განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001787087
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4655-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს- ,------------–---------’’
წარმომადგენელი - დ--------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - დ--–- შ--–--------- - ფ-----, თ---- შ--–---------
წარმომადგენელი - რ---------–-----
დავის საგანი - საბანკო კრედიტის დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს- ს----------–---------ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს დ--–- შ--–----------ფ-----ს და თ---- შ--–---------ს ს- საქართველოს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 61680,75 აშშ დოლარი და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. დ--–- შ--–----------ფ-----ს ს- ს----------–---------ს სასარგებლოდ დაეკისრა 5534,69 აშშ დოლარი. ს- ს----------–---------ს სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეებისთვის 4563,63 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 9 ივლისს ს- ს----------–--------ს და დ--–- შ--–---------ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კლიენტს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის პირობები განისაზღვრა შემდეგი სახით: კრედიტის მოქმედების ვადა 300 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 0-48%, პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 13-18)
2.2. 2014 წლის 9 ივლისს ს- „ს----------–--------ს“ და თ---- შ--–---------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რომლის თანახმად, თ---- შ--–---------მ სოლიდარულად იკისრა დ--–- შ--–----------ფ-----თან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 45-46)
2.3. სესხის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 19 მარტს ს- ს----------–--------ს და დ--–- შ--–----------ფ-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგი საკადასტრო კოდით: #-------------------. და #-----------------------. ამასთან, მხარეებს შორის გაფორმდა „დამატებითი შეთანხმება“ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ 23-24)
- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 30-42)
- დამატებითი პირობები, დანართი N1 (ს.ფ 43)
2.4. 2015 წლის 27 მარტს ს- ს----------–--------სა და დ--–- შ--–----------ფ-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის მიერ გაიცა კრედიტი 129 200 აშშ დოლარის დენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 10%-ით, პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 21-22)
- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 19-
20)
2.5. დადგენილია, რომ ს- პ-----------სა და დ--–- შ--–----------ფ-----ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 50 000 ლარის ოდენობით. მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 4 850 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ამონაწერი (ს.ფ 47-49)
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ 50)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2017 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 65 514,13 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 56 162.51 აშშ დოლარი, პროცენტია - 5291.72 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოა 3 367.41 აშშ დოლარი, სხვა საკომისიო ხარჯები
692,49 აშშ დოლარი;
ს- პ-----------ის მიერ გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება შეადგენს 6 088.42 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4 746.79 აშშ დოლარი, პროცენტი - 737.90 აშშ დოლარი, ჯარიმა 603.73 აშშ დოლარი, ხოლო დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებაა 176.52 აშშ დოლარი.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე, რომლის შესაბამისად მოპასუხეები სარჩელში ასახული თანხების მოცულობას სადავოდ არ ხდიან. მოპასუხეები მხოლოდ მიუთითებენ ს- ს----------–---------ს მიერ განსაზღვრული სარგებლის და პირგასამტეხლოს მოქმედი კანონმდებლობის სტანდარტებთან დაახლოებაზე. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე დ--–- შ--–----------ფ-----ის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ გამხდარ გარემოება, რომელიც შეეხება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობას და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული სადავო გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც არც შესაგებელში და არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია. მოპასუხემ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, რის გამოც აღნიშნული სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 54)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში ს- ს----------–--------სა და დ--–- შ--–----------ფ-----ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, დ--–- შ--–----------ფ-----მა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ს- ს----------–--------- უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 56 162.51 აშშ დოლარის და ს- პ-----------ის მიერ გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი ნაწილის 4746,79 აშშ დოლარის ანაზღაურება. ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა მხარეებს შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავალიანების - 176.52 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რადგან დასახელებული თანხის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით 2014 წლის 16 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული სარგებლის - 5291.72 აშშ დოლარის და ს- პ-----------ის მიერ გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის 737.90 აშშ დოლარი მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის სესხზე პირგასამტეხლოს სახით 3 367.41 აშშ დოლარის და 603.73 აშშ დოლარის დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს- "ს----------–--------ის" მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მხოლოდ 50-50 აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასარჩელო მოთხოვნაზე - მოპასუხეებისთვის საკომისიო თანხის 692,49 აშშ დოლარის ნაწილში და მიუთითა, რომ საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების 3.1.10 პუნქტით განსაზღვრული დაზღვევის მართვის საკომისიოს გადახდის ვალდებულება 0.38%-ის ოდენობით ბუნდოვანი და გაურკვეველია. გარიგებაში არ არის მითითებული დასახელებული საფუძვლით თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეებს რა შემთხვევაში წარმოექმნებათ, ან რატომ წარმოეშვათ სასარჩელო მოთხოვნების განხილვის მომენტისთვის. საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 16 ივლისს გაფორმებულია გარიგება იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების დაზღვევის შესახებ, რომლითაც განსაზღვრულია ქონების დაზღვევის მიზნით გაცემული კრედიტის პირობები. შესაბამისად, 692,49 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ დაკმაყოფილდა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ 2014 წლის 9 ივლისს ს- ს----------–--------ს და თ---- შ--–---------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რომლის თანახმად 2015 წლის 27 მარტის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინასური ვალდებულება თ---- შ--–---------საც უნდა დაეკისროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2014 წლის 9 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.4 პუნქტით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 27 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1 აპელანტის მითითებით საკრედიტო ხელშეკრულების 3.1.10 პუნქტის საფუძველზე მსესხებელმა იკისრა დაზღვევის საკომისიოს გადახდის ვალდებულება, ამდენად, სადავო თანხის გადახდის ვალდებულების შესახებ მხარეებს შორის არსებობდა გარიგება, გარდა ამისა, აღნიშნული თანხის ოდენობა გათვალისწინებულია სესხის დაფარვის შესახებ გრაფიკშიც, რასაც იხდიდა კიდეც მსესხებელი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებების სახით დადგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 – 3.1.5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.
4.1.2. 2015 წლის 27 მარტს ს- ს----------–---------სა და დ--–- შ--–----------ფ-----ს შორის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც ბანკის მიერ გაიცა კრედიტი 129 200 აშშ დოლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავოა მითითებული ხელშეკრულების 3.1.10. პუნქტის ჩანაწერი "დაზღვევის მართვის საკომისიოს" შესახებ (იხ. ს.ფ. 18) და მის საფუძველზე მოთხოვნილი თანხის კანონიერება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მუხლის აღნიშნული ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას — მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, თუ რას მოიაზრებს არსებითი პირობა. 327 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არსებითად მიჩნეულია პირობები „რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ან და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ“. საგულისხმოა, რომ კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. როგორც წესი ის არ არის მრავალრიცხოვანი. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. ტრადიციულად, როგორც დოქტრინის, ისე პრაქტიკის მიერ ჩამოყალიბდა საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული - ესაა ხელშეკრულების საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა.
განსახილველ შემთხვევაში ს- ,------------–---------ს’’ მოთხოვნას 27.03.2015 წლის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების 3.1.10 პუნქტის საფუძველზე დ--–- შ--–--------- - ფ-----ის და თ---- შ--–--------ისთვის სოლიდარულად 692.49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება წარმოადგენს (სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ 176,52 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დავის საგნის არ არსებობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის საოქმო განჩინებით შეწყდა წარმოება) მოსარჩელის განმარტებით ხელშეკრულების დასახელებული პუნქტით მხარეები მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევაზე შეთანხმდნენ, რაც იმთავითვე ცნობილი იყო მსესხებლისთვისაც, შესაბამისად, საკრედიტო ვალდებულების ფარგლებში სიცოცხლის დაზღვევის სანაცვლოდ მასვე წარმოეშვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებაც. ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე (27.03.2015წ.) ს- ,------------–--------ს’’ სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ჰქონდა ერთიანი ხელშეკრულება მსესხებლების სიცოცხლის დაზღვევის შესახებ და ამ გარიგების ფარგლებში გადახდილი ჰქონდა შესაბამისი ოდენობის სადაზღვევო პრემიაც, 27.03.2015 წლის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ამ ხელშეკრულების 3.1.10. პუნქტის საფუძველზე ბანკს მსესხებლის მიმართ ამ უკანასკნელის სიცოცხლის დაზღვევის სანაცვლოდ უკვე გადახდილი სადაზღვევო პრემიის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. საგულისხმოა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელე მხარემ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული გარემოება სადავო თანხის მოთხოვნის საფუძველთან მიმართებით მოპასუხე მხარის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად დასახელებული ნორმების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მოპასუხის მოვალეობას, უპასუხოს მოსარჩელის მიერ მითითებულ და საქმისათვის რელევანტურ გარემოებებს. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ს- ,------------–---------ს’’ სარჩელზე, სადაც ეს უკანასკნელი სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში ზოგადად უთითებს მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაზე, სადავო თანხას კი როგორც საკომისიოს დავალიანებას მოითხოვს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თავად სარჩელი არ შეიცავს დეტალურ დასაბუთებას სადავო თანხაზე მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის ასეთი ზოგადი დასაბუთების საპირისპიროდ საკმარისად უნდა ჩაითვალოს შესაგებელი, რომლითაც მოპასუხე მხარე სარჩელის ფარგლებში, მასში მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმება, ამასთან, მიუთითებს საურავის და პროცენტის ოდენობის გადახედვის აუცილებლობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის თანახმად პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან. დასახელებული ნორმა მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის დამატებით წინაპირობას ითვალისწინებს. 816-ე მუხლში გათვალისწინებული მოწესრიგების გამო დაზღვევის ხელშეკრულებას ხშირად მიაკუთვნებენ რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს. ქართული სასამართლო პრაქტიკაც დაზღვევის ხელშეკრულებას რეალურ ხელშეკრულებად მიიჩნევს. შესაბამისად, 816-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს არა ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას.
სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის თანახმად სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. ამდენად, დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დამზღვევისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობას. ნორმის მიზანია, სხვა პირის დაზღვევისას დაცული იყოს მისი სიცოცხლე, როგორც დაზღვევის ობიექტი. ნორმით გათვალისწინებული წესი გამონაკლისია როგორც სხვა პირის სასარგებლოდ დადებული გარიგებების ზოგადი წესებიდან (შდრ. 349), ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულების მომწესრიგებელი წესებიდან (შდრ. 836 II). მოყვანილ რეგულაციებში კანონმდებელი დაზღვეული პირის თანხმობას სავალდებულოდ არ ხდის. სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში კი -კანონმდებელი არა თუ ითხოვს ასეთ თანხმობას, არამედ წერილობით ფორმაზე იმპერატიულად მიუთითებს.
განსახილველ შემთხვევაში ს- ,------------–---------’’ სადავო თანხის მოპასუხეებისთვის დაკისრებას მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევისთვის ბანკის მიერ სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ უკვე გადახდილი პრემიის სახით მოითხოვს. ამდენად, ს- ,------------–---------ს’’ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ 1. მსესხებლის სიცოცხლე სადაზღვევო კომპანიაში დააზღვია; 2. აღნიშნულის თაობაზე მსესხებლისგან მიღებული ჰქონდა წერილობითი თანხმობა, ბანკს და მსესხებელს შორის არსებობდა შეთანხმება ბანკის მიერ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სანაცვლოდ გადახდილი პრემიის ბანკის სასარგებლოდ მსესხებლის მიერ ანაზღაურების შესახებ; 3. მზღვეველის სასარგებლოდ ბანკმა სრულად შეასრულა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევისთვის გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ამ მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩლე მხარე მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებასთან - ბანკის მიერ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევასთან მიმართებით მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, ამ უკანასკნელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება, მაგალითად მსესხებლების სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ბანკის მიერ მზღვეველთან დადებული ერთიანი ხელშეკრულება, რაც ბანკის მიერ ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებას, (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებამდე მსესხებლების სიცოცხლის ერთიანად დაზრვევის შესახებ) რომელსაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე დაადასტურებდა, სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სასამართლო ამოწმებს თუ რამდენად შეესაბამება მხარეთა მოთხოვნა კანონის ნორმით გათვალისწინებულ დისპოზიციას, როგორც ზემოთ აღნიშნა, ს- ,------------–---------’’ სადავო თანხას მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადახდილი პრემიის სანაცვლოდ მოითხოვს, ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენდა ბანკის მიერ მსესხებლის წერილობითი თანხმობის დადასტურება ბანკის მიერ მისი სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება არამცდაარამც არ გამომდინარეობს 27.03.2015 წლის საბანკო მომსხურების ხელშეკრულების 3.1.10 პუნქტიდან, რადგან დასახელებულ პუნქტში მითითებულია მხოლოდ დაზღვევის მართვის საკომისიოს საპროცენტო განაკვეთის შესახებ და არ იკვეთება უფლებამოსილი პირის წერილობით გამოხატული ნება/თანხმობა ბანკის მიერ მისი სოცოცხლის დაზღვევის შესახებ, უფრო მეტიც, გათვალისწინებით იმისა, რომ ბანკის მიერ ერთიანი დაზღვევის ფარგლებში გადახდილი სადაზღვევო პრემიის გადახდა მსესხებლის ტვირთი უნდა გამხადრიყო მსესხებელის მიერ ამ ვალდებულების აღების შესახებ მტკიცებულების შექმნა და ამ დავის ფარგლებში სასამართლოსთვის მისი წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ არც 27.03.2015წ. ხელშეკრულებით და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით ნათლად და გარკვევით დადასტურებული ვერ იქნა ფაქტი მასზედ, რომ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევასთან მიმართებით ბანკს და მსესხებელს შორის კონკრეტულ/ძირითად პირობებზე, (საგანი/სადაზღვევო რისკი, ფასი და ვადა) შეთანხმება არსებობდა, 27.03.2014 წლის ხელშეკრულების 3.1.10 პუნქტში მითითებული დათქმა დაზღვევის მართვის საკომისიოს საპროცენტო განაკვეთის შესახებ, მიჩნეული ვერ იქნება ბანკს და მსესხებელს შორის სიცოცხლის დაზღვევის სანაცვლოდ გადასახდელ ფასზე შეთანხმებად, რადგან დასახელებული ჩანაწერი არ არის საკმარისი გარიგების ფასის ზუსტად განსასაზღვრად, კერძოდ, გაუგებარია რისი 0.38 % იგულისხმება დაზღვევის მართვის საკომისიოს ღირებულებად. შესაბამისად, მხოლოდ სადავო ჩანაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მასზედ, რომ მსესხებელმა წერილობითი ფორით გამოხატა თანხმობა ბანკის მიერ მისი სიცოცხლის დაზღვევის თაობაზე და ამასთან, იკისრა ვალდებულება ბანკის მიერ წინასწარ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ამ უკანასკნელისთვის ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ს- ,------------–---------ს’’ ახსნა-განმარტების გარდა, რომელსაც თავის მხრივ არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ ბანკს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ანგარიშში სადაზღვევო კომპანიის მიმართ შესრულებული აქვს სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, რაც დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე საბოლოოდ ქმნის მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს- ,------------–--------მა’’ ვერ დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი და სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები მასზედ, რომ 1. მსესხებლის სიცოცხლე სადაზღვევო კომპანიაში დააზღვია; 2. აღნიშნულის თაობაზე მსესხებლისგან მიღებული ჰქონდა/მიიღო წერილობითი თანხმობა, ბანკს და მსესხებელს შორის არსებობდა შეთანხმება ბანკის მიერ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სანაცვლოდ გადახდილი პრემიის ბანკის სასარგებლოდ მსესხებლის მიერ ანაზღაურების შესახებ; 3. მზღვეველის სასარგებლოდ ბანკმა სრულად შეასრულა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევისთვის გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს- ,------------–---------ს’’ მოთხოვნა თ---- შ--–--------ის და დ--–- შ--–--------- ფ-----ისთვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადახდილი სადაზღვევო პრემიის სახით 692.49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებულია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საბოლოოდ ეკისრება წაგებულ მხარეს შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით აპელანტისათვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება და იგი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს- ,------------–---------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური