განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002186707
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3060-18 22 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ზ------ გ-------–---–ი
წარმომადგენელი - ც---- კ-------ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ---- კ---–--ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ---- კ---–--ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ------ გ-------–---–ის მიმართ სარჩელი აღძრა და სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე 878,5 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზ------ გ-------–---–ს 878,5 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით ზ------ გ-------–---–მა გაასაჩივრა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა გ---- კ---–--ემ მოპასუხე ზ------ გ-------–---–ის მიმართ და სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე 878,5 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა (ს.ფ. 1-29).
6. სასამართლოს მიერ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და მოსარჩელე მხარეს მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული საბუთების ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა (ს.ფ. 30).
7. სარჩელი და მასალები 2017 წლის 09 დეკემბერს დ----- გ-------–---–ს (მოპასუხის ბიძას) ჩაბარდა (ს.ფ. 33).
8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, რის გამოც მოსარჩელე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა (ს.ფ. 36-39).
9. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო იყო. შესაბამისად, 2017 წლის 28 დეკემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 36-39).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვალს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრით ზ------ გ-------–---–ის წარმომადგენელმა გ----------ემ მიმართა და განაცხადა, რომ სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ამასთან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით 2018 წლის 2 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (ს.ფ. 75-79).
11. 2018 წლის 10 მაისს ზ------ გ-------–---–მა სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 81-95).
12. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელი და თანდართული მასალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ასევე, 10 დღის ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზებიც განემარტა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი და თანდართული მასალა 2017 წლის 09 დეკემბერს მოპასუხის ბიძას, სარჩელში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა, შესაბამისად მისთვის შესაგებლის 10 დღის ვადაში წარდგენის ვალდებულების შესახებ ცნობილი იყო (ს.ფ 33-35). აღნიშნული საპროცესო კოდექსის 184-ე და 70-78-ე მუხლებით დადგენილ ყველა დანაწესს აკმაყოფილებს.
13. პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით არ იყო გამოწვეული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში ზ------ გ-------–---–მა შესაგებელი არ წარადგინა, მოგვიანებით აღნიშნული საპროცესო ვადის გაშვების მიზეზად სარჩელის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაუბარებლობა დაასახელა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ცესკოს ერთიან ამომრჩეველთა სიაში ზ------ გ-------–---–ი ქ. ზესტაფონში, გ------- მ-------–-ს ქუჩა N--შია რეგისტრირებული, ამავე ადგილას ფიქსირდება მისი ბიძის დ----- გ-------–---–ის რეგისტრირებული მისამართიც (ს.ფ. 34-35) შესაბამისად, დგინდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები, საკრედიტო ხელშეკრულებასა და სარჩელში მითითებულ მისამართზე, 2018 წლის 09 დეკემბერს, ზ------ გ-------–---–ის ოჯახის წევრს - ბიძას დ----- გ-------–---–ს ჩაბარდა, აღნიშნული კი საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება (ს.ფ. 33).
ზ------ გ-------–---–ს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მისი ბიძის ქმედუუნარობას და შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიზნებისთვის გზავნილის ჩაუბარებლობას დაადასტურებდა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით გადაეცა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. დადგენილია, რომ ამ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. იმ პირობებში, თუ პროცესში მონაწილე მხარეებს სხდომის გადადების ან საპროცესო მოქმედებების შესასრულებელი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული მიზეზების არსებობისას, მაშინ საქმის დროული და ეფექტური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება, რაც უდავოდ დაარღვევს, როგორც მოსარჩელე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ასევე, ეჭვქვეშ დააყენებს პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვის ვალდებულებას.
14. სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას 2017 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარდგენა არ მოხდება და აღნიშნული არასაპატიო მიზეზითაა გამოწვეული, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა. კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების საპროცესო კანონმდებლობის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დარღვევით ჩაუბარებლობას მიუთითებდა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ანალიზიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობასთან ერთად, არსებობდეს უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ისინი იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას ამართლებდა. კერძოდ, 2015 წლის 03 მარტს, ზ------ გ-------–---–სა და ი/მ გ---- კ---–--ეს შორის, სესხის, გირავნობის და გირავნობის უზრუნველყოფის შესახებ №039 ხელშეკრულება დაიდო, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა. უზრუნველყოფის საგნად ავტომანქანა OPEL A----, საიდენტიფიკაციო №----------------- სახ. სარეგისტრაციო № K------ გამოშვების წელი 1--- ფერი რუხი 1/8 განისაზღვრა. ამ ხელშეკრულებით მოვალეზე 2 650 აშშ დოლარის ოდენობით სესხი გაიცა, პროცენტი სესხით სარგებლობისთვის თვეში 4% განისაზღვრა. ზ------ გ-------–---–ი დაკისრებულ სარგებელს იხდიდა, თუმცა შემდგომში თანხის გადახდა ვერ შეძლო და ავტომანქანა კრედიტორს დაუბრუნა. ამასთანავე ი/მ გ---- კ---–--ესა და ზ------ გ-------–---–ს შორის, 2015 წლის 10 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება, სადაც ზ------ გ-------–---–მა 2 887 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანებების არსებობის ფაქტი აღიარა, შეთანხმებაში აღინიშნა რომ მანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა ვალის დაფარვას არ ეყოფოდა ამიტომ, დარჩენილი დავალიანება გარკვეული გრაფიკით დაიფარებოდა. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა 5 700 ლარი ანუ 2169 აშშ დოლარი გამოიქვითა ძირითადი ვალდებულებიდან ასევე, მოვალის მიერ გადახდილ თანხის გათვალისწინებით მოვალის დასაფარმა ვალდებულებამ ჯამში 878,5 აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა მოპასუხე ხელშეკრულებით და 2015 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას თავს არიდებდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო „დ” ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა, არ არსებობს.
16. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აპელანტმა მხარემ სასამართლოს წინაშე სარწმუნო დოკუმენტაცია ან/და სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც პალატას სარჩელისა და თანდართული მასალების საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაუბარებლობაში დაარწმუნებდა ვერ წარმოადგინა აღნიშნულის მტკიცების ტვირთს კი კანონმდებელი მას აკისრებდა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე 55-ე, მუხლებით იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ------ გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე