განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2018
საქმის ნომერი
110210118002477402
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210118002477402

საქმე №2/ბ-1222-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე- ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტები - მ------- კ-------ე, გ--- გ--------–---–ი, ბ---- ჩ-------ე, ვ--–------ ჭ----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ------- ბანკი“

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

მოსარჩელის მოთხოვნა

2018 წლის 04 ივნისს სს ,,კ------- ბანკმა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხეების - მ------- კ-------ის, გ--- გ--------–---–ის, ბ---- ჩ-------ისა და ვ--–------ ჭ----------ის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტები) მიმართ მათზე თანხის დაკისრების მოთხოვნით. (იხ.ს.ფ. 1-20)

 

1.1.სარჩელის საფუძვლები

სარჩელში მოსარჩელის მიერ გადმოცემული განმარტებით მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.1.1.მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 30 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე მ------- კ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება № 2------------, რის საფუძველზედაც მასზე გაიცა სესხი 5000 (ხუთი ათასი) ლარი 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.25%-ს თვეში; გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, ნაგრამ არა ნაკლები 02 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

2015 წლის 30 აპრილს მოპასუხეებმა - გ--- გ--------–---–მა, ბ---- ჩ-------ემ და ვ--–------ ჭ----------ემ თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს სოლიდარული თავდებობის ვალდებულება მ------- კ-------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე და მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7697.38 აშშ დოლარის ფარგლებში. თავდებობის ხელშეკრულების 2.1. და 3.1. პუქტებით თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადა და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. (ხელშეკრულების 3.2. პუნქტი)

1.1.2.მოპასუხე მ------- კ-------ის მიერ რამდენჯერმე დაირღვა სესხის გადახდის გრაფიკი და მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ შესრულდა, ასევე თავდები პირებიც იქნენ გაფრთხილებული, რომ მსესხებელი არ ასრულებდა ვალდებულებას და მათ მოთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ.

1.1.3.სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს სესხის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტის, დაზღვევის თანხის,საკომისიოს გადახდა. თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, ხელშეკრულების 7.1. პუნქტით გათვალისწინებულია ჯარიმები, ხოლო 7.4 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევისას გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოთხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ხელშეკრულების 8.1 პუნქტით კი გასესხებელს აქვს უფლება ცამხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას.

1.1.4. 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 4480.74 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2627.43 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 16.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -1028.63 აშშ დოლარი.

1.1.5.მოსარჩელე მხარის მიერ ასევე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის, სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღებისათვის გასწია ხარჯი 52 ლარი. გამარტივებული წარმოებისათვის მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადაიხადა ხარჯი 283.63 ლარი. მოპასუხეების პროტესტის საფუძველზე საქმის წარმოება შეწყდა. გაწეული საპროცესო ხარჯები უნდა აანაზღაურონ მოპასუხეებმა.

1.1.6..შპს ,,მისო კ-------მ“ 2016 წლის 09 სექტემბერს შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს ,,კ------- ბანკი“.

1.1.7..მოსარჩელემ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 316-ე, 361-ე, 403-ე, 411-412-ე404-ე, 407-ე, 463-465-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებზე.

1.2.მოპასუხის პოზიცია

 

1.2.1..პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მ------- კ-------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. (ს.ფ. 89-98) და მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1.1მოპასუხე მ------- კ-------ის განმარტებით, ის თანახმაა მოსარჩელეს გადაუხადოს 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. პირგასამტეხლო და ჯარიმა კი მიაჩნია, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა დაეკისროს, რადგან იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას, ამასთან მას ფაქტიურად სესხის ძირი თანხის ნახევარი პროცენტებთან ერთად გადახდილი აქვს. მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა კი გამოწვეულია პატივსადები საფუძვლით, კერძოდ, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რამაც ხელი შეუშალა მისი ბიზნესის წარმოებას და შეაფერხა ვალდებულების შესრულება.

მისივე განმარტებით,მართალია, ყავს თავდები პირები, მაგრამ არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას მათზე სოლიდარულად თანხების დაკისრების თაობაზე.

 

1.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა გ--- გ--------–---–მა, ბ---- ჩ-------ემ და ვ--–------ ჭ----------ემ ფაქტობრივად სარჩელი არ ცნეს, სახელდრობ მათ დაადასტურეს მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომ მოპასუხე მ------- კ-------ესა და მოსარჩელეს შორის ნამდვილად დაიდო სესხის ხელშეკრულება, რა დროსაც ისინი თავდებად დაუდგნენ მსესხებელს, თუმცა მიუთითეს, რომ არ ეთანხმებიან მათზე მსესხებელთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებლობის დაკისრებას თანხის გადახდის თვალსაზრისით იმაზე აპელირებით, რომ მ------- კ-------ე განგებ არ არიდებს თავს ვალის გადახდას და ასეთი განპირობებულ იქნა ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორისა და მეუღლის ჯანმრთელობის გაუარესებით. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ მ------- კ-------ეს უნდა მიეცეს დამატებითი გონივრული ვადა მოსარჩელისათვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გარეშე დარჩენილი ძირი თანხის ნაწილ-ნაწილ ახალი გრაფიკის შესაბამისად გადახდისათვის (იხ.ს.ფ. 100-108)

1.3.3.. სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა გადმოსცა რა თავისი მარწმუნებლების პოზიცია, ასევე მოპასუხე ბ---- ჩ-------ემ, სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს,რომ მოპასუხენი თანახმანი არიან მოსარჩელეს აუნაზღაურდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გარეშე სესხის ძირი და სარგებლის ნაწილი სულ 3000(სამი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს.ს. ,,კ------- ბანკის“ ( ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე მ------- კ-------ეს (პ/ნ 1----------), გ--- გ--------–---–ს (პ/ნ2----------), ბ---- ჩ-------ესა (პ/ნ 2----------) და ვ--–------ ჭ----------ეს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ს.ს. ,,კ------- ბანკის“ ( ს/კ 2--------) , სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3554.97(სამი ათას ხუთასორმოცდათოთხმეტი აშშ დოლარი და 97 ცენტი) აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხაა 2627.43(ორი ათას ექვსაოცდაშვიდი აშშ დოლარი და 43 ცენტი) აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 683.51(ექვსაოთხმოცდასამი აშშ დოლარი და 51 ცენტი) აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი -125.11(ასოცდახუთი აშშ დოლარი და 11ცენტი) აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო -16.06(თექვსმეტი აშშ დოლარი და 06 ცენტი.აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-102.86 (ასორი აშშ დოლარი და 86 ცენტი)აშშ დოლარი.

1.2. მოპასუხე მ------- კ-------ეს (პ/ნ 1----------), გ--- გ--------–---–ს (პ/ნ 2----------), ბ---- ჩ-------ესა (პ/ნ 2----------) და ვ--–------ ჭ----------ეს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ს.ს. ,,კ------- ბანკის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 425.50 (ოთხასოცდახუთი ლარი და 50 თეთრი)ლარის ანაზღაურება, საიდანაც 52(ორმოცდათორმეტი) ლარი არის სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღების ხარჯი, 283.63(ორასოთხმოცდასამი ლარი და 63 თეთრი)ლარი- აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი ხარჯი, 39.87(ოცდაცხრამეტი ლარი და 87თეთრი) ლარი - სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო 50(ორმოცდაათი) ლარი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

2. სარჩელი პირგასამტეხლოს -925.77 (ცხრაასოცდახუთი აშშ დოლარი და 77 ცენტი) აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3..მოსარჩელე ს.ს. ,, კ------- ბანკს“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი-222.62 (ორასოცდაორი ლარი და 62 თეთრი)ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღია: 31მაისი, 2018 წელი საგადასახადო დავალება № 235018.

4.. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი -69.78 (სამოცდაცხრა ლარი 78 თეთრი) ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში;

5. სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს.ს. ,,კ------- ბანკის“ შუამდგომლობის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ვ--–------ ჭ----------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარჩა უცვლელი.

 

2.1..პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.1..2015 წლის 30 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე მ------- კ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება № 2------------, რის საფუძველზედაც მასზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს

-მხარეთა შორის 2015 წლის 30 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულება № 2------------

-მხარეთა განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

2.1.2. 2015 წლის 30 აპრილს მოპასუხეების გ--- გ--------–---–ის, ბ---- ჩ-------ისა და ვ--–------ ჭ----------ის თავდებობის შესახებ განცხადების საფუძველზე მათსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე იკისრეს სოლიდარული თავდებობის ვალდებულება მ------- კ-------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე და მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7697.38 აშშ დოლარის ფარგლებში.

სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-თავდებთა განცხადებები;

-ხელშეკრულებები თავდებობის შესახებ;

-მხარეთა განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

2.1.3..სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი და მოპასუხე მ------- კ-------ეს ყოველი თვის 8 რიცხვში უნდა გადაეხადა 212.62 აშშ დოლარი. მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით გადახდილი აქვს ვადის დარღვევით ძირი თანხიდან 2372.57 აშშ დოლარი. შემდეგ საერთოდ შეწყვიტა გადახდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-გადახდების ისტორია;

-მხარეთა განმარტება(იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

2.1.4.2016 წლის დეკემბრიდან მოპასუხე მ------- კ-------ემ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი. როგორც ძირითადი მსესხებელი, ასევე თავდები პირები გაფრთხილებული იყვნენ დაეცვათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და განეხორციელებინათ გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახდელი თანხის გადახდა, მაგრამ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-გაფრთხილებები მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე;

-მხარეთა განმარტებები.(იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

2.1.5..2018 წლის 11 აპრილს მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით და გაიღო ხარჯი 283.63 ლარი. მოპასუხეების პროტესტის წარდგენის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სასამართლო დაეყრნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

-მხარეთა განმარტება.(იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

2.1.6.სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.25% -ს თვეში; გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, ნაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა შორის 2015 წლის 30 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულება № 2------------

-მხარეთა განმარტება(იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2.2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 403-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

2.2.1სასამართლოს განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

2.2.2.სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს როგორც მოსამზადებელ, ასევე მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ ბ---- ჩ-------ემ და მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ თანახმანი არიან მოსარჩელე მხარეს აუნაზღაურონ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილის, ჯამში 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ასევე სარჩელს ცნობენ შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის, სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის- 52 ლარის და გამარტივებული წარმოებისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -283.63 ლარის ანაზღაურების ნაწილში,ხოლო დარიცხული პროცენტის ნაწილისა და პირგასამტეხლოს გადახდაზე კი უარი განაცხადეს.

2.2.3.სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოებების არსებობის ან არასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას და განმარტა, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე მოპასუხეთა მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით.

2.2.4.სასამართლომ მოუხმო განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლს,რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

2.2.5. სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 30 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე მ------- კ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება № 2------------, რის საფუძველზედაც მასზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით. სესხის დაბრუნების პირობით. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 2.25% თვეში; აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვეში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად 36 თვის განმავლობაში 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით.

2.2.6.სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი მოპასუხე მ------- კ-------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი და კანონსაწინააღმდეგო არ იყო.

2.2.7. სასამართლომ ხაზგასმა გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე,რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

2.2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

2.2.9.იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის სახით აღებული როგორც ძირი თანხა, ასევე სარგებელი 683.51 აშშ დოლარის ოდენობით.

2.2.10.სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე,895-ე,463-ე მუხლებზე და განმარტა მათი შინაარსი, სახელდობრ მიუთითა, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო ისეთ შემთხვევაში კი,თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

2.2.11.ზემოთ მოხმობილი ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და ასეთის სამტკიცებლად მითითებულ მტკიცებელლებებთან სასამართლომ მიუთითა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეებმა - გ--- გ--------–---–მა, ბ---- ჩ-------ემ და ვ--–------ ჭ----------ემ 2015 წლის 30 აპრილს მოსარჩელესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის წინაშე აიღეს ვალდებულება ბანკსა და მოპასუხე მ------- კ-------ეს შორის 2015 წლის 30 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ. მათი პასუხისმგებლობა კი განისაზღვრა 7697.38 აშშ დოლარის ფარგლებში. სასამართლომ მიუთითა, რომ მ------- კ-------ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მიუხედავად გაფრთხილებისა მან ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ვალდებულების შესრულება და მოსარჩელეს წარმოეშვა თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლება.მოპასუხეთა მიერ დარღვეულია სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

ამდენად,დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,კ------- ბანკი“ უფლებამოსილია მოპასუხეებისაგან სოლიდალურად მოითხოვოს მ------- კ-------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

2.2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სკ-ის 416-ე-417-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მითითებულ ნორმათა თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, მათ შორის პირგასამტეხლო, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულად თანხას, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, სახელდობრ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, ნაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, რომლის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 0.27% შეადგინა 887.98 აშშ დოლარი, პირველ ვადაგადცილებულ დღეზე 5% -მა- 140.65 აშშ დოლარი, ჯამში კი- 1028.63 აშშ დოლარი.

 

2.2.13. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, რადგან პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.ამდენა, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს ,შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მოცემული ნორმის საფუძველზე შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, მისი დაკისრება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება და დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს, სახელდობრ მოპასუხეებს - მ------- კ-------ეს, გ--- გ--------–---–ს, ბ---- ჩ-------ესა და ვ--–------ ჭ----------ეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 5%-ის ნაცვლად 0,5% ანუ 140.65 აშშ დოლარის, ნაცვლად 14.06 აშშ დოლარი, მაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% -ის ნაცვლად 0,027%, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, თანხით 887.98 აშშ დოლარის ნაცვლად 88.80 აშშ დოლარი, რაც ჯამში შეადგენს არა 1028.63 აშშ დოლარს , არამედ 102.86 აშშ დოლარს.

2.2.14. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საბოლოო ჯამში სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების - მ------- კ-------ის, გ--- გ--------–---–ის, ბ----ი ჩ-------ის და ვ--–------ ჭ----------ის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 3554.97 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2627.43 აშშ დოლარი, პროცენტის თანხა - 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი -125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო -16.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 102.86 აშშ დოლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტთა მითითებით გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, რადგან არ არის დასაბუთებული თუ რატომ უნდა დაეკისროთ ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები, სადაზღვევო შესატანი, მომსახურების საკომისიო და პირგასამტეხლო ისეთ მოცემულობაში, როდესაც ძირითად მოვალეს - მ------- კ-------ეს ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უპასუხისმგებლოდ არ შეუწყვეტია. მან სესხი გამოიტანა ოჯახური ბიზნესისათვის, რაშიდაც ძირითადად ბიზნესს ამ თანხით აწარმოებდა მისი მეუღლე, მოპასუხე და თავდები ბ---- ჩ-------ე. 2016 წელს მან გადაიტანა ანამნეზით მიოკარდიუმის ინფარქტი, რამაც საგრძნობლად შეუშალა ხელი ეწარმოებია ბიზნესი და შესაბამისად დარღვეული იქნა მის მიერ გადახდის გრაფიკი. ასევე 2017 წლის ოქტომბერში მას ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა - "დისკის თიაქრის მიკროქირურგიული ამოკვეთა" , რამაც რამოდენიმე თვით ასევე შეაფერხა მათი ბიზნესის წარმოების პროცესი და ამდენად, პატივსადები საფუძვლით დაირღვა მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულებაც. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო დაუყოვნებლივ აცნობეს ბანკს, იტხოვეს პროცენტების დაკლება და ტანხი გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მაგრამ უშედეგოდ.

3.2.აპელანტთა მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე ს.ს. ,,კ------- ბანკსა" და მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, რომლის თანახმად აპელანტის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელეს დაუყოვნებლივ უნდა მოეთხოვა გადახდა, რაც არ შეასრულა და ხელოვნურად გაზარდა პროცენტის, სადაზღვევო შესატანის, მომსახურების საკომისიოსა და პირგასამტეხლოს თანხები და ორი წლის შემდეგ მოითხოვა ძირი თანხის და მასზე დარიცხული თანხები.შესაბამისად სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლი და არასწორად დააკისრა თანხის გადახდა.

3.3. აპელენტები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 466-ე მითითებით მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა თავდებ პირებთან მიმართებაში;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1ფაქტობრივი დასაბუთება

 

პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, ამ გადაწყვეტილების 2.1.1 - 2.2.6. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. სახელდორ:

4.2. მოცემულ დავაზე პალატა იზიარებს და უდავოდ დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.2.1. 2015 წლის 30 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე მ------- კ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება № 2------------, რომლის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით.

4.2.2. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად დადგენილ იქნა, რომ სესხი გადახდილ უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, სადაც მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დაარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას გამოსახულს აშშ დოლარში და გადახდილ უნდა იქნას ლარში, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით.

4.2.3..სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად მოპასუხე მ------- კ-------ეს ყოველი თვის 08 რიცხვში უნდა გადაეხადა 212.62 აშშ დოლარი. მოპასუხეს 2016 წლის დეკემბრამდე გადახდილი აქვს ძირი თანხიდან 2372.57 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის მიერ შეწყვეტილ იქნა გადახდა.

4.2.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.14 პუნქტის შესაბამისად სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.25% -ს თვეში, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.15 პუნქტის შესაბამისად კი გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, ნაგრამ არა ნაკლები 02 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

4.2.5 2015 წლის 30 აპრილს მოპასუხეების- გ--- გ--------–---–ის, ბ---- ჩ-------ისა და ვ--–------ ჭ----------ის თავდებობის შესახებ განცხადების საფუძველზე მათსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებობის ხელშეკრულებათა 2.1 პუნქტის თანახმად თავდებებმა აიღეს ვალდებულება დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის-მ------- კ-------ის მიერ 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული № 2------------ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სახელდობრ სესხის ძირითად თანხაზე-5000.00 (ხუთი ათასი) აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტებზე-2.399.17 (ორი ათას სამასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 17 ცენტი), სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე,-254.88 (ორასორმოცდათოთხმეტი აშშ დოლარი და 88 ცენტი), მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელებზე-43.33 (ორმოცდასამი აშშ დოლარი და 33 ცენტი), შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე. თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7697,38 (შვიდი ათას ექვსასოთხმოცდაჩვიდმეტი აშშ დოლარი და 38 ცენტი)აშშ დოლარის ფარგლებში.

 

4.2.6 მსესხებელმა,ძირითადმა მოვალემ -მოპასუხე მ------- კ-------ემ 2016 წლის დეკემბრის თვიდან დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი., რის გამოც როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირები გაფრთხილებულ იქნენ დაეცვათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და განეხორციელებინათ გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახდელი თანხის გადახდა, მაგრამ გაფრთხილებებმა შედეგი ვერ გამოიღო, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა.

4.2.7.2018 წლის 11 აპრილს მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით და გაიღო ხარჯი 283.63 ლარი. მოპასუხეების პროტესტის წარდგენის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

4.2.8. სარჩელის საამართლოში წარმოდგენის დროისათვის (04.06.2018) საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით(ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, გადახდის ისტორია) მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 4480.74 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2627.43 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 16.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -1028.63 აშშ დოლარი.

4.2.9. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს , სახელდობრ, როგორც სარჩელის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს როგორც მოსამზადებელ, ასევე მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ ბ---- ჩ-------ემ და მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილის, ჯამში 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის, სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის- 52 ლარის და გამარტივებული წარმოებისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -283.63 ლარის ანაზღაურების ნაწილში,ხოლო დარიცხული პროცენტის ნაწილისა და პირგასამტეხლოს გადახდაზე კი უარი განაცხადეს.

 

4.3.სამართლებრივი დასაბუთება

4.3.1.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს, უპირველესად კი სარჩელის ნაწილობრივ - 3000 აშშ დოლარის მოცულობით ცნობის თვალსაზრისით ამ მოცულობის მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების თაობაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოებების არსებობის ან არასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აპელანტების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, ასეთი გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ მათ პოზიციას, ასევე დაუსაბუთებელია და გაზიარებულ ვერ იქნება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე:

4.3.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2015 წლის 30 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხე მ------- კ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება № 2------------, რომლის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 2.25% თვეში. ამდენად დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვეში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად 36 თვის განმავლობაში 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით.

4.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად კი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 30 აპრილს მოპასუხეებს - გ--- გ--------–---–ის, ბ---- ჩ-------ისა და ვ--–------ ჭ----------ის თავდებობის შესახებ განცხადების საფუძველზე მათსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობის ვალდებულება მ------- კ-------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე,სახელდობრ სესხის ძირითად თანხაზე-5000.00 (ხუთი ათასი) აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტებზე-2.399.17 (ორი ათას სამასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 17 ცენტი), სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე,-254.88 (ორასორმოცდათოთხმეტი აშშ დოლარი და 88 ცენტი), მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელებზე-43.33 (ორმოცდასამი აშშ დოლარი და 33 ცენტი), შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე. თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7697.38 აშშ დოლარის ფარგლებში.

4.3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, კერძოდ შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად, ასეთი განიხილება ვალდებულების დარღვევად. ამავე კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად მოპასუხე მ------- კ-------ეს ყოველი თვის 08 რიცხვში უნდა გადაეხადა 212.62 აშშ დოლარი. მან მხოლოდ 2016 წლის დეკემბრამდე მოახერხა სესხის გადახდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, შემდეგ კი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულების შესრულება ვეღარ შეძლო. მას გადახდილი აქვს ძირი თანხიდან 2372.57 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის მიერ შეწყვეტილ იქნა გადახდა. ასეთის გადახდა არ განხორციელებულა არც თავდები პირები მიერ .

ამდენად, უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში სავსებით მართებულად მოითხოვა სესხის დაფარვა,სარგებელთან ერთად. შესაბამისად მოპასუხები, როგორც სოლიდარული მოვალეები ვალდებულნი არიან დააბრუნონ სესხის სახით აღებული როგორც ძირი თანხა, ასევე ხელშეკრულებიტ განსაზღრვრული სარგებელი 683.51 აშშ დოლარის ოდენობით.

4.3.5.სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრასა და ასეთის მოპასუხეებზე გადასახდელად დაკისრების ნაწილში და მიაჩნია,რომ სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში აბსოლუტურად მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 1028,63 აშშ დოლარიდან 102,86 აშშ დოლარამდე, ხოლო აპელანტების თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ძირითადი მოვალის მეუღლისა და ამავდროულად თავდები პირის-ბ---- ჩ-------ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მხედველობაში მიღებით მათ საერთოდ არ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა, გაზიარებულ ვერ იქნება, რადგან ,პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის და იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

4.3.6 სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, მ------- კ-------ის, გ--- გ--------–---–ის, ბ---- ჩ-------ის, ვ--–------ ჭ----------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი არსებითად სწორია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის მ------- კ-------ის, გ--- გ--------–---–ის, ბ---- ჩ-------ის, ვ--–------ ჭ----------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 387,50 (სამასოთხმოცდაშვიდი ლარი და 50) ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი და ასეთი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- კ-------ის, გ--- გ--------–---–ის, ბ---- ჩ-------ისა და ვ--–------ ჭ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. აპელანტთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე