განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
160210018002465001
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210018002465001

N2ბ/5407-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტები - დ-------- ხ-------ძე, გ----–- ხ-------ძე (მოპასუხეები)

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ-------- კ-----–--–--ლი (მოსარჩელე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით, თ-------- კ-----–--–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ----–- ხ-------ძის და დ-------- ხ-------ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბოლნისი, დ-----------–-----–-------------, საკადასტრო კოდით 8----------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე თ-------- კ-----–--–--ლს. ამავე გადაწყვეტილებით, თ-------- კ-----–--–--ლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქალაქ ბოლნისში, დ-----------–-----–--------------ში, საკადასტრო კოდის 8-----------. მქონე უძრავი ქონება რეგისტრირებულია თ-------- კ-----–--–--ლის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება A----------------, დამოწმების თარიღი 1---------, საქართველოს ი------–----------------------------–---------------–ი ბიუროს თ---–----------------–-----------ო;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. დადგენილია, რომ ქალაქი ბოლნისში, დ-----------–-----–--------------ში, საკადასტრო კოდის 8----------- მქონე უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები გ----–- ხ-------ძე და დ-------- ხ-------ძე. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას ფლობენ კანონიერად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილი იყო, რომ ქალაქ ბოლნისში, დ-----------–-----–--------------ში, 8----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო თ-------- კ-----–--–--ლის საკუთრებად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობდნენ კანონიერად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ გ----–- ხ-------ძის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს. ამდენად, მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ-------- კ-----–--–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და გ----–- ხ-------ძის და დ-------- ხ-------ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ბოლნისი, დ-----------–-----–-------------, საკადასტრო კოდით 8-----------. და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე თ-------- კ-----–--–--ლს.

 

2.6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ თ-------- კ-----–--–--ლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 268-ე და 269-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების ფლობით მას ადგებოდა ზიანი, რადგან მისი მამა იძულებული იყო იყო ეცხოვრა მისი ნაცნობის სახლში, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ ჰქონდა წარმოდგენილი. ამდენად, მოსარჩელე ვერრ ასაბუთებდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობენ ქალაქ ბოლნისში, დ-----------–-----–--------------ში (საკადასტრო კოდის 8-----------), მდებარე უძრავ ქონებას. აპელანტების განმარტებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა აუქციონის მეშვეობით, არ ნიშნავს უძრავ ქონებზე სარგებლობის უფლების დაკარგვას. ამასთან, აპელანტები მიუთითებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესის უპირატესობა გამოსახლების მიმართ გამოკვეთილი არ არის. მისი ინტერესი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ნაკლებ ფასად შეძენილი უძრავი ქონება გაასხვისოს უფრო ძვირად. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების თანახმად, უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 24.04.2018 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბოლნისში, დ-------–-----–-----------ში (ს/კ 8-----------) წარმოადგენს თ-------- კ-----–--–--ლის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს ი------–----------------------------–---------------–ი ბიურის თ---–----------------–-----------ოს განკარგულება NA----------------, დამოწმების თარიღი: 1---------. ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღია - 2--------- წ. (იხ. ტომი 1; ს.ფ. 19-20; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

4.2. დადგენილია და სადავო არ არის, რომ თ-------- კ-----–--–--ლის კუთვნილ სადავო ქონებას, საკადასტრო კოდი 8----------- ფლობენ მისი ყოფილი მესაკუთრეები დ-------- ხ-------ძე და გ----–- ხ-------ძე;

 

4.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, თ-------- კ-----–--–--ლის მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების დ-------- ხ-------ძის და გ----–- ხ-------ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-------- კ-----–--–--ლი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეებს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია (სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - აუქციონის შედეგები, სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით). ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მფლობელები არიან, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მათ ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

 

ამ კუთხით პალატა მიუთითებს, რომ მართალია სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ-------- კ-----–--–--ლმა საჯარო აუქციონზე შეიძინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. ბოლნისში, დ-------–-----–-----------ში (ს/კ 8-----------), თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გააჩნიათ რაიმე უფლება, რითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების მათიმართლზომიერი ფლობის საფუძველი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 4.1. და 102-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეებს ეკისრებათ, რომლებმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ განახორციელეს მტკიცების ტვირთის რეალიზება. მხოლოდ მხარის ახსნა-განმატების საფუძველზე ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა დაუშვებელია, თუ მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე თავის ახსნა განმარტებით. სხვა სახის მტკიცებულება კი, ამ გარემოების დასადასტურებლად აპელანტ მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თ-------- კ-----–--–--ლი მიზერულ ფასად გახდა სადავო ქონების მესაკუთრე, ისეთ ვითარებაში, როდესაც აპელანტები (მოპასუხეები) სადავოდ არ ხდიან სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს საქმესთან შემხებლობა არ გააჩნია და მოცემული სარჩელის ფარგლებში, სააპელაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს.

 

4.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.

 

4.5. ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თ-------- კ-----–--–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, მოპასუხეების გ----–- ხ-------ძის და დ-------- ხ-------ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ბოლნისი, დ-----------–-----–-------------, საკადასტრო კოდით 8-----------. და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემოდა თ-------- კ-----–--–--ლს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროთ აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------- ხ-------ძის და გ----–- ხ-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროთ აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია