განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210016001408620
საქმე №2ბ/7418-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - დ---- ქ------–--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ----–-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–---------- დ----–---–ი, გ--–- ქ------–--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლები - მ----------–-----, ნ-----------–---
მესამე პირი - კ-------------------–-------------
წარმომადგენელი - ს----------–--------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ---- ქ------–--–-–---–ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უადვო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. კ--------------------–-------------ს აღმსრულებელმა მ-----–----------–---–მა 2016 წლის 22 მარტს გუ--------ს რაონის სოფელ ა---–-----ში გ--–- ქ------–--–-–---–ის ა-–---------- დ----–---–ის მიმართ არსებული ვალის გამო მოახდინა ნივთების აღწერა და დაყადაღება, რის გამოც შეადგინა აქტი №9----.
2.2. 2016 წლის 22 მარტს შედგენილი აქტით დაყადაღებულია შემდეგი ნივთები:
1. გ----------ის ფირმის ტელევიზორი, 2. ბ----ს ფირმის გაზქურა, 3. ჰ------ს ფირმის მაცივარი, 4. ს-------ის ფირმის სარეცხი მანქანა, 5.დივანი და ორი კრესლო.
2.3. დადგენილია, რომ გ--–- ქ------–--–-–---–ი ეწევა სოფლის მეურნეობას (მოსარჩელის განმარტებით მევენახეობას) და ცხოვრობს ერთ ოჯახად თ----- ც-–-–---–თან, დ---- და გ------ ქ------–--–-–---–ებთან ერთად და მათ არა აქვთ გამიჯნული ქონება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ დ---- ქ------–--–-–---–მა ვერ შეძლო ვერც ერთი დაყადაღებული ნივთის მისდამი კუთვნილების დადასტურება, შესაბამისად მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ უნდა ჩათვლილიყო მოსარჩელის საკუთრებად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება, ხოლო მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ნივთები განთავსებულია გ--–- ქ------–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეა გ--–- ქ------–--–-–---–ი. ამდენად, სასამართლოს აზრით, მოსარჩელის სასარგებლოდ ვერ იქნება გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციები, რაც, სასამართლოს შეფასებით, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის უთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2016 წლის 22 მარტს კ----------------------–----------------ს აღმასრულებლის - მიხეილ ფეიქრიშვილის მიერ გუ--------ს რაიონის სოფელ ა---–-----ში შედგენილ №9---- აქტში აღწერილი ნივთების ამორიცხვა და ყადაღისაგან გათავისუფლება. აპელანტის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინა მოვალესა და კრედიტორს. მხარესთვის, როგორც იურიდიული განათლების არმქონე პირისათვის უცნობი იყო მოპასუხეთა წრის განსაზღვრის თაობაზე, თუმცა სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, სასამართლოს მხრიდან აღნიშნულზე მითითება არ ყოფილა, შესაბამისად, საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისასაც მოპასუხეებს წარმოადგენენ კრედიტორი და აღმასრულებელი. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნული უსწორობისა, სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში, თუმცა საქმის შემდგომი განხილვისას აბსოლუტურად უგულებელყო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა სწორად შეფასებაც სასამართლოს მიაღებინებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
აპელანტის მითითებით, 2016 წლის 22 მარტის აღწერა-დაყადაღების აქტით აღიწერა და დაყადაღდა აპელანტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 54335 - ტელევიზორი გ----------ის ფირმის, რომელიც მხარის მიერაა შეძენილი 2014 წლის 20 სექტემბერს 519 ლარად, აღნიშნულის პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს საგარანტიო ტალონი, რომელშიც შემძენად ფიქსირდება დ---- ქ------–--–-–---–ი; 54336 - გაზქურა, ბ----ს ფირმის, რომელიც 2014 წლის 16 აპრილს არის შეძენილი შპს „მ-----------------ში“ განვადებით ახლობლის - ზ-----------ის სახელზე; 54337 - მაცივარი, პ-----ის ფირმის, რომელიც შეძენილია 2015 წლის შემოდგომაზე 750 ლარად, აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს საგარანტიო ტალონი, გაცემული აპელანტის სახელზე; 54339 - დივანი და ორი კრესლო, რომელიც ასევე აპელანტის მიერაა შეძენილი 560 ლარად, 2015 წლის 30 მაისს; 54338 - ს-------ის ფირმის სარეცხი მანქანა, შეძენილია აპელანტის მიერ 600 ლარად. აპელანტის შეფასებით, მითითებულ ნივთებთან დაკავშირებით პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას წარდგენილი იყო შესაბამისი პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებაც არამართებულად არ მოხდა სასამართლოს მიერ.
აპელანტი აგრეთვე უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ მესაკუთრის პრეზუმფცია მოქმედებს იქამდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მხარის მოსაზრებით, კი მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სწორედ საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, კერძოდ ამტკიცებენ, რომ ყოველი აღწერილი და დაყადაღებული ნივთი არის აპელანტის მიერ შეძენილი, მისივე სახსრებით და არ წარმოადგენს მამამისის - გ--–- ქ------–--–-–---–ის საკუთრებას. მართალია, ნივთები იმყოფება იმავე მისამართზე, სადაც ცხოვრობს მოვალე - გ--–- ქ------–--–-–---–ი, თუმცა აღნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობს აპელანტი, მესაკუთრე - დ---- ქ------–--–-–---–ი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ ეკისრება არანაირი ვალდებულება პასუხი აგოს გ--–- ქ------–--–-–---–ის ვალდებულების გამო. აღნიშნულის უფლებას კრედიტორს არ ანიჭებს მოქმედი კანონმდებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა 158-ე მუხლთან დაკავშირებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კრედიტორის მოთხოვნა შეზღურულია მოვალით, მას უფლება აქვს მხოლოდ მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება და მოთხოვნის იძულებითი წესით დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ხელი მიუწვდება უშუალოდ მოვალის ქონებაზე და არა მესამე პირების თუნდაც მოვალის ოჯახის წევრების ქონებაზე.
დ---- ქ------–--–-–---–ის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტს პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას წარდგენილი ჰქონდა ყველა მტკიცებულება მისი საკუთრების უფლების დასადასტურებლად, რომელიც სასამართლოს მიერ არამართებულად არ იქნა გათვალისწინებული, მთლიანად აზრი ეკარგება როგორც ვალდებულებითი სამართლის არსს, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესს, რომლის მიზანს წარმოადგენს სწორედ მესაკუთრის უფლების დაცვა კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობათა დარეგულირებისას. წინამდებარე შემთხვევაში კი, აპელანტს როგორც მესაკუთრეს ერთმევა კანონმდებლის მიერ მინიჭებული მისი საკუთრების დაცვის უფლება არამართლზომიერი ჩარევისაგან.
დ---- ქ------–--–-–---–ის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე მსჯელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლზე და აპელანტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს განიხილავს მოვალის - გ--–- ქ------–--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებლად, რის გამოც მასზე ავტომატურად ავრცელებს ვალდებულებებს, რასაც ცალსახად არ ეთანხმება აპელანტი. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებელი სპეციალურ უნარიანი ნივთია. იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ნივთს და მთავარ ნივთთან ერთად არ ქმნის რაიმე ნივთობის ერთობას და არც მთავარ ნივთთან დაკავშირებული უფლებები ვრცელდება ავტომატურად საკუთვნებელზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ცალსახაა, რომ მთავარ ნივთს სხვა მესაკუთრე ჰყავს და საკუთვნებელს - სხვა, დაუშვებელია მასზე მთავარი ნივთის ვალდებულებები გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ჭიდილი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან, რაც ესოდენ მაღალ დონეზეა დაცული როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით. აპელანტი უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით დაუშვებელია საკუთვნებელზე ავტომატურად მთავარი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის გაზიარება. იმ შემთხვევაში, თუ დგინდება მასზე მესამე პირის საკუთრება უკვე მოქმედებს სხვა სამართლებრივი რეგულაციები, რაც გამორიცხავს მოვალის გამო მესამე პირის ქონების რეალიზაციას.
აპელანტის განმარტებით, ფაქტები, რომელთა ჭეშმარიტად მიჩნევაც არსებითია მისი სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მხარის მეირ სრულად იქნა დადასტურებული წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თუმცა აღნიშნული არ გაუთვალისწინებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არამართებულია, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების საფუძველზე 2016 წლის 22 მარტს კ-------------------–-------------ს აღმასრულებლის მიერ გუ--------ს რაიონის სოფ. ა---–-----ში აღიწერა და დაყადაღდა მოვალე გ--–- ქ------–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში არსებული შემდეგი ნივთები: 1. გ----------ის ფირმის ტელევიზორი, 2. ბ----ს ფირმის გაზქურა, 3. პ-----ის ფირმის მაცივარი,4. ს-------ის ფირმის სარეცხი მანქანა, 5.დივანი და ორი სავარძელი. აგრეთვე დადგენილია, რომ 24.06.2016 წელს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ---- ქ------–--–-–---–მა, მოპასუხეების - კ-------------------–-------------ს და ა-–---------- დ----–---–ის მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 22 მარტს კ-------------------–-------------ს აღმასრულებელ მიხეილ ფეიქრიშვილის მიერ გუ--------ს რაიონის სოფელ ა---–-----ში შედგენილი №9---- აქტში აღწერილი ნივთების ამორიცხვა და ყადაღისაგან გათავისუფლება.
4.2. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ--–- ქ------–--–-–---–ი ეწევა სოფლის მეურნეობას (მოსარჩელის განმარტებით მევენახეობას) და ცხოვრობს ერთ ოჯახად თ----- ც-–-–---–თან, დ---- და გ------ ქ------–--–-–---–ებთან ერთად და მათ არა აქვთ გამიჯნული ქონება. პალატა აგრეთვე მიიჩნევს, რომ დ---- ქ------–--–-–---–მა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ შეძლო დაყადაღებული ნივთების მისდამი კუთვნილების დადასტურება, შესაბამისად, მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებას, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ კ--------------------–-------------ს აღმსრულებელმა მ-----–----------–---–მა 2016 წლის 22 მარტს გუ--------ს რაონის სოფელ ა---–-----ში გ--–- ქ------–--–-–---–ის ა-–---------- დ----–---–ის მიმართ არსებული ვალის გამო მოახდინა ნივთების აღწერა და დაყადაღება, რის გამოც შეადგინა აქტი №9----. ხსენებული აქტით დაყადაღებულია შემდეგი ნივთები: გ----------ის ფირმის ტელევიზორი, ბ----ს ფირმის გაზქურა, ჰ------ს ფირმის მაცივარი, ს-------ის ფირმის სარეცხი მანქანა, დივანი და ორი სავარძელი. ასევე დადგენილია, რომ გ--–- ქ------–--–-–---–ი ცხოვრობს ერთ ოჯახად თ----- ც-–-–---–თან, დ---- და გ------ ქ------–--–-–---–ებთან ერთად იმ ბინაში, რომელიც წარმოადგენს იმ უძრავ ქონებას, სადაც მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება და დადგენილია, რომ მათ არ აქვთ გამიჯნული ქონება.
პალატა შენიშნავს, რომ დ---- ქ------–--–-–---–ის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეძენილ იქნა მის მიერ და წარმოადგენს უშუალოდ მის საკუთრებას. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელს თან ერთვის საგარანტიო ტალონების ასლები, საიდანაც ვერ დგინდება, თუ ვინ წარმოადგენს მყიდველს, ხსენებული დოკუმენტის ასლზე იკითხება მხოლოდ მყიდველის ფაქსიმილე, რომლის დ---- ქ------–--–-–---–ისადმი კუთვნილების დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება საკრედიტო ხელშეკრულებების ასლებს, გაურკვეველია, მათი შინაარსიდან გამომდინარე, თუ ვინ წარმოადგენს მსესხებელს, ასევე, - დაუდგენელია, რა მიზნით იყო გაფორმებული ხსენებული ხელშეკრულებები და იყო თუ არა კრედიტის მიზნობრიობა რომელიმე დაყადაღებული ნივთის შეძენა, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ გაზქურის საკუთრების დამადასტურებლად დ---- ქ------–--–-–---–ის მიერ საქმეზე დართულია ზ-----------ის სახელზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება და განაცხადის ფორმა, რომელთა თანახმადაც კონკრეტული ნივთის მყიდველად სწორედ აღნიშნული პიროვნება სახელდება და ქონების აპელანტისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა ხსენებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეუძლებელია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 17-27).
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ--–- ქ------–--–-–---–ის მიერ ქონების დაყადაღებისას არ ყოფილა გაცხადებული რაიმე სახის პრეტენზია და მას აღმასრულებლისთვის არ განუმარტავს, რომ დასაყადაღებელი მოძრავი ნივთები წარმოადგენდა დ---- ქ------–--–-–---–ის საკუთრებას. აღნიშნულზე მხარეთა შორის არ ყოფილა გაურკვევლობა ვალის განაწილვადების თაობაზე შეთანხმების მიღწევის დროსაც. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც უტუარად დადასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ რომ განსახილველი კატეგორიის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები საქმეებზე: Nას-305-293-2012; Nას-1522-1529-2011 და Nას-1777-1755-2011). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
ამ გარემოებათა შეფსების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე დ---- ქ------–--–-–---–ის საკუთრების უფლება არ დგინდებოდა და გ--–- ქ------–--–-–---–ი და დ---- ქ------–--–-–---–ი ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ოჯახად, იმ ბინაში, რომელიც წარმოადგენს დაყადაღებული მოძრავი ნივთების ადგილსამყოფელს და მათ არ აქვთ გამიჯნული ქონება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით საქმის მასალები ერთობლიობაში მართებულად და სწორად შეაფასა, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---- ქ------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---- ქ------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი