განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1919-18, 120310118002429225
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - გ-------------ე
წარმომადგენელი - ე--------------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ------------–---–-
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - გ-------------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის - 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა; ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე გ-------------ეს შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე (იხ. ს.ფ.14-21).
კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით გადაეხადა სამინისტროსთვის 3000 ლარი (იხ. ს.ფ.14-21).
2018 წლის 28 მარტს, გ-------------ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა შუამდგომლობა, რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმა არის. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N---- ტელეფონოგრამას (იხ. ს.ფ. 22).
2018 წლის 02 აპრილს, გ-------------ე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან (იხ. ს.ფ 23).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე გ-------------ეს შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
2017 წლის 24 ივლისის N------ კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.
2018 წლის 28 მარტს, გ-------------ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა მისი შუამდგომლობა, რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმა არის.
2018 წლის 02 აპრილს, გ-------------ე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან.
სასამართლომ მიუთითა, რომ კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე გ-------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ რადგან მოპასუხე გ-------------ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 აპრილის N------------------ ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
გ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არსებობს მისი გაუქმებისათვის საჭირო ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დადებული ხელშეკრულებით პ-----ს არ გააჩნდა არანაირი უფლება, ჰქონდა მხოლოდ მოვალეობები, რაც ცალსახად ადასტურებს აღნიშნული ხელშეკრულების კაბალურობას. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ და ასევე არც საკუთარი ინიციატივით განუხორციელებია მათი გამოთხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე, სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.
დადგენილია, რომ გ-------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წლის 24 ივლისს დაიდო ხელშეკრულება „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა "სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა "სამინისტროსათვის" 3 000 (სამი ათასი) ლარი.
დადგენილია, რომ გ-------------ემ 28.03.2018 წლის N------ პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა. პატაკში აღინიშნულია, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური და ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევით, პირადი პატაკის საფუძველზე. პატაკის მიხედვით, მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც არის თანახმა. ასევე გაცნობილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N--- ტელეფონოგრამას.
2018 წლის 02 აპრილს, გ-------------ე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ როგორც აღინიშნა, გ-------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წლის 24 ივლისის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.3. პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს, თუმცა ამავე პუნქტის თანახმად, მე-7 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის, 9.1.1., 9.1.4., 9.1.5. და 9.1.7 პუნქტებით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტაზე.
პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული პუნქტები ითვალისწინებს კონტრაქტის შეწყვეტის საპატიო გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურისათვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გაგრძელების შესაძლებლობას და იმავდროულად, ეს ვერ მიიჩნევა ხელშეკრულების შეწყვეტის ბრალეულ საფუძვლად. კერძოდ, კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1. პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტი ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შემთხვევაში; 9.1.4. პუნქტის თანახმად - სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; 9.1.5. პუნქტით - სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში; 9.1.7. პუნქტის თანახმად - პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მოპასუხე მხარის ახსნა - განმარტებით დადასტურებულია, რომ გ-------------ის გადაწყვეტილება ვადაზე ადრე შეეწყვიტა სამხედრო საკონტრაქტო სამსახური განპირობებული იყო მძიმე ოჯახური მდგომარეობით. კერძოდ, იმ გარემოებით, რომ გ-------------ის მამა დაავადებულია ხმელთაშუა ზღვის ცხელებით, რამაც გამოიწვია თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია და დიალიზზე დამოკიდებულება (იხ. 2018 წლის 02 თებერვალს გაცემული ფორმა N-------- ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ტ.1. ს.ფ. 61). როგორც აპელანტი მხარის ახსნა - განმარტებით დასტურდება, აღნიშნული ფორმა N-------- წარდგენილ იქნა სამხედრო დანაყოფში სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის შეწყვეტის საფუძვლის დასადასტურებლად, პატაკის დაწერამდე. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფლობდა ინფორმაციას გ-------------ის ვადაზე ადრე კონტრაქტის შეწყვეტის ნამდვილი მიზეზის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გ-------------ისათვის ჯარიმის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალების ყოველმხრივი შესწავლიდან, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გ-------------ის მიერ სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ოჯახის წევრის - მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით. სააპელაციო პალატა ასევე სარწმუნოდ მიიჩნევს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან აღნიშნული ცნობა წარადგინა სამხედრო განყოფილებაში და განმარტა მის მიერ კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ს-----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა გაცემულია 2018 წლის 02 თებერვალს, ხოლო გ-------------ემ მე-13 მოტორიზებული ბატალიონის მეთაურს პატაკი წარუდგინა 2018 წლის 28 მარტს. სხვა ლოგიკური და გონივრული ახსნა იმ გარემოებისა, თუ რატომ უნდა აეღო სწორედ მითითებულ დროს გ-------------ეს მამის ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა, არ არსებობს, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებს სააპელაციო სასამართლოს იმაში, რომ მას ეს ცნობა ესაჭიროებოდა სამხედრო სამსახურის გავლის ადგილას წარსადგენად, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის მოტივაციისთვის. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საპატიო გარემოების არსებობის შესახებ გ-------------ის პატაკში მითითებული არ არის, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, პატაკის ტექსტი წარმოადგენს სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ შემუშავებულ, სტანდატრულ (ტრაფარეტულ) ტექსტს, რომელსაც კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეები ხელმოწერით ადასტურებენ ხოლმე და ამდენად, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევებში კონტრაქტის შეწყვეტისას საპატიო გარემოების არარსებობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე ითვალისწინებს აპელანტი მხარის ამჟამინდელ მძიმე ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ, საქმეში არსებული 2018 წლის 01 ოქტომბრის N25 ხანძრის შესახებ აქტით დგინდება, რომ ადიგენის რაიონში, სოფ. ქიქინეთში მდებარე სიმონ და გ-------------ეების საცხოვრებელი სახლი მასში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ინვენტარით, სრულად იქნა განადგურებული ხანძრის შედეგად. გარდა ამისა, აპელანტის 2018 წლის 17 ოქტომბრის განცხადებიდან ირკვევა, რომ ს-----------ეს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამჟამად იმყოფება სიცოცხლისთვის შეუთავსებელ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. საცხოვრებელი სახლის განადგურების გამო ისინი დარჩენილნი არიან უბინაოდ და დროებით თავს აფარებენ მეზობლის ოჯახს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას ბრალეულად, საპატიო მიზეზის გარეშე. საქმეში არსებული მასალები და აპელანტის ახსნა - განმარტება ადასტურებს, რომ გ-------------ემ სამხედრო-საკონტრაქტო სამსახური ვადაზე ადრე შეწყვიტა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც ამავე კონტრაქტის 9.1.7. პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საპატიო გარემოებად და მასზე ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.4.1. პუნქტის შესაბამისად, ვერ გავრცელდება კონტრაქტის ბრალეულად დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიება - ფულადი ჯარიმა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო ასევე აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის N2429225-3/064-18 განჩინება გ-------------ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე 3000 ლარის ფარგლებში ავტომანქანა “SUBARU LEGACY” სახ. ნომრით - Z-------- საიდენტიფიკაციო კოდი - 4---------------- ყადაღის დადების შესახებ. ასევე უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის N2429225-3/064-18 განჩინება გ-------------ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე 3000 ლარის ფარგლებში: 1. ავტომანქანა “SUBARU LEGACY” სახ. ნომრით - Z-------- საიდენტიფიკაციო კოდი - 4----------------. 2. ავტომანქანა “AUDI A4” სახ. ნომრით K--------, საიდენტიფიკაციო კოდი: W---------------- ყადაღის დადების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 1991 , 257-ე, 372-ე, 384-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის N2429225-3/064-18 განჩინება გ-------------ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე 3000 ლარის ფარგლებში ავტომანქანა „SUBARU LEGACY“ სახ. ნომრით Z--------, საიდენტიფიკაციო კოდი 4---------------- ყადაღის დადების შესახებ;
5. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის N2429225-3/064-18 განჩინება გ-------------ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე 3000 ლარის ფარგლებში: 1. ავტომანქანა „SUBARU LEGACY“ სახ. ნომრით Z--------, საიდენტიფიკაციო კოდი 4----------------. 2.ავტომანქანა „AUDI A4“, სახ. ნომრით K--------, საიდენტიფიკაციო კოდი W---------------- ყადაღის დადების შესახებ;
6. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გელა ბადრიაშვილი