განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/5541-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე _ ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი _ ოთარ ბუკია
აპელანტი - ალ----------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - ო-–-----------ი
წარმომადგენელი – ე-–----------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვბის თაობაზე.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
_ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილები ო-–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
ალ----------–---ს ო-–-----------ას სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ექვიბალენტი ლარის, ასევე ზიანის _ 850 ლარის გადახდა; მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 242 ლარის, ასევე ადვოკატის ხარჯის _ 480 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ალ----------–---ის საჩივარი; შესაბამისად, ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ო-–-----------მა მოპასუხეს სესხის სახით გადასცა თანხა 2 500 აშშ დოლარი;
მოპასუხეს თანხა უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 01 აგვისტომდე, რაც დასტურდება ხელწერილით.
მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელის მხრიდან, მაგრამ უშედეგოდ; ალ----------–---მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
2.2. მოპასუხეს ო-–-----------ის მიმართ ერიცხება დავალიანება 2500 აშშ დოლარის ოდენობით და ზარალის სახით სახით გადასახდელი თანხა 850 აშშ დოლარის ოდენობით.
2.3. ალ----------–---მა 2016 წლის 08 თებერვალს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2.4. 2016 წლის 16 მაისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად; კერძოდ, მოპასუხე ალ----------–---ს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღისა და ადგილის შესახებ ეცნობა 2016 წლის 11 მაისის სატელეფონო შეტყობინებით (ტომი 1, ს.ფ. 61).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
2.5. 2016 წლის 16 მაისს ალ----------–---ის წარმომადგენელმა ნ-----------–---–მა მიმართა განცხადებით სხდომის გადადების შესახებ, იმ მიზეზით, რომ მოცემულ დროს პროცესი ჰქონდა ქ. გორის სასამართლოში, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ მიიღო მხედველობაში, ვინაიდან განმცხადებელს არ წარუდგენია შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
2.6. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის არცერთი პირობა. ამასთან, სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობა სასამართლოს სხდომაზე გამოწვეული არ იყო რაიმე საპატიო მიზეზით.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ო-–-----------ის სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:
2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო კანონით დადგენილი წესით; კერძოდ, ალ----------–---ს, სასამართლოს სხდომის მდივანმა, 2016 წლის 11 მაისის სატელეფონო აქტით, აცნობა სასამართლო სხდომის დრო და ადგილი; საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასმართლოს და მიუთითა, რომ 2016 წლის 16 მაისს 14:00 საათზე ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან გორის რაიონულ სასამართლოში ჰქონდა პროცესი; სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, სსს კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, 2016 წლის 16 მაისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;
2.10. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მოპასუხეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, საჩივარში მითითებული გარემოებები მხარის მიერ ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით; აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ განცხადება ვერ გახდება გაუქმების საფუძველს.
ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე რომ მოპასუხე მხარე არ გამოცხადებულა არცერთ სასამართლოს სხდომაზე.
2.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საჩივარში მითითებული გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულების, საქმეში არსებული მასალებისა და სამართლებრივ ნორმათა ანალიზის შედეგად, დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი; მოპასუხეს არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებისა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ შელახა მისი უფლებები, რის შედეგად მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ვერ განახორციელა მისი პოზიციის გამოხატვა და არგუმენტების წარდგენა იმ მიზეზით, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მისი შუამდგომლობები სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტ (მოპასუხე) ალ----------–---ს 2016 წლის 11 მაისს ეცნობა 2016 წლის 16 მაისის სხდომის დღის შესახებ, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (ს.ფ. 61-ზე წარმოდგენილი აქტი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ); მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა; მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.
_ დადგენილია, რომ 2016 წლის 16 მაისს, ალ----------–---ის წარმომადგენელმა, ნ-----------–---–მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება, იმ მიზეზით, რომ ამავე დროს პროცესი ჰქონდა დანიშნული გორის სასამართლოში, თუმცა განმცხადებელს არ წარუდგენია დასახელებულ შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (ტომი 2, ს.ფ. 64-67);
_ აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე საქმის განხილვა დანიშნული იყო 2016 წლის 04 მაისს, რომელიც გადაიდო მოპასუხე ალ----------–---ის ოჯახის წევრის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე; კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ალ----------–---ის ოჯახის წევრის - ე-–--------–---ის 2016 წლის 04 მაისის განცხადება (ს.ფ. 55) სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, სადაც განმარტებულია, რომ მოპასუხეს ჰქონდა გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა (თირკმლის შეტევა) და მიუხედავად იმისა, რომ არც აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლომ გაიზიარა შუამდგომლობა და სხდომა გადადო.
4.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
როგორც მითითებული ნორმის ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ:
_ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
_ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარში ალ----------–---მა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა მოგვიანებით, რაც არც საჩივრის განხილვისა და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მას არ განუხორციელებია. ამდენად, სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ;
შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა; აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
სააპელაციო პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს აპლენატის პოზიციას მასზედ, რომ სასამართლომ შელახა მისი უფლებები და მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ვერ განახორციელა პოზიციის დაფიქსირება და არგუმენტების წარდგენა;
როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართებულად მიიჩნია, რომ ალ----------–---ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, გარდა აღნიშნულისა, პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ სააპელაციო საჩივარი ყოველმხრივ დაუსაბუთებელია და მხარე გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების, მის მიერ დასახელებული საფუძვლების ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებს.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინება გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს ძალაში.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ალ----------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ხათუნა არევაძე/
მოსამართლეები /ანა გოგიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/