განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002574218
საქმე №1ბ/1436-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ და---------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გუ----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N0----------, ქვრივი, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ა-------------------------–-------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით გუ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი. გუ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოდ განესაზღვრა ჯარიმა 200 (ლარის) ოდენობით.
გუ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმდა.
გუ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 29 ივნისს, ა-------------------------–-------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გუ----------------–---–მა საკუთარ შვილს ნი---------------–---–ს ერთხელ დაუსვა დანა მარჯვენა მკლავზე და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნი---------------–---–ს მარჯვენა წინამხარის და მაჯის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა და---------–-----მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, გუ----------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, გუ----------------–---–მა ჩაიდინა განზრახი ძალადობრივი დანაშაული, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა შვილს. საბოლოოდ შეფარდებული სასჯელი - ჯარიმა 200 ლარი, არის ძალიან მსუბუქი, დანიშნული სასჯელი არის სიმბოლური და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ გუ----------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასჯელის ზომის დასაბუთებისას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებული 80 წელს გადაცილებულია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებსაც. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გუ----------------–---–ს დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი გუ----------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ და---------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გუ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გუ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გუ----------------–---–ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გუ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
−ერთი ცალი სკამი, ნი---------------–---–ის პერანგი, გუ----------------–---–ის მაისური, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
−დანა და ორლესული დანა, ქვაზე ნაპოვნი მოწითალო ფერის ლაქა, ხის იატაკზე ნაპოვნი მოწითალო ფერის ლაქა, მოწითალო ფერის ლაქები, ნი---------------–---–ის სისხლის ნიმუში, გუ----------------–---–ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე