განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/678-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები – ანა გოგიშვილი
ეკატერინე ცისკარიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - ა-–-----------------------ე, ზ----------–------ი
წარმომადგენელი - შ--–------------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ტ---------ი“
წარმომადგენელი - ა----------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პირგასამტეხლოს და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში) გაუქმება და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ტ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
ზ----------–------სა და ა-–-----------------------ეს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 07.10.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (N3-------------) გამომდინარე 16 171.40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 896.99 ლარი, პროცენტი - 1774.41 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი;
ზ----------–------სა და ა-–-----------------------ეს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 14 ნოემბრიდან (ცნობა დავალიანების შესახებ N0-----0) პირგასამტეხლოს, ვადაგადაცილებაზე დარჩენილი ძირითადი თანხის, 13 896.99 ლარის 0.05%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთი წელზე, რაც შეადგენს 2 529,3 ლარს.
ზ----------–------სა და ა-–-----------------------ეს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 711 ლარისა და რეგისტრაციის აკრძალვის საფასურის - 20 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს „კ-----------------------ა“ (უფლებამონაცვლე სს „ტ--------ი“) და ზ----------–------ს შორის (მინდობილი პირის, ო-------------–---–ის მეშვეობით) 2015 წლის 07 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N3-------------), რომლის საფუძველზე ზ----------–------ის სახელზე გაიცა კრედიტი 14 500 ლარი, მოქმედების ვადა 2019 წლის 07 ოქტომბრამდე, წლიური, 18% სარგებლის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული 10 ლარის და ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვით.
2.2. 2015 წლის 07 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „კ-----------------------ა“ (უფლებამონაცვლე სს „ტ--------ი“) და ა-–-----------------------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, ზღვრული თანხის 20 487.26 ლარის ფარგლებში.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ----------–------ის დავალიანება არის: ძირითადი თანხა -13 896.99 ლარი, პროცენტი - 1774.41 ლარი, მოპასუხეს ასევე ერიცხება პირგასამტეხლო.
მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საერთო ჯამში გადახდილი თანხებიდან 603.01 ლარი წარიმართა სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში, 854,61 ლარი - პროცნტის, ხოლო 67,42 ლარი - პირგასამტეხლოს ანგარიშში.
უკანასკნელად თანხის გადახდა მოვალის მიერ განხორციელდა 2016 წლის თებერვლის თვეში.
2.4. კრედიტის თანხა 14 500 ლარი ჩაირიცხა მოსარჩელის მიერ მოპასუხე ზ----------–------ის ანგარიშზე და წარიმართა არსებული საკრედიტო ხელშეკრულებების დასაფარავად. თავად 2015 წლის 07 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში კრედიტის მიზნობრიობა განისაზღვრა შემდეგნაირად: საბანკო კრედიტის გადაფარვა, საკრედიტო ბარათის გადაფარვა, სახელფასო ოვერდრაფტის გადაფარვა. საქმეში წარმოდგენილი ზ----------–------ის სასესხო ანგარიშიდან დგინდება ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის ჩარიცხვა და ამ თანხის გახარჯვა არსებული დავალიანებების გადასაფარად.
2.5. სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ ო-------------–---–ს არ ჰქონდა უფლება ზ----------–------ის სახელით აეღო სესხი, საქმის მასალებით არ დასტურდება, ვინაიდან 2015 წლის 02 ოქტომბრის მინდობილობის თანახმად, ო-------------–---–ი უფლებამოსილია იყოს ზ----------–------ის წარმომადგენელი სს „კ----------------------ში“, მისი სახელით აიღოს ან/და დაფაროს სესხი.
სსს კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სსს კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყონოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავდების - ა-–-----------------------ის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 20 487.26 ლარით, რაც მოიცავს ძირითად თანხაზე, პროცენტასა და პირგასამტეხლოზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორად შეაფასა და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არამართებულად მიიჩნია, რომ კრედიტი გაიცა ზ----------–------ის სახელზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. აპელანტთა მითითებით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირ ახსნა-განმარტებას და უდავოდ დადგენილად მიიჩნია ხსენებული ფაქტი, მაშინ, როდესაც მოპასუხეები სადავოდ ხდიდნენ კრედიტის გაცემას და მიუთითებდნენ, რომ ზ----------–------ის წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი მიეღო კრედიტის თანხა და მეტიც - ხსენებულზე მსჯელობა იმ პირობებში, როდესაც თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, საფუძველს მოკლებული და უკანონოა. აპელანტები მიუთითებენ, რომ რამდენადაც კრედიტი არ გაცემულა და არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, არც სს ტ---------სა“ და ა-–-----------------------ეს შორის თავდებობის სამართალურთიერთობა წარმოშობილა. ამავდროულად, აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ თანხა ჩაირიცხა ზ----------–------ის ანგარიშზე და მის მიზნობრიობას სხვა კრედიტის დაფარვა წარმოადგენდა, რამდენადაც სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რომელი კრედიტი დაიფარა, მით უფრო, რომ ზ----------–------ს ბანკისთვის არ მიუცია თანხმობა და არ გამოუხატავს ნება, მიემართათ სესხის თანხა რომელიმე კონკრეტული საკრედიტო დავალიანების დასაფარად, ხოლო საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ბანკის შაბლონებს წარმოადგენს და მათ სათანადო მტკიცებულებებად შეფასება დაუშვებელია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული სახით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მარტის განჩინებით გაგრძელდა ხარვეზის შესავსებად ამავე პალატის მიერ 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით დადგენილი ვადა; აღნიშნულის შემდეგ, კერძოდ, 2018 წლის 29 მარტს, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა აპელანტების განცხადება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე; ამ განცხადების (იგივე მოთხოვნა დაადასტურა აპელანტების წარმომადგენელმა 2018 წლის 05 ივნისს, რის თაობაზეც შედგა აქტი) მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს და სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- სს „კ-----------------------ა“ (უფლებამონაცვლე სს „ტ--------ი“) და ზ----------–------ს შორის (მინდობილი პირის, ო-------------–---–ის მეშვეობით) 2015 წლის 07 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N3-------------), რომლის საფუძველზე ზ----------–------ის სახელზე გაიცა კრედიტი 14 500 ლარი, მოქმედების ვადა 2019 წლის 07 ოქტომბრამდე, წლიური, 18% სარგებლის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული 10 ლარის და ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვით.
- 2015 წლის 07 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „კ-----------------------ა“ (უფლებამონაცვლე სს „ტ--------ი“) და ა-–-----------------------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, ზღვრული თანხის 20 487.26 ლარის ფარგლებში.
- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ----------–------ის დავალიანებაა:
ძირითადი თანხა -13 896.99 ლარი, პროცენტი - 1774.41 ლარი, მოპასუხეს ასევე ერიცხება პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საერთო ჯამში გადახდილი თანხებიდან 603.01 ლარი წარიმართა სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში, 854,61 ლარი - პროცნტის, ხოლო 67,42 ლარი - პირგასამტეხლოს ანგარიშში. უკანასკნელად თანხის გადახდა მოვალის მიერ განხორციელდა 2016 წლის თებერვლის თვეში.
- კრედიტის თანხა 14 500 ლარი ჩაირიცხა მოსარჩელის მიერ მოპასუხე ზ----------–------ის ანგარიშზე და წარიმართა არსებული საკრედიტო ხელშეკრულებების დასაფარავად. თავად 2015 წლის 7 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში კრედიტის მიზნობრიობა განისაზღვრა შემდეგნაირად: საბანკო კრედიტის გადაფარვა, საკრედიტო ბარათის გადაფარვა, სახელფასო ოვერდრაფტის გადაფარვა. საქმეში წარმოდგენილი ზ----------–------ის სასესხო ანგარიშიდან დგინდება ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის ჩარიცხვა და ამ თანხის გახარჯვა არსებული დავალიანებების გადასაფარად.
- ის გარემოება, რომ ო-------------–---–ს არ ჰქონდა უფლება ზ----------–------ის სახელით აეღო სესხი, საქმის მასალებით არ დასტურდება, ვინაიდან 2015 წლის 02 ოქტომბრის მინდობილობის თანახმად, ო-------------–---–ი უფლებამოსილია იყოს ზ----------–------ის წარმომადგენელი სს „კ----------------------ში“, მისი სახელით აიღოს ან/და დაფაროს სესხი.
4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მტკიცებას მასზედ, რომ ძირითადი ვალდებულება - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, ზ----------–------ზე არ გაცემულა კრედიტი, ხოლო მისი წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი მიეღო სესხის თანხა, ამასთან - რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომ, კანონით გადამწყვეტია ,,ნების გონივრული განსჯა”, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებს, რომ ზ----------–------ს არ მიუცია თანხმობა ბანკისთვის, დაფარულიყო რომელიმე კონკრეტული საბანკო კრედიტი და მისი ნება აღნიშნულს არ მოიცავდა. პალატა შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 07 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 12-17), რომლის 3.14 პუნქტით პირდაპირ არის განსაზღვრული კრედიტის მიზნობრიობა - ,,საბანკო კრედიტის გადაფარვა, საკრედიტო ბარათის გადაფარვა, სახელფასე ოვერდრაფტის გადაფარვა“. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ იქნა შეთანხმება ან/და რომლებიც ასეთად არის მიჩნეული კანონის მიერ. ამდენად, პალატა თვლის, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის - კრედიტის მიზნობრიობაზეც შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და ზ----------–------ის აპელირება მასზედ, რომ მას ნება არ გამოუვლენია სხვა კრედიტების დასაფარად, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.
4.3. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ან/და წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ტ---------სა“ და ზ----------–------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადებულია მსესხებლის წარმომადგენლის - ო-------------–---–ის მეშვეობით, რომელზეც ზ----------–------ის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემულია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (ტომი 1, ს.ფ. 23-24). ხსენებული მინდობილობის თანახმად, ო-------------–---–ს ზ----------–------ისგან მიენიჭა უფლებამოსილება აიღოს ან/და დაფაროს სესხი, ხელი მოაწეროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და ა.შ. ამავდროულად, დადგენილია, რომ სესხის თანხა საბანკო კრედიტის გაფორმების დღესვე, 2015 წლის 07 ოქტომბერს, ჩარიცხულ იქნა სს ,,კ----------------- ბანკში“ (ამჟამინდელი უფლებამონაცვლე სს ,,ტ---------ი“) ზ----------–------ის ანგარიშზე და იმავე დღეს მოხდა ჩარიცხული კრედიტის თანხით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა საკრედიტო დავალიანებების გადაფარვაც. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას მასთან დაკავშირებით, რომ ო-------------–---–ი არ იყო უფლებამოსილი მიეღო სესხის თანხა, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, ამ უკანასკნელს სესხის თანხა არც მიუღია, კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა ჩაირიცხა მისი მარწმუნებლისა და აპელანტის - ზ----------–------ის ანგარიშზე და ამავე ანგარიშიდან განხორციელდა კრედიტის მიზნობრიობით გათვალისწინებული სხვა დავალიანებების გადაფარვა. რაც შეეხება აპელანტთა მტკიცებას მასზედ, რომ სესხის თანხა გაცემული არ ყოფილა და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბანკის შაბლონებია, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, რამდენადაც მტკიცებულებათა ავთენტურობის საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გამხდარა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აღნიშნული საკითხის გამოკვლევა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია, მით უფრო იმ პირობებში, რომ აპელანტები შემოიფარგლებიან მხოლოდ ბუნდოვანი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით და საწინააღმდეგოს სამტკიცებლად კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ვერ მიუთითებენ.
4.4. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებების მიმართ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს მასზედ, რომ სს „კ-----------------------ა“ (უფლებამონაცვლე სს „ტ--------ი“) და ზ----------–------ს შორის (მინდობილი პირის, ო-------------–---–ის მეშვეობით) 2015 წლის 07 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N3-------------), რომლის საფუძველზე ზ----------–------ის სახელზე გაიცა კრედიტი 14 500 ლარი, მოქმედების ვადა 2019 წლის 07 ოქტომბრამდე, წლიური, 18% სარგებლის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული 10 ლარის და ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0,5% პირგასამტეხლოს დარიცხვით, ხოლო 2015 წლის 07 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „კ-----------------------ა“ (უფლებამონაცვლე სს „ტ--------ი“) და ა-–-----------------------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, ზღვრული თანხის 20 487.26 ლარის ფარგლებში.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ,,კ-----------------------ა“ (უფლებამონაცვლე სს ,,ტ---------ი“) და ზ----------–------ს შორის წარმოიშვა სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, ა-–-----------------------ემ ნამდვილი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში იკისრა ზ----------–------ის ვალდებულებებზე სოლიდარული თავდებობა. აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მტკიცებას მასზედ, რომ რამდენადაც არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, ვერ იარსებებს ვერც აქცესორული (ა-–-----------------------ის სოლიდარული თავდებობა). პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად განვითარდა მსჯელობა მასზედ, რომ ა-–-----------------------ე წარმოადგენდა 2015 წლის 07 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულ პირს - თავდებს და პასუხის აგებდა თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის - 20 487.26 ლარის ფარგლებში.
4.5. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა აპელანტების პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზეც; როგორც აღინიშნა, მოპასუხეებს - ზ----------–------სა და ა-–-----------------------ეს, სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 07.10.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (N3-------------) გამომდინარე 16 171.40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 13 896.99 ლარი, პროცენტი - 1774.41 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი; ასევე მათ სოლიდარულად დაეკისრათ სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 14 პირგასამტეხლოს, ვადაგადაცილებაზე დარჩენილი ძირითადი თანხის, 13 896.99 ლარის 0.05%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთი წელზე, რაც შეადგენს 2 529,3 ლარს.
სააპელაციო პალატა მიუთთებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხევევაში, დადასტურებულია მსეხებლის მიერ საბანკო კრედიტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა; ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებდა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას; ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგსამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----------–------ისა და ა-–-----------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/
მოსამართლეები /ანა გოგიშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/