განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100118002487211
ინსტანცია
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1163-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - გ----------------ის,მსჯავრდებულ - თ-------–--------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ-------–--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ-------------–---------–--------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა--–---------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენით:

 

თ-------–--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------–--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

თ-------–--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 მაისიდან.

 

თ-------–--------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით, თ-------–--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, თ-------–--------ა ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

2018 წლის 5 მაისის მდგომარეობით, თ-------–--------ა ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მას აღნიშნული დროისთვის ნასამართლობა არ ჰქონდა გაქარწყლებული;

 

2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 1-----------------------–--–-------------------------------------ა გამოსასვლელში, თ-------–--------ამ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქე ა---–----–---ეს, ზურგჩანთის გარეთა ჯიბიდან, ფარულად ამოაცალა ფულადი თანხა 10 (ათი) ლარის ოდენობით, კერძოდ: ორი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა. თ-------–--------ა დაეუფლა რა აღნიშნულ თანხას, შეეცადა ტერიტორიის დატოვებას, რა დროსაც დააკავეს. თ-------–--------ას დანაშაულებრივი ქმედებით ა---–----–---ეს მიადგა 10 (ათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ-------–--------ამ, რომელმაც

 

სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მიეცა კანონიერი და ობიექტური შეფასება, რის საფუძველზეც მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა თ-------–--------ამ ალტერნატივის სახით იშუამდგომლა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. ამასთან მიუთითა, რომ იგი აპირებდა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, თუმცა აღნიშნული ქმედების განხორციელება ვერ მოასწრო, ვინაიდან დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ-------–--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში თ-------–--------ას ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა---–----–---ემ განმარტა, რომ 2018 წლის 5 მაისს, დილით, უნივერსიტეტში წასვლის წინ, დედამ - ნ-------------მ მისცა 10 ლარი - ორი ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა, რომელიც შეინახა შავი ზურგჩანთის ზედა ჯიბეში. დაახლოებით 11:30 საათისთვის გავიდა სახლიდან და ვარკეთილიდან დიდუბის მიმართულებით იმგზავრა მეტროთი. 12:30 საათისთვის, დიდუბის მეტროს ქვედა გასასვლელთან იგი გააჩერა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა, რომელმაც უთხრა, რომ შეემოწმებინა ჯიბე. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზურგჩანთის ზედა ჯიბე იყო გახსნილი და მასში ფული აღარ იდო. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ მას საფულე არ ჰქონდა და თანხა შეინახა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში, რომელიც გზაში არ გაუხსნია, ასევე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჯიბე თავისით გახსნილიყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------მ განმარტა, რომ მისი შვილი ა---–----–---ე სწავლობს ქ-------–--–-----------–----–----–----------აზე მდებარე დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც გადაადგილდება რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით - სამარშუტო ტაქსით, მეტროთი და ავტობუსით. 2018 წლის 5 მაისს, უნივერსიტეტში წასვლის წინ, მან ა---–----–---ეს მისცა ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა. ა--- აღნიშნული თანხა შეინახა შავი ფერის ზურგჩანთის ზედა ჯიბეში და დახურა ელვაშესაკრავით, რაც დაინახა თავისი თვალით. მისი შვილი საფულეს არ იყენებდა და თანხას ყოველთვის ინახავდა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში. ამავე დღეს, დაახლოებით 12:30 საათიდან, 13:00 საათამდე პერიოდში, ა--- ტელეფონის საშუალებით აცნობა, რომ მეტროსთან თანხა ამოაცალეს და პოლიციის თანამშრომელს მიჰყვებოდა განყოფილებაში ჩვენების მისაცემად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-------------ამ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ-------–---------–-–----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 5 მაისს, თანამშრომლებთან - ნ-----–-----------------ან და ო-----------–---–თან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მეტროსადგურ ,,დიდუბის“ გვირაბიდან ავტოსადგურის მიმართულებით მოძრაობისას, მათ ქვედა გასასვლელთან შენიშნეს 50-55 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უკნიდან მიუახლოვდა ახალგაზრდა გოგოს, მარცხენა ხელით გაუხსნა ზურგჩანთის ჯიბის ელვაშესაკრავი, ამოაცალა ფულადი თანხა და სწრაფი ნაბიჯებით სცადა მიმალვა. თანამშრომლებმა ნ-----–-----------------------------------–---–მა აღნიშნული მამაკაცი დააკავეს, თავად კი მივიდა გოგონასთან, განუმარტა, რომ იყო პოლიციიდან და ჰკითხა - ჰქონდა თუ არა რაიმე დაკარგული. გოგონამ მოიხსნა ზურგჩანთა და ნახა, რომ ზურგჩანთის ზედა ჯიბის ელვაშესაკრავი გახსნილი იყო, ხოლო მასში თანხა აღარ იდო. გოგონამ განუმარტა, რომ მას ჯიბის ელვაშესაკრავი დაკეტილი ჰქონდა, სადაც ინახავდა ორ ცალ, ახალი დიზაინის ხუთლარიან კუპიურას. მან (ლ-------------ამ) აღნიშნული აცნობა ნ-----–----------------------------------–--ლს, რის შემდეგაც დაზარალებული გადაიყვანა განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მან ნათლად დაინახა მისგან 2-3 მეტრზე მყოფი მამაკაცი, რომელმაც გოგონას მარცხენა ხელით გაუხსნა ზურგჩანთის ჯიბე და ამოაცალა თანხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმემ ნ-----–---------------მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ-------–---------–-–----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 5 მაისს, თანამშრომლებთან ლ-------------ასთან და ო-----------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეტროსადგურ ,,დიდუბის“ და ავტოსადგურ ,,ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეტროსადგურ ,,დიდუბის“ გვირაბიდან ავტოსადგურის მიმართულებით მოძრაობისას, ქვედა გასასვლელთან შენიშნეს 50-55 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უკნიდან მიჰყვებოდა ახალგაზრდა გოგონას, მარცხენა ხელით გაუხსნა ზურგჩანთის ჯიბის ელვაშესაკრავი, ამოაცალა ფულადი თანხა და სწრაფი ნაბიჯებით სცადა გვირაბიდან ხელმარჯვნივ ბაზრობის მიმართულებით მიმალვა. ო-----------–---–თან ერთად მივიდა აღნიშნულ მამაკაცთან, რომელიც დააკავეს გვირაბის გასასვლელთან, ხოლო მათი მეწყვილე ლ-------------ა მივიდა გოგოსთან. მოგვიანებით ლ-------------ამ მათ დაუძახა, რომ გოგონას აღარ ჰქონდა ფულადი თანხა. დაკავებულს განემარტეს უფლებები და ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ხელიდან ამოიღეს ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა. ბრალდებულს ასევე ჯიბეში ჰქონდა სხვადასხვა პირადი ნივთები და 50 ლარამდე ოდენობის თანხა. მისგან ამოღებული საგნები და ფულადი თანხა აღწერილი იქნა პირადი ჩხრეკის ოქმში და დაილუქა ადგილზე. ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა როგორც ლუქების, ასევე დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მან ნათლად დაინახა მისგან 2-3 მეტრზე მყოფი მამაკაცი, რომელმაც გოგონას მარცხენა ხელით გაუხსნა ზურგჩანთის ჯიბე და ამოაცალა ფული.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-----------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ------------–---–--------------------ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება. ამასთან, მოწმე ბ-------------- განმარტა, რომ თ-------–--------ამ ბრალდების შესახებ დადგენილების ასლის და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ასლის ჩაბარების ხელმოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განუცხადა.

 

თ-------–--------ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს აბაშაში. 2018 წლის 5 მაისს, 8-9 საათისთვის მიდიოდა გლდანის ბაზარში, თუმცა სამგორიდან მეტროსადგურ ,,დიდუბემდე“ მგზავრობისას გადაწყვიტა, რომ წასულიყო აბაშაში მიკროავტობუსით. ვინაიდან მეტრო ,,დიდუბის“ ქვედა გასასვლელთან დგას ქუთაისში მიმავალი მიკროავტობუსები, სწორედ ამ ადგილას იდგა და ხელში მომზადებული ჰქონდა ქუთაისამდე გადასახდელი სამგზავრო თანხა - ხუთი ლარი. მან დაადასტურა, რომ ადრეც არაერთხელ უმგზავრია ქუთაისამდე ხუთ ლარად. ბრალდებულმა უარყო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების - ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურის მისი ხელიდან ამოღება და განმარტა, რომ მას ხელში ჰქონდა კონკრეტული პიროვნებისთვის გადასაცემი მხოლოდ ერთი ხუთლარიანი, რომელიც ამოიღეს მისგან.

 

2018 წლის 05 მაისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ-------–--------ა დაკავებული იქნა მეტროსადგურ ,,დიდუბის“ ქვედა გამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 5 მაისს, 12:20 საათზე. პირადი ჩხრეკისას მისი მარცხენა ხელიდან ამოიღეს ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა ნომრებით - N-------------------------- და სხვა პირადი ნივთები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა თ-------–--------ას პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი, ახალი დიზაინის ორი ცალი, ხუთლარიანი N-------------------------- კუპიურები. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავად დაადასტურა წარმოდგენილ ნივთმტკიცებებზე არსებული ლუქების მთლიანობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით, თ-------–--------ა მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, თ-------–--------ა მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ თ-------–--------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას ჰქონდა სურვილი, თუმცა ვერ მოასწრო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება, ვინაიდან იგი დააკავეს სამართალდამცავებმა. დაცვის მხარის ვერსია აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ თ-------–--------ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ა---–----–---ემ ნათლად და დამაჯერებლად მოახსენა სასამართლოს, რომ მან დედის მიერ მიცემული ორი ახალი ხუთლარიანი კუპიურა შეინახა ზურგჩანთის ზედა ჯიბეში, რომელიც ელვაშესაკრავით დახურა და გავიდა სახლიდან. მან ვარკეთილიდან დიდუბის მიმართულებით იმგზავრა მეტროთი და როდესაც გამოვიდა დიდუბის მეტროს ქვედა გასასვლელში, გააჩერა პოლიციის თანამშრომელმა ზურგჩანთის შემოწმების მიზნით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მისი ზურგჩანთის ზედა ჯიბე იყო გახსნილი და მასში აღარ იდო ფული.

 

დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმე ნინო კაპანაძის და პოლიციის თანამშრომლების - ნ-----–---------------ის, ო-----------–---–ის და ლ-------------ას ჩვენებებთან. ნ-------------მ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მან შემთხვევის დღეს, შვილს - ა---–----–---ეს მისცა ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა, რომელიც ა--- ზურგჩანთის ზედა ჯიბეში შეინახა და დახურა ელვაშესაკრავით. მსჯავრდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა კი მოახსენეს სასამართლოს, რომ დაინახეს, თ-------–--------ამ როგორ გაუხსნა მათ წინ მიმავალ გოგონას მარცხენა ხელით მუქი ფერის ზურგჩანთის ზედა ჯიბის ელვაშესაკრავი, ჩაუყო მარცხენა ხელი და ამოაცალა ფული, რის შემდეგაც ჩქარი ნაბიჯებით სცადა მიმალვა. პილიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. აგრეთვე, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე ინტერესის არსებობას მსჯავრდებულის მიმართ.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება საქმეზე წარმოდგენილ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, მათ შორის მსჯავრდებულ თ-------–--------ას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმადაც, მისი მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა ორი ცალი, ახალი დიზაინის ხუთლარიანი კუპიურა ნომრებით - N--------------------------. აღნიშნული კუპიურები გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მონაწილეობით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ მათი ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულის განმარტებები მისი უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ თ-------–--------ას ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

რაც შეეხბა თამაზი წირღავავს მიერ ჩადენილი ქმედების დამაძიმებელ გარემოებას - ქურდობა ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით, თ-------–--------ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, თ-------–--------ა მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის შემდეგაც მან 2018 წლის 5 მაისს ჩაიდინა ახალი დანაშაული. როგორც ხსენებული განაჩენებიდან ირკვევა, მას თითოეულ შემთხვავაში წინა განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, რის გამოც იგი განსახილველი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის - 2018 წლის 5 მაისის მდგომარეობით ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნშნული საფუძველზე, პალატა ადგენს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ თ-------–--------ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ-------–--------ას სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, პალატა განმარტავს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი გა---სჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა თ-------–--------ას მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში; ასევე, ქმედება ჩადენილია საჯარო ადგილას) და აღნიშნულის საფუძველზე განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ხოლო მის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია თ-------–--------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესზეც, რომლის თანახმადაც, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი თ-------–--------ა დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე, როდესაც დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ თანხას და ცდილობდა მიმალვას. ამდენად, თ-------–--------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი თ-------–--------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ-------–--------ას სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი;

 

თ-------–--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------–--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

თ-------–--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 მაისიდან.

 

მსჯავრდებულ თ-------–--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

თ-------–--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 10 (ათი) ლარის ოდენობით, კერძოდ ორი ერთეული ახალი დიზაინის 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურები N--------------------------; ბლოკნოტი მასში მოთავსებული ფულადი თანხით 47 (ორმოცდაშვიდი) ლარისა და 3 (სამი) აშშ დოლარის ოდენობით, მეტრომანი, გასაღები (მოვერცხლისფრო ჯაჭვთან ერთად), ფულადი თანხა 7 (შვიდი) ლარისა და 20 (ოცი) თეთრის ოდენობით, ,,ადიდასის“ მოკლესახელოებიანი მაისური, ქუდი და ცხვირსახოცი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

თ-------–--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პოლიეთილენის პარკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე