განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
330210114685474
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4738-18 31 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, გელა ქირია

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი – ლ--------------

წარმომადგენელი – ნ----------–--

 

მოწინააღმდეგე მხარე – შ--------------------------

წარმომადგენელი – გ------------

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

 

პელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე შპს „-----------------------------, მოსარჩელე ლ--------------ს სასარგებლოდ, 4 501 157 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ლ--------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ--------------მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემეობა, რომ მოპასუხემ აღიარა კონკრეტული ოდენობით თანხის მიღების ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი, გადაწყვეტილებაში არ ასახულა, რაც სასამართლოს არასწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.

 

4.2. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ხოლო შესაბამისი იურიდიული წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, უნდა დანიშნოს სხდომა. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პირდაპირ მთავარი სხდომა დანიშნა, რითაც მოსარჩელეს წაართვა შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებები ემტკიცებინა იმ მტკიცებულებებით, რომლის წარდგენასაც იგი სარჩელში აღნიშნული შუამდგომლობის მეშვეობით აპირებდა (მოწმეთა დაკითხვა). მოსარჩელეს ასევე წაერთვა იმ მტკიცებულებების დამატებით წარდგენის შესაძლებლობა, რომელთა მომზადება სარჩელის წარდგენის მომენტისათვის ვერ მოესწრო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

 

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „----------------------- საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

11. ლ--------------მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „----------------------- მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 4 501 157 ლარის დაკისრება. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

11.1. კომპანიის პარტნიორების - ი------------------ის, რ----–---–--------ისა და რ-------------ას (შემდგომში - „მოპასუხე კომპანიის პარტნიორები“) თხოვნით, მოსარჩელემ საზოგადოებას სამეწარმეო საქმიანობის დროული და შეუფერხებელი განხორციელებისათვის 2007 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში გადასცა კუთვნილი თანხა 4 501 157 ლარი;

 

11.2. ვინაიდან კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი არის მოსარჩელის მამა, ხოლო დანარჩენი პარტნიორები მასთან და მის ოჯახთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები იყვნენ, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მის მიერ კომპანიისათვის გადაცემულ თანხას დაუბრუნებდნენ უპრობლემოდ, ყოველგვარი სამართლებრივი დავის გარეშე;

 

11.3. 2010 წელს მოსარჩელემ მოითხოვა კომპანიისათვის გადაცემული თანხის დაბრუნება. კომპანიის პარტნიორებმა, მათ შორის, მოსარჩელის მამამ, განუცხადეს, რომ კომპანიისათვის შეუძლებელი იყო ამ ოდენობის თანხის გადახდა. შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს გადაუფორმებდნენ კომპანიის 100%-იან წილს. შესაბამისად, გაუფორმეს მინდობილობა და 2010 წლის 1 მარტს კომპანიის 100%-იანი წილი მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გააფორმა თავის მეუღლეზე;

 

11.4. ამის შემდეგ, კომპანიის ყოფილმა პარტნიორებმა - ი------------------მა და რ----–---–--------მა - მიმართეს სასამართლოს და ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა მათი წილის პროპორციულად მოსთხოვეს მოსარჩელეს, როგორც მათ მინდობილ პირსა და მათი სახელით თანხის მიმღებ პიროვნებას. აღნიშნულ დავაში ჩაერთო მოსარჩელის მამაც. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა;

 

11.5. 2014 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელემ კიდევ ერთხელ მიმართა მოპასუხე კომპანიას და მოითხოვა მის მიერ კომპანიისათვის გადაცემული თანხის დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. კომპანია ბუღალტრული დოკუმენტაციით აღიარებს, რომ მოსარჩელეს საზოგადოებისთვის გადაცემული აქვს თანხა, მაგრამ თანხას არ აბრუნებს.

 

12. მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა.

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული (სარჩელში მითითებული) ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. ამრიგად, იმის განსაზღვრა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას, სამართლებრივი შეფასების საკითხია.

 

15. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის ლ--------------ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „მოსარჩელემ საზოგადოებას თანხა გადასცა მოპასუხე კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით და კომპანიისათვის გადაცემული თანხის დაბრუნების მოლოდინი მას ჰქონდა კომპანიის პარტნიორებისაგან. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი, რომ თანხის დაბრუნების შეუძლებლობის გამო მოსარჩელე და კომპანიის პარტნიორები შეთანხმდნენ თანხის ნაცვლად კომპანიის 100%-იანი წილის დათმობის თაობაზე, სევე ამყარებს ვარაუდს სწორედ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმების არსებობაზე, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს, მოცემულ საქმეში მოპასუხის სათანადოობის საკითხი შეამოწმოს“. (იხ. სუსგ №ას-825 -791-2016, 2017 წლის 12 ივნისი).

 

სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ კომპანიის პარტნიორები, ვინაიდან ლ--------------მ კომპანიას თანხა გადასცა პარტნიორებთან შეთანხმების შედეგად და თანხის დაბრუნების მოლოდინიც მას პარტნიორებისაგან ჰქონდა.

 

საქმეში წარმოდგენილია ანგარიში აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,------------------------ საწესდებო კაპიტალში პარტნიორების შენატანი შეადგენს 4 652 577 ლარს, საიდანაც 4 501 157 ლარი შეტანილია ლ--------------ს მიერ.

 

პალატა განმარტავს, რომ საწესდებო კაპიტალი არის საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები წესდებით კისრულობენ. კონკრეტულ შემთხვევაში, აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ ანგარიშით დადგენილია, რომ კომპანიის 2----–-–---------------- კრების ოქმით გაიზარდა საწარმოს საწესდებო კაპიტალი, რაც სრულად იქნა შევსებული პარტნიორების მიერ. ასევე დადგენილია, რომ საწესედებო კაპიტალის მთლიანი თანხის 96.74546% შევსებულია ლ--------------ს ფულადი სახსრებით. აღნიშნული მტკიცებულებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელესა და საზოგადოების პარტნიორებს შორის.

 

ამდენად, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს (კომპანიას) შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ წარმოშობილა არც სახელშეკრულებო და არც უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში შ-------------------------- არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნული ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, ამ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა, მოსარჩელეს არ უკარგავს უფლებას, საკუთარი უფლებების დასაცავად კვლავ მიმართოს სასამართლოს სათანადო მოპასუხის მიმართ. (საქმე №ას-956-906-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწვეტილების გამოტანის წინაპირობები. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება სხდომის დანიშნის შესახებ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მოთხოვნებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიმართ ვინც პასუხი უნდა გასცეს სარჩელს (არასათანადო მოპასუხე). ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

16. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ შპს ,------------------------ მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი). მითითებული ნორმის საფუძველზე, ლ--------------ს უნდა დაეკისროს შპს ,------------------------ სასარგებლოდ 8000 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. ლ--------------ს დაეკისროს შპს ,------------------------ სასარგებლოდ 8000 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

მაია სულხანიშვილი