განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
330100118002728542
ინსტანცია
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002728542

საქმე №1ბ/102-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

თე-------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-----------–---–--------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით თე-------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 12 ოქტომბრიდან - 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლებისა და ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თე-------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისში, ბ--------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თე-------------------–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის - სო----------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ფრჩხილები დაუსვა მარჯვენა ხელის ზედაპირზე და კეფის არეში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც სო----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა------------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და თე-------------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი არის უსამართლო, რადგან თე-------------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს განზრახი კატეგორიის, ძალადობრივ დანაშაულს, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ, რაც ცხადია მიუთითებს ბრალდებულის პიროვნებაზე და გავლენას უნდა ახდენდეს მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე.

სასჯელის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დანაშაულის პრევენცია - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური ან სხვა დანაშაული, რისი მიღწევაც შეუძლებელია მსგავსი მსუბუქი სასჯელის დანიშვნის პირობებში. ვინაიდან, ძალადობრივი დანაშაულის დაზარალებული მსჯავრდებულის ოჯახის წევრია, კერძოდ მისი შვილი და არსებობს მასზე ზემოქმედების საფრთხე, სასამართლო მაქსიმალურად უნდა ეცადოს დამნაშავის დაზარალებულებისაგან დისტანცირებას.

დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების კვლავ განხორციელების საფრთხის გამოსარიცხად. მსჯავრდებულის თავისუფლებაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და თე-------------------–---–მა კვლავ განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრების მიმართ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რათა მიღწეულ იქნას სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების სახით.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ სო----------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ირ---–-----------–---–ის, დი-------------–---–ის, გი-------------–---ის გამოკითხვის ოქმები, სო----------------–---–ის განცხადება თანდართული ფოტოსურათით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად გათვალისწინებულ იქნა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლებისა და ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლა, საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

თე-------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 12 ოქტომბრიდან - 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

თე-------------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლებისა და ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ლაზერული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე