწოვანზე ცენტრალურად და მარცხნივ აღენიშნება მოწითალო ფერის, უსწორო ფორმის სისხლჩაქცევა ზომით 2,2x0,8 სმ. მარჯვენა მხრის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის მოიისფრო სისხლჩაქცევა ზომით 3,1x0,8 სმ. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა.

 

ზემოხსენებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №117აპ-18), რომელშიც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილშია მითითებული ი-–------------ის მიერ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობრივი ქმდებების შესახებ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ი-–------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი-–------------ის მიერ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. იმავდროულად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-–------------ისთვის ბრალად შერაცხული, ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტობრივი გარემოება, აგრეთვე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-–------------მა მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის გამოც მისი ქმედება ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე.

 

რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი-–------------თან მიმართებით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით, რაც იქნება შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ი-–------------ის პატიმრობიდან გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, ანუ გათავისუფლებიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გახდებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ი-–------------ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი შეცვლილი კვალიფიკაციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი მაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ი-–------------ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი;

 

ი-–------------ს ბრალდებიდან ამოერიცხოს მითითება ოჯახის წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე;

 

ი-–------------ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე;

 

ი-–------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი-–------------ი პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე