განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
340100118002588897
ინსტანცია
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002588897

საქმე №1ბ/ 1431-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ აქ------–---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

აქ------–---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ლ----------------–----–---------------–-------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენით აქ------–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

აქ------–---------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლ----------------–----–----------------–------–ში, თავის საცხოვრებელ სახლში, აქ------–---------მა 9 წლის არასრულწლოვან შვილს - აი---------–---------ას ესროლა პლასტმასის ბიდონი და მოარტყა ფეხში, რა დროსაც აი---------–---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა აქ------–---------მა და ითხოვა გურჯაანი რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსაბუთებელია, რადგან მისი განმარტებით მოსამართლემ მას ციხეში შესახლების ნაცვლად სამუშაოს შესრულება შესთავაზა, ვერ გაიგო რას გულისხმობდა მოსამართლე, ვინაიდან არ ფლობს სამართალწარმოების ენას, არც ადვოკატმა და თარჯიმანმა განუმარტეს, უარი უთხრა შემოთავაზებაზე, იფიქრა, რომ მოსამართლე ციხის მომსახურებაში მუშაობას სთავაზობდა, შემდეგ ბადრაგებისგან შეიტყო თუ რაზე თქვა უარი და ძალიან განიცადა.

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-----------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ აი---------–---------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ჯა-------–-----------ის, ჰუ------–---–---------ას, რა---–---–---------ის, ტო-------–---------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ აქ------–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის აღიარება და მონანიება. ხოლო, პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა /ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის/, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, მას ფაქტობრივად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთის სახით, კანონით გათვალისწინებული, მინიმალური სასჯელი, რომლის შემცირების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ აქ------–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

აქ------–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

აქ------–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

აქ------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 ივლისის 02:05 საათიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: პოლიეთილენის ბალონი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე