განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო
საქმე №2ბ/605-18 05 დეკემბერი 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – ზ----------–-–---–ი
წარმომადგენელი - ზ-------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა ზ----------–-–---–ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 77002.44 ლარის ოდენობით.
სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2----–-–---------------ს ი/მ ზ----------–-–---–სა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N-------, რომლის საფუძველზეც ზ----------–-–---–მა იკისრა ვალდებულება სატენდერო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ქ.თბილისში, თ---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის (კ-----------------------) დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების, გ------------------- - ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის (ნ-------–---------) დაზიანებული სახურავის, სახურავის სანიაღვრე კანალიზაციისა და გ------------------- - ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის (კ---------–---------) დაზიანებული გარეკანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულება. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა - 101,319.00 (ასერთიათას სამას ცხრამეტი) ლარი, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2----–-–----------------ს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრულ იქნა 2----–-–----------------ი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის სრულად აქვს ჩარიცხული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ღირებულება, მოპასუხის მიერ დღემდე არ არის წარმოდგენილი მის მიერ შესრულებული სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2----–-–----------------ის ტექნიკური ზედამხვედელობის დეპარტამენტის სამსახურეობრივი ბარათის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოები დასრულებულია. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.6 პუნქტის თანახმად კი, სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის თაობაზე სამინისტრომ 2----–-–------------–ს, ხოლო განმეორებით 2----–-–----------------–ს აცნობა მოპასუხეს, თუმცა დასკვნა დღემდე წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2----–-–-------------დან (ხელშეკრულების მოქმედების ვადა) სარჩელის აღძვრის მომენტამდე _ 760 დღეზე გადაანგარიშებით, ჯამში 77022.44 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ პირველივე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას (78,922.75 ლარზე) მის მიერ სრულად იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული, ამასთან წარდგენილ იქნა სამინისტროსათვის შესაბამისი ფორმა N2, თუმცა ფორმალური მიზეზების გამო, რაც გამოიხატა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის არ არსებობაში, მოსარჩელე მხარემ მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ნაწილის მიღება-ჩაბარების აქტს მოაწერა ხელი. მოპასუხის განმარტებით, მან საკუთარი ხარჯებით სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოები და 2----–-–----------------ს გააფორმა ხელშეკრულება საექსპერტო ბიუროსთან დასკვნის მომზადების თაობაზე, რის შესახებაც დაუყონებლივ აცნობა მოსარჩელეს; სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებით მოითხოვა შესრულებელი სამუშაოს კორექტირებული პროექტის წარდგენა; აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ ასევე აცნობა სამინისტროს, თუმცა კორექტირებული სამშენებლო პროექტი დღემდე არ არსებობს და შესაბამისად, ვერც ექსპერტიზა ჩატარდა მოპასუხისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს - ი/მ ზ----------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 15400.48 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ----------–-–---–მა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქმის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაინიშნა 2018 წლის 05 დეკემბერს. მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს - წარმომადგენელს სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა 2018 წლის 30 ნოემბერს. მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.
აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
აპელანტის მითითებით, სამუშაოთა შესრულების პროცესში, მოსარჩელესთან შეთანხმებით, კორექტირება იქნა შეტანილი შესასრულებელ სამუშაოებში, რომელთა ღირებულებას არ გამოუწვევია ხელშეკრულების ფასის ცვლილება. ცვლილებებს დაეთანხმა მოსარჩელე მხარე. 2013 წლის დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელემ მიიღო შესრულებული სამუშაო, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ შეასრულა სამუშაოების პირველი ნაწილი. სამუშაოები შესრულებული იქნა ჯეროვნად. დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებით, დამკვეთმა დაადასტურა, რომ იგი თანახმა იყო კორექტირებული სახით წარმოებულ სამუშაოებზე, რომელიც ჩატარდა მოპასუხის მიერ, რაც ასევე დასტურდება მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდგომი სამუშაოების ღირებულების გადახდით. მოსარჩელემ სარჩელს დაურთო მოპასუხის 2----–-–----------------ის წერილი, რომლითაც მოპასუხე აცნობებს მოსარჩელეს, რომ მოახდინოს კორექტირება ხარჯთაღრიცხვაში და მისი სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერხდება და შეუძლებელი ხდება ექსპერტიზის ჩატარება. ამ მომენტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოპასუხეს დასრულებული აქვს სამუშაოები და შესრულებული აქვს ექსპერტიზისათვის მიმართვის ვალდებულება, თუმცა ექსპერტიზა ვერ ტარდება დამკვეთის მიერ ცვლილებების განუხორციელებლობის გამო, როგორც ეს ირკვევა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილიდან. სამინისტროს ტექნიკური ზედამხეველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ი-----–--------------ს 2----–-–----------------ის წერილით დგინდება, რომ შემოწმებული იქნა ზ----------–-–---–ის მიერ ჩატარებული სამუშაოები და ადასტურებს დარჩენილ 5559.5 ლარზე სამუშაოების დასრულებას. 2----–-–---------------ის მიღება-ჩაბარების აქტით სამინისტრომ დაადასტურა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, ხოლო 2----–-–----------------ს ზ----------–-–---–მა მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის დასკვნა ვერ ჩატარდა მოსარჩელის მიერ სატენდერო დოკუმენტებში ცვლილებების შეუტანლობის მოტივით. მოსარჩელემ თავად შეუშალა ხელი თავისი უმოქმედობით მოპასუხეს, რის გამოც, მოპასუხემ ვერ განახორციელა ექსპერტიზის ჩატარება. ამდენად, მოსარჩელის ბრალეული ქმედების გამო მოპასუხემ ვერ შეძლო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინაღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2----–-–---------------ს, „შემსყიდველს“ - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და „მიმწოდებელს“ - ი/მ ზ----------–-–---–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N-------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „მიმწოდებლის“ მიერ ქ.თბილისში, თ---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების, გ------------------- - ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული სახურავის, სახურავის სანიაღვრე კანალიზაციისა და გ------------------- - ში მდებარე დევნილთა კომპაქტუად განსახლების ობიექტის დაზიანებული გარე კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება ხელშეკრულებაზე თანდართული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად განისაზღვრა - 101319.00 (ასერთიათას სამას ცხრამეტი) ლარით;
სამუშაოთა შესრულების პროცესში, მოსარჩელესთან შეთანხმებით, კორექტირება იქნა შეტანილი შესასრულებელ სამუშაოებში, რომელთა ღირებულებას არ გამოუწვევია ხელშეკრულების ფასის ცვლილება.
2----–-–----------------ს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებლის“ ვალდებულებას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოს რეალობის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით (სამუშაოების დასრულების შემდეგ) საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინა ექსპერტიზა სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ხელშეკრულების მე-6 მუხლით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა, სამუშაოს მიღება-ჩაბარების კონკრეტული წესი, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა მხოლოდ შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (6.6 პუნქტი).
ი/მ ზ----------–-–---–სა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------- ხელშეკრულების 14.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოს მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამუშაოს საერთო სახარჯთარღიცხვო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
მოპასუხის მიერ შესასრულებელი, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ი/მ ზ----------–-–---–მა შესრულებული სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა 2----–-–----------------ს. ზ----------–-–---–ს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა სამინისტროსათვის არ წარუდგენია. ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობა გამოწვეულია მოსარჩელის უმოქმედობით, კერძოდ, მოსარჩელემ არ შეიტანა ცვლილებები სატენდერო დოკუმენტებში, რაც ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან სატენდერო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად სამუშაოების შესრულება ვერ უზრუნველყოფდა დასახული მიზნების განხორციელებას, საჭირო გახდა საკითხის გადაწყვეტა და კორექტირება ადგილზე, რაც განახორციელა დამკვეთთან შეთანხმებით. თუმცა აღნიშნული შეთანხმებისა და მოპასუხის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრომ არ განახორციელა კორექტირებული პროექტის მომზადება და გადაცემა, რის საფუძველზეც მოპასუხე შეძლებდა ექსპერტიზის ჩატარებას.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულდა დათქმულ დროსა და ადგილას. ასევე, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობა გამოწვეული იქნა კრედიტორის ბრალით. პალატამ დამტკიცებულად ჩათვალა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და შესაბამისად, დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ან/და ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალების, გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მითითებული ნორმის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ 617 ლარის გადახდა, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.
2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზ----------–-–---–ის საასრგებლოდ დაეკისროს 617 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში;
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით მისი ასლის გამოუცხადებელი მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე