განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100117002201366
საქმე №1ბ/1102-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ლია ბრეგაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ--–----------ის, ო--------------ის
მსჯავრდებულის: რ-------------–--ის
ადვოკატის: ე--------------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის და მსჯავრდებულ რ-------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): რ-------------–--ის, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–----------–ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-------------–--ემ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 7 ოქტომბერს, შუადღის საათებში, დ-----------–-----–----–----–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, რ-------------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------------–---ს, რა დროსაც მას განზრახ დაარტყა ხელი გულ-მკერდის არეში, რის შედეგადაც გ------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით:
რ-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 საათის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა რ-------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე--------------–--ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა რ-------------–--ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულისთვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ რ-------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა რ-------------–--ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ-------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით წარდგენილ ბრალდებაში რ-------------–--ის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ, დაზარალებულმა გ------------–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, თითქოსდა, განაცხადა, რომ რ-------------–--ის ქმედებით (იგულისხმება გულ-მკერდის არეში ხელების დარტყმა) მას (დაზარალებულს) ტკივილი არ განუცდია.
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების – გ------------–---ს, ა---------–--------ის, ც---–------------ის ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით) - შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა რ-------------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს რ-------------–--ის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვაში და სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ რ-------------–--ეს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------------–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს, იმყოფებოდა დაბა ადიგენში და ნასვამ მდგომარეობაში გამოვიდა სახლიდან. სახეზე იცნობს რ-------------–--ეს, რომელიც ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში. ამ დღეს ა---------–--------ე აკეთებდა საშეშეს და რ-------------–--ეც იქ იყო. მანამდე, სამი დღით ადრე, მასსა (გ------------–---ს) და რ-------------–--ეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დღეს მასსა (გ------------–---ს) და რ-------------–--ეს შორის კვლავ მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც რ-------------–--ემ ორივე ხელის მუშტი დაარტყა გულ-მკერდის არეში და ამ დარტყმის შედეგად მან (დაზარალებულმა) განიცადა ფიზიკური ტკივილი. ეს ტკივილი არ ყოფილა ისეთი, რომ ექიმთან წასულიყო, თუმცა ჰქონდა სუნთქვის პრობლემა. ამ დარტყმის შედეგად იგი (გ------------–---) არ წაქცეულა. კონფლიქტში ჩაერივნენ ჩ------ე, ც---–--- პაპა და ი--- და გააშველეს. მას (დაზარალებულს) რ-------------–--ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ეს უკანასკნელი ი---სთან ერთად ცხოვრობს ამ კორპუსში. ადრე ტელეფონზეც დაურეკა რ-------------–--ემ და დაემუქრა. მოწმე ა---------–--------ემ სასამართლოში აჩვენა, რომ რ-------------–--ეს და გ------------–---ს იცნობს, ისინი არიან მისი მეზობლები. 2017 წლის 7 ოქტომბერს, ეზოში აკეთებდა საშეშეს, რაშიც ეხმარებოდნენ რ-------------–--ე და ცოლიკა. დაახლოებით 12 საათზე მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------------–---, რომელმაც განაცხადა, რომ ეზოში უნდა გაეკეთებინა აბანო და დაიწყო წყალზე ლაპარაკი. მან (მოწმემ) და რ------მ უთხრეს გ------------–---ს, რომ წასულიყო სახლში, ვინაიდან იყო ნასვამი. ამ დროს გ------------–---მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რ-------------–--ეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა გულ-მკერდის არეში ხელი ჰკრა გ------------–---ს. ამის შემდეგ მან (მოწმემ) და ც---–---მ გააშველეს ისინი და გამოიყვანეს გ------------–---. შემდეგ რ-------------–--ეც წავიდა. თვითონ გ---–---ს ხელი არ დაურტყამს კ------–--ისთვის. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ც---–------------მა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთ დარტყმაში, თმით თრევაში და ა.შ. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ რ-------------–--ის მიერ გ------------–---ს მიმართ განხორციელებული ქმედება - ხელების ერთჯერადი დარტყმა გულ-მკერდის არეში, რა დროსაც გ------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით გათვალისწინებულ სხვაგვარ ძალადობას. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე რ-------------–--ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ-------------–--ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით რ-------------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გასათვალისწინებელია, რომ რ-------------–--ე წარსულში ნასამართლევია განზრახი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის და მიდრეკილება აქვს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისკენ. ამასთან, იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის შერიგებული დაზარალებულთან. აგრეთვე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ რ-------------–--ემ მომავალშიც კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაული (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პროკურორის სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გასამკაცრებლად მითითებულ ზემოხსენებულ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურებას და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს რ-------------–--ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად. აგრეთვე, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ რ-------------–--ე მიდრეკილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისკენ, რაზეც აპელირებს პროკურორი სააპელაციო საჩივარში. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში პროკურორის მოსაზრებას, რომ შესაძლოა, რ-------------–--ემ მომავალშიც ჩაიდინოს ძალადობრივი დანაშაული, სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ რ-------------–--ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი.
სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამამძიმებლად პროკურორი, აგრეთვე, მიუთითებს, რომ მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის შერიგებული დაზარალებულთან. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. რაც შეეხება დაზარალებულთან შერიგებას, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია პასუხისმგებლობის (სასჯელის) დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი ბრალდებულს (მსჯავრდებულს) არ ავალდებულებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობას, რაზეც აგრეთვე აპელირებს პროკურორი თავის სააპელაციო საჩივარში, მართალია, საქმეში არსებული, გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 28 თებერვლის განაჩენით რ-------------–--ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა ნასამართლობა რ-------------–--ეს გაქარწყლებული აქვს. საქართველოს სსკ–ის 79–ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, „გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას“. ამდენად, აღნიშნული არგუმენტით პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის გამკაცრების თაობაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ რ-------------–--ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ-------------–--ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ რ-------------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ რ-------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ რ-------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
რ-------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 საათის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ რ-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს ი--- ჩ--–-–---–ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „ს----------–---------“ ბანკის კოდი B------; მიმღები ანგარიშის ნომერი G-----------------------ზე 2----–-–---------------- შეტანილი თანხა 1000 ლარი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე