განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
130100118002632493
ინსტანცია
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002632493

საქმე №1ბ/1567-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

კ------- ლ-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ხ-–------------------------–----------ი, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენით კ------- ლ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2018 წლის 22 აგვისტოდან 01 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.

დანიშნული სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

კ------- ლ-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 22 აგვისტოს, შუადღის საათებში, კ------- ლ-----ემ, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა თვისი მეუღლის დასთან - ქ------- ბ----–-–---–თან ხაშურში, თ------–---–-------------ში, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - მეუღლეს, შ------- ბ----–-–---–ს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-- გ-----ემ და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და კ------- ლ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, რადგან კ------- ლ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს - შ------- ბ----–-–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა, მასთან დაკავშირებული საფრთხეები და შედეგები, ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე მათი თანაცხოვრების განმავლობაში ხშირად გამოხატავს მის მიმართ აგრესიას და აყენებს შეურაცხყოფას, ინტენსიურად მოიხმარს ალკოჰოლს, რომლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძალადობს მასზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კ------- ლ-----ემ ამჯერადაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ. სასჯელის დანიშვნისას მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ მოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ კ------- ლ-----ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მეუღლს მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს.

 

მსჯავრდებულ კ------- ლ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა აპელანტის მოთხოვნას და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ შ------- ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ქ------- ბ----–-–---–ის, მ------ ბ----–-–---–ის, ბ------ ღ-------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო კ------- ლ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს შვიდი არასრულწლოვანი შვილი, მატერიალურად ეხმარება ოჯახს, დაზარალებულის განმარტებით, მომხდარ ფაქტამდე კ------- ლ-----ეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, იგი შეურიგდა მეუღლეს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ კ------- ლ-----ემ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში და ჩათვალა, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

კ------- ლ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63 -64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 22 აგვისტოდან - 01 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

კ------- ლ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე