განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001572941
საქმე №1ბ/1150-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ლ-------------–--ის, ც-------–---–---ის
ადვოკატის: ზ-------------–---ის
გამართლებულის: ვ-----------–-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ვ-----------–-------ის, დაბადებულის 1976 წლის 14 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–---------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-----------–-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–------------------------–--------------------------------–--–-----–----------------------------------–------------------------------ში, ვ-----------–-------მა ოთხი თვის ორსულ მეუღლეს, მ-----------ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავში რამდენჯერმე, რის შედეგადაც მ-----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვ-----------–-------ის ქმედებით მ-----------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით:
ვ-----------–-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ვ-----------–-------ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი გამართლებულ ვ-----------–-------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-----------–-------ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასამართლოში მოწმედ დაკითხული ს-----–-----------ს პირდაპირი ჩვენებით, მოწმე ნ-----------ს ირიბი ჩვენებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ასევე ირიბი მტკიცებულებაა - დასტურდება ვ-----------–-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ვ-----------–-------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
მოწმე ს-----–-----------მ (დაზარალებულის მამიდა) სასამართლოში აჩვენა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს მობილურ ტელეფონზე დაურეკა მ-----------მ. საუბრისას მ---მ უცბად დაიძახა - ,,ვაი დედაო’’ და შეკითხვაზე, რა მოხდა, უპასუხა, რომ ვ-------მა თავში ჩაარტყა. მას (მოწმეს) საუბრისას არც ვ-----------–-------ის ხმა, არც ყვირილის და კივილის ხმა არ გაუგია. ვ-------თან ჩხუბის შემდეგ მ--- და ბავშვი მასთან (ს-----–-----------სთან) მივიდნენ. მ-----------ს ვიზუალურად დაზიანება არ ემჩნეოდა. მისი (მოწმის) განმარტებით, მანამდე მ---ს და ვ-------ს შორის რა მოხდა, არ იცის და არც არასოდეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. სასამართლოში მოწმე ნ-----------მ (დაზარალებულის და) აჩვენა, რომ ვ-----------–-------ს და მ-----------ს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე წლის წინ დას სხეულზე დაზიანება (სილურჯე) შეამჩნია. შემდეგ მ---ს მობილურში მოკლე ტექსტური შეტყობინებები წაიკითხა და გაიგო, რომ დაზიანება ვ-----------–-------მა მიაყენა. მას (მოწმეს) არაერთხელ დაურეკავს ვ-----------–-------ისთვის და უთქვამს, რომ მისი დისთვის შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინა. იგი (ნ-----------) ვ-----------–-------სა და მ-----------ს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას უშუალოდ არასდროს შესწრებია და 2016 წლის 31 აგვისტოს განხორციელებული ძალადობის თაობაზე (ვ-------ის მიერ მ---სთვის თავში ჩარტყმის შესახებ) ინფორმაცია აქვს მამიდისგან და დისგან. აღსანიშნავია, რომ თვითონ დაზარალებულმა მ-----------მ გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში არ მისცა ჩვენება ვ-----------–-------ის წინააღმდეგ.
სააპელაციო პალატა მოწმეების - ნ-----------ს და ს-----–-----------ს ჩვენებების შეფასებისას სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და დასკვნას მათი ჩვენებების ირიბ ჩვენებებად მიჩნევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო ბრალდება ვ-----------–-------ს ედავება მეუღლის - მ-----------ს მიმართ 2016 წლის 31 აგვისტოს განხორციელებულ ძალადობას (ხელი დაარტყა თავში რამდენჯერმე მ-----------ს), რისი უშუალო შემსწრე მოწმე ნ----------- არ არის და ამ უკანასკნელს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქვს მამიდისგან და დისგან. რაც შეეხება მოწმე ს-----–-----------ს, მან აღნიშნული ძალადობის შესახებ ინფორმაცია ასევე მიიღო მ-----------სგან, როდესაც ამ უკანასკნელს ესაუბრებოდა მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც მ---მ უცბად დაიძახა - ,,ვაი დედაო’’ და შეკითხვაზე განმარტა, რომ ვ-------მა თავში ჩაარტყა ხელი. ს-----–-----------ს უშუალოდ, თავისი თვალით არ დაუნახავს, მართლა ჩაარტყა თუა არა ვ-----------–-------მა ხელი თავში მ-----------ს, აგრეთვე, ს-----–-----------ს არ გაუგონია ტელეფონში არც ვ-----------–-------ის და არც რაიმე ჩხუბისა და აყალ-მაყალის ხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია მოწმე ს-----–-----------ს ჩვენება შეფასდეს პირდაპირ ჩვენებად და მით უფრო ისეთ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ვ-----------–-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა - ნ-----------ს და ს-----–-----------ს ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება ვ-----------–-------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამახილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება დაზარალებულის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და სასამართლოში ექსპერტ ს------------–-----ს ჩვენებას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,მედისონის’’ სამედიცინო ცენტრის ჩანაწერებით (კლინიკისთვის მიუმართავს 7.09.2016 წელს და 8.09.2016 წელს) მ-----------ს დაუდგინდა დიაგნოზი: ორსულობა 21 კვ. 4 დღე, ქალა ტვინის ტრავმა. ამავე კლინიკაში 8.09.2016 წელს ჩატარებული ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა დიაგნოზი - ქალა ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა. შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი - 12.09.2016წ.) მ-----------ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. ქალა-ტვინის ტრავმის, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი მდგომარეობის დიაგნოზები დაუზუსტებელია, ამდენად დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. დაჟეჟილობა სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს. წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების ჩანაწერებში, მ-----------ს სხეულზე მექანიკური დაზიანებების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. სასამართლოში ექსპერტმა ს------------–-----მ დაადასტურა მის მიერ ხსენებული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და შედეგები და დამატებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შესამოწმებელი პირის სხეულზე დაზიანება იარსებებდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული ჩანაწერებში, რა ფორმით იყო გამოხატული (მაგ. ნაჭდევი, სისხლნაჟღენთი, ჭრილობა თუ სხვა). დაჟეჟილობა არ წარმოადგენს დაზიანების რაიმე ობიექტურ ნიშანს, ხოლო სამედიცინო დოკუმენტებში მ-----------ს სხეულზე რაიმე დაზიანების არსებობის თაობაზე მითითებული არ არის.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებას და დამატებით აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებული და დასკვნა გაცემულია წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე და დასკვნის მიხედვით, მ-----------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე და არ არსებობს პირველწყაროს, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ-----------ს მიერ სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ვ-----------–-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ვ-----------–-------მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ვ-----------–-------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ვ-----------–-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი გამართლებულ ვ-----------–-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი ვ-----------–-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ-----------–-------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ ვ-----------–-------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ-----------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე