განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
130100118002620776
ინსტანცია
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002620776

საქმე №1ბ/1450-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბე------------–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 დეკემბერს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქალაქ ბ---------–--------–-----–------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------–----–----------------–--------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით ბე------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ბე------------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 05 აგვისტოს, ხ-–-------------–----–-----------------–---------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ბე------------–მა ჩაიდინა ძალადობა მისი მეუღლის ლი----------–---–ის მიმართ, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა თავში და ხელი მოუჭირა ყელში, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულს შეესწრო ლი----------–---–ის არასრულწლოვანი შვილი რო---------------ე.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ბე------------–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, რადგან ბე------------–ის მიერ განხორციელებული დანაშაული არის, ძალადობრივი ხასიათის, იგი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს – ლი----------–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლის მხრიდან მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა აღნიშნულის შესახებ მას არსად განუცხადებია. ამასთან, ის გარემოება, რომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი, ზრდის ქმედების საშიშროებას, რადგან გასათვალისწინებელია ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი შემდგომი განვითარების საკითხი. მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ, სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ბე------------–ს, ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლი----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გუ-–--------------–---–ის, ლე-------------–ის, რა-------------–ის, ლე--–-------–-–---–ის, ნი-----–-----ის, არასრულწლოვანი რო---------------ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო, რომ ბე------------–ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ჩათვალა, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასჯელის ზომის დასაბუთებისას და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ბე------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ბე------------–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ბე------------–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

ბე------------–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 05 აგვისტოდან 2018 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე