განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
140100107002559288
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100107002559288

საქმე #1/ბ-1176-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე -ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი---------------–---–ი;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - არ---–------–-–---–ი;

მსჯავრდებული - ზა--------–-----ძე, დაბადებული 1--- წლის 1------------–-- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: კ-----------------------–----------- ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი - 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია (გაუპატიურება, ე.ი სქესობრივი კავშირი ძალადობით და ძალადობით მუქარით);

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

სასჯელი:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენით ზა--------–-----ძე (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, ზა--------–-----ძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულმა (აპელანტი) მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება და სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული არის მკაცრი და სასამართლოს ზა--------–-----ძისთვის უნდა შეეფარდებინა მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი. ზა--------–-----ძე პირველადაა სამართალში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთა ცოლად მოყვანის მიზნით, დანაშაულის ჩადენიდან გასულია 14 წელი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა განმარტა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, სასამართლოს ანდობს გადაწყვეტილების მიღებას.

 

სასამართლომ დაადგინა:

კასპის რაიონის სოფელ ა------–- მცხოვრებმა ზა--------–-----ძემ გაიცნო რა ამავე სოფელში სტუმრად მყოფი მა---------–--–---–ი, შეუყვარდა და სთხოვა ცოლად გაჰყოლოდა, რაზედაც ამ უკანასკნელისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. აღნიშნულის შემდეგ, ზა--------–-----ძემ განიზრახა ცოლად მოყვანის მიზნით მოეტაცებინა მა---------–--–---–ი და ამ გზით უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი დაუკავშირდა ლე-----------–---ს, რა---------–---–ს, ვა---– ჩი---–---–ს, დუ----–------------------–ს და იო---------–-–---–ს, რომლებისგანაც თანხმობის მიღების შემდეგ ურთიერთშორის როლები გაინაწილეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2004 წლის 26 აგვისტოს, 16:45 საათზე, იო---------–-–---–ი მივიდა ნათესავის სახლში მყოფ მაია და ნა-----------–--–---–--თან და მიუხედავად გოგონების წინააღმდეგობისა, მეგობრული თხოვნის გზით ისინი დაითანხმა სოფლის მიმდებარედ არსებულ ტბაზე საბანაოდ წასვლაზე, რის შესახებაც თანნაქონი მობილური ტელეფონით 8----------- 17:10 საათზე აცნობა რა---------–---–ს ტელეფონზე 8------------ რომლებიც თანამზრახველებთან ერთად, დუ----–------------------–ის კუთვნილი ავტომაქანით „ვაზ-2106“ სახ.ნომერი ----- მაია და ნა-----------–--–---–--ს ელოდებოდა ტბისკენ მიმავალ გზაზე. მითითებული დროის მონაკვეთში, ხსენებულმა გოგონებმა იო---------–-–---–თან ერთად გაიარეს ტბის მიმართულებით. ზა--------–-----ძემ და მისმა თანამზრახველებმა დაინახეს რა გზად მიმავალი მა---------–--–---–ი, ეს უკანასკნელი ძალის გამოყენებით ჩასვეს დუ----–------------------–ის კუთვნილი ავტომანქანის სალონის უკანა ნაწილში, რითაც მა---------–--–---–ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გადაიყვანეს ახალგორის რაიონის სოფელ ჩ------–-, სადაც იმავე დღეს, დაახლოებით 23:00 საათზე, ზა--------–-----ძემ ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მა---------–--–---–ი. შემდგომ, 27 აგვისტოს, იგი გადაიყვანეს ქ.თბილისში, ახლობლის ნა----–-- უნ----–-–---–ის ბინაში, სადაც 28 აგვისტოს 11:00 საათამდე გაგრძელდა მა---------–--–---–ის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ყოფნა, რა დროსაც დაზარალებული მოკლებული იყო თავისუფლად გადაადგილების და მოქმედების საშუალებას და ყოველივე აღნიშნული კონტროლდებოდა გამტაცებელთა მიერ.

2004 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათისთვის მა---------–--–---–ის დაბრუნებული იქნა კასპის რაიონის სოფელ ა------–- მდებარე თავის სააგარაკე ბინაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მსჯავრდებულმა ზა--------–-----ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზა--------–-----ძის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

განაჩენის შეცვლის და სასჯელის შემსუბუქების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზა--------–-----ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ჩადენილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ჩადენილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ათ წლამდე ვადით.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელება, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაძლებელია სასჯელის უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებითაც.

სააპელაციო პალატა ზა--------–-----ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასჯელის შემსუბუქების კუთხით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზა--------–-----ძე წარსულში არ არის ნასამართლევი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ზა--------–-----ძეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, პრევენციის, სამართლიანობის და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

რაც შეეხება, დაცვის მხარის მოთხოვნას ზა--------–-----ძისთვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დანაშაულის ხასიათის (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაული) და სიმძიმის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელად მიაჩნია მისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ამავე კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზა--------–-----ძის მიმართ განაჩენის დადგენისას გამოყენებული იყო სასჯელთა შეკრების წესი. ვინაიდან საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებები, ამსუბუქებს მსჯავრდებულის მდგომარეობას, საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირი განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზა--------–-----ძის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ არ---–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენში.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზა--------–-----ძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის არ---–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენში ზა--------–-----ძის მიმართ შევიდეს ცვლილება.

ზა--------–-----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

ზა--------–-----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ზა--------–-----ძეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

ზა--------–-----ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე