განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
110210018002262381
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210018002262381

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-760-2018 4 დეკემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - სს ე------------- ჯ--------

წარმომადგენელი - ტ------–-–---------ე, ნ------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ--------- ხ-------ე

წარმომადგენელი - მ----------------ე

დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს ე------------- ჯ--------ს (ს/კ 2--------) დაეკისრა მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ყოველწლიურად 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 17 იანვრიდან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე. მოპასუხე სს ე------------- ჯ--------ს (ს/კ 2--------) დაეკისრა მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება სამი წლის 2015, 2016, 2017 წლებში მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობის გამო. მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სარჩელი 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით მ--------- ხ-------ის სარჩელისა გამო მოპასუხე სს ე------------- ჯ--------ს მიმართ კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (პ/ნ 1----------) მოთხოვნა და მოპასუხე სს ენერგო პრო-ჯ--------ს (ს/კ 2--------) დაეკისრა მოსარჩელე მ--------- ხ-------ის (1----------) სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯი - ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურეობის საფასური 640 (ექვსას ორმოცი) ლარი. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლებია: 2.1. მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში ირიცხება 2009 წლის 26 ოქტომბრიდან დაზუსტებული სასოფლო -სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი 3200 კვ.მ ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში ს/კ 3-----------. 2.1.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია გასული საკუნიდან მოპასუხე სს ე------------- ჯ--------ს კუთვნილი ელექტრო ხაზების საყრდენი 5 ბოძი, რომლებზედაც გადის 10კვტ-იანი ე.წ. ტაბაკინის, კლდეეთის და ტელევიზიის ელექტროგადამცემი ხაზი და 35 კვტ-იანი ე.წ. ხარაგაული - 1 ელექტროგადამცემი ხაზი. 2.1.2. 2016 წლის ნოემბერში სტიქიის შედეგად დაზიანდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის - ფიდერ ,,ტელევიზიის“ N4 საყრდენი ბოძი და მისი აღდგენა განხორციელდა მოპასუხის მიერ პოლიციის ჩარევის შემდგომ, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას მოპასუხის მიერ სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო. 2.1.3. დაზიანებულია, კერძოდ გადახრილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის - ფიდერ ,,ტაბაკინის“ N4 საყრდენი ბოძი და მისი გასწორება განხორციელდა მოპასუხის მიერ. თუმცა აღნიშნული საყრდენი კვლავ განიცდის დეფორმაციას. 2.1.4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში ფაქტიურად არსებული ანძების მდებარეობის მიხედვით, მოწყობილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვითი ზონა მოიცავს ს/კ N3----------- მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით არსებულ 1679.17 კვ.მ. ტერიტორიას. 2.1.5. ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონებიდან ს/კ N3----------- 1679.17 კვ.მ. მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 500 ლარს. 2018 წლის 6 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძვლებია: 2.2. 2018 წლის 23 მაისს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლოს განიხილა მ--------- ხ-------ის სარჩელი მოპასუხე სს ე--------------ჯ--------ს მიმართ კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე. 2.2.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 1). მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით სარჩელის აღძვრიდან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე ყოველწლიურად 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება. 2). ექვსი წლის განმავლობაში მიუღებელი კომპენსაციის თანხის 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრება და 3) ექსპერტიზის ხარჯების 640 ლარის ანაზღაურების დაკისრება. 2.2.2. 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე სს ე--------------ჯ--------ს დაეკისრა მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ყოველწლიურად 500(ხუთასი) ლარის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 17 იანვრიდან მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობამდე და 1500(ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება სამი წლის 2015, 2016, 2017 წლებში მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მფლობელობაში არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონის არსებობის გამო. მოპასუხე სს ე------------- ჯ--------ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე მ--------- ხ-------ის სარჩელი 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. 2.2.3. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა. რომელსაც არ ეთანხმებოდა მოპასუხე მხარე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ უსაფუძვლოდ იქნა ჩატარებული ექსპერტიზა გაწეული ხარჯი არ უნდა ანაზღაურდეს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. მოპასუხის მიერ სხვისი მიწის ნაკვეთით სარგებლობა სწორედ ამ სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით მოპასუხის მიერ სარგებლობისათვის კომპენსაციის სახით ყოველწლიურად თანხის გადახდა, რაზედაც მოპასუხე თანახმა არ არის და განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ ეზღუდება სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოება, არავითარი ზიანი არ ადგება, აქვს თმენის ვალდებულება, რადგან მან უფლებრივად და ნივთობრივად ნაკლიანი, დატვირთული ნივთი მიიღო საკუთრებაში. ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ელექტრო გადამცემი ხაზების 5 საყრდენ ბოძზე გამავალ 10კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის, დადგენილია დაცვის ზონად 10 მეტრი, ხოლო 35კვ ელექტროგადამცემი ხაზებისათვის დადგენილია დაცვის ზონად 15 მეტრი, ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდანაა დაშორებული. სხვა ტერიტორიაზე კი მოსარჩელეს უფლება აქვს აწარმოოს სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და მოიყვანოს ერთწლიანი კულტურები. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-9-მე-17 პუნქტების თანახმად კი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პასუხისმგებელია აღნიშნული ელექტრო გადამცემი ხაზების და შესაბამისად საყრდენი ბოძების გამართულობაზე და ნებისმიერ დროს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები და აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები, მიწათმოსარგებლე კი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს მას ამ საქმიანობაში. სასამართლო სხდომაზე დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით და თვით მოპასუხეც ადასტურებს, რომ 2016 წელში დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მდებარე ფიდერ ,,ტელევიზიის“ N4 საყრდენი ბოძი და შესაბამისად მოხდა მისი შეკეთება, რისთვისაც შეყვანილი იქნა სათანადო ტექნიკა მიწის ნაკვეთში, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს და შეიზღუდა მისი საკუთრების უფლება. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ბოძები ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს და საჭირო გახდეს მათი შეკეთება შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად კი მოსარჩელე მ--------- ხ-------ის კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში ეზღუდება საკუთრების უფლება. 2.1.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. მოპასუხე სს ,,ენერგო -პრო ჯ--------მ“ საკუთრებაში მიიღო ელექტრო გადამცემი ხაზები და მისი საყრდენი ბოძები არსებულ მდგომარეობაში და მის მიერ მეზობელი მიწის ნაკვეთის, მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე, შეუძლებელია ამ ელექტრო გადამცემი ხაზებით და მისი საყრდენი ბოძებით ჯეროვანი სარგებლობა. შესაბამისად მოსარჩელე ვალდებულია ითმინოს მისი მიწის ნაკვეთით მოპასუხის მიერ სარგებლობა, ამ სარგებლობის თმენისათვის კი კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. 2.1.8. მართალია, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ შეიცავს განსახილველი შემთხვევის მარეგულირებელ ნორმებს, თუმცა დასახელებული კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ანალოგიის გამოყენება და განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. 2.1.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოთხოვნა წარმოადგენს ყოველწლიურად კომპენსაციის სახით 500 ლარის ანაზღაურებას, ანუ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 17 იანვარს. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. 2018 წლის 6 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია: 2.2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტება, გადაწყვეტილება არ გამოტანილა, სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი. 2.2.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 2.2.6. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. 2.2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. 2.2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული ნორმის შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სს ე------------- ჯ--------მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოსდა 2016 წლის ნოემბრის თვეში არსებული დაზიანების აღმოფხვრას მოსარჩელე მხარემ წინააღმდეგობა გაუწია სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს ს.ს. ე------------- ჯ--------ს რეგულირების მენეჯერის 2017 წლის 12 იანვრის წერილსა და მოწმეების ჩვენებებს, რაც სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მსგავსი რამ (კერძოდ, სამუშაოს უხარისხოდ შესრულების საკითხი) არც ერთ ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებაში არ ფიგურირებს. 12.01.2017 წლის წერილში ნათლად ჩამოყალიბებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში, სტიქიის დროს არსებული დაზიანების აღდგენა განხორციელდა მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდგომ, ვინაიდან მოსაჩელე კომპანიის წარმომადგენლებს დაზიანების აღმოფხვრის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ მიზეზი, რომ უხარისხოდ შესრულება იყო, ეს გარემოება ნამდვილად არსად არ ფიქსირდება. 3.2. აპელატი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოსდა მ--------- ხ-------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მოპასუხის კუთნილი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც გასწორდა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ, კვლავ განიცდის დეფორმაციას. აღნიშნული მოსაზრება არასწორია და აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს, რომელიც სწორედ მითითებული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად აქვს მითითებული სასამართლოს. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. მართალია დადგენილია და მხარეთა შორის სადაო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მ--------- ხ-------ის საკუთრებაში დღესდღეობით ფიქსირდება ზესტაფონის რაიონის, სოფ. კლდეეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 3-----------, დაზუსტებული ფართით 3200 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია ს.ს. „ე------------- ჯ--------ს“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ბოძები, თუმცა ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ს/კ 3----------- უძრავ ქონებაზე უფლების საფუძველია 08.10.2009 წ. კლდეეთის თემის ტერიტორიული ორგანოს ცნობა N536 და მიწის მიღება-ჩაბარების აქტი #35; ხოლო საკუთრებად რეგისტრირებული ქონების დაზუსტებული ფართობი განსაზღვრულია 3200 კვ.მ-ით მაშინ, როდესაც პირველად დოკუმენტებში, კერძოდ, მიწის ნაკვეთის გეგმაში ნაკვეთის ფაქტიურ ფართობად მითითებულია 1930 კვ.მ, რომლის საზღვრებშიც უდაოდ არ ჩანს არც ბოძები და შესაბამისად, არც მათზე გამავალი მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზები. ამასთანავე, არსებული ნახაზის კონფიგურაცია მკვეთრად განსხვავდება დღეის მდგომარეობით არსებულ ნახაზთან, რომელზეც უკვე მ--------- ხ-------ის საკუთრებად რეგისტრირებული ფართი წარმოადგენს 3200 კვ.მ, რომელშიც მოქცეულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ელ.გადამცემი ქსელის ნაწილი. თავიდანვე რომ ყოფილიყო მოსარჩელისა და მისი წინაპრების მფლობელობასა და სარგებლობაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ფაქტია, რომ ეს არის (და იყო) ნაკვეთი, რომელზედაც სარგებლობის ნორმატიული შეზღუდვები უკვე დაწესებულია, რაც მას არ აძლევს არანაირი დავისა და ენერგოკომპანიის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის წამოყენების იურიდიულ საფუძველს, თუნდაც ზემოაღნიშნული უდაო ფაქტის გათვალისწინებით (მავანთა დახმარებით თუ დაუდევრობით, იმ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებით, რაზეც ენერგოკომპანიის კუთვნილი ენერგოობიექტები იყო განთავსებული თან ისე, რომ კომპანიის თანხმობა არც ერთ ეტაპზე არ იყო გაცემული და მსგავსი კითხვითაც კი არავის მიუმართავს). სასამართლოს რატომღაც არც ამ გარემოებამ შეუქმნა შინაგანი რწმენა სამართლიანობის სასარგებლოდ. 3.4. მოსარჩელე მითითებულ ადგილას მესაკუთრედ ფიქსირდება 2009 წლის ოქტომბრიდან მაშინ, როდესაც მითითებული ხაზები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან არის განთავსებული. ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე მოსარჩელე მოიპოვებდა საკუთრების უფლებას ამ მიწის ნაკვეთზე და მოცემული ფაქტი არ წარმოადგენს სადაო გარემოებას. პირიქით, სასამართლოც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს ამას. შესაბამისად, გადამცემი ხაზის მშენებლობის დროს არ არსებობდა მოსარჩელის რაიმე სახის უფლება. იმ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა, მისი წიაღი, წყალი და ტყე წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეთა პირად საკუთრებაში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლი, ხოლო მიწა რჩებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. შესაბამისად, სახელმწიფოს შეეძლო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მფლობელი (მოსარგებლე) პირის თანხმობის გარეშე განეთავსებინა ენერგო ობიექტი, რაც ფაქტია, რომ განახორციელა და განათავსა კიდეც. ამდენად, სახელმწიფოს გადამცემი ხაზების და სხვა ენერგო ობიექტების განთავსებისათვის მისი თანხმობა არ სჭირდებოდა. ანუ, მ--------- ხ-------ემ (და თუნდაც მისმა წინამორბედმაც) ქონება მიიღო იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის. შესაბამისად, თუ რაიმე სახის შეზღუდვა არსებობს, მათ ეს ტერიტორია მიიღეს ამ შეზღუდვით ისე, რომ პრეტენზია არ გააჩნდათ და არც ჰქონდათ ამის რაიმე სახის უფლებაც, ვინაიდან ჯერ ელ.ბოძები იყო განთავსებული და შემდგომ დაისაკუთრა მან მიწის ნაკვეთი, თანაც პირველადი დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისაგან სრულიად განსხვავებული და მეტრკვადრატების გაორმაგებული მონაცემებით. რაც შეეხება, მოსარჩელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა შეადგენს 500 ლარს, ეს აბსოლუტურად აბსურდული განცხადებაა იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რაც მას სარჩელში აქვს ჩამოყალიბებული. ექსპარტიზის დასკვნით დადგენილია საიჯარო ქირის ოდენობა ზესტაფონის რაიონის, სოფ. კლდეეთის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთისათვის, თუმცა რა კავშირი აქვს მას ს.ს. ე------------- ჯ--------ს საქმიანობასთან, გაუგებარია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ცალსახაა, რომ მოსარჩელე მხარემ (თუ მისმა წინაპარმა) მიწა დაისაკუთრა უკვე იმ ფორმით დატვირთული, რა ფორმითაც დღეს არსებობს. 3.5. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება, ყოვლად უსაფუძვლოა თავად მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარეც. აღნიშნულ მუხლში საუბარია საკუთრების ხელყოფასა და სხვაგვარად ხელის შეშლაზე, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, როცა მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა, ხოლო თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ კონკრეტული დავის შემთხვევაში კი, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არა მოქმედების აღკვეთა, არამედ პირიქით, ის არ არის წინააღმდეგი და მისთვის უმჯობესიცაა, გაგრძელდეს არსებული მდგომარეობა, განთავსებული იყოს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კომპანიის ქონება და კომპენსაციის სახით მიიღოს ენერგოკომპანიისაგან ე.წ. უშრომელი შემოსავალი, რომელიც არც ერთი კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება. 3.6. უფრო მეტიც, თუ სასამართლო იმსჯელებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ხელშეშლის აღკვეთას გულისხმობს, ბუნებრივია, იქვე უნდა გაითვალისწინოს, რომ ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა მსგავს შემთხვევაში წარმოადგენს არა ენერგოკომპანიის ვალდებულებას, არამედ ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, თანაც არა ცალმხრივად მისი სურვილის შესაბამისად, არამედ, ელექტროგადამცემი ქსელის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობის შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარების მარეგულებელი ეროვნული კომისია 2017 წლის 18 იანვრის N6/02-23/71-654 წერილით, რომელიც მიმართულია სწორედ მ--------- ხ-------ისადმი, გარკვევით უთითებს აღნიშნული ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმას, კერძოდ, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N#366 დადგენილებას, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ქსელის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობის შესაბამისად და აღნიშნულით, თავად მ--------- ხ-------ეს აკისრებს ქსელის გადატანის ვალდებულებას გარკვეული პირობებით. თუმცა, მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ამისათვის სახსრები არ გააჩნია, ეს გარემოება ნამდვილად არ ნიშნავს ენერგოკომპანიისათვის სრულიად გაურკვეველი სახის კომპენსაციის გადახდის დაკისრების ვალდებულებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, გამოდის, რომ სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას - სახსრები არ მაქვს გადატანის - (მერე რა, რომ კანონი სწორედ დაინტერესებულ პირს აკისრებს საკუთარი ხარჯებით და ენერგოკომპანიასთან შეთანხმებით ამის განხორციელებას), არაფრად დაგიდევს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას და ,,შინაგანი რწმენით" სრულიად კანონგარეშე მოქმედებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. 3.7. სასამართლო მხოლოდ ფორმალურად ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილება გარკვეულწილად დააფუძნოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, თუმცა ცალსახად მოსარჩელის ინტერესის გატარების მიზნით, არ ცდილობს ჩაწვდეს ამ მუხლში ჩამოყალიბებული მოთხოვნების სამართლებრივ არსს. სარჩელში მითითებული სადაო ურთიერთობა დამატებით მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილებით (მანამდე საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის #964 ბრძანებულებით), რომლითაც დამტკიცებულია “ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები”. აღნიშნული წესი აწესრიგებს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ქსელის მესაკუთრეს შორის ურთიერთობებს, რომლის თანახმად, ქსელის მესაკუთრეს აქვს უპირატესი უფლება ისარგებლოს ელექტრული ქსელის დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთით და ამ უფლების გამოყენებისთვის (ქსელის მფლობელი) არ არის ვალდებული გადაუხადოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს რაიმე სახის კომპენსაცია. 3.7. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, მოსარჩელე მ--------- ხ-------ეს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება საყრდენი ბოძებისა და მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების განთავსების არეალში. მოცემული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობების, ხიდების კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია. ბ) ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მანქანა-მექანიზმების გავლა, რომელთა სიმაღლე აღემატება 4,5მ-ს. გ) ავტოგასამართი სადგურებისა და საწვავ-საპოხი მასალების საცავების მოწყობა, დ) სადენებზე და ანძებზე საგნების შეგდება, მათი მიდგმა თუ მიბმა, ანძებზე ასვლა და აშ. ე) ელექტრული ქსელების ხაზობრივ ნაგებობებთან მისასვლელი გზების ლიკვიდირება ან ჩახერგვა, თუ არ არსებობს ალტერნატიული მისასვლელი (მისასვლელი გზა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი სიგანის) და სხვა ისეთი ქმედებები, რომელთა არსებობის წარმოდგენაც კი მ--------- ხ-------ის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, უბრალოდ წარმოუდგენელია. (რადგან ბუნებრივია ხიდების, გვირაბებისა და რკინიგზების მშენებლობა არ ჰქონდა ჩაფიქრებული მოსარჩელეს და ამ საქმიანობისთვის არ შეუშლია ხელი კომპანიას), ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად კი, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა. თუმცა აქვე დავკონკრეტდებით, რომ ქსელის მესაკუთრის თანხმობით, შესაძლოა ეს შეზღუდვა გაუქმდეს და მიწის მფლობელს მიეცეს საშუალება ამ ობიექტების განთავსებისა, რაც დღემდე არ უცდია მოსარჩელეს. ანუ ცალსახაა, რომ მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო ეწარმოებინა საკუთარ მიწის ნაკვეთზე ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, რისთვისაც შეეძლო დაუბრკოლებლად მიეღო კოპანიის თანხმობა, თუმცა მას არასოდეს არ მოუმართავს მსგავსი მოთხოვნით კომპანიისათვის. ხოლო რაც შეეხება ერთწლიან ნარგავებს, რაც ასევე უმთავრეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენს (სიმინდის, ლობიოს, სხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა და აშ.), ამის განხორციელება კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია მოსარჩელეს, რისთვისაც კომპანიის თანხმობაც კი არ ესაჭიროება. 3.8. ცალსახაა, რომ მიწის დამუშავება და ერთწლიანი ნარგავებისაგან მოსავლის მიღება მოსარჩელეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ხოლო მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომის, სასუქების საწყობებისა მოწყობა და სხვა სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან, მას შეუძლია განახორციელოს კომპანიის თანხმობით, რისთვისაც მას არასოდეს არ მოუმართავს და კომპანიისაგანაც შესაბამისად უარი და აკრძალვა არ მიუღია. ამდენად, კომპანიის კუთვნილი ელ.გადამცემი ხაზები არ უშლის ხელს მისი მხრიდან დასაშვები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებას, ხოლო ის რომ მას რაიმე სახის, სრულიად უსაფუძვლო შიშები გააჩნია, არ წარმოშობს კომპანიის მხრიდან რაიმე სახის ვალდებულებას. მით უფრო, რომ (როგორც თავად მ--------- ხ-------ემ, ასევე სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს) მ--------- ხ-------ის მეუღლე (რომელიც დღეს გარდაცვლილია) თავის სიცოცხლეში სისტემატურად ამუშავებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთს (მათ შორის დაცვის ზონაშიც), მოჰყავდა მოსავალი შეუზღუდავად და არასოდეს არც საფრთხე შექმნია მას და არც კომპანიას გაუწევია რაიმე სახის წინააღმდეგობა. არც მოსავლის დაზიანებას ჰქონია კომპანიის მხრიდან ოდესმე ადგილი და შესაბამისად, არც პრეტენზია არასდროს არ წამოსულა ამ პირისგან. 3.9. უფრო მეტიც, წარმოდგენილ სურათებზე აშკარად ჩანს, რომ მოსარჩელეს დაუმუშავებელი აქვს არა მხოლოდ ელ.გადამცემი ხაზების ქვეშ განთავსებულ მიწის ნაკვეთი, არამედ მიმდებარედ განთავსებული ნაკვეთიც, რომელთანაც არანაირი შეხება არა აქვს ელ.გადამცემ ხაზებს. ასევე აშკარაა, რომ არათუ ამ ტერიტოერიაზე, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზეც საერთოდ არ არის არც ხეები და არც რაიმე სახის ნარგავები, რომელთა არსებობასაც არანაირად არ შეუშლიდა ხელს არსებული ელ.გადამცემი ქსელი. 3.10. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულია დაცვის ზონების და განაკაფების მოცულობა, კერძოდ 10 კვ. ძაბვის ელ.გადამცემი ხაზებისთვის დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო სივრცე შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეები, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 10 მეტრი მანძილით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ბაღების და მწვანე ნარგავების ტერიტორიებზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის განაკაფების სიგანე განისაზღვრება: ა.ა) 4 მეტრამდე სიმაღლის ტყეში და ნარგავებში - მანძილით განაპირა სადენებს შორის მანძილს დამატებული 3 მეტრი ორივე მხრიდან. 4 მეტრამდე სიმაღლის ხეხილის ბაღებში (მწვანე ნარგავებში) განაკაფის გაკეთება არ არის სავალდებულო; ა.ბ) 4 მეტრზე მეტი სიმაღლის ტყესა და ნარგავებში: 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მაქსიმალურად გადახრილი განაპირა სადენებიდან ხეების ვარჯამდე უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრი. მართალია, კანონმდებელი ადგენს დაცვის ზონებს, თუმცა არავითარ კანონდარღვევას არ წარმოადგენს ის გარემობა, რომ დაცვის ზონაში განხორციელდეს რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, რომელიც ხელს არ შეუშლის ქსელის ნორმალურ ფუნქციონირებას, რადგან აღნიშნული დადგენილება არ აწესებს მსგავს აკრძალვას. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ანუ ცალსახაა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ დაცვის ზონაში დასაშვებია ნორმალური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება და ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთადერთი ფაქტორი და მიზეზი, რა შემთხვევაშიც იკრძალება დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის არსებობა (ან თუნდაც სხვა ქმედებები), არის ის, რომ აღნიშნულმა ნაგებობებმა (და ქმედებებმა) ხელი არ შეუშალოს ელ. ქსელის ხაზობრივი ნაგებობების ნორმალურ ფუნქციონირებას. ანუ, არსებობს აკრძალვა არა იმ მიზნითა და მიზეზით, რომ ეს საფრთხეს უქმნის ვინმეს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, არამედ მხოლოდ იმ მიზნითა და მიზეზით, რომ ამ გარემოებამ ხელი არ შეუშალოს ხაზების ნორმალურ ფუნქციონირებას. ხოლო თუ არსებული შენობა-ნაგებობა ხელს არ უშლის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი არსებობა, თუნდაც დაცვის ზონაში, არავითარ კანონდარღვევას და აკრძალვას არ წარმოადგენს. აღნიშნულ პოზიციას ამყარებს ისიც, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში დასაშვებია სხვადასხვა სახის სამუშაოები (მათ შორის, შენობა-ნაგებობების მშენებლობა) ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. ეს გარემოებაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ხელი არ შეეშალოს ქსელის ნორმალურ ფუნქციონირებას. 3.11. ვინაიდან არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არანაირი კანონიერი საფუძველი, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 31.05.18 წლის გადაწყვეტილება და 06.06.20118 წლის დამატებითი გადაწყვეტილება, ს.ს. ე------------- ჯორჯისათვის მ--------- ხ-------ის სასარგებლოდ ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის 640 (ექვსას ორმოცი) ლარის დაკისრების თაობაზეც.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ #3----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნკავეთი ეკუთვნის მ--------- ხ-------ეს (მოსარჩელე). 4.2. ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სს ე------------- ჯ--------ს (აპელატი) კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ხუთი საყრდენი ბოძი, რაზეც გადის აპელანტის კუთვნილი ქვესადგურებიდან გამომავალი 10 და 35 კვტ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები. 4.3. „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, ზემოხსენებული ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა მოიცავს მოსარჩელის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით არსებულ 1679,17 კვ.მ. ტერიტორიას. 4.4. ამ მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, საორიენტაციოდ, 500 ლარია. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.5.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის კომპენსაცია გადაეხადა. 4.6. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს კუთვნილი ნაკვეთიდან აპელანტის ნაგებობის გადატანა არ მოუთხოვია. 4.6.1. ამის შესაბამისად, ამ მოთხოვნის მართლზომიერებასა და გადატანის ხარჯების ანაზღაურებას დავის საგანთან კავშირი არა აქვს. 4.7. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ მოსარჩელე ვალდებულია კომპენსაციის გადახდის გარეშე ითმინოს საკუთრებით სარგებლობა. 4.7.1. პალატის აზრით, აპელანტი მოსარჩელის ნაკვეთს უძრავი ქონების საჯარო კომუნიკაციებთან დასაკავშირებლად, ე.ი. აუცილებელ გზად იყენებს. 4.7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, კი იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიეცეთ. 4.7.3. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი არც-ერთი ნორმატიული აქტი ანიჭებს აპელანტს უფლებას სხვისი საკუთრებით უსასყიდლოდ ისარგებლოს. 4.7.4. მეტიც, სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა და სეწმეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“ შესაბამისად, აპელანტმა სხვისი ქონებით სარგებლობისათვის საფასური უთუოდ უნდა გადაიხადოს. 4.7.5. ამის შესაბამისად, აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, უსაფუძვლოა. 4.8. პალატის აზრით, სხვისი ქონებით სარგებლობისათვის საფასურის გადახდის ვალდებულება სარგებლობით გამოწვეულ ზიანთან კავშირში არ არის. 4.8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს უფლება აქვს არ დაუშვას სხვა პირთა მიერ კუთვნილი ქონებით სარგებლობა. 4.8.2. აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება მესაკუთრის ზემოხსენებულ უფლებას ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს. 4.8.3. სწორედ ამ შეზღუდვის საკომპენსაციოდ უნდა გადაუხადოს მას ხელმყოფმა საზღაური. ამიტომაც საუბრობს კანონი კომპენსაციის გადახდის და არა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე. 4.8.4. ამის შესაბამისად, თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის გადახდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან კავშირში არ არის. ხელმყოფმა მესაკუთრეს კომპენსაცია მიყენებული ზიანისაგან დამოუკიდებლად, ამის გარეშეც უნდა გადაუხადოს. 4.8.5. ხელყოფის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კომპენსაციის ოდენობაზე და არა მისი გადახდის ვალდებულებაზე. 4.8.6. მეტიც, კომპენსაციის მიუხედავად, მესაკუთრე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც არ კარგავს. ასე, მაგალითად, თუ ხელმყოფი აუცილებელი გზით სარგებლობისას მესაკუთრის ქონებას დააზიანებს, მას ზიანის ანაზღაურება დელიქტური სამართლის ნორმების საფუძველზე დაეკისრება. 4.8.7. ამრიგად, რადგან აპელანტი მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობს, მას შესაბამისი კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს. 4.9. პალატის აზრით, იმ გარემოებას, თუ რა სახით მიიღო მოსარჩელემ კუთვნილი ნაკვეთი, დავის საგანთან კავშირი არა აქვს. 4.9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.9.2. აპელანტს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, მას ის ფაქტებიც კი არ მიუთითებია, რომლებიც ამ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. 4.9.3. ამის შესაბამისად, პალატა კუთვნილ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების წარმოშობის მართლზომიერებას ვერ შეამოწმებს. 4.10. ის გარემოება, რომ აპელანტის კუთვნილი ნაგებობა მოსარჩელის ნაკვეთზე ამ ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემამდე იყო განთავსებული, კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას არ გამორიცხავს. 4.10.1. მეტიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მესაკუთრეს, დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში, მართლზომიერი მფლობელისათვის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის უფლებაც კი აქვს. 4.10.2. ამის შესაბამისად, საკუთრების წარმოშობის დროისათვის არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 4.11.1. ამ ნორმის საფუძველზე, აპელანტის მიერ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაც სამართლიანობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. 4.11.2. ააიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა 1679,17 კვ.მ-ია. 4.11.3. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერი №366 დადგენილების მე-4 მუხლის 1 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაკვეთს მოსარჩელე ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, მაგ: ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოსაწყობად ან ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დასანთებად საერთოდ ვერ გამოიყენებს, ხოლო სხვა სახის საქმიანობისათვის, მათ შორის, მცენარეების, ხეების დასარგვად, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობად აპელანტის ნებართვა დასჭირდება. 4.11.4. ეს ნიშნავს, რომ, ფაქტიურად, მოსარჩელეს კუთვნილი ნაკვეთით სარგებლობის უფლება მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული. 4.11.5. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა მიწის საიჯარო ქირის პროპორციულად სავსებით სამართლიანი და გონივრულია. მნიშვნელოვანია, რომ აპელანტს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის განსხვავებული წესი სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია. 4.12. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არსებითად, სწორია და მისი შეცვლის საფუძვლები არ არსებობს. 4.13. პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის 1 ნაწილით, 44-ე მუხლით და 261-ე მუხლით და გამოტანა დამატებითი გადაწყვეტილება აპელანტისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. 4.13.1. დამატებითი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების შესახებ აპელანტს ცალკე არ მიუთითებია და, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პალატა მათზე ვერ იმსჯელებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. სს ე------------- ჯ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე