განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002610647
საქმე №1ბ/1544-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გი-------–--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კო--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 7 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–------------------------------------------------–-----------------–-------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით კო--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
კო--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კო--------------ემ მეუღლეს სო-------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე ფეხსაცმელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო შემდეგ ძალით დააგდო ძირს და თავი დაარტყმევინა იატაკზე. ძალადობის შედეგად სო-------------–--ეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გი-------–--------ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და კო--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კო--------------ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლოიალური, რადგან სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა კო--------------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მან ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომელთანაც აქვს უთანხმოება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლოა მან მომავალშიც განაგრძოს დანაშაულებრივი ქმედება და ჩაიდინოს ახალი დანაშაული. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულისა და სხვა პირებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მიიღწევა, რადგან გამოყენებული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ქცევის გამოსწორებას; სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ ოჯახში ძალადობა სერიოზული და გავრცელებული ძალადობრივი ფორმაა, რასაც არაერთი ლეტალური შედეგი მოჰყოლია, ამიტომ სახელმწიფოებრივი მიდგომა ამგვარი ფაქტების მიმართ ძალიან მკაცრია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ იქნა; დღესდღეობით საქართველოში ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ გავრცელებული დანაშაულია და აუცილებელია მოძალადის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული იქნეს ადეკვატური სასჯელი, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული და განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვით, რითაც შესაძლებელი იქნება დაზარალებულის ინტერესების დაცვა.
მსჯავრდებულმა კო--------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება. მსჯავრდებული ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევის დღიდან გასულია თითქმის სამი წელი და მას მეუღლესთან მცირედი კონფლიქტიც აღარ ჰქონია.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ სო-------------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გი-------------------–---–ის, რა-----------ის, ირ-----–-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ კო--------------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის ხერხი - მრავალჯერადი დარტყმები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება. პალატა მხედველობაში იღებს, რომ ძალადობა ჩადენილი იქნა 2016 წლის 5 აგვისტოს, მას შემდეგ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა და პროკურორმაც დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, კო--------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობის განმეორების ფაქტს, დაზარალებულ სო-------------–--ის განცხადების თანახმად იგი შეურიგდა მსჯავრდებულს და განაგრძობენ თანაცხოვრებას. ამასთან, მსჯავრდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები და უარი განაცხადა მათ გამოკვლევაზე, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გი-------–--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
კო--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე