განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-----------------
საქმე №1ბ/147-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------------–-–--ლის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა---------------–--------, - დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
გ---------------–-–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ---------------–-–--ლმა ჩაიდინა:
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 ოქტომბერს ა--------------------------- კვარტალში, გ---------------–-–--ლმა ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ გაჩეხა 3 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოს და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მიადგა 1435,85 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-----------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით და დამატებითი სასჯელის სახით ქონების - ამოღებული ავტომანქანის ჩამორთმევა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, ვერ იქნება შემაკავებელი და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც აპელანტს გაუხდია სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღებული ნივთებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; მომართვის წერილით თანდართულ გაანგარიშებასთან ერთად და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით; რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, სადაო არ გამხდარა და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციად იქნა ცნობილი.
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ გ---------------–-–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---------------–-–--ლის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და გ---------------–-–--ლის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–-–--ლის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ---------------–-–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; არ არის ნასამართლევი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, არის ადეკვატური და სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, მსჯვარდებულ გ---------------–-–--ლისავის დამატებითი სასჯელის სახით ქონების - „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად: ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ---------------–-–--ლისათვის ბრალად წარდგენილი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დისპოზიციიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ხე-ტყის ტრანსპორტირების დროს გამოყენებული ავტომანქანა წარმოადგენს დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ურთიერთობა, ხოლო დანაშაულის საგანია - ხე-ბუჩქნარი, რომელზეც უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე ზემოქმედებით ხდება დანაშაულის ჩადენა. ობიექტური მხრივ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება და აუცილებელია შედეგის დადგომა. კერძოდ, დანაშაული დამთავრებულია, როდესაც დამნაშავე პირი რაიმე იარაღის გამოყენებით ან უამისოდ გაჩეხავს (მოჭრის, ამოთხრის, მოხერხავს და ა.შ.) ხე-ბუჩქნარს და ასევე, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გგ---------------–-–--ლმა დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად - სამი ძირი წიფლის ჯიშის ხის მოსაჭრელად არ გამოუყენებია „ზილ-131“ მარკის ავტომანქანა, იგი არ ყოფილა არც დანაშუალის ჩადენის იარაღი და არც ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ნივთი. გ---------------–-–--ლის მიერ დანაშაულებრივი ქმედების - ხე-ბუჩნარის უკანონოდ გაჩეხვის განხორციელება დასრულდა მაშინ, როდესაც მან ხის ძირითადი ნაწილი განაცალკევა მისი ფესვებისაგან. ამდენად, ბენზოხერხის გამოყენებით ხის მოჭრისთანავე დანაშაულებრივი ქმედება დასრულებულია; ხოლო საკითხს, თუ რა საშუალებით მოახდინა მსჯავრდებულმა აღნიშნული დანაშულის საგანის ტრანსპორტირება, ან მოახდინა თუ არა საერთოდ, არ მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის შემადგენლობა. შესაბამისად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვერ ჩაითვლება განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ან საამისოდ გამოყენებულ ნივთად.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ---------------–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
გ---------------–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას გ---------------–-–--ლის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ფირუზ პატარკაციშვილის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2449,00 კკმ. მდებარე ახმეტის რაიონის სოფელ შახვეტილაში, საკადასტრო კოდი: N5-----------.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ---------------–-–--ლს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
ავტომანქანა „ზილ-131“ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფოფელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 81-წ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხდეს ორი ცალი ბენზოხერხისა და თხუთმეტი ერთეული წიფლის ჯიშის მორის საპროცესო კონფისკაცია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე
|