განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
საქმე №080350018002748177 (3/ბ-12-2019წ.)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა, 2019 წლის 22 იანვარს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერთპიროვნულად, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ა-------------------------------ის (A--------------------------) სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანებაზე.
საქმეში მონაწილე მხარეები:
აპელანტი (უცხოელი) - ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------------------ი (A--------------------------)
მოწინააღმდეგე მხარე (შუამდგომლობის ავტორი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - უცხოელის საქართველოდან გაძევება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და აპელანტის მოთხოვნებზე მითითება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2018 წლის 05 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 52.1, 52.2, 53.1 მუხლების, 59.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 59.3 მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 და 2140 მუხლებით დადგენილი წესით მოითხოვა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------------------ის (A--------------------------) (შემდეგში „უცხოელი“) საქართველოდან ერაყის რესპუბლიკაში გაძევება.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს, საქართველოს შსს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად უცხოელისათვის 10 კალენდარული დღის განსაზღვრა _ გადაწყვეტილების გაცნობიდან, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ყოფნა საქართველოში ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მიზანშეწონილად მიიჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63.1 მუხლის შესაბამისად, უცხოელისათვის საქართველოში შემოსავლის აკრძალვა 5 წლის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------------------ი (A--------------------------; დაბადებული: 1---------წ. პასპორტის №A7------) გაძევებულ იქნა საქართველოდან ერაყის რესპუბლიკაში. ა-------------------------------ს (A--------------------------) მიეცა ბრძანების გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადა საქართველოს რესპუბლიკის ნებაყოფლობით დასატოვებლად. მასვე აეკრძალა საქართველოში შემოსვლა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სასამართლომ ბრძანება შემდეგნაირად დაასაბუთა:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მესამე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე კარი იძლევა უცხოელთა პასუხისმგებლობისა და გაძევების შესახებ ზოგად დებულებებს. 50-ე მუხლის თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველია ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები. საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია 51-ე მუხლით. კერძოდ, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობას ერთვის უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გათვალისწინებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის თანახმად უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს: ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება; ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში; გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება; დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც: ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტი, რომ სახეზე იყო აღნიშნული კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და მიიღო გადაწყვეტილება უცხოელის - ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------------------ის (A--------------------------; დაბადებული: 1---------წ. პასპორტის №A1-------) საქართველოდან ერაყის რესპუბლიკაში გაძევების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანების გაუქმებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი შეიტანა უცხოელმა - ერაყის რესპუბლიკის მოქალაქემ ა-------------------------------მა (A--------------------------) და აღნიშნა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მისი დეპორტაციის მოთხოვნა წარმოადგენს აბსოლუტურ უკანონობას, ვინაიდან დღეის მდგომარეობით აქვს მოქმედი ვიზა და შესაბამისად, აქვს ქვეყანაში ყოფნის კანონიერი უფლება. დაუშვებელია დადგეს იმ პირის დეპორტაციის საკითხი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი და ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, აღნიშნული არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ და დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის მოთხოვნა. საჩივრის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიუთითოს იმ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, რომელთა გამოც დაუშვებელია მისი საქართველოდან გაძევება.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მიგრაციის დეპარტამენტი არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილების მქონე ორგანოს, რომელმაც დამატებით უნდა იკვლიოს საკითხი პირისათვის ნებართვის მიცემის თაობაზე და ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება. აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა არაერთხელ მოითხოვეს იმ სამართლებრივ საფუძველზე მითითება, რომელსაც ეყრდნობოდნენ წარმოების ჩატარებისას, თუმცა მათგან რაიმე განმარტება ვერ მიიღეს. ადმინისტრაციული ორგანოსათვის სახელმძღვანელო უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესი“, რომელიც აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას არ გააძევოს პირი ქვეყნიდან, ვიდრე ქვეყანაში არ ამოწურავს ყველა ინსტანციის სასამართლოში დავას. აპელანტის განმარტებით, ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოშია მისი საქმე, დროებითი ნებართვის დაუყოვნებლივ გაცემაზე შსს მიგრაციის დეპარტამენტის უართან დაკავშირებით. სასამართლოში საქმის განხილვისას პირი დაცულია ქვეყნიდან გაძევებისგან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი ითვალისწინებს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებას, თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში განმტკიცებულია ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით დაცულ სხვადასხვა უფლებებსა და თავისუფლებებში დაცულია აგრეთვე სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირს უსაფუძვლოდ შეეზღუდოს უფლებები, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც სამართლებრივი სუბიექტისთვის _ იყოს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. აღნიშნულ კონვენციას საქართველო მიერთებულია ორ ათეულ წელზე მეტია და მისი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოსთვის.
აპელანტის განმარტებით, საერთოდ დაუშვებელია მისი წარმოშობის ქვეყანაში გაძევების თაობაზე საკითხის განხილვა, ვინაიდან როგორც ლტოლვილთა სამინისტროს, ისე ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ცალსახად იქნა აღიარებული და დადასტურებული ის ფაქტი, რომ იგი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, კერძოდ, ერაყში დაბრუნების შემთხვევაში არსებობს მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების მაღალი რისკი.
ევროკავშირის 2011 წლის საკვალიფიკაციო დირექტივის მე-15 მუხლის თანახმად, სერიოზულ ზიანად ითვლება: „ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყენაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი არ ექვემდებარება რაიმე სახის გადახედვას. მაგალითად, საქმე №1/1989/1--/217 „სერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ „Soering v. The Unites Kingdom”. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 1989 წლის 07 ივლისს, პუნქტი 88 დაადგინა, რომ „თუნდაც ყველაზე რთულ გარემოებებში, როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ორგანიზებული დანაშაული, კონვენცია მკაცრად კრძალავს წამებას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს“.
„ლტოლვილთა შესახებ“ 1951 წლის კონვენციის (რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის №1996- IIს დადგენილებით) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არცერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ გაასახლებს ან დააბრუნებს ლტოლვილს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებისა და პოლიტიკური მრწამსის გამო. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი ეს დებულება არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ლტოლვილის მიმართაც, რომელიც ანგარიშგასაწევი მიზეზების გამო სახელმწიფო უშიშროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში, სადაც იგი იმყოფება ან მსჯავრდებულია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ მიუხედავად კონტრდაზვერვის უარყოფითი პასუხისა არავის არ აქვს უფლება გააძევოს პირი ქვეყნიდან თუ მას წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ელის საფრთხე. აღნიშნული კონვენცია, ისე როგორც საქართველოს მიერ რატიფიცირებული ყველა საერთაშორისო აქტი წარმოადგენს შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით უპირატესი ძალის მქონეს და სავალდებულოდ შესასრულებელია ნებისმიერი ორგანოსთვის.
იგივეს ამბობს გაეროს სახელმძღვანელო „ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ“ - „ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხული პირი, სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებიდან გამომდინარე მაინც შეიძლება იყოს დაცული წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისგან, სადაც მას სასტიკი მოპყრობა ემუქრება. მაგალითად, კონვენცია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის შესახებ კატეგორიულად კრძალავს პირის დაბრუნებას ქვეყანაში, სადაც იგი წამებას დაექვემდებარება. ანალოგიური დებულებები არის ადამიანის უფლებათა სფეროს სხვა საერთაშორისო და რეგიონულ დოკუმენტებში“.
საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიერთების შემდეგ, ეროვნული საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემების მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულების განხორციელების მიზნით ხდება შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფოს შემუშავებული აქვს რეგულაციები, რომელიც შესაბამისობაშია „ლტოლვილთა შესახებ“ კონვენციასთან და რომელიც ითვალისწინებს სწორედ გამონაკლისს იმ პირთათვის, რომელთა გაძევებაც შეუძლებელია. ასეთია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის“ მე-10 მუხლის I პუნქტი, რომლის შესაბამისად, უცხოელს, რომლის გაძევებაც შეუძლებელია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ მისცემს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებას. აპელანტის აზრით, მისი მდგომარეობა წარმოადგენს სწორედ ასეთ შემთხვევას ანუ გამონაკლისს და მისი გაძევება შეუძლებელია.
მიგრაციის დეპარტამენტმა ნაცვლად იმისა, რომ გაეცა დაუყოვნებლივ ქვეყანაში დროებით ყოფნის ნებართვა, მოითხოვა დეპორტაცია პირზე, რომლის გაძევებაც დაუშვებელია, მითუმეტეს რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ მის სახელზე გაცემულია მოქმედი ვიზა, რაც აძლევს მას ქვეყანაში ყოფნის კანონიერ უფლებას და ამ პირობებში მისი ქვეყნიდან გაძევება არის ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ დასაბუთებას მოკლებული.
მიგრაციის დეპარტამენტმა უხეშად დაარღვია, როგორც შიდა კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, რომელიც უფლებამოსილი იყო დაედგინა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დადგებოდა თუ არა აპელანტი სერიოზული ზიანის რისკის წინაშე იყო საქართვლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომელმაც დაადგინა რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში მას ემუქრება სერიოზული ზიანი. სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ და განმარტა, რომ ითვალისწინებს და აანალიზებს მისი ერაყში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლო დევნის დაქვემდებარების საფრთხეებს, მიუთითებს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლზე თუმცა ამავე დროს განმარტავს, რომ ეროვნული უშიშროებისა და წარმოშობის ქვეყანაში აპელანტის დაბრუნების რისკების დაბალანსების კუთხით ის რისკი, რის წინაშეც შეიძლება დადგეს არათანაზომადია იმ საფრთხისა, რომელსაც იგი უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. აპელანტი მიუთითებს, რომ ეს გახდა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი და არა ის, რასაც მიგრაციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თითქოს ერაყში დაბრუნებით არ ემუქრება დევნა. საერთაშორისო დაცვაზე უსაფრთხოების კუთხით უარი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს გააძევნოს პირი იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით ემუქრება სერიოზული ზიანის საფრთხე, რომელიც აღიარა კომპეტენტურმა ორგანომ, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოადგინა ინფორმაცია, ერაყში არსებული ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვისას, რის გამოც აპელანტი დამატებით მიუთითებს მათივე ვებგვერდს: , სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაციის სრული ვერსია. ამასთან, აპელანტს მოჰყავს ევროსტატიდან მოპოვებული ინფორმაცია: https://www.migrtionpolicy.org/programs/data-hub/charts/asylum-recognition-rates-euefta-country-2008-2017 , რომელიც აჩვენებს ერაყის მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მინიჭების პროცენტულ მაჩვენებელს ევროკავშირის ქვეყნებში: ისლანდია 80%; ირლანდია 100%; პორტუგალია 100%; ესპანეთი 70%; საფრანგეთი 86%; შვეიცარია 92,9%; იტალია 90,1%; საბერძნეთი 75,7%; სლოვაკეთი 100%; ჩეხეთი 75%; პოლონეთი 80 %; ესტონეთი 100%; გერმანია 63%; კვიპროსი 60%; ავსტრია 42,7%.
ეს სტატისტიკა და თვითონ მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაცია ნათლად მიუთითებს ერაყში არსებულ მდგომარეობაზე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის სამმართველო დღემდე ანიჭებს ერაყის მოქალქეებს საერთაშორისო დაცვას. შესაბამისად, პარადოქსული და ორმაგად გაუგებარია, როდესაც მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე სამმართველო აღიარებს, რომ ერაყში სუნიტების მდგომარეობა გაუსაძლისია და საერთაშორისო დაცვას დღემდე ანიჭებს ერაყიდან გამოქცეულ სუნიტ მოსახლეობას, ხოლო იმავე დეპარტამენტის დეპორტაციის საკითხებზე მომუშავე სამმართველო ამტკიცებს საწინააღდეგოს, რომ ერაყში სუნიტებზე დევნა არაა. თუკი დადგინდა, რომ ერაყში სიმშვიდეა და ადამიანის უფლებები არ ირღვევა, ასეთი გარემოების დადგენის შემდეგ არამარტო აპელანტს, არამედ ყველა ერაყელ სუნიტს, რომელიც სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვით უნდა მოეხსნას საერთაშორისო დაცვის სტატუსი. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულია ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, პირს სტატუსი შეუწყდება თუ მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რადგანაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
აპელანტის აზრით, მიკერძოებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია შუამდგომლობაში მითითებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. მიგრაციის დეპარტამენტი წარმოდგენილ შუამდგომლობაში თავადვე ადასტურებს, რომ გასაუბრების შედეგად დადგენილია მისი ობიექტური შიში ქვეყანაში დაბრუნების თაობაზე და თავადვე ადასტურებს მის მიერ ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის საფუძვლიანობას. აღნიშნული ობიექტური შიში დასტურდება მოსაზრებაზე თანდართული დოკუმენტაციითაც, რომლითაც ნათლად ჩანს ერაყში არსებული მდგომარეობა და მიგრაციის დეპარტამენტის უსაფუძვლო მცდელობა დაარწმუნოს ის, რომ ერაყში დაბრუნება არის უსაფრთხო.
სხვა ზემოჩამოთვლილ უფლებებთან ერთად, აპელანტი მიუთითებს რომ დეპორტაციის შემთხვევაში ეზღუდება განათლების უფლება. განათლების მიღების უფლება ევროკონვენციის პირველი დამატებით ოქმის მეორე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებაა. ამ მუხლის მიხედვით, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე. ამ ნორმის საწინააღმდეგოდ მიგრაციის დეპარტამენტი თავისი მოქმედებით უსპობს შესაძლებლობას დაასრულოს სწავლა. როგორც აპელანტი მიუთითებს, საქართველოში სწავლობს მე-5 წელია, ამ ხნის განმავლობაში იღებდა სამედიცინო განათლებას. წელიწადში იხდიდა სწავლის გადასახადს 4000 აშშ დოლარს, რაც ჯამში შეადგენს მის მიერ გადახდილ 20 000 აშშ დოლარს და თუ არ მიეცემა სწავლის დასრულების საშუალება, დაკარგავს თანხასაც და წლებსაც, რადგან ვეღარ შესძლებს დიპლომის აღებას.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მიგრაციის დეპარტამენტში ერაყის რესპუბლიკის მოქალაქის ა-------------------------------ი (A--------------------------) (დაბადებული 1---------წ. პასპორტი NA7------; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი - ქ.ქუთაისი, მ--–---–---–ის ქუჩა N10; ტელ: 5-----------) განცხადების საფუძველზე (რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 60.3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში დროებით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას) დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა შემდეგი:
უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბოლოს გადმოიკვეთა 2015 წლის 28 აგვისტოს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „ბათუმის აეროპორტის“ გავლით (საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 18.09.2018წ. N2------ სამსახურეობრივი ბარათი).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 სექტემბრის N1-------- წერილის მიხედვით, უცხოელის სახელზე გაცემულია ბინადრობის ელექტრონული მოწმობა N1--------, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები - N ს-------; Nს------- და 2018 წლის 21 ივნისის N1--------- გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის ელექტრონული მართვის სისტემაში დაცული ინფორმაციით (2018 წლის 26 ნოემბრის N0-------- წერილი) უცხოელს, სააგენტოს მიერ 2015 წლის 14 იანვრის N1--------- გადაწყვეტილებით, მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2015 წლის 14 იანვრიდან - 2016 წლის 14 იანვრამდე ვადით. სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის N1--------- და 2018 წლის 18 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებებით მას უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს ინფორმაციით (2018 წლის 30 ოქტომბრის N2------ სამსახურეობრივი ბარათი) უცხოელის მიმართ საქმის წარმოება დასრულებულია. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2017 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მიღებული გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა 2017 წლის 27 აგვისტოს. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სასამართლოში შეტანილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოდან გამოთხოვილი უცხოელის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს 2017 წლის 23 აგვისტოს დასკვნით ირკვევა, რომ უცხოელს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტრიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.
2018 წლის 20 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხოელთან ჩაატარა გასაუბრება, რა დროსაც მან განმარტა, რომ დაიბადა ერაყის რესპუბლიკის ქალაქ ს--–-------ში, ბ--–---ის რაიონში. მისი განმარტებით, ერაყის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი დაძაბული სიტუაციის გამო და საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე მისი ოჯახს პერიოდულად ექმნება პრობლემები. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა სწავლის დაწყების მიზნით. 3 თვის მანძილზე გადიოდა ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. ამჟამად არის მე-5 კურსზე და სურს დაამთავროს სწავლა, თუმცა სახელმწიფომ უარი უთხრა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მანვე, 2017 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზნით. სამინისტრომ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება პირის მიერ გასაჩივრდა სასამართლოს ორივე ინსტანციაში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოში ის თავს ირჩენს ოჯახის მიერ გამოგზავნილი თანხებით, ზაფხულობით მუშაობს ტურისტულ კომპანიებში გიდად. საქართველოში არ ჰყავს ნათესავები, არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. სწავლის დამთავრების შემდეგ სურს დატოვოს საქართველო და გაემგზავროს ერაყის რესპუბლიკაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავი არეგულირებს უცხოელის საქართველოდან გაძევების ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურას. 2139 მუხლის შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და უცხოელი გაძევებულ იქნა საქართველოდან ერაყის რესპუბლიკაში. საქართველოს რესპუბლიკის ნებაყოფლობით დასატოვებლად მას მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა ბრძანების გაცნობიდან და აეკრძალა საქართველოში შემოსვლა 5 (ხუთი) წლის ვადით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.
დადგენილია, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 აგვისტოს №0------------- გადაწყვეტილებით უცხოელს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, იმ საფუძვლით, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითებს, თუმცა თვლის, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ყოველმხრივ გაანალიზებული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება გამოკვლეული და დასაბუთებული. ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად გაეცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2----–-–---------------ის წერილს, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამართალდაცვითი მიზნებისათვის და მიაჩნია, რომ იგი შეიცავს დასაბუთებას საფრთხის პოტენციური ხასიათის შესახებ. ასევე გაანალიზებულია საფრთხის სერიოზულობა და დასაბუთებულია ისეთი ელემენტი, როგორიცაა პროპორციულობის მოთხოვნა ანუ ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას საფრთხის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული საფრთხე განხორციელდება და სახეზეა მისი გარდუვალობა, ინდივიდის გაძევების შემთხვევაში აღმოიფხვრება ან შემცირდება თუ არა ეს საფრთხე, ასევე რისკის ხასიათი და სერიოზულობა. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს დასაბუთებას თავშესაფრის მიმცემი ქვეყნის ინტერესების საფრთხის თაობაზე, ასევე მითითებას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, არსებობს მოსარჩელე ა-------------------------------ისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის განხილვის პროცესში უმნიშვნელოვანესია საქმის გარემოებების გამოკვლევა და ფაქტების დადგენა, რამდენადაც მხოლოდ დადგენილი ფაქტების საფუძველზეა შესაძლებელი ნორმათშეფარდებითი საქმიანობის განხორციელება და მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, რომლის პრინციპებსაც იზიარებს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ადგენს მხარეთა ვალდებულებას თავად განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დაადასტურონ ეს ფაქტები. შესაბამისად, ფაქტის დაუდასტურებლობის პირობებში არახელსაყრელი შედეგი დგება იმ მხარის მიმართ, რომელმაც შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ შეძლო ფაქტების დადასტურება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია მოთხოვნის მართებულობის დასადასტურებლად, კერძოდ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოდან გამოთხოვილი, წარმოშობის ქვეყნაში (ერაყის რესპუბლიკა) დაბრუნებულ მიგრანტთა რეპატრიაცია/რეინტეგრაციის პროგრამებისა და ერაყის რესპუბლიკაში მცხოვრები სუნიტების მდგომარეობის შესახებ, კვლევის შესწავლით, _ უცხოელის განცხადება, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მისი, როგორც მუსლიმი სუნიტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე _ საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტმენტმა მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ გასაუბრებაზე მიწოდებული ინფორმაცია დაფუძნებულია მისი ერაყის რესპუბლიკის ტერიორიაზე, კერძოდ, ს--–-------ის პროვინციაში ცხოვრების დროს ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, შიდა არეულობასა და კრიმინოგენურ ვითარებაზე და არ იკვეთება კონკრეტული გარემობები, რაც გამოკვეთდა დევნის კონვენციურ ნიშნებს. ამასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლიდან ერაყის რესპუბლიკაში არსებულ გარემოზე სტაბილურობის მხრივ დადებითი ტენდენციაა. 2018 წლის აპრილიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით და ინციდენტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, ძალადობამ საგრძნობლად იკლო ერაყის თითქმის ყველა პროვინციაში. ასევე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა არის 1 890.696, ხოლო სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რაოდენობა კი 4.075.350, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისათვის, 2016 წლის დასაწყისში, ერაყში დაბრუნებულთა რიცხვი მხოლოდ 500 000 პირს შეადგენდა. ამდენად, მიგრაციის დეპარტმენტის აზრით, არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებით უცხოელის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს ან დაირღვეს მისი ფუნდამენტური უფლებები, შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენმა არ დააკმაყოფილა მისი განცხადება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტმა, მოპოვებული ინფორმაციის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისა და წარმოშობის ქვეყანაში უცხოელის დაბრუნების რისკის დაბალანსების საფუძველზე, მიაჩნია, რომ ის რისკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რის წინაშეც შეიძლება დადგეს უცხოელი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, არათანაზომადია იმ საფრთხისა, რომელსაც ის უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. მიგრაციის დეპარტამენტის აღნიშვნით, კვლევის პროცესში არ გამოვლენილა პირის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის მიმართ წამების ან არადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის შესაძლო რისკები.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საჩივრის ავტორს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც მათი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გზით სააპელაციო სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად. საქმის მასალებით დგინდება, რომ უცხოელს უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, მას არ მიუმართავს არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არც საქართველოს რომელიმე დიპლომატიურ/საკონსულო წარმომადგენლობისთვის საქართველოში ვიზის მიღების ან გაგრძელების თხოვნით; მას უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე (იხ.: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება - ს.ფ. 26; საგარეო საქმეთა სამინისტროს 17.09.2018წ. №0------- წერილი - ს.ფ. - 34; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 აგვისტოს №0--------- 1-- შეტყობინება - ს.ფ. 15).
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მისი გაძევება დაუშვებელია საქართველოდან, რადგან იგი შეიძლება დაექვემდებაროს დევნას წარმოშობის ქვეყანაში და არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გასაუბრებისას მან გამოთქვა სურვილი, სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისა, რაც გამორიცხავს მისივე მტკიცებას ერაყში დაბრუნების შემთხვევაში მისთვის ზიანის მიყენების მოსალოდნელ საფრთხეებზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით (რომი, 1950 წლის 04 ნოემბერი), არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას (წამების აკრძალვა). კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის (სტრასბურგი, 1954 წლის 22 ნოემბერი), პირველი მუხლის ადგენს უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს და განმარტავს: ,,სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები უცხოელი არ შეიძლება გააძევონ, თუ არ იქნება მიღებული კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, და ისე რომ მას შეეძლოს წარადგინოს თავის გაძევების საწინააღმდეგო არგუმენტები; გადაასინჯვინოს თავის საქმე და ამ უფლებათა განსახორციელებლად წარდგეს უფლებამოსილი ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ დანიშნული ერთ ან რამდენიმე პირის წინაშე. მეორე პუნქტი კი უთითებს, რომ უცხოელი შესაძლოა გააძევონ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტების შესაბამისად თავისი უფლებების განხორციელებამდე, როდესაც ასეთი გაძევება აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან განპირობებულია ეროვნული უშიშროების მოსაზრებებით“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული იქნა საქმე ჰ.ს. და სხვები კვიპროსის წინააღმდეგ (H.S. and Others v. Cyprus) განაცხადი №41753/10 გადაწყვეტილები მიღების თარიღია 04.06.2015წ). სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის სირიაში დაბრუნება არ გამოიწვევდა კონვენციის მე-3 დარღვევას, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პირის დეპორტაციამ შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და შესაბამისად, დადგეს ამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ არსებობს არსებითი საფუძვლები იმის დასამტკიცებლად, რომ პირი დეპორტაციის შემთხვევაში, მიმღებ ქვეყანაში აღმოჩნდება მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ, მიუხედავად იმისა, თუ რისგანაა გამოწვეული ეს რისკი - ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობისგან, პირის პიროვნული მახასიათებლებისგან თუ ორივე ზემოხსენებულისაგან. ასეთი გარემოებების არსებობისას, მე-3 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას, რომ არ მოახდინოს პირის დეპორტაცია აღნიშნულ ქვეყანაში. რეალური რისკის არსებობისთვის საჭირო არსებითი საფუძვლების შეფასებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მიმღებ ქვეყანაში არსებული პირობები კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით. ამ სტანდარტების მიხედვით, იმისათვის რომ ქმედება მოექცეს მე-3 მუხლით დაცული უფლების ფარგლებში, განმცხადებლის მიერ დასახელებულმა სავარაუდო არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. ამის შეფასება შედარებითია, ვინაიდან ის დამოკიდებულია საქმის შემადგენელ ყოველ გარემოებაზე. აქვე, სასამართლოს არ გამოურიცხავს შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში არსებული ძალადობის ზოგადმა სიტუაციამ შესაძლოა მიაღწიოს ინტენსივობის ისეთ დონეს, როდესაც ნებისმიერი პირის გაძევება აღნიშნულ ქვეყანაში გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. მიუხედავად ამისა, სასამართლო ასეთ მიდგომას იყენებს მხოლოდ ზოგადი ძალადობის ყველაზე უკიდურეს შემთხვევებში, სადაც პირის ქვეყანაში დაბრუნებისას მის წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის რეალური რისკი დგება. სასამართლოს მითითებით, შესაბამის დროს არ არსებობდა იმის რაიმე ნიშანი, რომ სირიაში ქურთებთან დაკავშირებით არსებობდა იმდენად მძიმე ზოგადი სიტუაცია, რომ განმცხადებლების იქ დაბრუნება თავისთავად გამოიწვევდა მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლომ გამოიკვლია მოცემულ პერიოდში სირიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ქურთების უმცირესობასთან, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე ქურთებთან კავშირშიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიუთითებდა სირიაში ქურთების მიმართ დისკრიმინაციულ და შემზღუდველ მოპყრობაზე, ისინი არ იყო ისეთი სახის ან ინტენსივობის, რაც მოცემულ დროს ამ პირების სირიაში დეპორტაციის შემთხვევაში გამოიწვევდა კონვენციის დარღვევას. ამასთან, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლებმა ვერ დაამტკიცეს, რომ არსებობდა რეალური რისკი სირიული უწყებებისგან/ხელისუფლებისგან... რაც შეეხება განმცხადებლების ინდივიდუალურ მდგომარეობას, სასამართლომ დაადგინა, რომ მათი მოთხოვნები გულმოდგინედ განიხილა როგორც თავშესაფრის უწყებამ, ისე ლტოლვილთა საკითხების განმხილველმა ორგანომ და შესაბამისად, ამ უწყებებმა წარმოადგინეს დასაბუთებული გადაწყვეტილებები. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლომ უარყო განმცხადებლების მოთხოვნა მე-3 მუხლზე დაყრდნობით და დაადგინა, რომ იგი იყო აშკარად დაუსაბუთებელი.
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული იქნა საქმე ჯ.კ და სხვები შვედეთის სამეფოს წინააღმდეგ (J.K and Others v. Sweden) განაცხადი № 59166/12; გადაწყვეტილები მიღების თარიღია 04.06.2015წ). სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის ერაყში დაბრუნება არ გამოიწვევდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და შემდეგნაირად დაასაბუთა აღნიშნული გადაწყვეტილება: ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დამკვირდებული საერთაშორისო სამართლის და საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესაბამისად გააკონტროლონ უცხოელთა შესვლა, ცხოვრება და გაძევება. თუმცა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ უცხოელის გაძევებამ შესაძლოა წამოჭრას კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საკითხები და აქედან გამომდინარე, კონვენციის შესაბამისად წარმოშვას ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაშინ, როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაბამისი პირი, მიმღებ ქვეყანაში დეპორტაციის შემთხვევაში დაექვემდებარება არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის რეალურ რისკს მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ. მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ განახორციელოს ამ პირის მითითებულ სახელმწიფოში დეპორტაცია. შეფასება - არის თუ არა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი დაექვემდებარება რეალურ რისკს - მოითხოვს, სასამართლომ შეაფასოს მიმღებ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტთან მიმართებით. სტანდარტები გულისხმობს, რომ არასათანადო მოპყრობამ, რომელსაც განმცხადებელი თვლის რომ დაექვემდებარება, უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ დონეს იმისათვის, რომ მოექცეს მე-3 მუხლის ფარგლებში. შეფასება ფარდობითია და დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე. როგორც სასამართლომ აღნიშნა, ძალადობის ზოგადი მდგომარეობა გაძევების შემთხვევაში ჩვეულებრივ არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. როგორც სასამართლომ მსგავს საქმეებში დაადგინა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იმ მრავალრიცხოვან საქმეებში, რომელიც ეხებოდა ერაყში დეპორტაციას, ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ პირის ამ ქვეყანაში დაბრუნება თავისთავად გამოიწვევდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. რასის რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით დევნის შიშის საფუძვლიანობა პირველ რიგში ფასდება და ეფუძნება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატიურად ხორციელდება ადამიანის საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სულთანი (Sultani) საფრანგეთის წინააღმდეგ (Sultani v. France) განაცხადის №45223/05 (გადაწყვეტილების მიღების თარიღია: 20.09.2007) სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის ავღანეთში დეპორტაციის გადაწყვეტილება არ გამოიწვევდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, ვინაიდან განმცხადებელმა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ზოგადი ძალადობრივი მდგომარეობის დემონსტრირება შესძლო, კონკრეტულად იმაზე მითითების გარეშე, უშუალოდ მას რა ფარგლებში ემუქრებოდა რისკი ავღანეთში დაბრუნების შემთხვევაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (ბრძანების) გაუქმების რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო უცხოელის - ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------------------------ის (A--------------------------) სააპელაციო საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს.
სარეზოლუციო ნაწილი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139, 2140, 2142, 2143 მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. ა-------------------------------ის (A--------------------------) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის ბრძანება.
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე