განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100118002700382
ინსტანცია
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002700382

საქმე №1ბ/84-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლე----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

სი-----------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: საჩხერე, ს------–------–-------------------------–----- და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, დ----------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით სი-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სი-----------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, ს-------------------ში მომხდარი შელაპარაკებისას სი-----------–--ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის თა-------------–---–ის მიმართ, მისი არასრულწლოვანი შვილის სო-------------–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა დაზარალებული. ასევე ძლიერად მოუჭირა ხელზე ხელი და ცდილობდა ძალის გამოყენებით მის ჩასმას ავტომობილში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თა-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლე----–----–---–--ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და სი-----------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი არის უსამართლო და ზედმეტად ლმობიერი, ვინაიდან დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა სი-----------–--ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი და ხარისხი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თა-------------–---–ს სხეულზე მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი სი-----------–--ემ 6 წლის სო-------------–---–ი, დედის დაუკითხავად, წაიყვანა იმ დროისთვის გაურკვეველი მიმართულებით და მთელი ღამის განმავლობაში სახლში არ მიუყვანია. სი-----------–--ემ მათი არასრულწლოვანი 6 წლის შვილის თანდასწრებით სცემა თა-------------–---–ს და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობა განსაკუთრებით დიდ ფსიქოლოგიურ დარტმას აყენებს თავად არასრულწლოვნის ფსიქიკას. ხოლო ის ფაქტი, რომ თითქოს მხვერპლის დაუდევარი ქმედებების გამო 6 წლის სო-------------–---–მა ვერ მიიღო განათლება 2018 წელს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, რადგან ახასიათებს სხვა პიროვნებას, ამასთან, აღნიშნულს ადასტურებს მხოლოდ მსჯავრდებული.

 

მსჯავრდებულ სი-----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-–------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულის თა-------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, არასრულწლოვანი მოწმის სო-------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მა------------–---–ის და შა-–----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინება და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სი-----------–--ისათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, რომ მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის ჩადენა მრავალჯერადი დარტყმით, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლე----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

სი-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სი-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ სი-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან - 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

ნივთიერი მტკიცებულება: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, პატრულ-ინსპექტორების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე