განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210018001966376
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-996-2018 25 დეკემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ლ---- ნ--------ე, გ------- ნ--------ე
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- ნ--------ე
წარმომადგენელი - ნ---- ვ----–---–ი
მესამე პირი - რ---–-------–--ე
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ---- და გ------- ნ--------ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ---- ა----ს ძე ნ--------ე (პ.ნ 0----------) ცნობილ იქნა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------ში მდებარე მ----- ლ---------ს ძე ნ--------ის კომლის ქონების ¼ წილის მესაკუთრედ. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 11 მაისსა და 2010 წლის 07 ივლისს ნოტარიუს რ---–--------–--ის მიერ მ----- ლ---------ს ძე ნ--------ის სამკვიდრო ქონებაზე, ნ---- ნ--------ის (პ.ნ 1----------) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები N1-------- და 1-------- ¼ წილის ნაწილში. ლ---- და გ------- ნ--------ეებს დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მ----- ნ--------ე მეუღლესთან ზ---- ნ--------ესთან ერთად ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------ში. მათ ჰყავდათ შვილები გ-- და ა---- ნ--------ეები. მოსარჩელეები ლ---- და გ------- ნ--------ეები არიან ა---- ნ--------ის შვილები, ხოლო მოპასუხე ნ---- ნ--------ე არის გ-- ნ--------ის შვილი. 2.2. 1986-1994 წლების საკომლო წიგნებში დაცული ჩანაწერების თანახმად მ----- ნ--------ის კომლი შედგება: მ----- ლ---------ს ძე ნ--------ე - ოჯახის უფროსი; ზ---- ი----ს ასული - ცოლი (გვარი მითითებულია რ არის); გ-- მ-----ს ძე - შვილი (გვარი მითითებული არ არის); ლ---–- გ--ს ასული - შვილიშვილი (გვარი მითითებული არ არის) ხაზი აქვს გადასმული, ამოწერილია); ლ---- ა----ს ძე - შვილიშვილი (გვარი მითითებული არ არის) გადახაზულია). 2.3. ზ---- ნ--------ე გარდაიცვალა 2007 წლის 06 აპრილს. 2.4 მ----- ნ--------ე გარდაიცვალა 2008 წლის 23 დეკემბერს. 2.5. ა---- ნ--------ე გარდაიცვალა 2012 წლის 26 აგვისტოს. 2.6. 2010 წლის 11 მაისს ნ---- ნ--------ის განცხადების საფუძველზე განცხადების საფუძველზე, გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა № 1--------. 2010 წლის 07 ივლისს ნ---- ნ--------ის განცხადების საფუძველზე განცხადების საფუძველზე, გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა №1--------. 2.7. ა---- ნ--------ე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ქ-------------ში, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ გაგრაში, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე (1992 წელი) დაბრუნდა სოფელ ქ-------------ში და აქ ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში გადასვლამდე. გ------- და ლ---- ნ--------ეები სწავლობდნენ სოფელ ქ------------ის საშუალო სკოლაში და გ------- ნ--------ემ საშუალო სკოლის სრული კურსი დაამთავრა 1997 წელს, ხოლო გ------- ნ--------ემ 1998 წელს დაამთავრა საშუალო სკოლის არასრული კურსი. 2.8. მ----- ნ--------ის დაკრძალვას არ დასწრებია ა---- ნ--------ე, იგი ისე გარდაიცვალა, რომ საქართველოში მამის გარდაცვალების შემდეგ არ ჩამოსულა. ლ---- ნ--------ე საქართველოში ჩამოვიდა 2011 წლის ნოემბრის თვეში. 2.9. საქმის მასალებით არ დასტურდება ა---- ნ--------ის მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტიური ფლობით დაუფლების ან მემკვიდრეობის სანოტარო წესით მიღების ფაქტი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. დღეისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. იმ ურთიერთობის მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილია, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. 2.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად (საქმე № ას-988-1242-05 27.07.2006წ.; საქმე № ას-502-478-2013 27.12.2013წ., საქმე № ას - 150-140-2014 30.12.2014წ.; საქმე № ას-1350-1387-2014 27.07.2015წ., ას-1297-1217-2015 04.03.2016წ.). საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. შესაბამისად კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით. 2.12. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 ნაწილის მიხედვით, ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით’’. მიწების უსასყიდლო (უფასო) პრივატიზება იყო საჯარო აქტი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და აღნიშნული უფლებით თანაბრად სარგებლობდა საქართველოს ყველა მოქალაქე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2.13. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2.14. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. 2.15. სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. 2.16. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2.17. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). 2.18. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 2.19. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. 2.20. მ----- ნ--------ის გარდაცვალებით 2008 წლის 23 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო (მის წილ ქონებაზე). სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრეს ლ---- ნ--------ემ და გ------- ნ--------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტების ოჯახი ცხოვრობდა აფხაზეთში, რადგანაც მამა - ა---- ნ--------ე იქ მუშაობდა. აპელანტები არიან იძელებით გადაადგილებული პირები, ომის დაწყებისას იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ აფხაზეთი და წამოსულიყვნენ საცხოვრებლად ოჯახში, ქ. ზესტაფონში, ქ-------------ში. რამდენიმე ხნის შემდეგ ა---- ნ--------ე წავიდა რუსეთში სამუშაოდ და აპელანტებიც წაიყვანა, მაგრამ ბებიის და ბაბუის სიცოცხლეშივე ქონების, კერძოდ სახლის ზედა სართულზე ცხოვრობდნენ აპელანტები და ქვედა სართულზე ბებია-ბაბუა. მამა, ა---- ნ--------ე რუსეთში ცხოვრობდა საქართველოს პასპორტით და რუსეთში ბინადრობის უფლება უფლება არ ჰქონდა. იმის გამო, რომ იმ პერიოდში გართულებული იყო მიმოსვლა, მამას პასპორტს ვადა გაუვიდა და ამ მიზეზით არ შეეძლო საქართველოში დაბრუნება, უკან წასვლა გართულდებოდა და შესაძლებელია, ვეღარ წასულიყო. გარდა ამისა, მხარეებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, მამა მატერიალურად ეხმარებოდა ოჯახს და ბებია ბაბუას. დანაშთ ქონებას ფლობდნენ თანაბარწილად, ფაქტობრივად გაყოფილი ჰქონდათ და შეთანხმებული იყვნენ, რომ ასხლს და მიწებს და მათ მიერ დატოვებულ ქონებას გაიყოფდნენ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ მ----- ნ--------ე მეუღლესთან ზ---- ნ--------ესთან ერთად ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------ში. მათ ჰყავდათ შვილები გ-- და ა---- ნ--------ეები. აპელანტები ლ---- და გ------- ნ--------ეები არიან ა---- ნ--------ის შვილები, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე, ნ---- ნ--------ე არის გ-- ნ--------ის შვილი. 4.2. ზ---- ნ--------ე გარდაიცვალა 2007 წლის 06 აპრილს. 4.3. მ----- ნ--------ე გარდაიცვალა 2008 წლის 23 დეკემბერს. 4.4. ა---- ნ--------ე გარდაიცვალა 2012 წლის 26 აგვისტოს. 4.5. მ----- ნ--------ის სამკვიდროზე 2010 წლის 11 მაისს და 2010 წლის 7 ივლისს ნ---- ნ--------ის განცხადების საფუძველზე, გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობები № 1-------- და №1--------. 4.6. ა---- ნ--------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ქ-------------ში, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ გაგრაში, 1992 წელს დაბრუნდა სოფელ ქ-------------ში და აქ ცხოვრობდა 2000 წლამდე. 4.7. 2000 წელს ა---- ნ--------ე ოჯახთან, მათ შორის, აპელანტებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. არც ის და არც აპელანტები მ----- ნ--------ის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში აღარ ჩამოსულან. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელეებმა მ----- ნ--------ის სამკვიდროს მიღების ფაქტი ვერ დაამტკიცეს. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. 4.9.1. ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 4.9.2. სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 4.10. დადგენილია, რომ არც აპელანტებს და არც მათ მამას მ----- ნ--------ის სამკვიდრო 2008 წლის 23 დეკემბერიდან ექვსი თვის ვადაში კანონით დადგენილი არც-ერთი ფორმით მიუღიათ - სამკვიდროს არ დაუფლებიან და არც სანოტარო ორგანოში შეუტანიათ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. 4.10.1. მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოებას თავად აპელანტებიც არ უარყოფენ და სწორედ ამის გამო სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას ითხოვენ. 4.10.2. ამის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ აპელანტებს სადავო სამკვიდრო არ მიუღიათ. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. 4.11.1. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის გაშვების საპატიოობას. გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსთვის [სსსკ-ის 105-ე და 102-ე მუხლები]. ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს... ...საპატიოობას ორი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება ცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე და ბ) თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ შეძლო მან სასამართლოსათვის მიმართვა (იხ. სუსგ №ას-655-621-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი). საყურადღებოა, საკასაციო პალატის სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით „...სსკ-ი კანონი უშვებს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მიღებისვადის გაშვების მიზეზი საპატიოდ იქნება ცნობილი. საპატიოობის კრიტერიუმი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასების საგანია და მასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა იყოს მოტივირებული თითოეული მემკვიდრის მართლზომიერი ინტერესის დაცვის აუცილებლობით, ვადის გაშვების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამოკვლევითა და იმგვარი მოსაზრებით, რომ ვადის გაშვება განპირობებულია არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით“ (იხ., №ას-480-454-2012, 30 აპრილი 2012 წელი)“ – (სუსგ. 15 თებერვალი, 2018 წელი, საქმე №ას-1101-1021-2017 , პ. 72-74). 4.11.2. ამის შესაბამისად, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა დასაშვებია, თუ მემკვიდრეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით არ შეეძლო სამკვიდროს მიღება კანონით დადგენილ ვადაში. 4.11.3. პალატის აზრით, ამგვარ მიზეზზე აპელანტებს არ მიუთითებიათ და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენიათ. 4.11.4. უდავოდ არის დადგენილი, რომ აპელანტებისა და მათი მამისათვის მამკვიდრებლის გარდაცვალების თაობაზე იმთავითვე იყო ცნობილი. 4.11.5. ამ ვითარებაში, მხოლოდ საზღვარგარეთ ყოფნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საფუძველი არ არის. 4.11.6. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, ამ შემთხვევაში დასადგენია: „თუ რა უშლიდათ ხელს მოსარჩელეებს ექვსთვიან ვადაში მიეღოთ სამკვიდრო... წარმომადგენლის მეშვეობით“ – (სუსგ - №ას-655-621-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი, პ. 17.3). 4.11.7. ნათელია, რომ ა---- ნ--------ისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღების დამაბრკოლებელი არავითარი გარემოება არსებობდა. 4.11.7.1. თუ აპელანტთა მამას 2008 წლის 23 დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში დაბრუნება არ შეეძლო, წარმომადგენლის მეშვეობით სამკვიდროს მიღებაში ხელს მას არაფერი უშლიდა. 4.11.8. მეტიც, ამ დროისათვის თავად აპელანტებიც სრულწლოვნები იყვნენ და ა---- ნ--------ეს სამკვიდროს მიღება მათი მეშვეობით მაინც შეეძლო. 4.12. ამრიგად, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს. 4.13. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ლ---- ნ--------ისა და გ------- ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე