განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100118002663441
საქმე №1ბ/125-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ფი----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, მცხოვრების მისამართზე: ხაშური, გ--------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით ფი----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2018 წლის 13 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.
დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ფი----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 10:20 საათზე, ფი----------ემ ხაშურში, გ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თავისი დის ნო--------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა - ხელი წაუჭირა ყელის არეში და ფეხი დაარტყა ფეხზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ფი----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, რადგან ფი----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ფიზიკურად გაუსწორდა დას - ნო--------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ფი----------ე, ხშირად უმიზეზოდ ჩხუბობს ოჯახში და გამოხატავს აგრესიას ოჯახის წევრების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი, სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვასა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ფი----------ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან დის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნო--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N--------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო, რომ ფი----------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, არ არის მისი დასჯით დაინტერესებული და ჩათვალა, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ფი----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით /რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 13 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა/. დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
ფი----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;
შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე