განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002222823
საქმე №2ბ/6564-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - შ-----------, გ--------------–---–ი
წარმომადგენელი - კ-–-----–------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ-----–--–--------- დირექტორი ლ-------------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: შპს "ლ--–-------ის" სარჩელი დაკმაყოფილდა. შ---------ის" (ს/ნ 2--------) და გ--------------–---–ის (ს/კ 0----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს "ლ--–-------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ------–--–-, ა----------------------–--- (ნაკვ. 1-----) (ს/კ 0---------------) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - შპს „ლ--–-------ის“.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–--ი, დ-----–------------------ (ნაკვ. 1-----), შემდეგი საკადასტრო კოდით: N0--------------- მესაკუთრეა შ-----–--–---------.
2.2. მოპასუხე მხარე სადავო უძრავ ქონებას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ დავაში მოპასუხე მხარეს სადავოდ აქვს გამხდარი მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერება და მიუთითებს მისი ფლობის მართლზომიერებაზე. კერძოდ, მხარე შესაგებელში და სასამართლოს მთავარი სხდომის მიმდინარეობისას განმარტავდა, რომ ავტოსადგომი, ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო სახელოსნოსთან ერთად ეკუთვნოდა კოოპერატივს „მ---–---–----“ (შ----------ს“) და არა სს „ქ--------–-----–-ს“. ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა მხოლოდ შენობა-ნაგებობა კ-----------------------------“, რომელსაც შემდგომ რეკონსტრუქცია გაფართოებისთვის გამოუყვეს მიწის ნაკვეთი 16 ჰა-ს ოდენობით. მიწის ნაკვეთის გეგმაზე მინაწერით „აუნაზღაუროს შენობა-ნაგებობის ღირებულება ავტოსადგომის მესაკუთრეს“, მოპასუხეს სურს დაადასტუროს, რომ სანამ სს „ქ--------–------–-ისთვის“ შეიმუშავებდნენ მიწის ნაკვეთის გეგმას, მანამდე არსებობდა მფლობელი შ----------ს“ სახით. შესაბამისად, შემდგომში, ლ-------------ას მხრიდან „ა------------ის“ შენობის გამოსყიდვა და რეგისტრაციისას მის საზღვრებში მოპასუხის მფლობელობაში არსებული ფართის დარეგისტრირება მოხდა უკანონოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრში ხელოვნურად იქნა წარდგენილ არასწორი აზომვითი ნახაზები. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხე სადავოდ ხდის მოთხოვნის საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობას და სასამართლოს წარმოუდგენს მთელ რიგ დოკუმენტაციას, მათ შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რეესტრის წერილებს, აზომვით ნახაზებს, აღმასკომის გადაწყვეტილებებს და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და წარმოუდგენს სასამართლოს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულების საპირისპირო - საპირწონე მტკიცებულებად არ მიაჩნია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რამდენადაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სწორედ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მიუთითებს ამაზე მოპასუხე სარწმუნოდ, რომ აღნიშნული ამონაწერი სადავოდ არის გამხდარი. შესაბამისად, არსებულ პირობებში და მოქმედი რეესტრის ჩანაწერის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ლ--–-------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–--ი, დ-----–------------------ (ნაკვ. 1-----), საკადასტრო კოდით: N0--------------- მესაკუთრეა შ-----–--–---------. სასამართლომ მითითება გააკეთა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 171-ე, 183-ე და 311-312-ე მუხლებზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
შ----------- არ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას და მოსარჩელეს არ აძლევს აღნიშნული ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, ქ-------–--ი, დ-----–------------------ (ნაკვ. 1-----), შემდეგი საკადასტრო კოდით: N0--------------- მესაკუთრეა შ-----–--–---------. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზე, რომ ვინაიდან, არსებული მდგომარეობით რეესტრის ჩანაწერების თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ შ-----–--–--------- ფიქსირდება, მოპასუხე ვერ იქნება მიჩნეული სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელად.
4.2. რაც შეეხება შპს „ლ--–-------ის“ კერძო საჩივარს, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ე1 პუნქტით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ამავე საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ზემოდასახელებული ნორმით დადგენილი მართლწესრიგის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დადგენილი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, ხოლო შპს „ლ--–-------ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, შპს „ლ--–-------ის“ მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი 50 ლარი, კერძო საჩივრის ავტორის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს შ---------სა“ და გ--------------–---–ს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ----------სა“ და გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. შპს „ლ--–-------ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაზედაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
4. შ---------სა“ და გ--------------–---–ს შპს „ლ--–-------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი