განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
160210117001948243
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3725-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – ას---------------ი, ტ------–------------ი, ნ---------------ი, აგ--------------ა, ი------–---–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ------------ი“

წარმომადგენელი – თ------------ი

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლი 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ტ------–------------ის, ნ---------------ის, აგ--------------ას, ი------–---–---ისა და ას---------------ისათვის სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 9258,36 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 6650 აშშ დოლარი, პროცენტი - 848,50 აშშ დოლარი, დაზღვევა - 129,91 აშშ დოლარი, საკომისიო - 46,55 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1583,40 აშშ დოლარი;

 

1.2. მოპასუხე ას---------------ისათვის სს „კ------------ის“ სასარგებლოდ 920,45 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. სს „კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1. მოპასუხეებს ას---------------ს, ტ------–------------ს, ნ---------------ს, აგ--------------ასა და ის-----–----–---ს მოსარჩელე სს „კრ------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 15 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 7833,30 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6650 აშშ დოლარი, სარგებელი - 848,50 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 129,91 აშშ დოლარი, საკომისიო - 46,55 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 158,34 აშშ დოლარი; 2. მოპასუხე ას---------------ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 09 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 677,91 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 592,40 ლარი, სარგებელი - 51,24 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 7,27 ლარი, ხოლო ჯარიმა - 27 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2015 წლის 15 ივლისს, შპს „მ-----------------------------–------------ა“ და ას---------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს „მ-----------------------------–------------აგან“ ისესხა 8000 აშშ დოლარი, თვეში 1,83%-იანი საპროცენტო სარგებელის დარიცხვით. სესხის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 15.07.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24);

 

2.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 15.07.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24);

 

2.3. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს „მ-----------------------------–------------“ მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს „ს--------------------------–------------ში“. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მ-----------------------------–---------ო”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 15.07.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24); შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 26-30); საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 31-33); შეთანხმება დაზღვევის პოლისში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (ს.ფ.34-38).

 

2.4. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 15.07.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24);

 

2.5. შპს „მ-----------------------------–------------ა“ და ას---------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ტ------–-------------თან, ნა---------------თან, ა----------------ასთან და ის-----–----–---თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 36-43);

 

2.6. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 39-46);

 

2.7. აგ--------------ასთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, იგი გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე 8000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 2500 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 300 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე 100 აშშ დოლარზე; რაც მთლიანობაში შეადგენს 10900 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

ი------–---–---თან, ნ---------------თან და ტ------–------------თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე 8000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 2453,52 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 240 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე 46,55 აშშ დოლარზე; რაც მთლიანობაში შეადგენს 10740,07 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 39-46);

 

2.8. მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 17 ივლისის შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 48-57); სესხის დაფარვის ისტორია (ს. ფ. 47);

 

2.9. 2015 წლის 15 ივლისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კ------------ის“ მიმართ შეადგენს 9258,36 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6650 აშშ დოლარი, პროცენტი - 848,50 აშშ დოლარი, დაზღვევა - 129,91 აშშ დოლარი, საკომისიო - 46,55 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1583,40 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 11.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი); ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

2.10. 2016 წლის 09 თებერვალს, შპს „მ------------------------------–------------სა“ და მსესხებელ ას---------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა საქონლის განვადებით შეძენის მიზნით მოსარჩელისაგან ისესხა 742,450 ლარი, 7 თვის ვადით, 16,1%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 09.02.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 64-66);

 

2.11. მოსარჩელესა და მოპასუხე ას---------------ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ვადაგადაცილების ჯარიმა შემდეგი წესით: გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაცილებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან ჯარიმის დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 09.02.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 64-66);

 

2.12. ას---------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, მსესხებელს სესხი სრულად უნდა გადაეხადა 2016 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, რაც მას არ გაუკეთებია. გაფრთხილების მიუხედავად მსესხებელმა არ დაფარა დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 09.02.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 64-66); მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი); თანხის გადახდის ისტორია (ს.ფ. 68).

 

2.13. 2016 წლის 09 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ას---------------ის დავალიანება შეადგენს 920,45 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 592,40 ლარი, პროცენტი - 51,24 ლარი, დაზღვევა - 7,27 ლარი, ჯარიმა (5%) – 29,62 ლარი, ხოლო ჯარიმა (0,27%) – 239,92 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 11.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი); ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

2.14. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს „მ-----------------------------–---------ომ“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს „მ-----------------------------–---------ოდ“. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს „კ------------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 69-70).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

3.2. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, საკომისიოსა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა.

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. 2015 წლის 15 ივლისს ას---------------მა შპს „მ-----------------------------–------------აგან“ ისესხა 8000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 1,83 %-იანი სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 09 თებერვალს, შპს „მ-----------------------------–------------ა“ და მსესხებელ ას---------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა საქონლის განვადებით შეძენის მიზნით მოსარჩელისაგან ისესხა 742,450 ლარი, 7 თვის ვადით.

 

3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

3.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელი ვადაგაცილებაში იმყოფება 2016 წლის 17 ივლისიდან მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ას---------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი სრულად უნდა დაფარულიყო 2016 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, რაც არ მომხდარა.

 

3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

3.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.

 

3.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.

 

3.10. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ას---------------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

3.11. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მხარეთა შორის გამოუწვევია დავა იმ გარემოება, რომ მოვალის მიერ გადაცილებულია ვალდებულების შესრულების ვადა, მსესხებელსა და თავდებებს კი, ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლისა და საკომისიოს დაკისრების საფუძველია.

 

3.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

3.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

3.14. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

3.15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

3.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

3.17. ზემოთმითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1583,40 აშშ დოლარის ნაცვლად, მოპასუხეებს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 158,34 აშშ დოლარის გადახდა. ასევე უნდა შემცირდეს ჯარიმა სს „კ------------სა“ და ას---------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მოპასუხე ას---------------ს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 27 ლარის გადახდა.

 

3.18. სს „კ------------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

3.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

3.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

3.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

3.22. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ტ------–------------მა, ნ---------------მა, აგ--------------ამ და ი------–---–---მა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. აგ--------------ასთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 10900 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები, ხოლო ი------–---–---თან, ნ---------------თან და ტ------–-------------თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, მათი პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 10740,07 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლი 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5.1. აპელანტების განმარტებით, ისინი მარნეულის რაიონის სოფელი კირიხლოს მაცხოვრებელი არიან და ქართული ენა არ იციან. მათ სესხის ხელშეკრულებას ისე მოაწერეს ხელი, რომ არ იცოდნენ, თუ რა პროცენტს (სარგებელს) ითვალიწინებდა ხელშეკრულება.

 

5.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მთლიანად უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება შედგენილი იყო მხოლოდ ქართულ ენაზე და მხარეს მისი შინაარსი არ შეიძლებოდა სცოდნოდა ქართული ენის არცოდნის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.

 

9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

10. სააპელაციო პალატა უწინარესად აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, საკომისიოსა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეთა წარმომადგენელის მიერ სარჩელის ცნობას ემყარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღიარება (ცნობა) არის მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების განკარგვის აქტი, რითაც იგი ცნობს სარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებას.

 

12. სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია და სასამართლო ვალდებული აღარ არის შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარე ნების ნამდვილობის ნაკლზე მიუთითებს. აღიარება ნამდვილია, თუ იგი გამოხატავს ამღიარებლის თავისუფალ ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ნების არარსებობა, აღიარება გაქარწყლდება. ამავე კოდექსის 133-ე მუხლით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. ამდენად, აღიარების გაქარწყლება დასაშვებია, თუ დაცული იქნება ზემოთმითითებული ნორმით განსაზღვრული პირობები.

 

13. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შეთხვევაში, აპელანტები სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდიან მათი წარმომადგენლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას და არ მიუთითებენ წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნების შეუსაბამობაზე მათ ნამდვილ ნებასთან. ასეთ ვითარებაში კი, არ არსებობს სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, საკომისიოსა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

14. რაც შეეხება, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1583,40 აშშ დოლარის ნაცვლად, მოპასუხეებს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ 158,34 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ასევე შეამცირა ჯარიმა სს „კ------------სა“ და ას---------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მოპასუხე ას---------------ს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 27 ლარის გადახდა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არც პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ პრეტენზიას. აპელანტები მიუთითებენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მათ ისე მოაწერეს ხელი სადავო ხელშეკრულებას, რომ ქართული ენის არცოდნის გამო მის შინაარს არ გასცნობიან.

 

15. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები მიუთითებენ მათი მხრიდან ნების იმგვარ გამოვლენაზე, როდესაც პირი გულგრილად ეკიდება დოკუმენტის შინაარს და ისე აწერს ხელს საკრედიტო დაწესებულებასთან დადებულ სესხის ხელშეკრულებას, თითქოს „სულ ერთია“ რას აწერს ხელს. პალატა აღნიშნავს, რომ ნების ამგვარი გამოვლენა შეცილების უფლებას გამორიცხავს. უფრო მეტიც, ნების ამგვარი გამოვლენა არ იმსახურებს სამართლებრივ დაცვას. პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელია გერმანული სამართლის მიდგომა ენის არმცოდნე უცხოელთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „შეცდომის გამო შეცილება გამოირიცხება იმ შემთხვევებში, როდესაც ენის არმცოდნე უცხოელი დოკუმენტის ტექსტს ვერ გაიგებს და ისე მოაწერს ხელს, თუმცა, ზუსტად იცის, რომ დოკუმენტი შესაძლოა ცდებოდეს შინაარსის მიმართ მის წარმოდგენას; იგივე წესი მოქმედებს ასევე ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მიმართ, როდესაც ის შედგენილია მხარისთვის უცხო ენაზე, ხოლო მხარე, ენის უცოდინრობის მიუხედავად, გაცნობიერებულად არ ინტერესდება მისი შინაარსით და აწერს ხელს“. (იხ: სამოქალაქო სამართლის კომენტარები, წიგნი I, 72-73-ე მუხლები)

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

17. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ას---------------ის, ტ------–------------ის, ნ---------------ის, აგ--------------ას, ი------–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლი 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი