განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
330310017002055947
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002055947

საქმე №3ბ/600-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ჟ---------------ი

წარმომადგენელი - დ----------------ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტ ჟ---------------ის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ჟ---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ჟ---------------ის სასარჩელო მოთხოვნა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით ჟ---------------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად. დადგენილებაში აღინიშნა, რომ 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა, რა დროსაც მიტინგში მონაწილე ჟ---------------ს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N-----------------------) ი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

განაჩენის 3.5. პუნქტის მიხედვით, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავები მინისტრის ბრძანების შესაბამისად მოქმედებდნენ. ბრძანების შესაბამისად - პოლიციამ აბსოლუტური ალყა შემოარტყა რუსთაველის გამზირს და მომიტინგეების მიმართ გამოიყენა ერთდროულად და ინტენსიურად, ობიექტურად არასაჭირო რაოდენობის სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი, მხუთავი აირი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები. ისინი მომიტინგეებს სასტიკად სცემდნენ მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ხელებ-, ზოგჯერ ფეხებშეკრულებიც მიწაზე, წყლის გუბეში (ძლიერი წვიმის გამო) ვარდებოდნენ, დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი და ეს დაზიანებები დადასტურებულია, როგორც სამედიცინო ცნობებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით. პოლიციის მიერ ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალებების განურჩევლად გამოყენების შედეგად, მრავალმა ადამიანმა, რომლებსაც არ მიეცა მიტინგის ტერიტორიის დატოვების საშუალება, მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანება, განიცადეს ძლიერი სულიერი ტანჯვა, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამავე განაჩენის 3.7. პუნქტში აღინიშნა, რომ ი------------–---–ისთვის აქციის დაშლის ბრძანების გაცემამდე განჭვრეტადი იყო ის საფრთხე, რომელიც პოტენციურად შეიძლება წამოსულიყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ანუ მინისტრს შეეძლო და ევალებოდა გაეცა აქციის დაშლის ბრძანება ისე, რომ ოპერაციის დაწყებამდე გაეტარებინა ყველა სათანადო ღონისძიება რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მათ შორის, მიეღო ზომები, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ჯანმრთელობის დაზიანების რისკები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N---------) უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენი (საქმე N-----------------------), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N--------) მსჯავრდებულ ი------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის - ადვოკატ გ-------------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2.3. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, ჟ---------------ი 2011 წლის 16 ივისიდან-15 ოქტომბრამდე სარგებლობდა ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის'' მომსახურებით. ჟ---------------ი არის 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ საპროტესტო მიტინგის დარბევის შედეგად დაზარალებული პირი. ბენეფიციარი სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან დაექვემდებარა არაჰუმანურ მოპყრობას, კერძოდ, ფიზიკური ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად მიადგა მორალური, ფსიქიკური და ფიზიკური ზიანი. ბენეფიციარს გაეწია ცენტრის ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, იურისტის და ექიმი სომატოლოგის მომსახურება. „კ-----–---ში“ ჩაუტარდა ინსტუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები.

 

2.4. თბილისის I---–--------- საავადმყოფოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისად, ჟ---------------მა 2011 წლის 26 მაისს მიმართა სტაციონარს. პაციენტის დიაგნოზია სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში და წელის არეში მარჯვნივ. მოკლე ანამნეზის მიხედვით, წინა დღეს არის ნაცემი რუსთაველის გამზირზე მიტინგზე, სცემა სპეცრაზმმა. უჩიოდა ტკივილს წელის არეში და გულმკერდის მარცხენა ნახევარში.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე მითითებულ კონსტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

 

3.2. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

3.3. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011) სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება ემსახურება სულიერი განცდების, უსიამოვნების და ყველა იმ ტკივილის კომპენსირებას, რაც თან ახლავს ადამიანის სხეულის დაზიანებას. შესაბამისად, მისი მოცულობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და მისგან გამოწვეული მორალური ტანჯვის ხანგრძლივობაზე, გასათვალისწინებელია ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებაზე ზეგავლენის მოცულობა, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ ფაქტორზე არის დამოკიდებული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენსმორალური ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იყო მის მიმართ აქციის დაშლისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით.

 

მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიან აქციაში. აქცია ხელისუფლების ხელმძღვანელი პირის, კერძოდ კი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე იქნა დაშლილი, რასაც შედეგად მოჰყვა აქციაში მონაწილე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დაზიანება, ცალკეულ შემთხვევებში კი - სიცოცხლის მოსპობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილ ძალადობრივ ქმედებას.

 

დადგენილია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით მოსარჩელე ჟ---------------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად. დადგენილებაში აღინიშნა, რომ 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა, რა დროსაც მიტინგში მონაწილე ჟ---------------ს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი. სამედიცინო დაწესებულებათა მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, რომ ჟ---------------მა 2011 წლის 26 მაისს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, კერძოდ: ზოგადი დაჟეჟილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში და წელის არეში მარხცნივ. სასამართლომ მიიჩნია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჟ---------------მა მონაწილეობა მიიღო 2011 წლის 26 მაისის აქციაში. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ გაუმართლებელი ფორმით აქციის დაშლის შედეგად კი მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება.

 

3.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

 

კონსტიტუციის მითითებული ნორმით დაცულ უფლებას წარმოადგენს როგორც პოლიტიკური საქმიანობით განპირობებულ, პოლიტიკური შინაარსის და მიზანმიმართულების მქონე, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან საერთოდ აპოლიტიკური ხასიათის შეკრებების (მანიფესტაციების) გამართვის უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება N2/482,483,487,502 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ამავდროულად, აღნიშნული უფლება სახელმწიფოს, ერთის მხრივ, უდგენს ნეგატიურ ვალდებულებას გაუმართლებლად არ ჩაერიოს დაცულ უფლებაში და არ შეაფერხოს შეკრების თავისუფლება, ხოლო მეორეს მხრივ, აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას შეკრებაში მონაწილე პირები სხვათა ხელყოფისაგან და მისცეს მათ დაცული უფლების სრული რეალიზაციის საშუალება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლით, ასევე, დაცულია შეკრების თავისუფლების უფლება. მიუხედავად ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული შეკრების თავისუფლების უფლებისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და სახელმწიფო კანონით განსაზღვრული წინაპირობების შემთხვევაში უფლებამოსილია ჩაერიოს აღნიშნულ უფლებაში. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფლების შეზღუდვას უნდა ჰქონდეს საფუძველი ქვეყნის კანონმდებლობაში და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის დასაცავად: ეროვნული უშიშროება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი, არეულობისა თუ დანაშაულის აღკვეთა, ჯანმრთელობისა თუ მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების შეზღუდვა უნდა იყოს თანაბარზომიერი და აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ჩარევის უკიდურესი ფორმაა სახელმწიფოს მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტა. შეწყვეტა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრების დაშლა განიხილა, როგოც ჩარევის უკიდურესი საშუალება. ამით მან მკაცრი ფარგლები დაუწესა დაშლის მსურველ სახელმწიფო ორგანოებს თუ თანამდებობის პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის N2/2/180-183 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლა განხორციელებული ფორმით იყო თანაბარზომიერი და სხვა უფრო მსუბუქ ღონისძიებათა განხორციელებით ვერ იქნებოდა მიღწეული კანონიერი მიზნისთვის. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ განხორციელდა აქციის განზრახ უკანონო ფორმით დაშლა, რაზეც პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. აღნიშნული ფორმით აქციის დაშლის შედეგს მოსარჩელის ჟ---------------ის ჯანმრთელობისთვის მიყენებული დაზიანებები წარმოადგენს, კერძოდ, ზოგადი დაჟეჟილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში და წელის არეში მარხცნივ. ამდენად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების პირის უკანონო ქმედებასა და მოსარჩელისთვის დამდგარ ზიანს შორის.

 

3.5. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ სხვა ცნობებში მითითებულ ჯანმრთელობის მოშლას სხვადასხვა დიაგნოზით (გინეკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, გულის ჰიპერტენზიული დაავადება, მწვავე ბრონქიტი), სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი განაჩენში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასა და ამ დაავადებების წარმოქმნას შორის. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაავადებები წარმოიქმნა ან განვითარდა აქციის უკანონო დაშლისას მიღებული დაზიანებების შედეგად. შესაბამისად, ამ დაავადებებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

3.6. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულია ის ძირითადი პრინციპები, რომელთა განუხრელი დაცვა წარმოადგენს ყოველი პოლიციელის ვალდებულებას, კერძოდ, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა, კანონიერება, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, თანაზომიერება, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, პოლიტიკური ნეიტრალობა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობა. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები ყოველ ადამიანს უქმნის ლეგიტიმურ მოლოდინს მასზედ, რომ პოლიციის თანამშრომელი დაიცავს მის კანონიერ უფლებებს და არ განახორციელებს მათ უსაფუძვლო ხელყოფას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის მიყენებულ მორალურ ტანჯვას ამძაფრებს ის გარემოება, რომ იგი გამოწვეულია სამართალდამცავი ორგანოს მიერ, რომელიც მოქალაქეთა უფლებების დაცვის გარანტს უნდა წარმოადგენდეს, უკანონო და გაუმართლებელი ქმედებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ- ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლებში არ იგულისხმება კანონიერი მმართველობითი ღონისძიების შედეგად მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი, როგორც გვერდითი ეფექტი.

 

აპელანტი აღნიშნავს, ჟ---------------ის დაზარალებულად ცნობა ავტომატურად არ გულისხმობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანა მოხდა იმ პერიოდისათვის შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილება. აპელანტი მიიჩნევს, რომ ჟ---------------ი ვალდებულია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეტაპზე ამტკიცოს, თუ რა სახის დაზიანება მიიღო აქციის პერიოდში. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჟ---------------ის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

 

აპელანტის მოსაზრებით, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა მოკლებულია გადაჭარბებულია. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოდგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. აპელანტი მიუთითებს, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. მართალია, მორალური ზიანის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრება არის და ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულებისთ უნდა გადაწყდეს.

 

აპელანტის მითითებით, სახეზე არ არის ჟ---------------ის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. ამასთან, რაიმე დაავადების წარმოშობა ან არსებულის გართულებაც არ მომხდარა, ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

4.2. ჟ---------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცემულმა ბრძანებამ და სპეციალური დანიშნულების ჯგუფების მიერ ამ ბრძანების შესრულებამ არაპროპორციული და უკანონო მოქმედებების გამოყენებით განსაკუთრებული მორალური ტანჯვა მიაყენა. აპელანტი მიუთითებს, რომ უკანონო დაკავებითა და მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური იძულების უკანონო ხერხებით მიადგა წარუშლელი მორალური ზიანი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამართლებული და დასაბუთებულია.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე Nბს-648-623 (2კ-13)), რომ არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსს გააჩნია საკუთარი თავისებურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანი არის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი წონასწორობის მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაფიქსირებულია იმგვარად, რომ მას მიადგა მატერიალური ზიანი ჯანმრთელობის ვნების შედეგად მორალურ ზიანთან ერთად, დღემდე აქვს ძლიერი სტრესი, ესაჭიროება მთელი რიგი გამოკვლევები, რაც ასევე ასახულია ფომა N100-ში. აპელანტი მიიჩნევს რომ მის მიერ მოთხოვნილი კომპენსაცია 30000 ლარის ოდენობით არის სამართლიანი და საფუძვლიანი, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული მუხლი, ასევე, განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იყო მის მიმართ აქციის დაშლისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ ისე გარეთ.

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაზე №2/482,483,487,502 (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, როგორც გამოხატვის სპეციალურ ფორმას, ორი თანაბრად მნიშვნელოვანი უფლებისაგან განუყოფელი ასპექტი გააჩნია: შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა (უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. შეკრება და მანიფესტაცია შეიძლება იყოს პოლიტიკური საქმიანობის განუყოფელი ელემენტი, ემსახურებოდეს აზრის გამოხატვას, ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას და ა.შ.. სწორედ ამ შინაარსით არის კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლება ინსტრუმენტული და ასეთ შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება იყოს იდენტური იმ უფლების შეზღუდვის საფუძვლებისა, რომლის რეალიზებასაც ის ემსახურება.“ „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებას უწყობს ხელს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების (მანიფესტაციის) შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. ამასთან ერთად, შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. ამ უფლების, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლების სხვა ფორმების, შეზღუდვა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის, სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით.“ „შეკრება ან მანიფესტაცია, ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილი, მის ერთ-ერთ მახასიათებელია. არსებობს კონსენსუსი დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასთან მიმართებით, თუმცა ამ უფლების გამოვლინება ხშირად კონფლიქტში მოდის სხვათა უფლებებთან, ან საზოგადოების ინტერესებთან, ისეთებთან, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და ა.შ. პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური უფლების რეალიზაციისას, მანიფესტაციის ორგანიზატორების და მონაწილეების უფლება ბუნებრივად უპირისპირდება სხვათა უფლებებს, მათ შორის, უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც საგზაო მოძრაობის შეფერხებით შეიძლება შეიზღუდოს. ასეთი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილი და ვალდებულიცაა, რომ ჩაერიოს, თუმცა ასეთი ჩარევა უნდა იყოს გონივრული და მიზნის პროპორციული. გარდა ამისა, უფლებათა შორის ბალანსის დაცვის მიზნით კანონმდებელი უნდა ხელმძღვანელობდეს მკაფიო კრიტერიუმებით.“ „შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას. თუმცა ამ უფლების რეალიზება არა მხოლოდ სხვათა გადაადგილების თავისუფლებას, არამედ, ასევე გადაადგილების მსურველთა პროფესიული საქმიანობის ან საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას შეიძლება დაუპირისპირდეს. შეკრებაში (მანიფესტაციაში) მონაწილეთა მიერ აზრის მწვავე ფორმით გამოხატვის და გზის თვითნებური გადაკეტვის მიზანს ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, სხვათა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, შეკრების (მანიფესტაციის) მონაწილეთა მიერ მაქსიმალური ეფექტის მიღწევის საშუალებად არის ქცეული. აზრის გამოხატვისას ქუჩის მიზანმიმართული, განზრახ გადაკეტვის შემთხვევაში შეკრების მონაწილეთა და ორგანიზატორთა მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად აქცევს იმ პირების ინტერესებს, რომლებიც აქციაში მონაწილეობას არ ღებულობენ. შესაბამისად, ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობის ნებისმიერ დროს და ადგილას გარანტირება სხვათა უფლების გაუმართლებლად ხშირ შეზღუდვას გამოიწვევს. არასწორია იმის მტკიცება, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლი შეკრებაში (მანიფესტაციაში) მონაწილეთ ანიჭებს უფლებას, საკუთარი მიზნების მისაღწევად მიზანმიმართულად შეზღუდონ სხვათა უფლებები. როდესაც სხვათა უფლებების შეზღუდვა წარმოადგენს შეკრების (მანიფესტაციის) თვითმიზანს ან როდესაც უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის მიზნით ხელისუფლება უფლებამოსილი ხდება, ჩაერიოს შეკრებისა და მანიფესტაციის განხორციელების პროცესში.“ „მართალია, რომ შეკრებაში (მანიფესტაციაში) მონაწილენი თავად განსაზღვრავენ იმ ფორმას, რომელიც შეკრების მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს, მაგრამ ვინაიდან შეკრების (მანიფესტაციის) უფლების განხორციელებისას პირი უშუალო შემხებლობაში მოდის საზოგადოების სხვა წევრების ინტერესებთან, მას საზოგადოებაზე და სხვათა უფლებებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ჩნდება ამ უფლებით სარგებლობის ორგანიზაციული და პროცედურული საკითხების კანონმდებლობით მოწესრიგების აუცილებლობა. კანონმდებლობამ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს უფლების რეალიზების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას გონივრული ბალანსი ამ უფლებას და საზოგადოებრივ ინტერესებსა და სხვათა უფლებებს შორის, რომელთაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება შეიძლება დაუპირისპირდეს. ამავე დროს, რაც უფრო ინტენსიურად იჭრება შეკრების უფლება სხვათა უფლებებში, მით უფრო ფართოა შეკრების (მანიფესტაციის) პროცესში ხელისუფლების ჩარევის უფლებამოსილება.“ „როდესაც მანიფესტაციის განხორციელების შესაძლებლობა სხვათა უფლებების შეულახავად და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გარეშე არის შესაძლებელი იმ ადგილას, სადაც მანიფესტაციის პროტესტის ან მხარდაჭერის ადრესატი იმყოფება, ხელისუფლება უფლებამოსილია, შეზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, თუ ის ქუჩის ბლოკირებაში, მის გადაკეტვაში გამოიხატება, რომელიც სხვათა უფლებების და თავისუფლებების დარღვევას იწვევს ან საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას უპირისპირდება.“

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლება წარმოადგენს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. თუმცა აღნიშნული ძირითადი უფლებები არ არის აბსოლუტური, კანონმდებლობით დასაშვებია მათი შეზღუდვა, საჯარო ხელისუფლებამ მართლზომიერად უნდა განახორციელოს აღნიშნული, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს კანონის შესაბამისი და ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს (ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესები, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვა და სხვ.), იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იძულების მექანიზმები უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაბარზომიერი და არ უნდა გამოიწვიოს პირის კონსტიტუციურ უფლებათა არაპროპორციული შელახვა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელშეუვლად აცხადებს, შესაბამისად, სახელმწიფოს მრავალ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას აკისრებს. ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია. ადამიანის უფლებათა ბუნებითი წარმოშობის აღიარება სწორედ ადამიანის ღირსების აღიარებას გულისხმობს. ადამიანს რომ ღირსება აქვს, სწორედ ამიტომ გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობის, ღირსეული ცხოვრების უფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველივე დებულებაში გაცხადებულია, რომ დეკლარაცია ეყრდნობა ,,ადამიანის ხელშეუვალი, თანაარსი ღირსების, თანასწორობისა და განუყოფელი უფლებების აღიარებას”. ადამიანის ღირსება თანაარსია ადამიანისთვის, როგორც გონიერი, თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე არსებისთვის. შესაბამისად, ყველას უნდა გააჩნდეს სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, უსაფრთხოებისა და სხვა უფლებები და ისინი არ ექვემდებარება პოზიტიური სამართლით გაუქმებას. ადამიანის ღირსების ასეთი ფართო გაგება უდევს საფუძვლად სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს - ადამიანის უფლებებით სახელმწიფოს ბოჭვას. ადამიანის ღირსების დაცვის უზრუნველყოფის საშუალებაა სამართლიანი დაცვა. სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს. მოქალაქეებს, ცხოვრობენ რა დემოკრატიულ სახელმწიფოში, გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლნი. სახელმწიფო მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს განცდას, რომელიც მათში უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მისი უფლებების დაცვის გარანტორი - კანონი ეფექტურად უნდა იქნეს აღსრულებული პრაქტიკაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №1/4/592 აღნიშნულია, რომ ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება. კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. „ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების – ადამიანის თავისუფლების საფუძველი , ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა. „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე “ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ”). „ღირსება ... არ შეიძლება იქნეს განხილული , როგორც მხოლოდ ერთ - ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები ... ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ “, II-31). „ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრეს იმპერატივს, ადამიანის ღირსების დაცვას, რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება #3/1/512 საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ძირითადი უფლებების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის, აღიარება კონსტიტუციის მიერ. კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა, იქცეოდა გამოფიტულ წინადადებებად, ადამიანი მოკლებული იქნებოდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო სახელმწიფოს კი თვითნებური მოქმედებისა და ძირითადი უფლებების იგნორირების უკიდეგანო შესაძლებლობები მიეცემოდა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში, რუსთველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო მიტინგი, რომლის ერთ-ერთ მონაწილესაც წარმოადგენდა მოსარჩელე ჟ---------------ი. 2011 წლის 26 მაისს, ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული აქცია დაშალეს. სასამართლო მიუთითებს, რომ ის ფაქტი, რომ მიტინგის დაშლა განხორციელდა უკანონო საშუალებებით დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით. ამდენად, სახელმწიფოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ამასთან, გარდა აღნიშნული უფლებით კანონით დადგენილი წესით სარგებლობის შეუძლებლობისა, მიტინგის დაშლის შედეგად დაირღვა მოსარჩელის ღირსების უფლება, ხელყოფილ იქნა მისი ჯანმრთელობა, რაც დადასტურებულია წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებითა და პროკურორის 2013 წლის 23 ივლისის დადგენილებით. შესაბამისად, ჟ---------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს მის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედება ქმნის, რომლის შედეგადაც შეილახა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, პოლიციის ამოცანებია: ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ბ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების, პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს, ხოლო მე-8 მუხლის „ა“ და „ძ“ ქვეპუნქტების თანახმად, პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, რაც შეიძლება გამოიხატოს უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე კანონის ფარგლებში განხორციელებული ქმედებებიც წარმოადგენდეს ზიანის წარმომშობ ქმედებებს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის ქმედების უკანონობა სწორედ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება. აღნიშნულ საქმეზე კი მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება ზიანის მოცულობის გამოთვლისას გასათვალისწინებელ აუცილებელ კრიტერიუმებზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ოდენობა განსაზღვრულია სადავო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ჟ---------------ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე თამარ ონიანი