განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210118002710041
საქმე 2/ბ-1367-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: შპს ,,ზ----“
წარმომადგენელი: ზ----- ფე----ე
მოწინააღმდეგე მხარე:შპს ,,ე-–---------–------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 06 ნოემბერს, შპს ,,ზ----ს“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ე-–---------–-----ი“ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს, ასევე უსაფუძვლო გამდიდრებიდან მიღებული შემოსავლის, სულ-326 835 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს, საქართველოში მოქმედ ყველა ლიცეზირებულ საბანკო დაწესებულებაში, მოპასუხე-შპს ე-–---------–------ის სახელზე ჩარიცხულ თანხებს- 326 835 ( სამას ოცდაექვსი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე შპს ,,ზ----ს’’ (ს.კ 2--------) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცეზირებულ საბანკო დაწესებულებაში, მოპასუხე- შპს ე-–---------–----- -ის (ს/კ 4--------) სახელზე ჩარიცხული თანხების 50%-ს 326 835 (სამას ოცდაექვსი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,ზ----ს“ წარმომადგენლის, ზ----- ფე----ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
და შპს ზ----ს დაუბრუნდა 2018 წლის 24 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3500 (სამიათას ხუთასი) ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის- შპს ე-–---------–-----ის მისამართი არის- ქ.თ---–--ი, თ----------------------.
საქმეში არსებული 2017 წლის 21 ნოემბრის -B--------- ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში განსაზღვრულია განსჯადი სასამართლო-თ---–--ის საქალაქო სასამართლო.
ამდენად, მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს-თ---–--ის საქალაქო სასამართლო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ზ----ს“ წარმომადგენელმა ზ----- ფე----ემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მსჯელობა საერთო განსჯადობაზე არასწორია და სრულიად უგულებელყოფს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16.2-ე მუხლით დადგენილ განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. არავის არ აქვს უფლება ხელშეკრულებით შეცვალოს საკანონმდებლო რეგულაციები.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო დაბა შეკვეთილი, შესაბამისად განსჯადი სასამართლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოა და მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩანაწერი თ---–--ის საქალაქო სასამართლოს განსჯადობის შესახებ არის ბათილი, რადგან ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 06 ნოემბერს, შპს ,,ზ----ს“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ე-–---------–-----ი“ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს, ასევე უსაფუძვლო გამდიდრებიდან მიღებული შემოსავლის, სულ-326 835 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,ზ----ს“ წარმომადგენლის, ზ----- ფე----ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად, ასევე გაუქმდა, ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება.
დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ზ----ს“ წარმომადგენელმა ზ----- ფე----ემ.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამ ნორმის შესაბამისად, განსჯადობა გულისხმობს კომპეტენტური სასამართლოების არსებობას, რომლებმაც უნდა განიხილონ მათდამი დაქვემდებარებული საქმეები.
აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსჯადობა, ესაა სასამართლო ორგანოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეების, კანონით ზუსტად განსაზღვრული წესით განაწილება ცალკეული სასამართლოების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სარჩელი (განცხადება) აღიძრას იმ სასამართლოში, რომლის განსჯადიც ეს საქმეა, ე.ი. განსჯადობის წესების დაცვით. მხარეთა მიერ დადებული შეთანხმების საფუძველზე მათი შეცვლა დაუშვებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განამტკიცებს საერთო განსჯადობას. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით, ასევე, შპს ,,ზ----სა“ და შპს ,,ე-–---------–-----ს“ შორის დადებული 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოსარჩელე-შპს ,,ზ----ს“ და მოპასუხე-შპს ,,ე-–---------–------ს“ იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელია ქ. თ---–--ი.
ვინაიდან, მოპასუხის შპს ,,ე-–---------–------ს“ იურიდიული მისამართია ქ. თ---–--ი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემული დავა საერთო განსჯადობის წესით (სსსკ-ის მე-15 მუხლი) თ---–--ის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლით დადგენილ, განსაკუთრებული განჯადობის წესზე კერძო საჩივრის ავტორის მითითებას პალატა განმარტავს:
სსკ-ის მე-16.2 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული განსჯადობის ფარგლებში ექცევა დავები სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების თაობაზე, რომელთა შესახებ სარჩელი სასამართლოს წარედგინება საერთო განსჯადობისაგან განსხვავებული წესით, მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო (განსაკუთრებული განსჯადობა).
ყოველგვარი ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით განსაზღვრა ფულადი ვალდებულების შესრულების წესი და ადგილი, რომლის მიხედვითაც, შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.
საქმეში განთავსებული, შპს ,,ზ----სა“ და შპს ,,ე-–---------–-----ს“ შორის, 2017 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული „სატრანსპორტო მომსახურეობის გაწევის თაობაზე“ N---------- ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის თანხების დაკისრებას, ირკვევა, რომ გადამზიდავმა-შპს ,,ე-–---------–------“-მ დამკვეთს-შპს ,,ზ----ს“ უნდა გაუწიოს ტვირთის გადაზიდვის მომსახურეობა, რომელიც მოიცავს ხეების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე.
ამ ხელშეკრულებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილის შესახებ მხარეები არ შეთანხმებულან.
ვინაიდან, სარჩელის შინაარსის მიხედვით, დავის საგანია N---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და არა ტვირთის გადაზიდვა, სკ-ის 386-ე მუხლის საფუძველზე, ამ ვალდებულების (ფულადი თანხის გადახდის) შესრულების ადგილად უნდა ჩაითვალოს კრედიტორის ადგილსამყოფელი.
ვინაიდან, შპს „ზ----ს“იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ქ. თ---–--ია, ასეთ ვითარებაში, სსკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზეც, მოცემული დავა თ---–--ის საქალაქო სასამართლოს განსახილველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს შპს ,,ზ----ს“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ზ----ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე