განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002350832
საქმე №1ბ/1452-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა-----------–---–ის
ადვოკატების: გ-------------–--ს, მ--------------–--ის
მსჯავრდებულის: რ----–------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ----–------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----–------–--ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ--------------–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–-----------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია,რომ რ----–------–--ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რ----–------–--ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-----------–---------–--------–-------------------ში მდებარე ”ს----------–---------–-–--------–----------------ის” ოფისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ----–------–--ემ და ი-----–---------–---–მა ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მათ გაშველებას ცდილობდნენ გ------------------–---–ი და ხ------------–---–ი. რ----–------–--ისა და ი-----–---------–---–ის გაშველების შემდეგ რ----–------–--ე ეზოდან შევიდა ოფისის შენობაში, გამოიტანა დანა და დასარტყმელად მოუქნია ი-----–---------–---–ს, რაც ამ უკანასკნელმა აიცილა. რ----–------–--ემ გააგრძელა რა დანის მოქნევა, მოქნეული დანა დაარტყა ხ------------–---–ს. აღნიშნულის შედეგად ხ------------–---–მა მიიღო შემავალი ჭრილობა პლევრის ღრუში, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ამის შემდეგ რ----–------–--ემ კვლავ მოუქნია დანა ი-----–---------–---–ს და ზურგის მხარეს მიაყენა დაზიანება. რ----–------–--ის ქმედებების შედეგად ი-----–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
რ----–------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----–------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
რ----–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 5 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----–------–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-------------–--მ.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებაში რ----–------–--ის მიმართ გამოტანილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ----–------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ----–------–--ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის არგუმენტაციად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: რ----–------–--ეს ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაული არ ჩაუდენია, მას არ ჰქონია ხ------------–---–ის დაჭრის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა, ეს უკანასკნელი რომ არ ჩამხტარიყო რ----–------–--ისა და ი-----–---------–---–ის შუაში, მას დანა არ მოხვდებოდა, რ----–------–--ეს არ შეიძლება წინასწარ სცოდნოდა, რომ ხ------------–---–ი დანის მეორე მოქნევისას წინ გადაუხტებოდა და მიიღებდა სხეულის დაზიანებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარის მიერ მითითებულ ზემოხსენებულ მოსააზრებებს. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----–------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი დადგენილი და დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების: ხ------------–---–ის, გ------------------–---–ის, ნ--–-------–---–ის, ჩვენებებით, ი-------------ის, ი-----–---------–---–ის, გ-----–---–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით, ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის #5------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს რ----–------–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და დასკვნებს რ----–------–--ის ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება) დამნაშავეობასთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე ზემოხსენებული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რ----–------–--ეს შეკამათება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა სუფრაზე ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ი-----–---------–---–თან. მოჩხუბრებს აშველებდნენ იქვე მყოფი ხ------------–---–ი და გ------------------–---–ი, თუმცა განაწყენებულმა რ----–------–--ემ ოფისიდან გამოიტანა დანა და მოუქნია ი-----–---------–---–ს. მეორე მოქნევაზე ი-----–---------–---–ს გადაეფარა მის გვერდით მყოფი ხ------------–---–ი, რომელსაც რ----–------–--ის მოქნეული დანა მოხვდა გულმკერდის არეში და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რ----–------–--ე ამის შემდეგაც არ დაწყნარდა, კვლავ გაიწია ი-----–---------–---–ისკენ და ამ უკანასკნელს დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე.
სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზეა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არაპირდაპირი განზრახვით, რა დროსაც რ----–------–--ეს უდავოდ გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა (ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს ჩაკეტილ სივრცეში, ოთახში სპეციალურად მომარჯვებული დანის არაერთხელ მოქნევა), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (ოთახში მყოფი გამშველებლები - ხ------------–---–ი და გ------------------–---–ი აქტიურად მოქმედებდნენ მოჩხუბართა გასაშველებლად, შესაბამისად, ისინი ახლოს იმყოფებოდნენ და ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი როგორც რ----–------–--ესთან, ისე ი-----–---------–---–თან), არ სურდა ეს შედეგი (რ----–------–--ეს არ ჰქონდა სურვილი მისი მოქნეული დანა მოხვედროდა და დაჭრილიყო ან გ------------------–---–ი ან ხ------------–---–ი, რომლებთანაც არანაირ კონფლიქტში არ იმყოფებოდა), მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას (რ----–------–--ის მიერ მოქნეული დანით დაიჭრა და სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ხ------------–---–მა). ამრიგად, რ----–------–--ეს უდავოდ გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩხუბის დროს მის მიერ მოქნეული დანა შესაძლოა მოხვედროდა და ჯანმრთელობა მძიმედ დაეზიანებინა რომელიმე გამშველებლისთვის.
რაც შეეხება დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, დამდგარი მძიმე შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ----–------–--ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ რ----–------–--ის მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ----–------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----–------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ----–------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ----–------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
რ----–------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----–------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
რ----–------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 5 თებერვლიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
პლასტმასის და მეტალის კონტეინერები, თეფშები, ჩანგლები, ჭიქები, შუშის და პლასტმასის ბოთლები, სხვადასხვა ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, მოწმობა და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სისხლის კვლები, ლაქები, ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები, სიგარეტის ნამწვები და სიგარეტის კოლოფები - განადგურდეს;
სამედიცინო ისტორიები დაუბრუნდეთ სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე