განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1746-17 29 მაისი, 2018 წელი, თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი – მ------–-----ი
წარმომადგენელი - დ--------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ---------–-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ------–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ------–-----ის სარჩელი 2016 წლის 28 ივლისს, ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შემცირდა 2016 წლის 28 ივლისს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა; პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 09 ოქტომბრიდან _ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (791.1 აშშ დოლარი) და აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შევიდა სააღსრულებო ფურცელში;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. 2014 წლის 13 ივნისს მ------–-----ს და დ----------–--------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ------–-----მა სესხის სახით მიიღო 6000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.5%-ის დარიცხვით.
_ 2014 წლის 09 ოქტომბერს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სესხის ძირი თანხა შემცირდა 600 აშშ დოლარით და სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა 5 400 აშშ დოლარი.
2.3. მ------–-----მა დაარღვია 2014 წლის 13 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დ---------–-------ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.
2.4. 2016 წლის 28 ივლისს, ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, კრედიტორია დ---------–-------ე, ხოლო მოვალე - მ------–-----ი. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 5400 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 09 ოქტომბრიდან _ აღსრულებამდე, აგრეთვე მითითებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი _ 124.36 ლარი.
აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
2.5. დ---------–-------ემ პირასაგმტეხლოს შემცირების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სცნო 791.1 აშშ დოლარის ნაწილში.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ------–-----ის ვალდებულება დ---------–-------ის მიმართ, სესხის ძირითადი თანხის - 1500 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში არ არის შესრულებული.
სასამართლო მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ------–-----ის მიერ, დ-------- შ-------ისათვის სესხის ძირითადი თანხის - 1500 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში გარემოების დადასტურება წარმოადგენდა მოსარჩელის, მ------–-----ის მტკიცების ტვირთს.
სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - სს ,,ლ-------- ბანკში“ დ---------–-------ის ანგარიშიდან ამონაწერით, დასტურდება, რომ დ-------- შ-------ის ანგარიშზე თანხის შეტანა განხორციელდა მხოლოდ ორჯერ _ 225 ლარის და 250 ლარის ოდენობით. მოპასუხე დ---------–-------ის განმარტებით, მითითებული თანხები მას მიღებული ჰქონდა სარგებლის სახით. სასამართლომ ნიშანდობლივად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ დ---------–-------ე მ------–-----ისაგან მოითხოვდა სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრებას, სარგებლის გარეშე.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება სადავო თანხის გადახდასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------–-----მა ვერ შეძლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია 2014 წლის 13 ივნისს მ------–-----ს და დ----------–--------ს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------–-----მა დაარღვია 2014 წლის 13 ივნისს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დ---------–-------ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუქნტზე, რომლის მიხედვით, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმებულნი იყვნენ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს მიერ აღსრულება დაწყების უფლებამოსილებაზე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივლისს, ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს დ---------–-------ე, ხოლო მოვალეს - მ------–-----ი წარმოადგენდნენ. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 5400 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 09 ოქტომბრიდან _ აღსრულებამდე, აგრეთვე მითითებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი _ 124.36 ლარი; ამავე სააღსრულებო ფურცლით აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
სასამართლომ აღნიშნავს, რომ მ--- ი-–----ის მიერ მითითებული გარემოება, ძირი თანხის ნაწილის - 1500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------–-----ის სარჩელი 2016 წლის 28 ივლისს ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე საფუძველს მოკლებული იყო.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის 28 ივლისს, ნოტარიუს მ-----–-------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს დ---------–-------ე, ხოლო მოვალეს - მ------–-----ი წარმოადგენდნენ.
სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 5400 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 09 ოქტომბრიდან აღსრულებამდე, რამაც შეადგინა 1582.2 აშშ დოლარი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დ---------–-------ემ განმარტა, რომ თანახმაა სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა განახევრდეს. ამდენად, მოპასუხე ამ მოცულობით ცნო სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე დ---------–-------ემ ცნო სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების, კერძოდ მისი განახევრების ნაწილში, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტი მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები; კერძოდ, რამდენადაც, მ------–-----ის მიერ სესხის ძირითადი თანხის გადაცემა განხორციელდა წერილობითი მტკიცებულების გარეშე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა. აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობდა მოვალისათვის დაკისრებული სესხის ძირი თანხის - 5400 აშშ დოლარის 3900 აშშ დოლარამდე შემცირების საფუძველი, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
3.2. ამავდროულად, აპელანტის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზეც; კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის, პირგასამტეხლოს 633 აშშ დოლარით შემცირებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პალატა აღნიშნვას, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ მ------–-----ის არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის დადგენისას არ გაითვალისწინა მისი _ მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
ამდენად, სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს; ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება; შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად დაადგინა ის გარემოება, რომ 2014 წლის 13 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ------–-----ის ვალდებულება, დ-------- შ-------ის მიმართ, სესხის ძირითადი თანხის - 1500 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, არ ყოფილა შესრულებული.
4.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა არამართლზომიერად (არასრულად) იქნა შემცირებული და განსაზღვრული.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ცნების შემადგენელი ელემენტებია: მისი დანიშნულება - კრედიტორის ინტერესის უზრუნველყოფის ეფექტური საშუალება და მიმდინარე ვალდებულების მორიგი დარღვევის აცილებისათვის პრევეცნიული ხასიათი, პირგასამტეხლოს ძირითად ვალდებულებასთან ერთად აუცილებელი შეთანხმებითი და აქცესორული ბუნება (იგი ძირითადი ვალდებულების დარღვევის საფუძველია და მის გარეშე არ არსებობს, ამასთან არის მხარეთა თანმხვედრი ნების შედეგი), პირგასამტეხლოს ფულადი გამოხატულება და ზიანის არ არსებობის მიუხედავად უპირობო პასუხისმგებლობის გავრცელება პირგამსატეხლოს გადახდაზე. იქედან გამომდინარე, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობა ვალდებულების დარღვევაა, სასამართლომ უნდა გამოავლინოს ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტები და შეაფასოს ამ ფაქტებთან მოვალის ბრალეულობის საკითხი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“ თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს; თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დ---------–-------ემ სცნო სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების, კერძოდ მისი განახევრების ნაწილში, გამოხატა ნება და დაეთანხმა პირგასამტეხლოს განსაზღვრას იმ ოდენობით, რა ოდენობაც მისაღები იყო მისთვის, როგორც კრედიტორისთვის დარღვეული უფლების აღდგენის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მ------–-----ის ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სესხის ძირითადი თანხის ოდენობას, კერძოდ, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ამდენად, იგი ვერ იქნება მიჩნეული შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად; შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის ამგვარად შემცირების ნაწილში.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე) მ------–-----ი, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახლემწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ. 38);
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/