განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
330100118002526466
ინსტანცია
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002526466

საქმე №1ბ/1292-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ც-------–---–---ის

ადვოკატების: გ-------------–---–ის, ნ--------–--–--ის

მსჯავრდებულის: მ--------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის და მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-------------–---–ისა და ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ--------------–---–ის, დაბადებულის 1978 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, მცხოვრების: კ-----------------------–-----––---ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), (ბრალდების კვალიფიკაცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------------–---–ს ასევე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მუქარა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

მ--------------–---–ი მეუღლეს - მ-----------–---–ს წლების განმავლობაში ავიწროებდა გენდერული ნიშნით, კერძოდ, მიმართავდა, რომ ის იყო ქალი და იყო უუფლებო, მათ შორის არ ჰქონდა მუშაობის უფლება და უნდა ყოფილიყო სახლში. ასევე, თანაცხოვრების პერიოდში მ--------------–---–ი სისტემატურად ცემდა და ძალადობდა მეუღლეზე, რაც გამოიხატებოდა ხელების დარტყმაში სხეულის სხვადასხვა ორგანოზე, ასევე, თმების მოქაჩვაში, რა დროსაც მ-----------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში, ქ-------–--–--------–-–----–------------------------------------ში მ--------------–---–მა არასრულწლოვანი შვილის - ხატია სოზიაშვილის თანდასწრებით, მეუღლეს - მ-----------–---–ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ხელი წაუჭირა ყელის არეში და ითრია თმებით, რის შედეგადაც მ-----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–--–--------–-–----–------------------------------------ში, მ--------------–---–მა მეუღლეს - მ-----------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - ხატია სოზიაშვილის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კარძოდ, ძლიერად მოქაჩა თმებით და მკლავებზე წაუჭირა ხელები, რის შედეგადაც მ-----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-------–--–--------–-–----–------------------------------------ში, მ--------------–---–მა მეუღლეს - მ-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელები თავის არეში, მოქაჩა თმებით და მკლავებში ძლიერად მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც მ-----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-------–--–--------–-–----–------------------------------------ში, მ--------------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის მეუღლეს - მ-----------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-------–--–--------–-–----–------------------------------------ში, მ--------------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, თავისი მეუღლის მშობელს - ჯულიეტა მაზანაშვილს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:

 

მ--------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. მ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა (დაზარალებულ მ-----------–---–ის ეპიზოდი).

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა (დაზარალებულ ჯულიეტა მაზანაშვილის ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ მ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1 ივნისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–იმა, აგრეთვე, მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ-------------–---–მა და ნ--------–--–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა - სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მ--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილებთან ერთად მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა არა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, არამედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დაზუსტებით მოითხოვა განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის ჩათვლა პირობით მსჯავრად, ხოლო ალტერნატივის სახით მოითხოვა, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-------------–---–ისა და ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლოს თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუა არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება....

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში არ დაეთანხმა ბრალდების კვალიფიკაციას მ--------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, განხორციელებული სისტემატური ძალადობრივი ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ და ბრალდების ამ ნაწილში მ--------------–---–ის ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა შემდეგი: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობას, ისე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობასაც, მაგალითად, თუ ქმარმა ერთჯერადად იძალადა მეუღლეზე (დაარტყა ხელი), მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 1261-ე მუხლით, ასევე თუ ქმარი სისტემატურად ძალადობს მეუღლეზე (სცემს ყოველდღიურად), მისი ქმედებაც დაკვალიფიცირდება ამ მუხლით, ოღონდ არა ცალ-ცალკე ეპიზოდებად, არამედ ერთიან დანაშაულად, რადგან სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს მათ შორის სისტემატურად განხორციელებულ ძალადობრივ აქტებსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ერთჯერადად განხორციელებული ძალადობა ამ მუხლით ისჯება, ხოლო მრავალჯერ განხორციელებული ძალადობა კი არა, რაც არასწორი იქნება. სისტემატურად განხორციელებული ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური მუხლით - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით და არა 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, ვინაიდან მხოლოდ სისტემატურობის გამო ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის დაკვალიფიცირება არასპეციალური მუხლით - საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით არასწორი იქნება.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღნიშნულ მსჯელობას ვერ დაეთანხმება. პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად და შესაბამისად, დასჯად ქმედებებად გამოაცხადა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, მაგრამ არ უნდა მოჰყვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული მუხლის დისპოზიციის საკანონმდებლო კონსტრუქციის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ ქმედების სისტემატურობასთან დაკავშირებით კანონმდებელმა აქცენტი გააკეთა მხოლოდ შეურაცხყოფაზე, შანტაჟსა და დამცირებაზე და არა ძალადობაზე. ამდენად, დაუშვებელია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურად განხორციელებული ძალადობა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად.

 

რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების (ხელების დარტყმა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე, მკლავებზე ხელების წაჭერა, ყელზე ხელების წაჭერა, თმების მოქაჩვა) სისტემატურობას, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩივარში და რაც დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში (თუმცა შეცვლილი კვალიფიკაციით), სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების სისტემატურობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ--------------–---–ს ბრალად ედება მეუღლის მიმართ სამი ძალადობრივი ქმედების ჩადენა, რომელთაგან პირველი განხორციელდა 2017 წლის ნოემბერში (ზუსტი რიცხვი უცნობია), მეორე - 2018 წლის 29 მაისს, ხოლო მესამე - იმავე წლის 1 ივნისს. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. აღნიშნული წესის გათვალისწინებით, თუ მივიჩნევთ, რომ პირველი ქმედება განხორციელდა 2017 წლის ნოემბერში, ხოლო მეორე - 2018 წლის 29 მაისს, გამოდის, რომ პირველი ძალადობრივი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე გასულია თითქმის 6 თვე. სასამართლოს შეფასებით, ეს იმდენად ხანგრძლივი პერიოდია, რომ პირველ შემთხვევაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ხასიათისა და ხერხის (ხელის რამდენჯერმე დარტყმა სახეში, ხელის წაჭერა ყელის არეში და თმებით თრევა) გათვალისწინებით, წარმოუდგენელია განცდილი ფიზიკური ტკივილი ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა. შესაბამისად, მ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების სერიაში 2017 წლის ნოემბრის ეპიზოდი სისტემურობის თვალსაზრისით ამოვარდნილია და აღნიშნული ჯაჭვის ნაწილი ვერ გახდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანარჩენი ორი ქმედების სისტემატურობასთან მიმართებით განხილვის საფუძველი აღარ არსებობს, რადგან მ--------------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სისტემატურ ძალადობას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მ--------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებები დანაშაულს არ წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები 2017 წლის ნოემბრის, 2018 წლის 29 მაისის და 2018 წლის 1 ივნისის ეპიზოდებში წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მ--------------–---–თან მიმართებით დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა ყველა შემთხვევაში მისი სასარგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოდ, მინიმალური სასჯელი კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია) 1 წელია, ხოლო მაქსიმუმი - 3 წელი მაშინ, როდესაც ბრალად წარდგენილი დანაშაულის სანქციით (საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი) მინიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადა 4 წელი, ხოლო მაქსიმუმი - 6 წელია, რაც აშკარად სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მ--------------–---–ისთვის მით უმეტეს, როდესაც მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა მ--------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რაც აღწერილია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რასაც იგი აღიარებს და ასევე დასტურდება საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, ჩაიდინა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ სამი დამოუკიდებელი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით (2017 წლის ნოემბრის, 2018 წლის 29 მაისის და 2018 წლის 1 ივნისის ეპიზოდები). სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა მოხდეს მ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაციის შეცვლა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ცვლილების კონტექსტში არ ხდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს გაცდენა ფაქტის თვალსაზრისით. შეცვლილი კვალიფიკაცია მოხდა იმ ფარგლებში, რაც ბრალდების დადგენილებაშია აღწერილი, სასამართლო მხოლოდ სამართლებრივი შეფასების ნაწილში არ იზიარებს ბრალდების მხარის და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის პოზიციას, რაც საერთო ჯამში არ წარმოადგენს ახალ ბრალდებას დაცვის მხარისთვის შინაარსობრივი გაგებით და ამ უკანასკნელს შეეძლო ედავა იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც შეცვლილი კვალიფიკაციის კონტექსტშიც მოუწევდა პოზიციის დაფიქსირება. ამდენად, კვალიფიკაციის შეცვლა მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს დაცვის უფლების დარღვევას, ინფორმირებული იყოს მის მიმართ წადგენილი ბრალდების შესახებ და ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები თავის დასაცავად.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივრებში მოთხოვნას - მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით ან ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - აღნიშნული მოთხოვნის არგუმენტებად მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები მიუთითებენ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, კერძოდ, მ--------------–---–ი აცნობიერებს და ნანობს ჩადენილ დანაშაულებს, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, უდავოდ ცნო მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არის ორი შვილის მამა, დაზარალებულს არ სურს მისი მეუღლის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის ან ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის თაობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად, მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის, სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, მ--------------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, შერიგებულია დაზარალებულთან, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------------–---–ის მიერ მ-----------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედებები ჩადენილია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, რაც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ მ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ--------------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. მ--------------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს და სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენში მ--------------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი კვალიფიკაციის თვალსაზრისით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი მაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-------------–---–ისა და ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენში მ--------------–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (სამი ეპიზოდი, 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით);

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა (დაზარალებულ მ-----------–---–ის ეპიზოდი);

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა (დაზარალებულ ჯულიეტა მაზანაშვილის ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა და უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ--------------–---–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ მ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 1 ივნისიდან;

 

სსიპ „112“-დან გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე