განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210017001944030
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3428-18 15 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - გ---–- ა-------ი
წარმომადგენელი - ქ------–--- ჯ-----ა
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ო“
წარმომადგენელი - მ----------–-–---–ი, თ--------------–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ომ“ გ---–- ა-------ის მიმართ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მისთვის 4 580.82 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ---–- ა-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ 4 580.82 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება გ---–- ა-------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ 2013 წლიდან საქართველოს მთავრობის N--- განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი“ ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელეს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს და მოპასუხე გ---–- ა-------ს შორის 2015 წლის 9 აპრილს ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე შეთანხმება გაფორმდა. 2015 წლის 9 აპრილის (I----------) შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას 40 სული მეწველის საქონლის (ძროხის), 50 000 ლარის ფარგლებში, შეძენა წარმოადგენდა. საქონელი სსიპ „სურსათის ეროვნული ს-------ოს“ მიერ უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტი განსაზღვრული მიზნობრიობით გაიცა, ხოლო ს-------ო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი განეხორციელებინა. ამასთან, თუკი მონიტორინგის განხორციელების შედეგად, სესხის მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევა დადგინდებოდა, ს-------ოს უფლება ენიჭებოდა პროექტის თანადაფინანსება შეეწყვიტა და გადახდილი თანხების უკან დაბრუნება მოეთხოვა (ს.ფ. 19-75).
6. შეღავათიანი აგროკრედიტის თანხით შეძენილი მეწველი საქონელი სსიპ „სურსათის ეროვნული ს-------ოს“ მიერ არ იყო იდენტიფიცირებული. საქონლის შეძენის ნასყიდობის აქტები გამყიდველი ან მყიდველი მხარის ტერიტორიული ორგანოს თვითმმართველობის მიერ არ იყო დამოწმებული. გ---–- ა-------ის მიერ 5 მეწველი საქონლის შესყიდვის გარდა მოზარდი საქონლის (მოზვრების) და ცხვარის შეძენა განხორციელდა. გარდა ამისა, ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით გაცემული სესხით მოპასუხემ საბრუნავი საშუალებები (საძოვრის სადგომის ქირის გადახდა, შეისყიდა საქონლის წამლი და საკვები) შეიძინა (ს.ფ. 48-54).
7. 2016 წლის 20 მაისს ს----------ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ი------------–--ში გაცემული სესხის მიზნობრივად გახარჯვის მონიტორინგი ჩატარდა. მონიტორინგმა თანხის არამიზნობრივი ხარჯვა დაადგინა (ს.ფ. 58-60).
8. 2016 წლის 6 ივლისს ს-------ოს პ---------------------------ის შედეგების განხილვის კომისიამ იმსჯელა საკითხის შესახებ და გადაწყვიტა (კომისიის სხდომის ოქმი N--), რომ მსესხებელს მოპასუხეს) ს-------ოს თანადაფინანსება უნდა შემწყდარიყო და ს-------ოს მიერ, სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის, 4 580.82 ლარის, დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო.
მოპასუხეს ს-------ოს მიზნობრივი თანადაფინანსება, შეღავათიანი აგროკრედიტის არამიზნობრივად გამოყენების გამო, შეუწყდა. 2016 წლის 3 აგვისტოს N1----- წერილით მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის 4580.82 ლარის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ (ს.ფ. 63-65).
9. (ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ მიერ თანადაფინანსება სულ 4580.82 ლარის ფარგლებში განხორციელდა (ს.ფ. 63-65).
10. მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინება შესახებ გამარტივებული წარმოება დაიწყო, რომელიც მოპასუხის პროტესტის გამო შეწყდა (ს.ფ. 68-69).
11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ---–- ა-------მა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რაც გ---–- ა-------ისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული ფულადი სახსრების უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება მონაწილეებს შორის. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 09 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეთანხმება ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე გაფორმდა. გ---–- ა-------ის მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის (50 000ლარის) მიზნობრიობას 40 (ორმოცი) სული მეწველი საქონლის (ძროხის) შესყიდვა წარმოადგენდა, შეძენილი საქონელი იდენტიფიცირებული უნდა ყოფილიყო სსიპ „სურათის ეროვნულ ს-------ოს“ მიერ. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ს-------ო ულებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს ბანკის მიერ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. თუ მონიტორინგის შედეგად ს-------ო დაადგენს ბენეფიციარის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის დარღვევას, შეუწყვეტს მას ს-------ო თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ბანკს. ასეთ შემთხვევაში ს-------ო უფლებამოსილია ბენეფიციარს გაცემული თანხების უკან დაბრუნება მოსთხოვოს (ს.ფ. 17-18).
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ ს-------ომ მისთვის კანონმდებლობითა (საქართველოს მთავრობის განკარგულებით) და შეთანხმებით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და სესხის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი 2016 წლის 20 მაისს ს----------ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ი------------–--ში განხორციელდა, სადაც მოპასუხესთან შეხვედრა და განმარტების მიღება მოხდა. ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის სესხის თანხა მოხმარდა: ა) 5 სული მეწველი საქონლის შეძენას – 6150 ლარი; ბ) 20 სული სანაშენე მოზარდი საქონლის (დეკეულის) შესყიდვას – 14 000 ლარი; გ) 6 სული მოზარდი საქონლის (მოზვრების) შეძენას – 3 000 ლარი; დ) 4 სული სანაშენე მოზარდი საქონლის (დეკეულის) შეძენას - 2000 ლარი; ე) 100 სული დედა ცხვრის შეძენას – 17 000 ლარი; ვ) 2600 კგ. ქერის შეძენას – 1300 ლარი; ზ) 737 ერთეული თივის პრესის შეძენას – 2211 ლარი; თ) საქონლის მოვლის ხარჯების (წამლის და მარილის შეძენა) – 2139 ლარის გადახდას; ი) საძოვრის ქირის გადახდის – 2200 ლარის გადახდას მოხმარდა (ს.ფ. 59-60). მონიტორინგის პროექტების შედეგების განხილვის შესახებ ოქმი N7 აპელანტს არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სესხის მიზნობრიობა, შეძენილი საქონლის სსიპ „სურსათის ეროვნული ს-------ოს“ მიერ იდენტიფიცირების ვალდებულება და ნასყიდობის აქტის გამყიდველი ან/და მყიდველი მხარის ტერიტორიული ორგანოს თვითმმართველობის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურების ვალდებულება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არსებით პირობებს წარმოადგენს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ აპელანტის მიერ აღნიშნული პირობები აშკარად დაირღვა. ამ მიმართებით ასევე საყურადღებოა, რომ აპელანტს ეცნობა საველე მონიტორინგის აქტის გასაჩივრების პირობების შესახებ ეცნობა, თუმცა მოპასუხეს ის არ გაუსაჩივრებია, რაც მის მიერ აქტში აღწერილ დარღვევებზე თანხმობას გ---–-სხმობს.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N--- განკარგულების (2015 წლის რედაქცია, ს.ფ.19-46) მე-8 მუხლის, 24-ე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები გამორიცხავდა, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი („ვ“ ქვეპუნქტი“) შეეხება ბენეფიციარის მიერ ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების დასაფინანსებლად გაცემული სესხის მიზნობრიობას, მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტთან დადებული სესხის მიზნობრიობა 40 მეწველი საქონლის შეძენას შეეხებოდა, რაც აღნიშნული სპეციალური დათქმის გამოყენების საშუალებას არ იძლევა. ხოლო, მეორე მათგანი „ზ“ ქვეპუნქტი ძირითადი საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას შეეხება, ანუ, იმ შემთხვევაში თუ აპელანტის მიერ სახეზე არ იქნებოდა სხვა დარღვევები, მაგალითად შეძენილი საქონლის შესაბამისი ორგანოს მიერ იდენტიფიცირების განუხორციელებლობა, მაშინ მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ სესხის იმ ნაწილის დაბრუნებას მოითხოვდა, რაც საბრუნავი საშუალებებისთვის იქნა გახარჯული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში რეალობა სხვაგვარია, აპელანტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი პირობები უხეშად დაირღვა, შეძენილი საქონლიდან არცერთი არ იყო იდენტიფიცირებული, ნასყიდობის ხელშეკრულების სათანადოდ დამოწმება არ მოხდა და ასევე, სესხის თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ასევე, 405-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საქმის მასალებში არსებული N1----- წერილით დასტურდება, რომ ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ომ“ აპელანტს შესყიდვისა და გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). საქმის მასალებში არსებული „ვ------ ბანკის“ N------- წერილით დასტურდება, რომ ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ომ“ გ---–- ა-------ის სესხზე 4 580,82 ლარი გადაიხადა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თუ ბენეფიციარის მიერ დარღვეული იქნება სესხის მიზნობრიობა ს-------ო უფლებამოსილია მისთვის გადაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნება მოითხოვოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას დასაბრუნებელი თანხის არასწორად გაანგარიშებასთან მიმართებით, რადგან ზემოაღნიშნული მსჯელობა ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისგან სესხის ფარგლებში მისთვის გადაცემული თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა.
12. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, გ---–- ა-------ის სესხზე მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს. მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება და მონიტორინგის შედეგად მოპასუხის ვალდებულების დარღვევის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც სასამართლომ გაიზიარა და აპელანტის ქმედება ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია. რაც შეეხება აპელანტ მხარეს, სასამართლო მიუთითებს, რომ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დადასტურება წარმოადგენდა. აღნიშნულის სამტკიცებლად მხარე 2014 წლის 27 იანვრის N--- განკარგულების (2015 წლის რედაქცია, ს.ფ.19-46) მე-8 მუხლის, 24-ე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, როგორც დარღვევის არარსებობის დადგენის საფუძველზე, აპელირებდა თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული სპეციალურ ნორმებს მოცემულ დავასთან შემხებლობა არ ჰქონდათ, ასევე არ გაიზიარა მის მიერ უკან დასაბრუნებელი თანხის გამოთვლის წესი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სრული თანხის დაბრუნების უფლება გააჩნდა. შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვეტილებას საფუძვლად მსგავსი ზეპირსიტყვიერი მითითებები დაუდოს თუ ისინი გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებაც, სასამართლოს აღნიშნული მტკიცების მართებულობაში დაარწმუნებს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 184 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ---–- ა-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. გ---–- ა-------ის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია