განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002718004
საქმე №1ბ/57-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ბორჯომის რაიონი, ს------–--------ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გი---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 (ერთი) წელი და 2 (ორი) თვე.
გი---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
გი---------------–---–ი, სისტემატიურად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნი--------------–---–ს, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ბორჯომის რაიონის ს------–-------ში, თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, ორი არასრულწლოვანი შვილის 8 წლის რე-------------–---–ის და წლინახევრის სა-–-------------–---–ის თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უცენზურო სიტყვებით ლანძღა-აგინა, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, დარტყმის შემდეგ გაქცეულს, რათა განრიდებოდა მას გამოეკიდა და მუშტი დაარტყა ბეჭებში, რამაც ნი--------------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თა--------------–---–მა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი---------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არის უსამართლო, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ შეაფასა გი---------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული, კერძოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გი---------------–---–ი მეუღლეს ნი--------------–---–ს სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას, რის შედეგადაც ნი--------------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიყენებული სხეულის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, გი---------------–---–ი აღნიშნულ ქმედებას ჩადიოდა შვილების, 8 წლის რეზო და წლინახევრის სა-–-------------–---–ის თანდასწრებით. მის მიერ ჩადენილი ქმედება გავლენას მოახდენს მისი შვილების ფსიქიკისა და თვითშეგნების ჩამოყალიბებაზე. გი---------------–---–ი როგორც პიროვნება არათუ ზრუნავს მისი ოჯახის კეთილდღეობასა და შვილების აღზრდაზე, არამედ მის მიერ ჩადენილი დანაშაულით შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებას ხელს უშლის.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად სასჯელის დანიშვნისას ასევე შესაფასებელია ბრალდებულის პიროვნება და მისი წარსული. გი---------------–---–ი წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი. მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი, ანალოგიური დანაშაული. 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის შემდეგ გ----------------–--–-ს ქმედების შეფასებისას აშკარაა, რომ 1 წლის ვადით პირობით თავისუფლების აღკვეთამ ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, გი---------------–---–ი ვერ განიმსჭვალა მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. შესაბამისად 2018 წლის 13 დეკემბერს დანიშნული სასჯელიც ვერ უზრუნველყოფს გი---------------–---–ისთვის სასჯელის მიზნების აღსრულებას. აღნიშნული სასჯელი არის მეტად მსუბუქი, არ შეესაბამება არც მსჯავდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, არც მის პიროვნებასა და არც წარსულს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნი--------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: და-------–---ის, რე-------------–---–ის, გრ-----–------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ნი--------------–---–თან, გი---------------–---–ის დაკავების ოქმი, გი---------------–---–ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითარი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ნი--------------–---–ის მიმართ და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პალატა აღნიშნავს, რომ გი---------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თა--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი---------------–---–ი (პ-------------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 02 (ორი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი და 2 (ორი) თვე.
გი---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და დაზარალებულ ნი--------------–---–თან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც დაზარალებული იმყოფება - გაუქმებულია.
ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ელ---------------–---–ის - პ--------------, თა-------------–---–ის - პ--------------, მა-----------–---–ის - პ--------------, მ----------------ის - პ-------------- და მე------------–---–ის - პ/ნ -1----------, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ს------–--------ი, საკადასტრო კოდით 6----------- ( 2----–-–--------------------------------------------------------)
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (2018 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.)
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე