განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #3ბ/589-18 14 სექტემბერი 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე – მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გე-–-------------ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გე-–-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე გე-–-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; გე-–-------------ის სასარჩელო მოთხოვნა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.გე-–-------------ი მონაწილეობას იღებდა 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიან აქციაში. აქცია ხელისუფლების ხელმძღვანელი პირის, კერძოდ კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე იქნა დაშლილი, რასაც შედეგად მოჰყვა აქციაში მონაწილე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დაზიანება, ცალკეულ შემთხვევებში კი სიცოცხლის მოსპობა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1----------------------) ივ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---- მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 3 საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება (ტ.1. ს.ფ. 17-82).
განაჩენის 3.5. პუნქტში დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავები მინისტრის ბრძანების შესაბამისად მოქმედებდნენ. ბრძანების შესაბამისად - პოლიციამ აბსოლუტური ალყა შემოარტყა რუსთაველის გამზირს და მომიტინგეების მიმართ გამოიყენა ერთდროულად და ინტენსიურად, ობიექტურად არასაჭირო რაოდენობის სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი, მხუთავი აირი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები. ისინი მომიტინგეებს სასტიკად სცემდნენ მას შემდეგ რაც მომიტინგეები ხელებ, ზოგჯერ ფეხებშეკრულებიც მიწაზე, წყლის გუბეში (ძლიერი წვიმის გამო) ვარდებოდნენ, დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანის და ეს დაზიანებები დადასტურებულია, როგორც სამედიცინო ცნობებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით. პოლიციის მიერ ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალებების განურჩევლად გამოყენების შედეგად, მრავალმა ადამიანმა, რომლებსაც არ მიეცა მიტინგის ტერიტორიის დატოვების საშუალება, მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, განიცადეს ძლიერი სულიერი ტანჯვა, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამავე განაჩენის 3.7. პუნქტში აღინიშნა, რომ ივ-----------–---–ისთვის აქციის დაშლის ბრძანების გაცემამდე - განჭვრეტადი იყო ის საფრთხე, რომელიც პოტენციურად შეიძლება წამოსულიყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ანუ მინისტრს შეეძლო და ევალებოდა გაეცა აქციის დაშლის ბრძანება ისე, რომ ოპერაციის დაწყებამდე გაეტარებინა ყველა სათანადო ღონისძიება რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მათ შორის, მიეღო ზომები, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ჯანმრთელობის დაზიანების რისკები (ტ.1. ს.ფ. 70-71).
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N---------), უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენი (საქმე N1----------------------), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N--------) მსჯავრდებულ ივ-----------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გი------------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1. ს.ფ. 83-145; 146-148).
2.4.თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2011 წლის 26 მაისს მიმართა სტაციონარს. პაციენტის დიაგნოზია თავის ტვინის შერყევა, ექსკორიაცია შუბლზე, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, დაჟეჟილობა, ჭრილობა ბარძაყზე მარჯვნივ, ჭრილობა კისრის არეში. მოკლე ანამნეზის მიხედვით, წინა დღეს არის ნაცემი რუსთაველის გამზირზე მიტინგზე, სცემა სპეცრაზმმა, ფეხში ესროლეს, გონება დაუკარგავს, ჰქონდა სისხლდენა ცხვირიდან. ავადმყოფობის მიმდინარეობის თანახმად, მდგომარეობა იყო სტაბილური, თუმცა 29 მაისს სუიციდის მიზნით მიიყენა მინის ნამსხვრევით ჭრილობები კისრის არეში, გადაყვანილ იქნა სისხლძარღვის ქირურგიის კლინიკაში (ტ.1. ს.ფ. 152-153).
2.5. ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა ,,კარაბადინის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2011 წლის 29 მაისს მიმართა სტაციონარს შემდეგი დიაგნოზით: ნაჩხვლეტი, ნაფლეთოვანი ჭრილობა კისრის მიდამოში, საუღლე ვენის დაზიანება, კისრის კუნთების ნაწილობრივი დაზიანება; ეგზოგენური ფსიქომეტრული აგზნება; ბოდვითი განწყობა. მოკლე ანამნეზის მიხედვით, პაციენტი გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ნეიროქირურგიის განყოფილებაში თავის ტვინის შერყევის გამო, სადაც მას ჰქონდა სუიციდის - ფანჯრიდან გადახტომის მცდელობა, მისი გაკავების პროცესში ფანჯრის მინაზე მიიღო ჭრილობები კისრის არეში, აღენიშნებოდა სისხლდენა, რის გამოც გადაყვანილ იქნა მათ კლინიკაში. ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. რეკომენდაცია გაეწია ფსიქიატრისა და ნეიროქირურგის კონსულტაციაზე. სტაციონარიდან გაწერილ იქნა 2011 წლის 1 ივნისს (ტ.1. ს.ფ. 150-151).
2.6. შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2013 წლის 22 იანვარს მიმართა სტაციონარს შემდეგი დიაგნოზით: ორგანული ბოდვითი აშლილობა; ქალა-ტვინის დაზიანების შემდგომი მდგომარეობა, ნარჩენი მოვლენები (ტ.1. ს.ფ. 158-159).
2.7. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით მოსარჩელე გე-–-------------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად. დადგენილებაში აღინიშნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა, რა დროსაც მიტინგში მონაწილე გე-–-------------ს, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2.8. სს ,,ვერე XXI-ს” კლინიკა მედსის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2013 წლის 17 სექტემბერს მიმართა ექიმს. დაუდგინდა დიაგნოზი - პოსტტრავმული ენცეპალოფატია. ავადმყოფობის მიმდინარეობა - ქრონიკული. რეკომენდაცია გაეწია ნევროლოგის კონსულტაციაზე, ასევე თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაზე (ტ.1. ს.ფ. 160-161).
2.9. სს ,,ვერე XXI-ის” მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა ამბულატორიას მიმართა 2017 წლის 6 მაისს. დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის სხვა დაზიანებები, ცხვირის ძგიდე გამრუდებული, სმენის შერეული დაკარგვა, საცრემლე სისტემის დაზიანება. მოკლე ანამნეზის თანახმად, დაავადებულია ზემოთაღნიშნული დიაგნოზებით. გადატანილი აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, აღენიშნებოდა პოსტტრავმული ფსიქოზი. ავადმყოფობის მიმდინარეობა - ქრონიკული (ტ.1. ს.ფ. 156).
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილებაში (საქმე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2) და 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №23/630 ,,საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ჩამოყალიბებული განმარტებებით; ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, 207-208-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით; „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლით.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო" (საქმე №ბს-648-623(2კ13), 10.04.2014წ).
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ).
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი განმარტებით: კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება ემსახურება სულიერი განცდების, უსიამოვნების და ყველა იმ ტკივილის კომპენსირებას, რაც თან ახლავს ადამიანის სხეულის დაზიანებას. შესაბამისად, მისი მოცულობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და მისგან გამოწვეული მორალური ტანჯვის ხანგრძლივობაზე, გასათვალისწინებელია ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებაზე ზეგავლენის მოცულობა, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული; მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იყო მის მიმართ აქციის დაშლისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით.
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გე-–-------------მა მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 26 მაისის აქციაში. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ გაუმართლებელი ფორმით, აქციის დაშლის შედეგად მას მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელთა შედეგად გამოწვეულ დაავადებებს გააჩნია ქრონიკული ხასიათი.
3.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად, ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული შეკრების თავისუფლების უფლებისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და სახელმწიფო, კანონით განსაზღვრული წინაპირობების შემთხვევაში, უფლებამოსილია ჩაერიოს აღნიშნულ უფლებაში. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი უფლების შეზღუდვას უნდა ჰქონდეს საფუძველი ქვეყნის კანონმდებლობაში და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის დასაცავად: ეროვნული უშიშროება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი, არეულობისა თუ დანაშაულის აღკვეთა, ჯანმრთელობისა თუ მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა იყოს თანაბარზომიერი და აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
3.9. სასამართლომ განმარტა, რომ ჩარევის უკიდურესი ფორმაა სახელმწიფოს მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა. შეწყვეტა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრების დაშლა განიხილა, როგორც ჩარევის უკიდურესი საშუალება. ამით მან მკაცრი ფარგლები დაუწესა დაშლის მსურველ სახელმწიფო ორგანოებს თუ თანამდებობის პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის N2/2/180-183 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა განხორციელებული ფორმით იყო თანაბარზომიერი და სხვა უფრო მსუბუქ ღონისძიებათა განხორციელებით ვერ იქნებოდა მიიღწეული კანონიერი მიზნისთვის. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ განხორციელდა აქციის განზრახ უკანონო ფორმით დაშლა, რაზეც პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. აღნიშნული ფორმით აქციის დაშლის შედეგს წარმოადგენს მოსარჩელის გე-–-------------ის ჯანმრთელობისთვის მიყენებული არაერთი დაზიანება. სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების პირის უკანონო ქმედებასა და მოსარჩელისთვის დამდგარ ზიანს შორის.
3.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები; აგრეთვე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
3.12. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, გე-–-------------მა მიიღო იმგვარი ფიზიკური დაზიანებები, რაც იწვევს ადამიანის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას, ბიოლოგიური აქტივობის ხარისხის დაქვეითებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოსტტრავმული დაზიანების შედეგად ჯანმრთელობის ქრონიკული მოშლა აბრკოლებს მის ჯანსაღ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც გასათვალისწინებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გე-–-------------მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2011 წლის 25 მაისს დედასთან და დეიდასთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე. 00:10 საათზე დაიწყო მომიტინგეების დარბევა; რამოდენიმე სპეცრაზმელი ურტყამდა თავის და სახის არეში; ჰქონდა ძლიერი სისხლდენა, დაკარგა ხილვადობა; დღემდე უჭირს მარჯვენა თვალიდან მხედველობა; მოგვიანებით დედა და დეიდა დაინახა წაქცეულები, წამოაყენა ისინი.
4.2. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 23 ივლისის დადგენილებით ცნობილ იქნა დაზარალებულად 2011 წლის 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპრპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1----------------------) ივ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---- მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; მასვე 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
4.3. აპელანტმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი; ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი.
4.4. აპელანტმა მიუთითა, რომ პოლიციის მიერ გამოიყენებოდა ფიზიკური იძულების სხვადასხვა ხერხი, მათ შორის რეზინის ხელკეტები, რეზინის ტყვიის სასროლი იარაღი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები, რის შედეგადაც მრავალმა მომიტინგემ მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანება, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა.
4.5. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაიწლით, 24-ე, 207-208-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 326-ე, 412-413-ე, 992-ე, 1005 მუხლებით;
4.6. აპელანტმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის წარმოადგენს ივ-----------–---–ის უკანონო ქმედების- სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის- ძალადობითა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების- შედეგად დაზარალებულ პირს. აპელანტი აღნიშნავს, რომ სწორედ ივ-----------–---–ის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად განხორციელდა მისი უკანონო დაკავება და კანონით აკრძალული ფიზიკური იძულების ხერხების გამოყენება, რის შემდეგაც მიადგა როგორც ფიზიკური, ისე აშკარა მორალური და მატერიალური ზიანი.
4.7. აპელანტი მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივ-----------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა-უკანონო ბრძანების გაცემა არაპროპორციული საშუალებებითა და უკანონო ფიზიკური იძულების ხერხებით მიტინგის დაშლისა და მომიტინგეთა დაკავების თაობაზე, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით; აგრეთვე მას მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი უკანონო დაკავებითა და უკანონო ფიზიკური იძულების ხერხების გამოყენებით; სახეზეა აგრეთვე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის- ივ-----------–---–ის მიერ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებამ გამოიწვია სწორედ აპელანტისთვის ზიანის მიყენება, რასაც არ ექნებოდა ადგილი მერაბიშვილის მიერ დასახელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში. აპელანტი აღნიშნავს, რომ სახეზეა მერაბიშვილის მხრიდან განზრახვის არსებობის ფაქტიც, რადგან სისხლის სამართლის განაჩენით დადგენილია, რომ მან ეს ქმედება სწორედ წინასწარ განზრახულად განახორციელა.
4.8. აპელანტმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-494-488(2კ-12), რომლის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში მიყენებული ზიანი მიიჩნევა სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად. აპელანტის მოსაზრებით, აშკარაა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებების გადაჭარბება არ გულისხმობს იმას, რომ მისი ქმედებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება; ამიტომ სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილებების განმარტებისას მიყენებული ზიანი ითვლება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დამდგარ ზიანად, რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობასაც მისი მოხელის მიერ გამოწვეული ზიანისთვის.
4.9. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე Nბს-648-623(2კ-13), რომლის თანახმად არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსს გააჩნია თავისებურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისთვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაოაბზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩლის უკანონოდ დაკავება წარმოადგენს მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.10. აპელანტი აღნიშნავს, რომ მას მიადგა ზიანი ჯანმრთელობის ვნების შედეგად დღემდე აქვს სტრესი, ესაჭიროება მთელი რიგი გამოკვლევები, რაც მითითებულია ფორმა ასში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებით; სამოქალაქო კოდექსის მე-18, 1005-ე მუხლით.
5.2. აპელანტმა აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. მოცემული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი, ფიზიკური ან ზნეობრივი ტანჯვის ხარისხი, დაზარალებულის ბრალის ხარისხი, დაზარალებულის და ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა,გონივრულობისა და სამართლიანობის მოთხოვნა. უკანასკნელ კრიტერიუმს შეიძლება ითქვას რომ კანონი პირდაპირ მიუთითებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება რომ არ არსებობს ადამიანის ტანჯვის სიღრმის აბსოლუტურად ზუსტი საზომი და ამ ტანჯვის ფულში გამოხატვის საშუალება. ფულით შეიძლება გადატანილი ტანჯვის მხოლოდ კომპენსირება, რომელიც გამიზნულია დაზარალებულის ფსიქიკაზე ნეგატიური ზემოქმედების გამოსყიდვისკენ, ამიტომ გონივრულობისა და სამართლიანობის მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს როგორც სასამართლოს მიმართ წაყენებული მოთხოვნა, მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის ყველა აუცილებელი კრიტერიუმის გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების დანიშვნის შესახებ.
5.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ არამატერიალური ზიანის ანაზღაურების გონივრულობასა და სამართლიანობის კრიტერიუმებს სამი ფუნქცია აქვს: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. ამ ფუნქციათა კომბინაცია კი მისი თქმით არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურების ერთიანი მიზანი, რომელიც არაქონებრივი ზიანის ფულად ანაზღაურებაში უნდა აისახოს. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია არა ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რაც შეუძლებელია, არამედ სულიერი თუ ხორციელი ტკივილის ან ხელყოფილი პიროვნული სიკეთის დადებითი ემოციებით შეცვლა. კომპენსაციური ფუნქციის განხორციელების უპირველესი ფაქტორია ფსიქიკური ზიანი, ანუ სულიერი ტკივილი, რომელიც პიროვნული უფლებების შელახვის შედეგად დადგა.
5.4. აპელანტი აღნიშნავს, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
5.5. აპელანტი განმარტავს, ის რომ გე-–-------------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ფაქტზე. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანა მოხდდა საქმეზე იმ პერიოდში შეკრებილ მტკიცებულებათა საფუძველზე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ამასთან დადგენილება არც გე-–-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნას ეფუძნებოდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ პროკურორი არ სარგებლობს ექსპერტის სტატუსით. ამდენად გე-–-------------ს კონკეტულლ ადმინისტრაციულ სამართალწარმოების ეტაპზე აქვს ვალდებულება ამტკიცოს თუ რა სახის დაზიანება მიიღო აქციის პერიოდში.
5.6. აპელანტი აღნიშნავს,რომ სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უთითებს უზენაესი სასამართლოს არაერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, თუ რა სამართლებრივი თუ ფაქტობრივი წინაპირობები უნდა იქნას გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას. კონკრეტულ საქმეში კი გაუგებარია რა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება გე-–-------------ისთვის მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის მიკუთვნების თვალსაზრისით.
5.7. სააპელაციო საჩივარი ასევე დასაბუთებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-413-ე მუხლებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლით;
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს, რომ გე-–-------------ის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც ის ცდილობდა ზემოაღნიშნული გარემოებების მტკიცებას არ იძლევა სამართლებრივ საფუძველს დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნები; საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა 30 000 ლარის ოდენობით რეალობას მოკლებული და გადაჭარბებულია.
5.8. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ აპელანტის მოსაზრებით ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს; აგრეთვე ხელყოფილი უფლების რესტიტუცია შეუძლებელია და კომპენსაციის ნებისმიერი ოდენობა დაზარალებულს უფლების ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას ვერ აღუდგენს. კომპენსაციის გამოთვლის დროს საჭიროა კონკრეტულად გამოიკვეთოს ის კრიტერიუმები, რომლებიც არსებით ზეგავლენას ახდენს არაქონებრივი ფუნქციის დაკმაყოფილებაზე.
5.9. აპელანტი აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება გონივრულობისა და სამართლიანობის საწყისებზე. ამდენად, სასამართლოს მხრიდან გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტეტიუმები კერძოდ: დამრღვევის ბრალის ხარისხი; ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხი; სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხი; ჯანმრთელობის მოშლის პერიოდი (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი); ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს); მოთხოვნილი კომპენსაციის გონივრულობა და სამართლიანობა (გადაწყვეტილება Nას-1477-1489-2011).
5.10. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ სასამართლოს მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს ანალოგიურ საქმეებთან მიმართებით დადგენილ პრაქტიკას; „ჰარმონიზაციის“ პრინციპი წარმოადგენს საკანონმდებლო რეგულაციის უმთავრეს დებულებას, რომლის არსია სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთკავშირი. ამასთან აუცილებელია ანალოგიურ საქმეებზე სასამართლოს განმარტებებისა და გადაწყვეტილებების გააზრება, რათა არ მოხდეს არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება.
6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ გე-–-------------ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1.გე-–-------------ი მონაწილეობას იღებდა 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიან აქციაში. აქცია ხელისუფლების ხელმძღვანელი პირის, კერძოდ კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე იქნა დაშლილი, რასაც შედეგად მოჰყვა აქციაში მონაწილე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დაზიანება, ცალკეულ შემთხვევებში კი სიცოცხლის მოსპობა.
7.2. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით მოსარჩელე გე-–-------------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად. დადგენილებაში აღინიშნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა, რა დროსაც მიტინგში მონაწილე გე-–-------------ს, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
7.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1----------------------) ივ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3---- მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 3 საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე 1 (ერთი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება (ტ.1. ს.ფ. 17-82)
7.4. ზემოაღნიშნული განაჩენის 3.5. პუნქტში დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავები მინისტრის ბრძანების შესაბამისად მოქმედებდნენ. ბრძანების შესაბამისად - პოლიციამ აბსოლუტური ალყა შემოარტყა რუსთაველის გამზირს და მომიტინგეების მიმართ გამოიყენა ერთდროულად და ინტენსიურად, ობიექტურად არასაჭირო რაოდენობის სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი, მხუთავი აირი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები. ისინი მომიტინგეებს სასტიკად სცემდნენ მას შემდეგ რაც მომიტინგეები ხელებ, ზოგჯერ ფეხებშეკრულებიც მიწაზე, წყლის გუბეში (ძლიერი წვიმის გამო) ვარდებოდნენ, დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი და ეს დაზიანებები დადასტურებულია, როგორც სამედიცინო ცნობებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით. პოლიციის მიერ ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალებების განურჩევლად გამოყენების შედეგად, მრავალმა ადამიანმა, რომლებსაც არ მიეცა მიტინგის ტერიტორიის დატოვების საშუალება, მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანება, განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა. იმავე განაჩენის 3.7. პუნქტში აღინიშნა, რომ ივ-----------–---–ისთვის აქციის დაშლის ბრძანების გაცემამდე - განჭვრეტადი იყო ის საფრთხე, რომელიც პოტენციურად შეიძლება წამოსულიყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ანუ მინისტრს შეეძლო და ევალებოდა გაეცა აქციის დაშლის ბრძანება ისე, რომ ოპერაციის დაწყებამდე გაეტარებინა ყველა სათანადო ღონისძიება რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მათ შორის, მიეღო ზომები, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ჯანმრთელობის დაზიანების რისკები (ტ.1. ს.ფ. 70-71).
7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N---------), უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენი (საქმე N1----------------------), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N--------) მსჯავრდებულ ივ-----------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გი------------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1. ს.ფ. 83-145; 146-148).
8. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ გ. გუჯეჯიანის დაზარალებულად ცნობა არ წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
8.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო.
8.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება ემსახურება სულიერი განცდების, უსიამოვნების და ყველა იმ ტკივილის კომპენსირებას, რაც თან ახლავს ადამიანის სხეულის დაზიანებას. შესაბამისად, მისი მოცულობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და მისგან გამოწვეული მორალური ტანჯვის ხანგრძლივობაზე, გასათვალისწინებელია ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებაზე ზეგავლენის მოცულობა, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული; მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეულია მის მიმართ აქციის დაშლისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით.
8.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2011 წლის 26 მაისს მიმართა სტაციონარს. პაციენტის დიაგნოზია თავის ტვინის შერყევა, ექსკორიაცია შუბლზე, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, დაჟეჟილობა, ჭრილობა ბარძაყზე მარჯვნივ, ჭრილობა კისრის არეში. მოკლე ანამნეზის მიხედვით, წინა დღეს არის ნაცემი რუსთაველის გამზირზე მიტინგზე, სცემა სპეცრაზმმა, ფეხში ესროლეს, გონება დაუკარგავს, ჰქონდა სისხლდენა ცხვირიდან. ავადმყოფობის მიმდინარეობის თანახმად, მდგომარეობა იყო სტაბილური, თუმცა 29 მაისს სუიციდის მიზნით მიიყენა მინის ნამსხვრევით ჭრილობები კისრის არეში, გადაყვანილ იქნა სისხლძარღვის ქირურგიის კლინიკაში (ტ.1. ს.ფ. 152-153).
8.4. ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა ,,კარაბადინის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2011 წლის 29 მაისს მიმართა სტაციონარს შემდეგი დიაგნოზით: ნაჩხვლეტი, ნაფლეთოვანი ჭრილობა კისრის მიდამოში, საუღლე ვენის დაზიანება, კისრის კუნთების ნაწილობრივი დაზიანება; ეგზოგენური ფსიქომეტრული აგზნება; ბოდვითი განწყობა. მოკლე ანამნეზის მიხედვით, პაციენტი გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ნეიროქირურგიის განყოფილებაში თავის ტვინის შერყევის გამო, სადაც მას ჰქონდა სუიციდის - ფანჯრიდან გადახტომის მცდელობა, მისი გაკავების პროცესში ფანჯრის მინაზე მიიღო ჭრილობები კისრის არეში, აღენიშნებოდა სისხლდენა, რის გამოც გადაყვანილ იქნა მათ კლინიკაში. ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. რეკომენდაცია გაეწია ფსიქიატრისა და ნეიროქირურგის კონსულტაციაზე. სტაციონარიდან გაწერილ იქნა 2011 წლის 1 ივნისს (ტ.1. ს.ფ. 150-151).
8.5. შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2013 წლის 22 იანვარს მიმართა სტაციონარს შემდეგი დიაგნოზით: ორგანული ბოდვითი აშლილობა; ქალა-ტვინის დაზიანების შემდგომი მდგომარეობა, ნარჩენი მოვლენები (ტ.1. ს.ფ. 158-159).
8.6. სს ,,ვერე XXI-ს“ კლინიკა მედსის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა 2013 წლის 17 სექტემბერს მიმართა ექიმს. დაუდგინდა დიაგნოზი - პოსტტრავმული ენცეპალოფატია. ავადმყოფობის მიმდინარეობა - ქრონიკული. რეკომენდაცია გაეწია ნევროლოგის კონსულტაციაზე, ასევე თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაზე (ტ.1. ს.ფ. 160-161).
8.7. სს ,,ვერე XXI-ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, გე-–-------------მა ამბულატორიას მიმართა 2017 წლის 6 მაისს. დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის სხვა დაზიანებები, ცხვირის ძგიდე გამრუდებული, სმენის შერეული დაკარგვა, საცრემლე სისტემის დაზიანება. მოკლე ანამნეზის თანახმად, დაავადებულია ზემოთაღნიშნული დიაგნოზებით. გადატანილი აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, აღენიშნებოდა პოსტტრავმული ფსიქოზი. ავადმყოფობის მიმდინარეობა - ქრონიკული (ტ.1. ს.ფ. 156).
8.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ გე-–-------------მა მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 26 მაისის აქციაში. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ გაუმართლებელი ფორმით, აქციის დაშლის შედეგად მას მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელთა შედეგად გამოწვეულ დაავადებებს გააჩნია ქრონიკული ხასიათი.
8.9. სააპელაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა განხორციელებული ფორმით იყო თანაბარზომიერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულია, რომ განხორციელდა აქციის განზრახ უკანონო ფორმით დაშლა, რაზეც პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; აღნიშნული ფორმით აქციის დაშლის შედეგს წარმოადგენს მოსარჩელის გე-–-------------ის ჯანმრთელობისთვის მიყენებული არაერთი დაზიანება; სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების პირის უკანონო ქმედებასა და მოსარჩელისთვის დამდგარ ზიანს შორის.
8.10. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ გე-–-------------მა მიიღო იმგვარი ფიზიკური დაზიანებები, რაც იწვევს ადამიანის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას, ბიოლოგიური აქტივობის ხარისხის დაქვეითებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოსტტრავმული დაზიანების შედეგად ჯანმრთელობის ქრონიკული მოშლა აბრკოლებს მის ჯანსაღ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც გასათვალისწინებელია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისას.
9. სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია გე-–-------------ის სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
9.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები; აგრეთვე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს.
9.2. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გე-–-------------ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის, 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.
2. არ დაკმაყოფილდეს გე-–-------------ის სააპელაციო საჩივარი.
3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ( თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე