განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002614670
ინსტანცია
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002614670

საქმე №1ბ/ 1492-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ თე----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თე----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–---------------------------–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თე----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვისი ვადით.

 

თე----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, ზ------–--–---–----------------------ში, თე----------------ემ სო------------ეს სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით აცეტონის ფლაკონიდან რამდენჯერმე შეასხა აცეტონი სახესა და ტანის არეში და წაუკიდა ცეცხლი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სო------------ის სხეულზე, კერძოდ, მარცხენა ლოყის მიდამოში, ნიკაპზე და ნიკაპქვეშა მიდამოებზე, კისერზე მარცხნივ, მარცხენა ბეჭზედა მიდამოში, გულმკერდის და მუცლის წინა ზედაპირებზე ორმხრივ, მარჯვენა ბარძაყის მიდამოში და მარცხენა მტევანზე აღენიშნება ალაგ რამდენიმე რელიეფური ზედაპირის და პერიფერიაზე მოყავისფრო ფერის პიგმენტაციის მქონე მრავლობითი ნაწიბურები, რომლებიც წარმოადგენენ ამავე მიდამოებში არსებული დამწვრობითი უბნების შეხორცების შემდგომ კვლებს. დამწვრობა განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ თარიღს. სახეზე მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული ნაწიბური არ იწვევს სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას, ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თე----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზა-------------–--ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი თე----------------ის მიმართ არის უსამართლო და ზედმეტად მკაცრი, რადგან არ შეესაბამება თე----------------ის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულის სიმძიმეს, განაჩენში არაა განმარტებული თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება. თე----------------ე შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, წავიდა სახლში და რამდენიმე დღეში პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა პოლიციაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მომხდარი ფაქტის შესახებ სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია, არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ინანიებს და განიცდის ჩადენილ დანაშაულს, არ ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას, ან თავიდან აირიდოს მოსალოდნელი სასჯელი. თე----------------ემ წერილობით პირადად მიმართა დაზარალებულ სო------------ეს, ითხოვა პატიება, შესთავაზა შეძლებისდაგვარად აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, აპელანტს დაზარალებულთან არაერთხელ ჰქონდა იგივე შინაარსის სატელეფონო საუბარი, ასევე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მაგრამ უშედეგოდ.

ადვოკატის ინიციატივით ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ფსიქიატრიული ექსპერეტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო ფსიგოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 19 აგვისტოს N0-------- დასკვნით, თე----------------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგით დადგინდა, რომ მოცემულ კონკრტეტულ შემთხვევაში თე----------------ე არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების – ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, თუმცა იმავე დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს, რომ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს, ამ ფაქტის გარშემო საუბარი უჭირს, თუმცა დასმულ შეკითხვებს არ გაურბის და თანმიმდევრულად ყვება ჩადენილი დანაშაულის გარშემო არსებულ დეტალებს. თავს მომთმენ, გაწონასწორებულ ადამიანად თვლის, თუმცა უმოტივო გაღიზიანებას არ ურყოფს. ჩადენილი დანაშაულის გამართლებას არ ცდილობს და გულწრფელად ინანიებს, მის საუბარში არ იკვეთება პასუხისმგებლობიდან გაქცევის ტენდენცია.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თე----------------ის პასუხისმგებობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, დანაშაულის ჩადენის მოტივი, რომელსაც გამართლება არ აქვს მაგრამ გასათვალისწინებელია, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. საქმის მასალების მიხედვით თე----------------ეს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო სხვა გარემოებებთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციოს თე----------------ის ყოფაქცევას ქმედების შემდგომ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აენაზღაურებინა ზიანი, შერიგებოდა დაზარალებულს და გარკვეული აქტივობებით შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო თე----------------ის არასწორი ქცევით, თუმცა დაზარალებულმა ეს შეთავაზება არ მიიღო და უარი განაცხადა ბრალდებულის და ადვოკატის მხრიდან შესთავაზებული წინადადებების მიღებაზე და სასამართლომ აღნიშნული მზაობა და მისწრაფება უნდა მიიჩნიოს თე----------------ის სასარგებლო გარემოებად, რამდენადაც თუ დაზარალებულს, არაადექვატური ან შეუსაბამო მოთხოვნა აქვს, ან არა აქვს საერთოდ რაიმე მოთხოვნა, ან უარს ამბობს ყოველგვარ შეთავაზებულ წინადადებაზე, რაც ასეა კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი მდგომარეობა სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის საუარესოდ კი არა, მის სასარგებლოდ უნდა იქნას შეფასებული.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერები და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თე----------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს, რომ თე----------------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

პალატა ასევე ითვალისწინებს თე----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს, ხერხსა და სპეციფიკას /ცეცხლის წაკიდებით გამოიწვია დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება/, დაზარალებულის პოზიციას და მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას, თავისუფლების არკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების /სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების/ საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თე----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

თე----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვისი ვადით.

 

მსჯავრდებულ თე----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ორი ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი პერანგი, ერთი ცალი ბიუსჰალტერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ნერწყვის ნიმუში, პლასტმასის ბოთლი მასში არსებული სითხით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე