განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210016001560548
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001560548

საქმე №2ბ/6206-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „პ-------- ფ-----“-ი

წარმომადგენელი - გ------------–----

 

მოწინააღმდეგე მხარე _ თ----------ი რ----, ც---–- ნ-----–--ა

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება თ---------- რ----ს და ც---–- ნ-----–--ას მიმართ.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2016 წლის თებერვალიდან შპს „პ-------- ფ-----“-სა და შპს „პ------ გ-----“-ს შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე აწვდიდა პროდუქციას შპს „პ------ გ-----“ს, ხოლო შპს „პ------ გ-----“-ი ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება.

 

2. 2016 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით შპს „პ-------- ფ-----“-მა შპს „პ------ გ-----“-ს მიაწოდა 20,451.94 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2016 წლის 11 აპრილს შპს „პ------ გ-----“-მა შპს „პ-------- ფ-----“-ს გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება 9,110.20 ლარის ოდენობით. მოპასუხეს 2016 წლის თებერვლიდან სხვა გადახდა არ განუხორციელებია. 2016 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით შპს „პ------ გ-----“-ის დავალიანება შეადგენს 11,341.74 ლარს.

 

3. 2016 წლის 13 აგვისტოს შპს „ქ--------–- რ------–“-მა შპს „პ-------- ფ-----“-ს გაუგზავნა წინადადება შპს „პ------ გ-----“-ის ვალდებულების აღების შესახებ. აღნიშნული ოფერტის თანახმად, შპს „ქ--------–- რ------–“-მა გააკეთა შეთავაზება შპს „პ-------- ფ-----“-ის წინაშე არსებული შპს „პ------ გ-----“-ის ვალის დაფარვის შესახებ. 2016 წლის 19 სექტემბერს გამოხატული აქცეპტით შპს „პ-------- ფ-----“-მა გამოთქვა თანხმობა (აქცეპტი) შპს „ქ--------–- რ------–“-ის ოფერტზე. შპს „პ------ გ-----“-ის მიერ ვალის გადაკისრება მოხდა შპს „ქ--------–- რ------–ზე“, რაზედაც თანხმობა გამოთქვა შპს „პ-------- ფ-----ი-მ“.

 

4. . თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „პ-------- ფ-----მა“ და მოპასუხეების შპს „ქ--------–- რ------–ი“-ს, თ----------ი რ----სა და ც---–- ნ-----–--ასათვის შპს „პ-------- ფ-----“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად 11,341.74 ლარის გადახდის დაკისრება.

 

5. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის თებერვალში შპს „პ-------- ფ-----“-სა და შპს „პ------ გ-----“-ს შორის დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც აწვდიდა პროდუქციას შპს „პ------ გ-----“-ს, ხოლო შპს „პ------ გ-----“-ი ვალდებული გახლდათ გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება და პროდუქციის მიწოდების საკითხი მხარეთა წარმომადგენლებს შორის ვერბალური მოლაპარაკებით გახლდათ დარეგულირებული. 2016 წლის ივლისში შპს „პ-------- ფ-----“-ისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს „პ------ გ-----“-ი ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, შპს „პ-------- ფ-----“-მა დამატებითი ზარალის თავიდან ასაცილებლად მოპასუხისაგან უკან დაიბრუნა პროდუქცია, რომლის რეალიზებაც არ მომხდარა და რომელიც ვარგისი გახლდათ და დაუყოვნებლივ მოითხოვა არსებული დავალიანების დაფარვა. 2016 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით შპს „პ-------- ფ-----“-მა შპს „პ------ გ-----“-ს მიაწოდა 20,451.94 ლარის ღირებულების პროდუქცია (აღნიშნული თანხა არ მოიცავს უკან დაბრუნებული პროდუქციის ღირებულებას). 2016 წლის 11 აპრილს შპს „პ------ გ-----“-მა შპს „პ-------- ფ-----“-ს გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება 9,110.20 ლარის ოდენობით. მოპასუხეს 2016 წლის თებერვლიდან სხვა გადახდა არ განუხორციელებია. 2016 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით შპს „პ------ გ-----“-ის დავალიანება შეადგენს 11,341.74 ლარს. 2016 წლის 13 აგვისტოს შპს „ქ--------–- რ------–“-მა შპს „პ-------- ფ-----“-ს გაუგზავნა წინადადება შპს „პ------ გ-----“-ის ვალდებულების აღების შესახებ. აღნიშნული ოფერტის თანახმად, შპს „ქ--------–- რ------–“-მა გააკეთა შეთავაზება შპს „პ-------- ფ-----“-ის წინაშე არსებული შპს „პ------ გ-----“-ის ვალის დაფარვის შესახებ. 2016 წლის 19 სექტემბერს გამოხატული აქცეპტით შპს „პ-------- ფ-----“-მა გამოთქვა თანხმობა (აქცეპტი) შპს „ქ--------–- რ------–“-ის ოფერტზე. მიუხედავად ვალდებულების აღებისა, შპს ქ--------–- რ------–ი უარს აცხადებს შპს პ-------- ფ-----ის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებაზე. თანხის გადახდაზე ასევე უარს აცხადებს შპს „პ------ გ-----“-ი.

 

მოსარჩელის განცხადებით შპს „პ------ გ-----“-ი წარმოადგენს გადახდისუუნარო საწარმოს. განხორციელდა მისი აქტივების სრულად გადაცემა შპს „ქ--------–- რ------–ი“-სთვის (მათ შორის, სასაქონლო ნიშანი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები).

 

2016 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, შპს „პ------ გ-----“-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა თ---------- რ---- და დირექტორად დაინიშნა ც---–- ნ-----–--ა. მიუხედავად საწარმოს გადახდისუუნარობისა არც ყოფილ დირექტორს თ---------- რ----ს და არც ამჟამინდელ დირექტორს ც---–- ნ-----–--ას არ განუცხადებიათ საწარმოს გადახდისუუნარობის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 17 აპრილის განცხადებით შპს „პ------ გ-----“-ის მიმართ გაიხმო სარჩელი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა და შპს „პ-------- ფ-----ის“ სარჩელი შპს „პ------ გ-----“-ის მიმართ დარჩა განუხილველი.

 

6. მოპასუხის შესაგებელი: მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.

 

7. მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო შპს „პ------ გ-----“-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში. თ---------- რ---- და ც---–- ნ-----–--ა წარმოადგენდნენ შპს „პ------ გ-----“-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს და არ წარმოადგენენ შპს „ქ--------–- რ------–ი“-ს დირექტორებს.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს „პ-------- ფ-----“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ქ--------– რ------–ს“ შპს „პ-------- ფ-----“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11341,74 ლარის გადახდა. შპს „პ-------- ფ-----“-ის სარჩელი თ---------- რ----სა და ც---–- ნ-----–--ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს „ქ--------– რ------–ს“ შპს „პ-------- ფ-----“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 341 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. შპს „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 453,66 ლარის ანაზღაურება. (იხ.გადაწყვეტილება)

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „პ-------- ფ-----“-მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

9.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც სრულად დაკმაყოფილდებოდა სარჩელი, თუმცა მოპასუხეების თ---------- რ----სა და ც---–- ნ-----–--ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის შდეგადაც მოპასუხეების თ---------- რ----სა და ც---–- ნ-----–--ას მიმართ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხეთა გამოუცხადებლობის და მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დამტკიცებულად ითვლება მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ მითითებული შემდეგი გარემოებები: 2016 წლის 12 აგვისტოდან და მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის დროს შპს „პ------ გ-----ი“ იმყოფებოდა გადახდისუუნარო მდგომარეობაში, მისი საქმიანობა ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და მას არ გააჩნდა არანაირი აქტივი. მოსარჩელის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით დასტურდება შპს „პ------ გ-----ის“ მიერ შპს „ქ--------–- რ------–ისთვის“ მთლიანი თავისი აქტივის გადაცემა. კერძოდ: 15.09. 2016 წლის ზედნადები შპს „პ------ გ-----ის“ მიერ შპს „ქ--------–- რ------–ისთვის“ 344355 ლარის ღირებულების აქტივის (საქონელი და ძირითადი საშუალებები), 64917 ლარის ღირებულების საბუღალტრო პროგრამა „აპექტის“, 39531.94 ლარის ღირებულების სავაჭრო ნიშნის გადაცემის თაობაზე, რაც ჯამში შეადგენს 448804.45 ლარს, 2016 წლის 01 ივნისის ხელშეკრულება შპს „პ------ გ-----ის“ მიერ შპს „ქ--------–- რ------–ისთვის“ 500020 ლარის აქტივის გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, შპს „პ------ გ-----მა“ თავისი საქმიანობის შეწყვეტის და გადახდისუუნარობის მდგომარეობის მიუხედავად გადასცა თავისი მთლიანი აქტივი სხვა პირს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სათანადო წესით განხორცილების გარეშე.

9.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სოლიდარული ვალდებულების შინაარსი, მისი წარმოშობის პირობები და არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მატერიალური თვალსაზრისით არალერევანტულია შპს „პ------ გ-----ის“ მიმართ სარჩელის გახმობა და ის გარემოება, რომ მოპასუხეები თ---------- რ---- და ც---–- ნ-----–--ა არ წარმოადგენენ შპს „ქ--------–- რ------–ის“ დირექტორებს. აღსანიშნავია, რომ შპს „პ------ გ-----ის“ მიმართ სარჩელის გახმობა გამართლებული იყო საპროცესო ეკონომიის პრინციპის გათვალისწინებით, მით უფრო რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ შპს „პ------ გ-----ის“ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და დირექტორების მიმართ არსებულ მოთხოვნაზე სარჩელის გახმობა გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან დირექტორების მიმართ წამოყენებული მოთხოვნები ემყარება მათ მიერ ჩადენილ დელიქტებს, რაზეც ისინი პირადად და უშუალოდ აგებენ პასუხს. ამასთან არ არის აუცილებელი, რომ კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.

9.3. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა შპს „პ-------- ფ-----ის“ 11 341.74 ლარის ოდენობით მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერესს, რომელიც წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი თვალსაზრისით, ცალ-ცალკე შემდეგი საფუძვლებიდან: შპს „პ-------- ფ-----ის“ მიერ შპს „პ------ გ-----ისთვის“ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების უფლებიდან, შპს „ქ--------–- რ------–ის“ მიერ შპს „პ------ გ-----ის“ ვალის აღიარებიდან, შპს „პ------ გ-----ის“ დირექტორების თ---------- რ----ს და ც---–- ნ-----–--ას მიერ კანონისმიერი მოთხოვნის, კერძოდ, მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი დელიქტური ზიანიდან. შპს „ქ--------–- რ------–ის“, თ---------- რ----ს და ც---–- ნ-----–--ას მიმართ სოლიდარულად 11 341 74 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების მოთხოვნა გამომდინარეობს ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან და ეფუძნება ერთიან ინტერესს, რადგან იურიდიულად მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელების საფუძველზე შპს „პ------ გ-----ის“ მიმართ მოთხოვნიდან წარმომდგარ ვალდებულებას თანმიმდევრულად სოლიდარულობის საწყისებზე შეუერთდნენ: შპს „ქ--------–- რ------–ი“ - მის მიერ შპს „პ------ გ-----ის“ ვალის აღიარებით, შპს „პ------ გ-----ის“ დირექტორები თ---------- რ---- და ც---–- ნ-----–--ა, მათ მიერ კანონისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად წარმომადგარი დელიქტური ზიანით, რაც ქმნის ერთიანი ინტერესიდან გამომდინარე სოლიდარულ ვალდებულებას.

10. სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 30 იანვარს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები თ---------- რ---- და ც---–- ნ-----–--ა, რომელთაც ეცნობათ სასამართლო სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით.

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, (მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე) რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება აპელანტი მხარე, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:

 

_ აპელანტი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

_ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;

_ სააპელაციო საჩივარში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.

 

12. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრებულ მოთხოვნათა ნაწილში სარჩელის უარყოფასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

„სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივიწინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

 

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სამართლებრივი შეფასების საკითხში, ვინაიდან აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს თ---------- რ----სა და ც---–- ნ-----–--ასთვის შპს ,,ქ--------– რ------–თან’’ ერთად 11,341.74 ლარის სოლიდარულად დაკისრება, აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

12.1. 2016 წლის თებერვალიდან შპს „პ-------- ფ-----“-სა და შპს „პ------ გ-----“-ს შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე აწვდიდა პროდუქციას შპს „პ------ გ-----“ს, ხოლო შპს „პ------ გ-----“-ი ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება.

12. 2. 2016 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით შპს „პ-------- ფ-----“-მა შპს „პ------ გ-----“-ს მიაწოდა 20,451.94 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2016 წლის 11 აპრილს შპს „პ------ გ-----“-მა შპს „პ-------- ფ-----“-ს გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება 9,110.20 ლარის ოდენობით. მოპასუხეს 2016 წლის თებერვლიდან სხვა გადახდა არ განუხორციელებია. 2016 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით შპს „პ------ გ-----“-ის დავალიანება შეადგენს 11,341.74 ლარს.

 

12.3. 2016 წლის 13 აგვისტოს შპს „ქ--------–- რ------–“-მა შპს „პ-------- ფ-----“-ს გაუგზავნა წინადადება შპს „პ------ გ-----“-ის ვალდებულების აღების შესახებ. აღნიშნული ოფერტის თანახმად, შპს „ქ--------–- რ------–“-მა გააკეთა შეთავაზება შპს „პ-------- ფ-----“-ის წინაშე არსებული შპს „პ------ გ-----“-ის ვალის დაფარვის შესახებ. 2016 წლის 19 სექტემბერს გამოხატული აქცეპტით შპს „პ-------- ფ-----“-მა გამოთქვა თანხმობა (აქცეპტი) შპს „ქ--------–- რ------–“-ის ოფერტზე.

 

12.4. 2016 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, შპს „პ------ გ-----“-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა თ---------- რ---- და დირექტორად დაინიშნა ც---–- ნ-----–--ა, რომელიც დღემდე შპს „პ------ გ-----“-ის დირექტორია. (ტომი 1, ს.ფ. 60-63) თ---------- რ---- და ც---–- ნ-----–--ა არ წარმოადგენდნენ შპს „ქ--------–- რ------–ი“-ს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს.

 

12.5. შპს „პ------ გ-----“-ის მიერ ვალის გადაკისრება მოხდა შპს „ქ--------–- რ------–ზე“, რაზედაც თანხმობა გამოთქვა შპს „პ-------- ფ-----ი-მ“. (ტომი 1, ს.ფ. 53-54)

 

12.6. მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო შპს „პ------ გ-----“-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან შპს „პ------ გ-----“-ის მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 თებერვლის განჩინებით საქმეზე #2/2611-17. (ტომი 1, ს.ფ. 340)

 

მოსარჩელე სოლიდარულად ითხოვს შპს „ქ--------–- რ------–ი“-ს, თ---------- რ----სა და ც---–- ნ-----–--ასათვის თანხის დაკისრებას, რადგან არც ყოფილ დირექტორს თ---------- რ----ს და არც ამჟამინდელ დირექტორს ც---–- ნ-----–--ას არ განუცხადებიათ საწარმოს გადახდისუუნარობის შესახებ, რითაც საწარმოს დირექტორებმა დაარღვიეს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი.

 

13. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს „ქ--------–- რ------–ის“, თ---------- რ----ს და ც---–- ნ-----–--ას მიმართ სოლიდარულად 11 341 74 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების მოთხოვნა გამომდინარეობს ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან და ეფუძნება ერთიან ინტერესს, რადგან იურიდიულად მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელების საფუძველზე შპს „პ------ გ-----ის“ მიმართ მოთხოვნიდან წარმომდგარ ვალდებულებას თანმიმდევრულად სოლიდარულობის საწყისებზე შეუერთდნენ: შპს „ქ--------–- რ------–ი“ - მის მიერ შპს „პ------ გ-----ის“ ვალის აღიარებით, შპს „პ------ გ-----ის“ დირექტორები თ---------- რ---- და ც---–- ნ-----–--ა, მათ მიერ კანონისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად წარმომდგარი დელიქტური ზიანით, რაც ქმნის ერთიანი ინტერესიდან გამომდინარე სოლიდარულ ვალდებულებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადება ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ ზემოხსენებული პირები ამ განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლზე და განმარტავს, რომ ყოფილ დირექტორს თ---------- რ----ს და არც ამჟამინდელ დირექტორს ც---–- ნ-----–--ას არ განუცხადებიათ საწარმოს გადახდისუუნარობის თაობაზე, რითაც საზოგადოებას მიადგა ზიანი, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებთან და სარჩელის მატერიალურ წინაპირობებთან დაკავშირებით პალატა განმარატავს შემდეგს: მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანაკნელი ნორმა ზოგადად განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისა და საწარმოს არაკეთილსინდისიერად (საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ) მართვისათვის, ხოლო სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც შეიძლება დავუკავშიროთ ის კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი _ ზიანის ანაზღაურება, რომლის დადგომაც სურს სარჩელით მოსარჩელეს. ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-848-806-2013)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცემული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.

 

„მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს – დირექტორს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო მე-6 პუნქტით დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ზიანის, ანუ ფაქტობრივი დანაკლისის არსებობა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის არარსებობის გარეშეც, მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება მოპასუხის პასუხისმგებლობას ვერ გამოიწვევს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს პირველი მოთხოვნა მიმართული იყო პირველი მოპასუხის შპს „ქ--------– რ------–ი“-ს წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს „პ-------- ფ-----“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ქ--------– რ------–ს“ შპს „პ-------- ფ-----“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11341,74 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა სააღსრულებო პროცედურების განხორციელებაზე და მის დამარბკოლებელ გარემოებებზე აპელანტს არ მიუთითებია. პალატას მიაჩნია რომ, ისეთ ვითრებაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო თანხა 11341,74 ლარი უკვე დაკისრებული აქვს მოპასუხეს და მოსარჩელეს შეუძლია მატერიალური ინტერესის თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმები გამოიყენოს, 992-ე მუხლით გათვალისწნებული უმთავრესი წინაპირობა -- ზიანი სახეზე ვერ იქნება.

 

14. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ნასყიდობის თანხის სოლიდარულად დაკისრებასთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლს, რომლი მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არის დაკავშირებული და ერთ მთლიანობას ქმნის. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულს და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. (სუსგ საქმე #ას-1307-1245-2014)

შპს „პ-------- ფ-----ისთვის“ მოპასუხეების თ---------- რ----ს და ც---–- ნ-----–--ას მიერ ზიანის ანაზღაურება და შპს „ქ--------– რ------–ი“-ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა; მოვალეთა ეს ვალდებულებები ერთი საერთო მიზნით; კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით არ არის დაკავშირებული; და იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელე ვერ მიიღებდა ნასყიდობის თანხას ვალდებული პირისაგან, მყიდველისაგან, მას შემდეგ შესაძლოა სახეზე ყოფილიყო 992-ე მუხლით გათვალიწინებული მესამე პირების პასუხისმგებლობის წინაპირობები;

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „პ-------- ფ-----ი“ -ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი