განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002104497
საქმე №2ბ/2936-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - შპს „გ--–---ი“
წარმომადგენელი - ჯ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე - გ------ი კ---------–ი
წარმომადგენელი - მ---------–----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
აღწერილობითი ნაწილი
1. გ------ი კ---------–ი (მეიჯარე) და შპს „გ--–---ი“ (მოიჯარე) საიჯარო ურთიერთობაში იმყოფებიან 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მეიჯარის ვალდებულება, მოიჯარეს გადასცეს მეიჯარის საკუთრებაში არსებული ფართი, საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. თბილისი, ც--–------ს ქუჩა N5/25, ს/კ 0---------------. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 მაისამდე.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი მეიჯარის მიერ, მოიჯარეს გადაეცა გასარემონტებელ მდგომარეობაში არსებული ინვენტარის გარეშე. მოიჯარემ მხარეთა შეთახმებით გაარემონტა საიჯარო ფართი.
3. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ც--–------ს ქუჩა N5/25, ს/კ 0--------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ------ი კ---------–ის სახელზე.
4. გ------ი კ---------–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „გ--–---ს“ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 9760.53 ლარი. სარჩელის მიხედვით, მხარეები საიჯარო ურთიერთობაში იმყოფებიან 2016 წლის 13 მაისს შედგენილი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა გ------ი კ---------–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. თბილისი, ც--–------ს ქუჩა N5/25, ს/კ 0---------------. ხელშეკრულება გაფორმა ორი წლის ვადით 2018 წლის 13 მაისამდე. 2017 წლის ივლისის თვეში, მოსარჩელემ აღმოაჩინა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართში საკმაოდ დიდი დროის მონაკვეთში გამოედინებოდა წყალი. რომლის შედეგადაც სახლს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, დაზიანდა სახლის ჭერი, კედლები, პარკეტის იატაკი, სარდაფი და სხვა სათავსოები, რაც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში. მოსარჩელის განმარტებით, ასეთი ფაქტის შესახებ მოპასუხეს არ უცნობებია და არც ზიანი აუნაზღაურებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს შპს „გ--–---ს“ დაეკისროს მატერიალური ზარალის ანაზღაურება - 9760.53 ლარი.
5. მოპასუხე შპს „გ--–---ი“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. მისი განმარტებით, საექსპერტო დასკვნაში არ არის დადგენილი ზიანის დადგომის ზუსტი დრო, მისი გამომწვევი მიზეზი. ასევე არ ფიქსირდება საიჯარო საგანის საკადასტრო მონაცემები. მოპასუხემ მიიღო გაურემონტებელი, უვარგის მდგომარეობაში, ინვენტარის გარეშე ფართი, რომელიც თავისი ხარჯით გააუმჯობესა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სარჩელის არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „გ--–---ს“ გ------ი კ---------–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 6759.86 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
6.1.წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „გ--–---ს“ ეკისრება წყლის გამოდინების შედეგად უძრავ ნივთზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში სადავოა საექსპერტო დასკვნაში დადგენილი ზიანის დადგომის ზუსტი დრო და მისი გამომწვევი მიზეზი. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, საიჯარო საგანი მას გადაეცა გაურემონტებელი, უვარგის მდგომარეობაში. შესაბამისად, მისი ბრალეულობა დაზიანებული ნივთის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. უდავოა, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან 2016 წლის 13 მაისიდან 2018 წლის 13 მაისამდე. ამავე ხელშეკრულებით, მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა გ------ი კ---------–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. თბილისი, ც--–------ს ქუჩა N5/25, ს/კ 0---------------. დადგენილია, რომ ქონების დაზიანების შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის ივლისის თვეში, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნა შედგენილია 2017 წლის 18 ივლისს, სადაც ნათლადაა ასახული წყლის ზემოქმედების შედეგად ქონების დაზიანების შესახებ. შესაბამისად, დასახელებული გარემოებების დროში თანხვედრა სასამართლოს აძლევს ლოგიკური და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ წარმოშობილ მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს და ზიანი წარმოიშვა მისი ბრალეული ქმედებით. საგულისხმოა, რომ დადგენილი გარემოების საწინააღმდეგო დასაბუთებული ფაქტები და მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მართალია ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ფართი მეიჯარის მიერ, მოიჯარეს გადაეცა გასარემონტებელ და ნახმარ მდგომარეობაში, თუმცა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სასამართლო მოპასუხის არგუმენტს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების თაობაზე ვერ გაიზიარებს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. სასამართლო შენიშნავს, რომ გ------ი კ---------–მა სარჩელის აღძვრისას წარმოადგინა ყველა ის ფაქტი და მტკიცებულება, რომელმაც დაადასტურა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რაც გააბათილებდა ასეთი ფაქტის არ არსებობას. ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებანი ადასტურებენ მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტს.
6.2 გ------ი კ---------–ის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 6759.86 ლარს. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 ივლისის N5--------- დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ექსპერტის მიერ ადგილზე შესწავლილი იქნა გამოსაკვლევი ობიექტი, რა დროსაც გამოირკვა, რომ ქ. თბილისში, ც--–------ს ქ 5/25-ში სარდაფში ჭერზე და კედლებზე, პირველ სართულზე შესასვლელში და ორ ოთახში კედლებზე და იატაკზე შეინიშნება წყლის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული დაზიანებები. წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია სარდაფის შეღებილი ჭერი და კედლები, ხოლო პირველ სართულზე შესასვლელში და ორ ოთახში დაზიანებულია შეღებელი კედლების ქვედა ნაწილები და პარკეტის იატაკი. აღნიშნული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭიროა წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ კედლებზე და ჭერებზე საღებავის ფენის მოხსნა და ახლიდან შეღებვა, დაზიანებული პარკეტის იატაკზე დემონტაჟი, ახალის დაგება, მოხვეწა და გალაქვა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ც--–------ს ქ 5/25-ში წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ჭერების, კედლების და იატაკების აღსადგენად საჭირო სამუშაოებია საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 9760.53 ლარს. საქმეში ასევე წარმოდგენილია დამოუკიდებელი შემფასებლის შპს „ა--------------–-------------–-ს“ აუდიტორული დასკვნა საიჯარო საგანზე არსებული ზიანის ღირებულების შეფასების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, შეფასებული ქონების ზიანის ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასებული იქნა 260 ლარით. მაშასადამე, სახეზეა, ორი დასკვნა, სადაც მიყენებული ზიანის (თანხობრივი) ოდენობა რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კონკრეტიზება. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წყლის გამოდინების შედეგად დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ცხრილში დეტალურად განსაზღვრულია ყველა ის საჭირო ხარჯი, რაც უზრუნველყოს საიჯარო საგნის საყოფაცხოვრებო პირობებში მოყვანას, ხოლო შპს „ა--------------–--------------–-ს“ აუდიტორული დასკვნაში განსაზღვრული ზიანის ოდენობა დაზიანებების გათვალისწინებით არაა სრულყოფილი და დეტალურად გაწერილი. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნაში დადგენილ ზიანის ოდენობას - 6659.86 ლარის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს საიჯარო საგნის აღდგენას, რომელსაც უნდა დაემატოს ჩასატარებელი სამუშაოებისთვის საჭირო მასალის ტრანსპორტირების და სამშენებლო ნარჩენების გასატანის თანხის ოდენობა - 100 ლარი, ჯამში - 6759.86 ლარი. რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებების და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების ოდენობას, სასამართლოს კვლევის აღნიშნული ნაწილი მიაჩნია დაუსაბუთებლად. რადგან მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იურიდიულ პირთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, რაც ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ დამატებით ხარჯების ანაზღაურების საფუძველს შექმნიდა. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ ხ----------------–---–- და ი-----–---. მოწმე ხ----------------–---–მა ჩვენების დროს მიუთითა და დაადასტურა სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ი-----–---ს სასამართლოსთვის არ მიუთითებია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოების თაობაზე, მეტიც მისი განმარტებით დავის გარემოებების შესახებ მისთვის უცნობია.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. დადგენილია, რომ გ------ი კ---------–ის ქონების დაზიანება გამოწვეულია შპს „გ--–---ის“ ბრალეული ქმედებით, რომელმაც ვერ უზრუნველყო საიჯარო ქონების სათანადოდ მოვლა-პატრონობა. აღნიშნულმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება. სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ი კ---------–ის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 6759.86 ლარს. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა და სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „გ--–---იმ“ აპელანტის განმარტებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, თითქოს გ------ი კ---------–ის ქონების დაზიანება გამოწვეულია შპს „გ--–---ის“ ბრალეული ქმედებით და ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო საიჯარო ქონების სათანადომოვლა-პატრონობა არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” დასკვნის საფუძველზე არ არის დადგენილი მატერიალური ზარალის ზუსტი ოდენობა, დადგენილია მხოლოდ საორიენტაციო ღირებულება რაც არ უნდა იქნას შეფასებული სასამართლოს მიერ როგორც მტკიცებულება. მხრეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარშედეგს შორის. ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული არამედ ზიანის გამომწვევიც, რაც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა.
სასამართლომ მართალია გამოიყენა საქართთველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 102-ე მუხლი მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ ამ კანონის მესამე ნაწილში მოცემული იმპერატიული მოთხოვნა დაარღვია სასამართლომ. სამქეში არარსებული მტკიცებულებებით, კერძოს ზიანის გამომწვევი მიზეზებისა და დადგომის ზუსტი დროის დადგენის გარეშე.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი, 408-ე და 992-ე მუხლები და არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლების იმპერატიული დანაწესი.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. პალატა იზაიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 6.1; 6.2. პუნქტები) სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით და განმარატავს შემდეგს: დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით.
10. მოსარჩელე ითხოვს ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნივთზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მისი ამგვარი მოთხოვნების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394; 531 და 547; 557; 573-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად კი ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
პალატა განმარტავს მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო არა იჯარის არამედ, ქირავნობის ხელშეკრულება და მიუხადავად მათი მსგავსებისა (მათი საგანია ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი, ორივე შემთხვევაში ნივთი მხარეს გადაეცემა სარგებლობაში, ორივე სასყიდლიანია და ა.შ), მათ შორის არსებობს განსხვავება, რაც განაპირობებს საიჯარო ურთიერთობის ზოგიერთ ასპექტში განსხვავებულად, სსკ-ის 581-606-ე მუხლებით მოწესრიგების აუცილებლობას. ამ განსხვავების საილუსტრაციოდ სსკ-ის 531-ე და 581- ე მუხლების სამართლებრივი კონსტრუქციების შედარება სრულიად საკმარისია: [„ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“], [„იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“]. ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს [სსკ-ის 147-ე მუხლი], ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“). საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა კონკრეტული უძრავი ნივთი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ იძლეოდა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას; კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი სახსრებით გაარემონტა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურა ნაქირავები საგანი. (იხ სუსგ საქმე ას-738-700-2015)
11. სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლის თანახმად: გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს. ამავე კოდექსის 557-ე მუხლით გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას. ხოლო 573-ე მუხლით გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად მოხმობილი ნორმების ერთობლიობით დამქირავებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ნივთის ვარგისიანი მდგომარეობა, იგი არ აგებს პასუხს ნივთის ჩვეულებრივი სარგებლობიდან გამომდინარე ცვეთისა და გაუარესებისათვის, თუმცა პასუხს აგებს განზრახ ან გაუფრთხილებლობით ნივთზე მიყენებული ზიანისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დამქირავებელის მიერ გამოჩენილი უყურადღებობითა და უხეში გაუფრთხილებლობით ქირავნობის საგანს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატება მეორე სართულიდან წყლის ჩამოდინებით პირველი სართულის დაზიანებაში.
12. აპელანტი შპს „გ--–---ი“ სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობას და უარყოფს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ვინაიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ მოხდა ზიანის მიყენების ზუსტი დროის განსაზღვრა, ამასთან არაა დადგენილი ზიანის გამომწვევი უშუალო მიზეზი. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს ) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ასევე მიყენებული ზიანი და მისი ოდენობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე მხარემ სრულად უზრუნველყო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. მოპასუხე მხარემ კი თავის მხრივ, წარმოადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დამდგარი ზიანის ოდენობა, რამდენჯერმე ნაკლებია სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დადგენილ ოდენობაზე, აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა მოახდინოს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შეფასება მისი სარწმუნოობისა და ჩამტარებელი სუბიექტის კვალიფიციურობის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ დასკვნებს და განმარტავს რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვანში სრულყოფილად, დეტალურად არის შესწავლილი ნივთის დაზიანებისა და მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი ფაქტები და ეს დასკვნები დასაბუთებულია ვალიდური კვლევის მეთოდების შესაბამისად, რასაც ვერ ვიტყვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნაზე.
13. მოწმის ჩვენების შესახებ პალატა განმარტავს რომ, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით წარმოადგენენ მტკიცებულებას და ამ მხრივ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევიან, მოწმის განმარტება უფრო კრიტიკულად უნდა შეფასებულიყო. თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას. გასათვალისწინებელია ასევე გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. მართალია, მოწმე, როგორც წესი, არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაინტერესებული პირი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს საქმის გადაწყვეტის შედეგით სხვაგვარი დაინტერესება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული ურთიერთობით, სიმპათიითა და ანტიპათიით, სამსახურებრივი ურთიერთკავშირებით. ყოველივე აღნიშნული, ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს; მოწმე მართალია ფიცს დებს, რომ სასამართლოს მიაწვდის არსებითად სწორ ინფორმაციას თუმცა ამ შემთხვევაში არ შეიძლება ის მიჩნეული იქნეს, როგორც არა დაინტერესებული პირი. ვინაიდან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმე არის მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომელი, შესაბამისად დავის გადაწყვეტის შედეგი, რა თქმა უნდა შედის უშუალოდ მოწმისა და მისი დამსაქმებლის ინტერესებში, აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწმის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს მიერ სარწუმო მტკიცებულებად.
ამასთან პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ მოპასუხე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოშიც განმარტავდა რომ ნივთის გაუმჯობესებისათვის მხარეთა შეთანხმებით შესაბამისი სარემონტიო სამუშაოები ჩაატარა, ამდენად, ქირავნობის საგანი სავსებით შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს და საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, (რომ ნივთი ამგვარ მდგომარეობაში იყო გაქირავებისას ან წყლები ქუჩიდან შემოვიდა) საქმეზე არ არის წარმოდგენილი.
14. სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამხვილებს, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაზე, რომელიც შეეხება მხარეთა შეთანხმებას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ურთიერთპრეტენზიების არქონას. აპელანტის მიერ აღნიშნული შეთანხმება მიჩნეულია, როგორც სარჩელზე უარის თქმა, შესაბამისად ის შუადგომლობდა სასამართლოს წინაშე, რომ შეწყდეს საქმის წარმოება, იმ საფუძვლით, რომ დავის საგანი აღარ არსებობს და მხარეებს არ აქვთ მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი მიმდინარეობს დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნული ნორმა, მხარეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას მიმართონ ან არ მიმართონ სასამართლოს ან ნებისმიერ დროს უარი თქვან თავიანთ სასარჩელო განცხადებაზე. აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (მხარეთა შეთანხმება), რომელიც მართალია ორივე მხარის მიერაა ხელმოწერილი, თუმცა არ მიიჩნევა სარჩელზე უარის თქმად, ვინაიდან, თავისი ბუნებით სარჩელზე უარის თქმა ისეთი საპროცესო მოქმედებაა, რომლის განხორციელების შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას ხელმეორედ მიმართოს სასამართლოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლითა და იმავე მხარის მიმართ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ უარი სარჩელზე უნდა იყოს მკაფიოდ და დამაჯერებლად გამოხატული, რომ სასამართლოს შეექმნას რწმენა, რომ მოსარჩელე მხარე აცნობიერებს იმ სამართლებრივ შედეგს რაც მოჰყვება სარჩელზე უარის თქმას. მოსარჩელეს კი, უარის თქმის შესახებ საკუთარი ნება მკაფიოდ და დამაჯერებლად არ გამოუთქვამს. პალატა მიაჩნია რომ, მოცემული შეთანხმება ადასტურებს მხოლოდ მხარეთა შორის ხელშეკრულების მოშლას და არ შეიცავს დათქმებს უკვე სასამართლოში არსებული სამართალწარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
15. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირი ნიშნავს ადამიანის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებულ მოვლენათა შორის ისეთ ობიექტურ კავშირს, როდესაც ერთ მოვლენას (შედეგს) იწვევს მეორე (მიზეზი) დროის მიხედვით, მოქმედება წინ უნდა უსწრებდეს მავნე შედეგს. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად, ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემებებისა და მათი მატერიალურ- სამართლებრივი შეფასებების კვალობაზე არ არსებობს შპს „გ--–---ის“ სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილების წინაპირობები.
16. საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ--–---ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /დიანა ბერეკაშვილი/