განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
330100118002585564
ინსტანცია
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002585564-1ბ/1701-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მია თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკააურორი: ა---------

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: პ--------------–---–---------------–-------–-–---------–--------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–-–---–-----------------------------------------–--

 

ადვოკატი:------–------–----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები;

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილსის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა პ------------–---–-- მიმართ.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ------------–---–- ბრალი ედებოდათ მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

პ------------–---–-- დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი. 2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თბილისში, ალ-–---–------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პ------------–---–-- გადაწყვიტა რ--------------------------------------------------- მოკვლა და ამ მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რა---------------- მუცლის, ხოლო კ---------------------------- გულ-მკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

სასამართლომ დაადგინა:

პ------------–---–-- მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე, უდაოდ ცნობილი ფაქტებით ვერ იქნა დადგენილი;

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა რ----------------- სასმართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 8 მარტს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ალ-–---–------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცნობმა მამაკაცმა მათი მიმართულებით განახორციელა გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან, რა დროსაც რა---------------- მუცლის, ხოლო კ---------------------------- გულ-მკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. დაადასტურა პ----- ჭ-----–---–თან ნაცნობობა, მაგრამ გამორიცხა მასთან კონფლიქტი. შეუძლია დანაშაულის ჩამდენი პირის ამოცნობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა პ------------–---–--აგან.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა კ---------------------------მ და ასევე, გამორიცხა პ------------–---–-- მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან აღნაგობით რადიკალურად განსხვავდებოდა მისგან.

 

მოწმე ზ---------------–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისში, ა-–-–---–------- ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში ხაბაზად. უბნიდან იცნობს როგორც პ------------–---–-, ისე დაზარალებულებს: კ----------------------------ა და რა----------------. 2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 ნახა კო------------------------ სეირნობდნენ, რაზე საუბრობდნენ არ იცის. ღამდებოდა, როდესაც რ--------------ნა და უთხრა დაჭრილი ვარო, დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მისთვის არ უთქვამთ თუ ვინ დაჭრა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი---------–-–---–--------------------------–--- აგრეთვე ექსპერტმა ლ-------------–---–-- დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2018 წლის 15 მარტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად,პ------------–---–-- სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები; სვიტერის უკანა ზედაპირზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა სახელოს ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება;

 

პ------------–---–-- შარვლის წინა მარჯვენა და მარცხენა ტოტის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წრმოქმნილი მიკრონაწილაკები;

 

შარვლის უკანა მარჯვენა და მარცხენა ტოტის ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება;

 

პ------------–---–-- წყვილ წინდაზე და ქამარზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მირკონაწილაკები არ აღინიშნება;

 

პაკეტში წარწერით „...ანაწმენდები მარჯვენა, მარცხენა ხელის მტევნიდან და სახის მიდამოდან...აღებული პ------------–---–--გან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე წარწერებით „...სახის მიდამოდან“, „...მარჯვენა ხელის მტევნიდან“ და „...მარცხენა ხელის მტევნიდან“ დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ---------------- და დამატებით განმარტა, რომ დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები შესაძლოა დარჩეს ნებისმიერი დენთის შემცველი ობიექტიდან, თუმცა კონკრეტულად იმის განსაზღვრა, არის ეს ცეცხლსასროლი იარაღი თუ დენთის შემცველი სხვა ობიექტი, მის კომპეტენციაში არ შედის. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ პ-------–---–-ს ტანსაცმელს აღენიშნებოდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები მცირე ინტენსივობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის/მსჯავრდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, რომლის მცდელობაშიც ედება ბრალი პ--------------–---–ს მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თუ ეს შედეგი არ განხორციელდა, მაშინ შესაძლოა სახეზე იყოს მკვლელობოს მცდელობა ან მკვლელობის მომზადება.

 

მოცემულ შემთხვევაში, პ------------–---–- ბრალი ედება დამამძიმებებლ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც წარმოადგენს დაუმთავრებელ დანაშაულს, რომლის ცნებასაც განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი, რომლის თანახმადაც, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა პ------------–---–-- მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი პ--------------–---–----იერ რ---------------------------------------------------- განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება;

 

სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და ასევე, უდაოდ ცნობილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ პ------------–---–-- ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება;

 

პალატა მიმოიხილავს მოცემულ მტკიცებულებებს ცალ-ცალკე. კერძოდ:

 

დაზარალებულებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ იცნობენ პ------------–---–-, მაგრამ ის პიროვნება, რომელმაც განახორციელა მათ მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა, ვიზუალურად რადიკალურად განსხვავდება გამართლებულისაგან.

 

მოწმე ზ---------------–---–-- დაადასტურა ის ფაქტი, რომ იცნობს როგორც დაზარალებულებს, ასევე გამართლებულს. დაჭრილი რ---------------- მივიდა მასთან და უთხრა დაჭრილი ვარო, რის შემდეგაც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ხოლო ვინ დაჭრა მისთვის უცნობია და არც დაზარალებულს უთქვამს აღნიშნულის შესახებ.

 

თე---------------–---- გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე „მერსედესის“ ავტომანქანით იმყოფებოდა ა-–--–---–------- ქუჩაზე, რა დროსაც ნახა რ----------------- მან უთხრა, რომ დაჭრილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით და წაიყვანა საავადმყოში. გზაზე დაზარალებულს არ უხსენებია თუ ვინ დაჭრა ის და შესაბამისად, მოწმისთვისაც უცნობია აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირი.

 

უდაოდ ცნობილი ექთან გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 8 მარტს იმყოფებოდა სამსახურიში, შპს „ო-------–------–-“, როდესაც დაახლოებით 20:45 საათზე კლინიკაში მიყვანილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კ--------------------------- და მას გაუკეთდა ოპერაცია. ხოლო, მოწმე რასაკვირველია არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ვინ დაჭრა კ---------------------------.

 

ექიმ ი-------- ტ--------ის დაადასტურა, რომ რა---------------- აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული დაზიანებები, ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მოცემულ შემთხვევაშიც მოწმისთვის უცნობია თუ ვინ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით რ-----------------

 

მოწმე მ-----– ს---–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით კი დგინდება, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ რ---------------------------------------------------- მკვლელობის მცდელობა შესაძლოა ჩადენილი ჰქონდა პ------------–---–-, რომელიც გადაადგილდებოდა ქ. თ---–--–----–---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე და რომელსაც უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი.

 

2018 წლის 9 მარტის პ------------–---–-- პირადი ჩხრეკისას კი მისგან ამოღებული არ ყოფილა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს პ------------–---–-- უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე, იცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

 

ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება გამართლებულს ბრალად წარდგენილ გარემოებას ადასტურებდეს არის საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც სასამართლომ რომც გაითვალისწინოს არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანდ, ვინაიდან სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.

 

თუმცა, პალატა განმარტავს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ხოლო სასამართლო სხდომაზე პ------------–---–-- ისარგებლა დუმილის უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიწოდებული ინფორმაციის -მიცემული ჩვენების სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნება და შემდგომში მტკიცებულების სახით მისი გამოყენება დაუშვებელია თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 გადაწყვეტილება, პუნქტი 43-44).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პ--------------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება;) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი, პ------------–---–-- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული რ------------------------------------------------- და პ------------–---–-- ტანსაცმელი, კ-------------------------------ობილური ტელეფონი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს; 1 ცალი მასრა და 1 ცალი ტყვია, ნერწყვისა და ანაწმენდის ნიმუშები, 1 ცალი ტყვია განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; 4 (ოთხი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილსის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

პ------------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 8 მარტს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

პ------------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 8 მარტს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

პ------------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

პ------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: რ------------------------------------------------- და პ------------–---–-- ტანსაცმელი, კ.-------------ს მობილური ტელეფონი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 1 ცალი მასრა და 1 ცალი ტყვია, პ------------–---–-- ნერწყვისა და ანაწმენდის ნიმუშები, რ---------------------------------------------------- ნერწყვის ნიმუშები, კ.-------------საგან ამოღებული 1 ცალი ტყვია განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 2 (ორი) ცალ დისკზე შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განემარტოს პ------------–---–-, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი