განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2019
საქმის ნომერი
120100118002684920
ინსტანცია
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002684920

საქმე №1ბ/1668-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ტა-----–--------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, პ/ნ 0----------; საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, მცხოვრების მისამართზე: ადიგენის რაიონი, ს------–-------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენით ტა-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ტა-----–--------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ადიგენის რაიონის ს------–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ტა-----–--------–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს - ლა-–---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ხელები მოუჭირა ყელის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ტა-----–--------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, აპელანტის აზრით, თუ მოსამართლე ტა-----–--------–---–ს დაუნიშნავდა თავისუფლების აღკვეთას პირობითად ჩათვლის გარეშე, აღნიშნული გახდებოდა საფუძველი მომავალში მსჯავრდებული საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნებოდა დამაფიქრებელი მის მიერ ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერებისათვის, შეამცირებდა ტა-----–--------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც თავისთავად ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. აპელანტის აზრით, განაჩენის დადგენისას სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მდგომარეობა, რომ მეუღლის ტა-----–--------–---–ის მხრიდან მისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოპყრობის გამო, დაზარალებული იმყოფება სტრესის და მუდმივი ძალადობრივი ზემოქმედების მოლოდინის მდგომარეობაში. აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის, ასევე გაუგებარია და არც განაჩენში იკითხება თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს შემწყნარებლური შინაგანი რწმენა მართლაც, რომ წამახალისებელი განაჩენის დადგენისას, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე და სიმსუბუქეზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლა-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: პე-------------–---–ის და შუ–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ტა-----–--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს, რომ ტა-----–--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ დაზარალებული შერიგებულია მეუღლესთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავთ ოთხი შვილი და აგრძელებენ ერთად ცხოვრებას.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ტა-----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ტა-----–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

ყადაღისგან გათავისუფლდეს ბრალდებულ ტა-----–--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული პე-------------–---–ის (პ/№0----------) და შუ–-----------–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ 11 100 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ადიგენის რაიონი, ს------–------ში სარეგისტრაციო ზონა - ა----------------------------------------------------------–-----------------------------------------–------------------------------------------------------------------------–---------------- - 130, 7 000 ლარის ფარგლებში (განჩინება N---------–------------–);

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 სექტემბრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით;

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე