განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2019
საქმის ნომერი
330310115001130805
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/3186-18

N330310115001130805

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ-------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-----------–-----–--

წარმომადგენელი - პ-------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ე-----------–-----–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №---- ბრძანება ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, ნოტარიუს ე-----------–-----–--ს ნაწილში.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ნოტარიუს ე-----------–-----–--ს სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტით დგინდება, რომ 2015 წლის 22 ივლისს, შერჩევის პრინციპით განხორციელდა ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს სანოტარო საქმიანობის შემოწმება 2012 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 22 ივლისამდე პერიოდში. შემოწმება განხორციელდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და „ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №84 ბრძანების საფუძველზე და მის შესასრულებლად.

 

შემოწმების აქტის მე-9 პუნქტში მითითებულია, რომ ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმების დროს გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ა) ნოტარიუსის სანოტარო რეესტრის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სანოტარო აქტების (№1--------, №1--------) სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას არ იყო მითითებული გარიგების ღირებულება (აღნიშნული სანოტარო აქტები არ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას); ბ) ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სანოტარო აქტებზე (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი. სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო სანოტარო აქტის მონაწილის (მხარის) ხელმოწერა; გ) ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული; დ) ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობებში (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი (ს.ფ. 18-20).

 

1.2.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის №---- ბრძანების საფუძველზე შეიქმნა დისციპლინური კომისია. დისციპლინური კომისიის 2015 წლის 7 ოქტომბრის დასკვნით დგინდება, რომ ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს მხრიდან ადგილი ჰქონდა:

 

1) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტების (№1--------, №1--------) სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას არ იყო მითითებული გარიგების ღირებულება (აღნიშნული სანოტარო აქტები არ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას), რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

2) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტებზე (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი. კერძოდ აქტზე (№1--------) არ იყო მხარის ხელმოწერა, რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

3) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული, რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“);

 

4) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობებში (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი, რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

ნოტარიუსმა ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ სანოტარო არქივში დაცული სანოტარო აქტების (№1--------, №1--------, №1--------) ტექსტის ბოლოს გამოტოვებული იყო მისი ხელმოწერა და ბეჭედი, თუმცა სანოტარო აქტები დანართ დოკუმენტებთან ერთად იყო აკინძული და დალუქული ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით. ასევე აღნიშნა, რომ კერძო აქტზე (№1--------) განმცხადებლის ხელმოწერის არ არსებობა ცალკე მსჯელობის საგანია და წარადგინა მოქალაქის განცხადება იმის დასტურად, რომ ნამდვილად მის მიერ იქნა წარდგენილი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. აღნიშნული პოზიცია არ იქნა გაზიარებული კომისიის მიერ, რადგან „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო აქტის ფორმით დამოწმებულ დოკუმენტზე ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი და ასევე ხელმომწერ პირთა ხელმოწერები.

 

ნოტარიუსმა განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობების (№1--------, №1--------, №1--------) გაცემისას მის მიერ დადგენილია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი და მიუთითა, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის საფუძველზე ნოტარიუსი ვალდებულია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დამდგენ დოკუმენტად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი. სამივე ზემოაღნიშნულ სამემკვიდრეო საქმის წარმოების დროს გამოყენებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას დაეუფლა მისი მემკვიდრე. ახსნა-განმარტებასთან ერთად ნოტარიუსმა წარადგინა დამატებით გამოთხოვილი ცნობები შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიდან, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან მემკვიდრე დაეუფლა მის ქონებას. დისციპლინურმა კომისიამ ეჭქვეშ არ დააყენა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის საკითხი (ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი ითვლება თუ არა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენ დოკუმენტად), თუმცა მიუთითა, რომ საუბარი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული ცნობის შინაარსიდან გამომდინარე არ დგინდებოდა მემკვიდრე ფლობდა (სარგებლობდა) თუ არა მამკვიდრებლის ქონებას სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე თუნდაც მცირე მონაკვეთში. კანონში მართალია ერთმნიშვნელოვნად არ არის მითითებული ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის სავარაუდო შინაარსის შესახებ, მაგრამ ფაქტობრივი ფლობის დადასტურებისათვის საჭირო იყო მემკვიდრე სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე თუნდაც მცირე დროით დაუფლებოდა (სარგებლობდეს) სამკვიდრო ქონებას. ასევე, კომისიის მიერ არ იქნა გაზიარებული ახსნა-განმარტებასთან ერთად წარდგენილი (დამატებით გამოთხოვილი) ცნობები შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიდან, რადგან ნოტარიუსთან დაცულ, ერთ საქმედ აკინძულ სამკვიდრო საქმეებში არ ინახებოდა ზემოაღნიშნული შინაარსის ცნობები.

 

რაც შეეხება ნოტარიუსის მითითებას, რომ დისციპლინურ კომისიას არ ჰქონდა უფლება ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა საქმე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის თანახმად - „იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის ჩატარება გააჭიანურებს საქმის განხილვას და გადაწყვეტას, ან საქმის გარემოებები დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ“.

 

კომისიამ დაადგინა, რომ ნოტარიუსმა - ე-----------–-----–--მ განახორციელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“), მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“) და მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

კომისიამ იხელმძღვანელა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-13, მე-18 და 21-ე მუხლებით და დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები; ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად (ს.ფ. 88-97).

 

1.2.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №---- ბრძანებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან ორი თვის ვადით.

 

ამავე ბრძანებით დადგენილია, რომ ნოტარიუსებს - გ--–---------–---ს და დ-------------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ საყვედური, ნოტარიუსებს - რ-------------–------------ს, თ----–----------–---–ს და ნ----------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ - გაფრთხილება, ნოტარიუს - ქ----------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან სამი თვის ვადით, ხოლო ნოტარიუს - ი-----------–---------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან ოთხი თვის ვადით (ს.ფ. 22-23).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; ამასთან, საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №---- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამასთან, ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის“ პირველი მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსი არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე «ნოტარიატის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ნოტარიუსი თავის ფუნქციებს აღასრულებს თავისუფალი პროფესიის ფარგლებში. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ბ) ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს; გ) ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების” მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა. ამავე დებულების მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ზედამხედველობა გაუწიოს ნოტარიუსის საქმიანობას.

 

საქმეში არსებული მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №84 ბრძანების საფუძველზე და მის შესასრულებლად განხორციელდა ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს საქმიანობის შემოწმება 2012 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 22 ივლისამდე პერიოდში.

 

1.3.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად. ამ დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა: ა) მსუბუქ გადაცდომად; ბ) საშუალო გადაცდომად; გ) მძიმე გადაცდომად და დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად, ხოლო ამავე ბრძანების მე-8 მუხლის მიხედვით, დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელი: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) უფლებამოსილების შეჩერება და დ) თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

ამავე დებულების მე-7 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ: ა) ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს, ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს; ბ) არღვევს პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა; გ) ამოწმებს ან ადასტურებს ფაქტს, რომელსაც ადგილი არ ჰქონია; დ) ეწევა სანოტარო საქმიანობას მაშინ, როცა ეს აკრძალული აქვს; ე) კანონიერი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ზედამხედველი ორგანოებისათვის ან სასამართლოსათვის სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების ან მათი ასლების წარდგენაზე, მალავს ან ანადგურებს სანოტარო მოქმედებათა რეესტრებსა და სანოტარო აქტებს; ვ) სანოტარო მოქმედებებს არ არეგისტრირებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში; ზ) დროულად არ აბარებს ან უარს აცხადებს ნოტარიუსის ბეჭდის, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების, სანოტარო აქტების, შესანახად მიღებული დოკუმენტების, ფულის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ჩაბარებაზე, როდესაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს; თ) სანოტარო საქმიანობის პარალელურად ეწევა სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა; ი) ასრულებს სანოტარო მოქმედებას თავისი და/ან იმ პირების მონაწილეობით (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით), რომლების მიმართაც ნოტარიუსს აკრძალული აქვს სანოტარო მოქმედების შესრულება; კ) სხვა პირისათვის გადასაცემად მიღებულ ფულსა და/ან სხვა ფასიან ქაღალდებს იყენებს როგორც საკუთარს, შესანახად მიღებულ დოკუმენტს გადასცემს არაუფლებამოსილ პირს; ლ) სანოტარო აქტი არ შეაქვს სანოტარო მოქმედებათა რეესტრში ან სხვადასხვა სანოტარო მოქმედებას ანიჭებს ერთსა და იმავე სარეგისტრაციო ნომერს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომრის გამეორებას მექანიკური ხასიათი აქვს და ამ უკანასკნელის შესახებ ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია აღნიშვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით წინასწარ ამზადებს შეუვსებელ სანოტარო აქტს (ე.წ. „ცარიელ ბლანკს“) ან პირს წინასწარ აწერინებს ხელს სანოტარო აქტის შეუვსებელ ბლანკზე; ნ) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს; ო) დაუდევრად ახდენს სანოტარო დოკუმენტაციის შენახვას, რამაც სანოტარო აქტების, სანოტარო მოქმედებათა რეესტრების დაკარგვა ან განადგურება გამოიწვია (თუ არ არსებობს მათი აღდგენისა და მოძიების შესაძლებლობა); პ) სისტემატურად დაკეტილი აქვს სანოტარო ბიურო, რის გამოც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის; ჟ) არღვევს მხარეთა შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისა და მიუკერძოებლობის დაცვის პრინციპს; რ) „მისტიური მომხმარებლის“ მიერ შედგენილი მომსახურების ხარისხის ანგარიშის მიხედვით, ნოტარიუსს ზედიზედ სამჯერ განესაზღვრა არადამაკმაყოფილებელი შედეგი (0-59 ქულა).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შერჩევითი შემოწმების პროცესში გამოვლინდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ოთხი სხვადასხვა შინაარსის გადაცდომა, მათ შორის, 1) სანოტარო აქტების (№1--------, №1--------) სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას არ იყო მითითებული გარიგების ღირებულება (აღნიშნული სანოტარო აქტები არ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას); 2) სანოტარო აქტებზე (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი. კერძო აქტზე (№1--------) არ იყო მხარის ხელმოწერა; 3) სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული; 4) სამკვიდრო მოწმობებში (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი.

 

მოსარჩელემ თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით მიუთითა შემდეგი:

 

1) სანოტარო რეესტრში გარიგების ღირებულების მიუთითებლობასთან დაკავშირებით - ორივე შემთხვევაში გარიგების ღირებულება არ აღწევდა იმ თანხას, რომლის ამსახველი სანოტარო აქტი ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას ექვემდებარებოდა, აღნიშნული კი მიუთითებდა, რომ სანოტარო რეესტრში გარიგების ღირებულების მიუთითებლობა მსუბუქ და უმნიშვნელო ტექნიკური ხასიათის გადაცდომას წარმოადგენდა, რომელიც არც სისტემატურ ხასიათს ატარებდა და არც რაიმე ზიანის დადგომას განაპირობებდა. ამასთან, თავად სანოტარო აქტებში გარიგების ღირებულება მითითებული იყო, რამაც მისცა კიდეც შემოწმების ჩამტარებელ ორგანოს (კომისიას) გარიგების ღირებულების ოდენობის განსაზღვრისა და მისი ფინანსურ მონიტორინგს დაქვემდებარების საკითხის გარკვევის შესაძლებლობა;

 

2) სანოტარო აქტებში ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის განუთავსებლობასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ - „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მითითება სანოტარო აქტზე ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის არარსებობის შესახებ უნდა გავრცელდეს მხოლოდ საჯარო აქტით შედგენილ სანოტარო აქტზე, რომელიც ეხება მხარეებს შორის შეთანხმებას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული აქტი შედგენილია ოთხ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად და ერთი მათგანი წარდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული სახით. ამასთან, ეგზემპლარი, რომელიც დარჩა სანოტარო ბიუროს არქივში, დანართ დოკუმენტებთან ერთად არის აკინძული, დალუქული, ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით. რაც შეეხება შემოწმების აქტში მითითებულ სხვა სანოტარო აქტებს, ისინი წარმოადგენენ კერძო აქტებს (ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება განცხადებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ) და შედგენილია თითო ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს სანოტარო ბიუროს არქივში, დანართ დოკუმენტებთან ერთად აკინძული, დალუქული, ნოტარიუსის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული.

 

მოსარჩელემ, კერძო აქტზე (ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება განცხადებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ) განმცხადებლის ხელმოწერის არარსებობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2012 წლის 27 სექტემბერს ე-----------–-----–--ს სანოტარო ბიუროში გამოცხადდა ც-–-------–---–---–ი, რომელმაც წერილობით წარადგინა განცხადება და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. მისი მოთხოვნა იმ დღესვე დაკმაყოფილდა. იმის დასტურად, რომ ნამდვილად მის მიერ იქნა წარდგენილი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, დასტურდება აღნიშნული სუბიექტის (კრედიტორ - ც-–-------–---–---–ის) მიერ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სანოტარო აქტის სანოტარო წესით დამოწმება ეჭვს არ იწვევდა, რადგან ყველა სანოტარო აქტის, როგორც დოკუმენტის მთლიანობისა და მისი შემადგენელი ნაწილების ერთობლიობაში შეფასების შედეგად ცალსახად დგინდებოდა ამ დოკუმენტის წარმომავლობა და აუთენტურობა (ნამდვილობა);

 

3) სანოტარო აქტზე ხელმომწერი სუბიექტის სახელის სრულად და გარკვევით მიუთითებლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ - სანოტარო აქტის ხელმომწერის სახელი ინიციალით იყო მითითებული, თუმცა გვარი სრულად და გარკვევით იქნა დაფიქსირებული, რაც დოკუმენტის ნამდვილობისა და შესრულებული ხელმოწერის სანოტარო აქტში მონაწილე სუბიექტისადმი კუთვნილების თვალსაზრისით არ ქმნიდა რაიმე ეჭვს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში შედგენილი და რეგისტრირებული სანოტარო აქტების თანაფარდობაში ერთ სანოტარო აქტზე ხელმომწერის სახელის სრულად და გარკვევით მიუთითებლობა არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს;

 

4) სამ სამემკვიდრეო საქმეში სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების არარსებობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ აღნიშნული არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან მან შემოწმების ჩამტარებელ ორგანოს თითოეულ სანოტარო აქტზე წარუდგინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობები, რომლებითაც დასტურდებოდა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები სრულიად გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მიზეზით არ იქნა მიჩნეული სათანადო დოკუმენტებად იმ პირობებში, როდესაც „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ერთ-ერთ სახეობად სწორედ ასეთი შინაარსის ცნობა იყო გათვალისწინებული. ასევე მიუთითა, რომ სამივე სამემკვიდრეო საქმის წარმოების დროს გამოყენებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას დაეუფლა მისი მემკვიდრე. ასეთი დოკუმენტის გაცემა და მასში ასახული ფაქტის დადასტურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და თავად ის არის პასუხისმგებელი ამ ფაქტის სისწორეზე.

 

სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს მიერ ჩადენილი გადაცდომებიდან, როგორც განსაკუთრებით მძიმე ხარისხის გადაცდომა, მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ გაცემული სამი სამკვიდრო მოწმობა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს, ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს, ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი; ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას; გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამასთანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში; დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია; დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე; ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების მიერ გაცემული ცნობები, რომლებითაც დასტურდებოდა განმცხადებლების მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, ხოლო კონკრეტულად რა ფორმის და შინაარსის უნდა ყოფილიყო მითითებული ცნობები კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ჩავთვლით, რომ ცნობები არ იყო სრულყოფილად ჩამოყალიბებული, მათ საფუძველზე ნოტარიუსის მიერ განხორცილებეულ ქმედებას არ მოყოლია მძიმე შედეგი.

 

1.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე-----------–-----–--ს მიმართ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, რადგან დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისთვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. ამისთვის მან უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რასაც უნდა დაუპირისპირდეს მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში და რის შესაძლებლობასაც დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების დროს მოკლებულია.

 

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმებას დაექვემდებარა არამხოლოდ მოსარჩელე, არამედ სხვა ნოტარიუსებიც და მათ მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სხვა და სხვა ღონისძიებანი, კერძოდ: ნოტარიუსებს - გ--–---------–---ს და დ-------------------ს - დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ საყვედური, ნოტარიუსებს - რ-------------–------------ს, თ----–----------–---–ს და ნ----------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ გაფრთხილება, ნოტარიუს - ქ----------------ს დიციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან სამი თვის ვადით, ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს დიციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან ორი თვის ვადით, ხოლო ნოტარიუს - ი-----------–---------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან ოთხი თვის ვადით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტში არ არის მითითებული, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მისი საქმიანობის უფლებამოსილების შეჩერება 2 თვის ვადით. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ არ არის არგუმენტირებული მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების (სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება) გამოყენების აუცილებლობა მაშინ, როდესაც სხვა ნოტარიუსების (გ--–---------–---, დ-------------------, რ-------------–------------ი, თ----–----------–---–ი, ნ----------------) მიმართ გამოყენებულ იქნა ნაკლები სიმძიმის დისციპლინური სახდელები - გაფრთხილება და საყვედური.

 

1.3.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №---- ბრძანება - ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, ნოტარიუს ე-----------–-----–--ს ნაწილში უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს და მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სანოტარო რეესტრში გარიგების ღირებულების მიუთითებლობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ორივე სანოტარო აქტის (№1--------, №1--------) შემთხვევაში, გარიგების ღირებულება არ აღწევდა იმ თანხას, რომლის ამსახველი სანოტარო აქტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნას ექვემდებარებოდა, ე--–-----–--ს მოსაზრებით აღნიშნული დარღვევა მსუბუქი და უმნიშვნელო ტექნიკური ხასიათის გადაცდომად უნდა ჩათვლილიყო. აპელანტი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ მართალია, აღნიშნული სანოტარო აქტები არ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას, მაგრამ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს იმ ინფორმაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელიც სანოტარო რეესტრში სავალდებულო წესით მითითებას ექვემდებარება, ხოლო „ე“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ სანოტარო რეესტრში უნდა მიეთითოს გარიგების ღირებულება.

აპელანტის განმარტებით, სანოტარო აქტებში (№1--------, №1--------, №1--------) ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის განუთავსებლობასთან დაკავშირებით ე--–-----–-- უთითებს, რომ მართალია, სანოტარო არქივში დაცული სანოტარო აქტების ტექსტის ბოლოს გამოტოვებული იყო მისი ხელმოწერა და ბეჭედი, თუმცა სანოტარო აქტები დანართ დოკუმენტებთან ერთად არის აკინძული და დალუქული ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით. ე--–-----–-- ასევე მიუთითებს, რომ კერძო აქტზე (№1--------) განმცხადებლის ხელმოწერის არარსებობა ცალკე მსჯელობის საგანია, რის თაობაზეც დისციპლინურ კომისიას წარუდგინა მოქალაქის განცხადება იმის დასტურად, რომ ნამდვილად მის მიერ იქნა წარდგენილი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, აპელანტი განმარტავს, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო აქტის ფორმით დამოწმებულ დოკუმენტზე ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, ასევე ხელმომწერ პირთა ხელმოწერები, კერძოდ, საჯარო აქტი უნდა შესრულდეს ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით და მას უნდა ჰქონდეს 30-ე მუხლით დადგენილი ყველა შემადგენელი ნაწილი. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო აქტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ნოტარიუსის ხელმოწერას და ბეჭედს, რაც შეეხება კერძო აქტებს, ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლი ეხება კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის საკითხს და თუკი სანოტარო აქტზე არ არის მხარის ხელმოწერა, მაშინ გაუგებარია, ვისი ხელმოწერის დამოწმების ნამდვილობაზეა საუბარი და შესაბამისად, როგორია ამ დოკუმენტის ნამდვილობის ბედი. სანოტარო აქტზე (№1--------) ხელმომწერი სუბიექტის სახელის სრულად და გარკვევით მიუთითებლობასთან დაკავშირებით, ე--–-----–--მ განმარტა, რომ სანოტარო აქტზე ხელმომწერის სახელი ინიციალით იყო მითითებული, მაგრამ რადგან გვარი გარკვევით იქნა დაფიქსირებული, დოკუმენტის ნამდვილობის და შესრულებული ხელმოწერის სანოტარო აქტში მონაწილე სუბიექტისადმი კუთვნილების თვალსაზრისით არ ქმნის რაიმე ეჭვს.

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სანოტარო აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი, სპეციალისტი) ნოტარიუსის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ სანოტარო აქტს ხელს აწერს ნოტარიუსი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე-----------–-----–--ს მიერ ჩადენილი გადაცდომებიდან, როგორც განსაკუთრებით მძიმე ხარისხის გადაცდომა, მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ სამი სამკვიდრო მოწმობა, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ კონკრეტულად რა ფორმის და შინაარსის უნდა ყოფილიყო მითითებული ცნობები კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, ამასთან, თუ ჩაითვლება, რომ ცნობები არ იყო სრულყოფილად ჩამოყალიბებული, მათ საფუძველზე ნოტარიუსის მიერ განხორციელებულ ქმედებას არ მოჰყოლია მძიმე შედეგი, სასამართლომ გაიზიარა ე--–-----–--ს პოზიცია, რომ სამკვიდრო მოწმობების (№1--------, №1--------, №1--------) გაცემისას, მის მიერ დადგენილია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი და მიუთითა, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის საფუძველზე, ნოტარიუსი ვალდებულია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დამდგენ დოკუმენტად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი. სამივე ზემოაღნიშნულ სამემკვიდრეო საქმის წარმოების დროს გამოყენებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ქონებას დაეუფლა მისი მემკვიდრე. აპელანტის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს დისციპლინურ კომისიას ეჭვქვეშ არ დაუყენებია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის საკითხი, ასევე, საკითხი: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი ითვლება თუ არა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენ დოკუმენტად, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, არ დგინდება, მემკვიდრე ფლობდა (სარგებლობდა) თუ არა მამკვიდრებლის ქონებას სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე, თუნდაც მცირე მონაკვეთში. კანონში მართალია არ არის მითითებული ერთმნიშვნელოვნად ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის სავარაუდო შინაარსის შესახებ, მაგრამ ფაქტობრივი ფლობის დადასტურებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა მემკვიდრე სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე თუნდაც მცირე დროით დაეუფლოს (სარგებლობდეს) სამკვიდრო ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. ამავე, კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან, ხოლო 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული მუხლების და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ ცნობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული, რომ მემკვიდრე მამკვიდრებელის ქონების ფლობას შეუდგა სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე არსებულ დროის მონაკვეთში, კერძოდ, 6 თვის განმავლობაში.

აპელანტი მიუთითებს დისციპლინური კომისიისათვის 2015 წლის 22 სექტემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებააზე - ე--–-----–--ს განმარტებით, სამივე სამემკვიდრეო საქმის წარმოების დროს გამოყენებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მის ქონებას დაეუფლა მისი მემკვიდრე, 2013 წლის შემოდგომიდან სანოტარო პრაქტიკაში გარკვეული უზუსტობები გამოიწვია ასეთი შინაარსით აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებამ, მისი განმარტებით, გარდაცვალების შემდგომი პერიოდი მოიცავს როგორც კანონით გათვალისწინებულ ექვს თვეს, ისე ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ პერიოდს, აღნიშნული გარემოებას ითვალისწინებენ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიც და ცნობებს გასცემენ ისე, რომ მათში ფიქსირდება ტერმინი „გარდაცვალების დღიდან“.

აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან ნათელი ხდება, რომ ე--–-----–-- გარკვეულწილად იზიარებს იუსტიციის სამინისტროს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი სამკვიდროს დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ბუნდოვანი დარჩეს, თუ ის არ დასტურდება ცალსახად ამ ფაქტის განმსაზღვრელი შესაბამისი დოკუმენტაციით. ამას ადასტურებს, ის გარემოებაც, რომ სამსახურეობრივი შემოწმების დასრულების და შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, ე--–-----–--მ დაშვებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, დისციპლინურ კომისიას წარუდგინა დამატებითი ცნობები შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიდან (ა-------–------ს, მ–-----ს და ს----------ს მუნიციპალიტეტები), რომლებშიც აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან მემკვიდრე დაეუფლა მის ქონებას. რაც შეეხება დაგვიანებულ ინფორმაციას, დისციპლინური კომისია მას მიიღებდა იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შემოწმების პერიოდისათვის აღნიშნული შინაარსის დოკუმენტები არ იყო საქმეში წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახებოდა ნოტარიუსთან დაცულ, ერთ საქმედ აკინძულ სამკვიდრო საქმეებში. ამასთან, სწორედ ნოტარიუსს, თავისი მომეტებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ევალება კანონმდებლობის ზედმიწევნითი დაცვით უზრუნველყოს ის, რომ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება დადგენილ იქნეს ერთმნიშვნელოვნად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, უნდა დავასკვნათ, რომ "სავალდებულო დოკუმენტი" თავისი არსით ნიშნავს არა იმას, რომ იგი "სწორი" ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იყოს გაცემული "სწორ" ადრესატთან მიმართებაში, არამედ ის, რომ ამ "სავალდებულო დოკუმენტით" უნდა დგინდებოდეს სწორედ ის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც დოკუმენტების არსებობა არის მნიშვნელოვანი, სწორედ ეს გარემოება აძლევს დოკუმენტს სავალდებულობის ძალას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმებებს საფუძვლად არ უდევს ზემოხსენებულ 85-ე მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან არცერთი, ნიშნავს იმას, რომ ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედება შეასრულა "კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე". ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გასაჩივრებულ ბრძანებაში მიეთითებინა, კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა ე-----------–-----–--სათვის ორი თვის ვადით უფლებამოსილების შეჩერება და რატომ ჩაითვალა ე-----------–-----–--ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად, მაშინ, როდესაც ამ დასკვნით შემოწმებულია სხვა ნოტარიუსები და მათ მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სხვადასხვა ღონისძიებანი. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას. სადავო 2015 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბრძანების საფუძველი გახდა დისციპლინური კომისიის 2015 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი და დასკვნა, ხოლო ამ უკანასკნელში დეტალურად და ზედმიწევნით არის ჩამოყალიბებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლომ გააკეთა მითითება, კერძოდ, დასკვნაში მოცემულია დარღვევები, რაც გახდა ნოტარიუსისათვის სახდელის შეფარდების საფუძველი.

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N69 ბრძანებით დამტკიცებული "ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ" დებულება ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, გადაცდომის სახეებს, სახდელის სახეებს და სახდელის შეფარდების წესს. აღნიშნული დებულების 3.2 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა იყოფა: ა) მსუბუქ გადაცდომად; ბ) საშუალო გადაცდომად; გ) მძიმე გადაცდომად და დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად. ამავე დებულებით განმარტებულია, თუ რა წარმოადგენს თოთოეულ მათგანს (მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლები), მათ შორის, პირდაპირ არის დადგენილი, რომ სანოტარო მოქმედების შესრულება, კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს, წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე გადაცდომას. მოცემულ შემთხვევაში, ნოტარიუს ე-----------–-----–--მ განახორციელა ,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N69 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედება, რომლის შესაბამისად, ნოტარიუსი სჩადის მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას, თუ: „არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“. მე-6 მუხლის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა (,,არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა“) და მე-7 მუხლის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა (,,ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს“).

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ჩაითვლება, რომ ცნობები არ იყო სრულყოფილად ჩამოყალიბებული, მათ საფუძველზე ნოტარიუსის მიერ განხორციელებულ ქმედებას არ მოყოლია მძიმე შედეგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტის მითითებით, დებულება ნათლად მიუთითებს, რომ მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება გადაცდომად რომ ჩაითვალოს, არ არის აუცილებელი, არსებობდეს მძიმე შედეგის დადგომის პირობა, ანუ გადაცდომა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მიუხედავად მძიმე შედეგის დადგომისა. ამ შემთხვევაში, „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დისციპლინური გადაცდომის გარდა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას ერთი თვიდან 2 წლამდე ვადით, სახეზეა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რაც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომას წარმოადგენს, ხოლო „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-11 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსი განსაკუთრებით მძიმე გადაცდომის შემთხვევაში, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან. აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ე--–-----–--ს მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის 2 თვით უფლებამოსილების შეჩერების ნაცვლად, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო უფრო მძიმე სახდელი - 2 წლით უფლებამოსილების შეჩერება ან კიდევ უფრო მძიმე სახდელი - თანამდებობიდან გათავისუფლებაც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული არ ყოფილა სწორედ იმ არსებითი ანალიზის საფუძველზე, რომელზეც სასამართლო აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს არ განუხორციელებია. პირიქით, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ყველა გარემოების ზუსტი შეფასება, კერძოდ, გაითვალისწინა კანონით იმპერატიულად დადგენილი გარემოებები, ასევე გაითვალისწინა სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებული დისკრეციის ფარგლები და საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთბალანსის, გადაწყვეტილების მხოლოდ კანონის საფუძველზე მიღების პრინციპებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება სახდელის სახით უფლებამოსილების შეჩერების, ხოლო მის პერიოდულობასთან დაკავშირებით - ორი თვიანი ვადის დადგენის თაობაზე. შესაბამისად, პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ ჩაითვალა ე-----------–-----–--ს მიერ დისციპლინური გადსაცდომის ხარისხი განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად არის შემდეგი: იმიტომ, რომ ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონმდებლობა.

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო მსჯელობს, რომ დასკვნით შემოწმებულია რვა ნოტარიუსი, რომელთა მიმართაც გამოყენებულია ნაკლები სიმძიმის დისციპლინური სახდელები - გაფრთხილება და საყვედური. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან სასამართლო იხილავდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს, შესაბამისად, მას მხოლოდ ამ საქმის მიმართ გააჩნდა წარმოების მასალა და მტკიცებულებები, შესაბამისად, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აფასებს და აცხადებს სასამართლო, რომ გადაცდომები იყო ერთი და იგივე ტიპის, სასამართლოს აშკარად არ გამოუკვლევია აღნიშნული საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილად შეამჩნევდა, რომ შემოწმებული და სასამართლოს მიერ მაგალითად მოყვანილი 5 ნოტარიუსიდან არცერთს არა აქვს დარღვევების ის ოდენობა, რაც ე-----------–-----–--ს ჰქონდა, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში, გამოხატულია მსგავსი სიმძიმის გადაცდომები, რა დროსაც, ქ----------------ს შეეფარდა 3 თვის ვადით უფლებამოსილების შეჩერება, ხოლო ი-----------–---------ს ოთხი თვის ვადით უფლებამოსილების შეჩერება.

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, კერძოდ, არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბარ შეფასებასა და, პირიქით, არსებითად არათანაბარი საქმის გარემოებების თვითნებურად თანაბარ შეფასებას და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღებას. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი უფლებამოსილება, შეეფასებინა, იყო თუ არა ნოტარიუსების მიერ ჩადენილი გადაცდომები იდენტური ხასიათის, პირველ რიგში იმიტომ, რომ იხილავდა კონკრეტულად მხოლოდ ე-----------–-----–--ს საქმეს. გარდა ამისა, არც ფაქტობრივი შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან გასაჩივრებული იყო კონკრეტული ადმინისტრაციული აქტი - ბრძანება ე--–-----–--სათვის 2 თვით უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დასასრულს და მისი კანონიერების შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ამ წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევის ხარისხის შეფასებით. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი ნოტარიუსის გათავისუფლების თაობაზე არსებული წარმოების მასალა და მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით შეეძლო სასამართლოს იმის შეფასება, რომ საქმის გარემოებები იყო იდენტური, ხოლო სახდელის სახე განსხვავებული?

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს ჰქონდა კონკრეტული ვალდებულება, გამოეკვლია და შეეფასებინა: იყო თუ არა სახეზე ნოტარიუს ე-----------–-----–--ს მხრიდან ის დისციპლინური გადაცდომები, რასაც ადმინისტრაციული ორგანო ედავებოდა ამ უკანასკნელს, ხოლო შემდეგ უნდა შეემოწმებინა, მოცემული გადაცდომებისათვის კანონით რა ტიპის პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული და რამდენად სწორად მოხდა გადაცდომისათვის სახდელის შეფარდება. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ე--–-----–--ს მიმართ შეფარდებული სახდელის პროპორციულობაზე სხვა ნოტარიუსებისთვის შეფარდებულ სახდელებთან მიმართებაში. სასამართლოს ლოგიკას თუ გავეყვებით, მაშინ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამ ნოტარიუსით და თითოეული საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს იუსტიციის მინისტრს ხომ არ განუხილავს მსგავსი ფაქტობრივი გარემოებებით ნოტარიუსის მიერ დისციპლინური გადაცდომის სხვა შემთხვევები და დაადგინოს შეფარდებული სახდელის პროპორციულობა ცალ-ცალკე ყველა შემთხვევაში.

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნოტარიუს ე-----------–-----–--ს სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტით დგინდება, რომ 2015 წლის 22 ივლისს, შერჩევის პრინციპით განხორციელდა ნოტარიუს ე-----------–-----–--ს სანოტარო საქმიანობის შემოწმება, 2012 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 22 ივლისამდე პერიოდში. შემოწმება განხორციელდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და „ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №84 ბრძანების საფუძველზე და მის შესასრულებლად.

 

შემოწმების აქტის მე-9 პუნქტში მითითებულია, რომ ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმების დროს გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ა) ნოტარიუსის სანოტარო რეესტრის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სანოტარო აქტების (№1--------, №1--------) სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას არ იყო მითითებული გარიგების ღირებულება (აღნიშნული სანოტარო აქტები არ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას); ბ) ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სანოტარო აქტებზე (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი. სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო სანოტარო აქტის მონაწილის (მხარის) ხელმოწერა; გ) ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული; დ) ნოტარიუსის სანოტარო საქმიანობის შემოწმებისას გამოვლინდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობებში (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი (ს.ფ. 18-20).

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის №---- ბრძანების საფუძველზე შეიქმნა დისციპლინური კომისია. დისციპლინური კომისიის 2015 წლის 7 ოქტომბრის დასკვნით დგინდება, რომ ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს მხრიდან ადგილი ჰქონდა:

 

1) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტების (№1--------, №1--------) სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას არ იყო მითითებული გარიგების ღირებულება (აღნიშნული სანოტარო აქტები არ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას), რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

2) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტებზე (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი. კერძოდ აქტზე (№1--------) არ იყო მხარის ხელმოწერა, რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

3) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული, რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“);

 

4) „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობებში (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი, რაც წარმოადგენდა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას („ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

კომისიამ იხელმძღვანელა „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების“ მე-13, მე-18, 21-ე მუხლებით და დადასტურებულად ჩათვალა ნოტარიუს ე-----------–-----–--ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტები, ამასთანავე, ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი შეფასდა განსაკუთრებით მძიმედ (ს.ფ. 88-97).

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №---- ბრძანებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნოტარიუს ე-----------–-----–--ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება, 2----–-–------------------დან ორი თვის ვადით.

 

ამავე ბრძანებით დადგენილია, რომ ნოტარიუსებს - გ--–---------–---ს და დ-------------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ საყვედური, ნოტარიუსებს - რ-------------–------------ს, თ----–----------–---–ს და ნ----------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ - გაფრთხილება, ნოტარიუს ქ----------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან სამი თვის ვადით, ხოლო ნოტარიუს ი-----------–---------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან ოთხი თვის ვადით.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის 10.1 მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების” მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინპექციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას და ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა, ხოლო მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ზედამხედველობა გაუწიოს ნოტარიუსის საქმიანობას.

 

ნოტარიუსისა და ნოტარიუსის შემცვლელი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური წარმოების წესი დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით. აღნიშნული დებულების 3.2 მუხლის შესაბამისად, ამ დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა: ა) მსუბუქ გადაცდომად; ბ) საშუალო გადაცდომად; გ) მძიმე გადაცდომად და დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად. დებულების მე-8 მუხლის თანახმად კი, დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელი: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) უფლებამოსილების შეჩერება და დ) თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ პუნქტების შესაბამისად, მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნეოდა ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევრად შესრულება (დაუდევრობად ითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი), ასევე სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა. ამავე რედაქციის დებულების მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სჩადის მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს, ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. მე-7 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი, ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ან/და ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №84 ბრძანების საფუძველზე და მის შესასრულებლად განხორციელდა ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს საქმიანობის შემოწმება 2012 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 22 ივლისამდე პერიოდში. შერჩევითი შემოწმების პროცესში გამოვლინდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ოთხი სხვადასხვა შინაარსის გადაცდომა, მათ შორის, 1) სანოტარო აქტების (№1--------, №1--------) სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას არ იყო მითითებული გარიგების ღირებულება (აღნიშნული სანოტარო აქტები არ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას); 2) სანოტარო აქტებზე (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი. კერძო აქტზე (№1--------) არ იყო მხარის ხელმოწერა; 3) სანოტარო აქტზე (№1--------) არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული; 4) სამკვიდრო მოწმობებში (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი. შემოწმების შედეგების შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ნოტარიუსმა ე-----------–-----–--მ განახორციელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს“), მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“) და მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა („ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს.“).

 

3.2.2. პალატა განმარტავს, რომ „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 2.3. მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსისთვის შეფარდებული დისციპლინური სახდელი სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხთან. დისციპლინური სახდელის შეფარდება არ უნდა იწვევდეს ნოტარიუსის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, მას გააჩნდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2 მუხლით დადგენილი ვალდებულება, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაუსაბუთებლად არ შეეზღუდა პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები, სამართლიან შესაბამისობაში მოეყვანა შეფარდებული დისციპლინური სახდელი ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხთან, გაეთვალისწინებინა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდება არ უნდა გამოეწვია ნოტარიუსის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამასთანავე, დაცული უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, 53.5 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, აღნიშნული გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას. მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რა გარემოებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნოტარიუს ე-----------–-----–--ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით, 2 თვის ვადით საქმიანობის უფლებამოსილების შეჩერების გამოყენება. სააპელაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ნოტარიუს ე-----------–-----–--ს სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტის შესაბამისად, შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობებში (№1--------, №1--------, №1--------) არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი. პალატის მოსაზრებით, დასაბუთებული არ არის აღნიშნული ქმედების განსაკუთრებით მძიმე ხარისხის გადაცდომად შეფასების აუცილებლობა, იმ პირობებში, როდესაც გადაცდომად ჩაითვალა არა ნოტარიუსის მხრიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის გარეშე სანოტარო მოქმედების შესრულება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტებით სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენის შეუძლებლობა. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც, თუ მიჩნეული იქნება, რომ ნოტარიუსმა სავალდებულო დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე შეასრულა სანოტარო მოქმედება, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის განსაკუთრებით მძიმედ შერაცხვისათვის, „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის „ა“ პუნქტიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად უნდა დადასტურდეს ამ მუხლით გათვალისწინებული, სანოტარო მოქმედების განხორციელების თანმდევი რომელიმე პირობის არსებობა (ჰქონდა თუ არა ქმედებას სისტემატური ხასიათი, მოჰყვა თუ არა ქმედებას მძიმე შედეგი, შესრულებულია თუ არა სანოტარო მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №---- ბრძანება, ნოტარიუს ე-----------–-----–--ს ნაწილში გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამდენად, მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე, რომელიც შეეხება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ამ მუხლის 4.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 2.4. მუხლის თანახმად, ყველა ნოტარიუსი თანაბრად აგებს პასუხს ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ის გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღება უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ დისციპლინური სამართალწარმოებისას გადაწყვეტილების მისაღებად თანაბრად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა სხვა ნოტარიუსთან მიმართებაში.

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის მხრიდან შემოწმებას დაექვემდებარა არამხოლოდ მოსარჩელე, არამედ სხვა ნოტარიუსებიც და მათ მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სხვადასხვა ღონისძიებანი, კერძოდ: ნოტარიუსებს - გ--–---------–---ს და დ-------------------ს - დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ საყვედური, ნოტარიუსებს - რ-------------–------------ს, თ----–----------–---–ს და ნ----------------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდათ გაფრთხილება, ნოტარიუს - ქ----------------ს დიციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან სამი თვის ვადით, ნოტარიუს - ე-----------–-----–--ს დიციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან ორი თვის ვადით, ხოლო ნოტარიუს - ი-----------–---------ს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2----–-–------------------დან ოთხი თვის ვადით. პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის ხელახლა განხილვისას, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თანაბრად იქნა თუ არა გათვალისწინებული ყველა ნოტარიუსთან მიმართებაში დისციპლინური წარმოებისას გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ე-----------–-----–--სთან დაკავშირებული გარემოებების იდენტურობას სხვა ნოტარიუსებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც გამოყენებულია უფრო მსუბუქი სახდელი.

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები გასაჩივრებულ აქტთან მიმართებაში ადასტურებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წანამძღვრების არსებობას, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე შესაძლოა მიღებულიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლომ

გა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ე-----------–-----–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნოტარიუს ე-----------–-----–--ს ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №---- ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე